სარჩევი

NBA-ში Game 4 ის ორი შეხვედრა გაიმართა. ორივე ერთმანეთზე უკეთესი, ერთმანეთზე სანახაობრივი და დაძაბული. არც ინდივიდუალური პერფორმანსები მოგვკლებია, ამ ორმა შეხვედრამ ყველაფერი მოგვცა, რისი მოცემაც საპლეიოფო შეხვედრას შეუძლია.

დენვერმა სახლში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ უპირატესობა ვერ გაზარდა, საკუთარ კედლებში ფინიქსიც მაგრად დადგა, მიუხედავად დანაკლისისა. ბოსტონმა და ფილადელფიამ კი გვაჩვენეს, რომ კედლებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, აქ უფრო ტაქტიკური ჯახი მიდის.

ფილადელფია vs ბოსტონი

სიქსერსმა ორი შეხვედრა მოიგო, ორივე ჯეიმს ჰარდენის დამსახურებით, ორივეში წვერა იყო მთავარი პერფომერი, ჯოელ ემბიდი კი მეორე კაცი გახდა გუნდში, თუმცა, შესაძლოა, ეს უკეთესიც იყოს ფილადელფიასთვის, რადგან სეზონის MVP-ი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის, წინ კი Game 5 ია.

არც ბოსტონის მიმართ უნდა დავიშუროთ საქებარი სიტყვები, წარმოუდგენლად რთული შეხვედრა ამოქაჩეს და ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, როგორც ძირითად დროში, ისე ოვერტაიმში, მაგრამ იღბალი ჯეიმს ჰარდენს წვერში ჰქონია დამალული.

ჯეიმს ჰარდენი სამსონის თანამედროვე ვერსიაა, ოღონდ ძალა არა თმაში, არამედ წვერში აქვს. ემანდ ვინმემ არ აპარსოს, თორემ, დარჩება სიქსერსი პლეიოფების გარეშე.

ჰარდენმა ჯერ ოვერტაიმში გადაიყვანა შეხვედრა, მერე კი გამარჯვების მომტანი სამიანი ჩააგდო. ოღონდ, ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე ჯერზე ბოლო სროლა მარკუს სმარტს დარჩა, პირველ შემთხვევაში ფარს გაარტყა და ოვერტაიმი მივიღეთ, მეორე შემთხვევაში კი სამიანი ჩააგდო, მაგრამ… დააგვიანა. სულ რაღაც ერთი წამით დააგვიანა.

ასე დამარცხდა სელტიკსი, ასე მოიგო სიქსერსმა – 116:115.

ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 42 ქულა, 8 მოხსნა, 9 ასისტი, 4 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

ემბიდის ანგარიშზე 34 ქულა, 13 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრაა.

ძალიან კარგი იყო ჯეისონ ტეიტუმი – 24 ქულა, 18 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 4 ბლოკი! 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ისიც ძალიან საეჭვო, ისე უბიძგა და მოიცილა ტაირის მაქსი, როგორც რეჯი მილერმა მაიკლ ჯორდანი, სროლა კი იდეალური იყო.

წინ Game 5, ბოსტონში. ამ წყვილს Game 7 ის პერსპექტივა აქვს.

ფინიქსი vs დენვერი

ფინიქსი ფერფლიდან აღსდგა, 0:2-დან 2:2 გახადა, ახლა მშვიდად არიან, კევინ დურანტსა და დევინ ბუკერს მშვენიერი დუეტი აქვთ. ალბათ, იმაზე კარგი, ვიდრე დურანტსა და ირვინგს ჰქონდათ.

ნიკოლა იოკიჩი კი ერთ-ერთი ტაიმაუტის დროს წყობიდან გამოვიდა, სახალისო სანახავი კი იყო, მაგრამ ჯოკერს ამჯერად არ ეცინებოდა, ძალიან უკმაყოფილო იყო თანაგუნდელების თამაშით, ალბათ მწვრთნელითაც, ნიკოლას აქვს ამის უფლება, ჯოკერს ყველაფრის უფლება აქვს.

მათ შორის, უფლება აქვს უკვე ძალიან დაღლილმა, ერთი სერიოზული შეცდომის მერე, ისევ თავის თავზე აიღოს თამაში, და, ჯანდაბას, შეცდეს ისევ, სწორედ ამიტომ არის ლიდერი, ყოველთვის უნდა შეეძლოს თამაშის თავის თავზე აღება, თუმცა, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მთავრდება.

დენვერი დამარცხდა, იოკიჩმა კი პლეიოფებში თავისი მაქსიმუმი დააფიქსირა – 53 ქულა!

ჯოკერმა 4 მოხსნა, 11 ასისტი და 1 ბლოკიც მიამატა. 4-დან 2 სამქულიანი ზუსტად ისროლა.

კევინ დურანტის ანგარიშზე 36 ქულა, 11 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

დევინ ბუკერის ანგარიშზე 36 ქულა, 6 მოხსნა, 12 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ყველაფერი ძალიან საინტერესოდ მიდის.