ხვალ, თბილისის დროით 04:30-ზე NBA-ის თასის მეოთხედფინალები აიღებს სტარტს. ადგილობრივთათვის ორშაბათს, ჩვენთვის სამშაბათს.
ჯერ კიდევ ბევრი დავაა იმის შესახებ ივარგებს თუ ვერა NBA-ის თასი. რამდენ ხანს გაძლებს ეს ტურნირი, ექნება თუ არა საჭირო გამოხმაურება და გავლენა. მხოლოდ საქართველოში არ ხდება რომ ყველაფერ ახალს რთულად იღებენ და ეგუებიან, ამერიკაშიც ასეა საქმე, მაგალითად, თავის დროზე მოგვიმზადებია სტატიები სადაც აღვნიშნავდით რა რთულად ეგუებოდნენ ამერიკელები ფეხბურთის (სოკერის) პოპულარიზაცია, ისინი თვლიდნენ რომ ეს მათთვის მენტალურად შეუთავსებელი იყო და მსგავსი ლოზუნგიც კი წამოისროლეს – “ბეიზბოლს გვართმევენ!”
რა თქმა უნდა, სულ სხვა თემაა NBA-ში დამატებითი ტურნირის გახსნა, მაგრამ ამ ტურნირს უკვე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მაგალითად, შაკილ ონილს ვერ გაუგია საერთოდ რა საჭიროა ამ ჩემპიონატის ჩატარება. რაღაც მხრივ მესმის მისი, მთელი დეკადების მანძილზე, რაც ნაციონალური საკალათბურთო ლიგა არსებობს, ჩამოყალიბდა ტრადიცია, ყოველი მომდევნო თაობა კი ამ ტრადიციის მიმდევარია.
ყველას სურდა გაჰყოლოდა ჩემბერლენის გზას, ჯერი უესტის გზას, ქარიმის, მეჯიქის, ლარის, ჯორდანის, კობის, ლებრონის, ამ მოთამაშეებს კი არასდროს უთამაშიათ NBA-ის თასზე, შესაბამისად, რთულია ეს ტურნირი მნიშვნელოვნად აღიქვა. ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ტურნირმა თავად უნდა შექმნას თავისი ისტორია, ამას კი დრო სჭირდება, ეს დრო რამდენად ექნება ადამ სილვერს ჯერ უცნობია.
წააგე – წადი
როგორც იპოლიტე იტყოდა, ოლიმპიური სისტემაა – წააგე – წადი. ესეც ახალია, თუმცა, კოლეჯებში აქვთ რამდენიმე ტურნირი, მაგრამ საქმეც ეგ არის რომ კოლეჯისა და NBA-ის კალათბურთი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ფინალი ლას ვეგასში გაიმართება. იქ უფრო კრივის ყურებას ვიყავით მიჩვეულნი, ახლა კი საკალათბურთო ფინალი გვექნება.
სხვათა შორის, მიმოხილვებში ვწერდი რომ ძალიან არ მომწონს ამ ტურნირისთვის შერჩეული პარკეტები, მაგრამ ჩარლზ ბარკლი არ დამეთანხმა, ჩარლზს ძალიან მოსწონს და ალბათ ისურვებდა კიდეც ასეთ პარკეტზე თამაშს. ჩემთვის კი ზედმეტად ჭრელია. უფრო კლასიკური პარკეტი მომწონს.
მეოთხედფინალები
ხვალ დილით პეისერსი ბოსტონ სელტიკსს მიიღებს საკუთარ არენაზე, საკრამენტო კი პელიკანსს. რა თქმა უნდა, საკუთარი არენის უპირატესობა მცირედით მაინც ითამაშებს თავის როლს, თუმცა, ფეხბურთისგან განსხვავებით, მიმაჩნია, რომ კალათბურთში საკუთარ კედლებს ნაკლები გავლენა აქვს. უფრო სწორად, სპორტის სახეობა არაფერ შუაშია, ალბათ უფრო ქვეყანა უნდა მივიღოთ მხედველობაში.
ამერიკელი ქომაგი უფრო ატრაქციონზე დადის, პირველ რიგში, სანახაობა აინტერესებს და არა მაინცდააინც მოგება, ეს მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ არის, არ ჰგავს ამერიკა ევროპას.
ამიტომაც, ყოველ ჯერზე ეცინება ხოლმე ნიკოლა იოკიჩს, როდესაც ხმაურიანი პუბლიკით აშინებენ NBA-ში. – “ძმებო, მე სერბეთში ვთამაშობდი” – ასეთია მისი პასუხი, ჯოკერის პასუხი, ჯოკერის სიცილით. თითქოს დასცინისო ამ დროს ჟურნალისტებს.
Everyone loves a bracket…
— NBA Communications (@NBAPR) November 29, 2023
The NBA In-Season Tournament moves on to the Knockout Rounds!
Quarterfinals: Dec. 4 & 5
Semifinals: Dec. 7
Championship: Dec. 9 pic.twitter.com/7yoDMwe9Xe
ამიტომ, ახალს არაფერს ვიტყვი, ფავორიტი სელტიკსია. თანაც, გამოკვეთილი ფავორიტი. ვინ იცის რა მუხტის მიმცემი იქნება შუა სეზონში გამარჯვება. უკვალოდ რომ ვერ ჩაივლის ფაქტია.
რაც შეეხება საკრამენტოსა და პელიკანსის დაპირისპირებას, აქ უფრო თანაბარ ბრძოლას ველი, მაგრამ ფავორიტად მაინც პელიკანსი მიმაჩნია. საერთოდ, ძალიან კარგი გუნდია თუ ყველა ჯანმრთელია. ეს კი იშვიათად ხდება ზაიონისა და ინგრამის გადამკიდე. გუნდს ტრეი მერფიც დაუბრუნდა, ასე რომ პელიკანსისგან სოლიდურ თამაშს ველი.
მეორე მხარეს კი დეარონ ფოქსი და საბონისი ეცდებიან ნახევარფინალში გასვლას. მათაც კარგი დუეტი აქვთ, ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო, ან სულაც საუკეთესო სამეულში შესული დუეტია ამჟამინდელ NBA-ში, მაგრამ მშვენივრად უგებენ ერთმანეთს. რაც მთავარია, ძალიან სტაბილური წყვილია.
მომდევნო დღეს მილუოკი ნიუ-იორკ ნიქსს უმასპინძლებს. ყველა დიდი ნახევარფინალის მოლოდინშია – ბაქსი vs სელტიკსი. თითქოს ასეც იკითხება, მაგრამ არ ღირს სიჩქარე. მით უმეტეს, როცა ერთი თამაში წყვეტს ყველაფერს.
დასავლეთში კი ლეიკერსი უმასპინძლებს ფინიქსს. თქვენი არ ვიცი, ჩემთვის ყველაზე საინტერესო თამაში იქნება.
სად ვუყუროთ
ყველა მეოთხედფინალის ყურებას Setantasports.com-ზე შეძლებთ.