დაიწყო კლასიკა, დაიწყო კლასიკურად, ლოს ანჯელეს ლეიკერსმა Game 1 გამარჯვებით დაასრულა. ნიუ-იორკ ნიქსმა კი მაიამისთან ანგარიში გაათანაბრა. მაიამიმ ჯიმი ბატლერი მოისაკლისა, ნიქსს კი რენდელი დაუბრუნდა.
გოლდენ სტეიტი vs ლეიკერსი
წუთნახევრით ადრე გოლდენ სტეიტმა ანგარიში გაათანაბრა, 14 ქულა ამოქაჩეს, სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა სამიანები გამოიყენეს, კარგი იყო დაცვაში გრინი, ძველმა გვარდიამ სისხლი იგრძნო და გამარჯვებისკენ გადადგა ნაბიჯი.
მერე რა მოხდა? მერე ენტონი დევისი მოხდა.
ანონსი იყო ლებრონი vs სტეფი, მაგრამ დევისმა თამაში მოიპარა. შაკილ ონილის შემდეგ, ლეიკერსის შემადგენლობაში, საპლეიოფო მატჩებში ასეთი სტატისტიკა არავის დაუდია, 30 ქულას პლუს 20 ან მეტი მოხსნა.
ძალიან ძალიან დომინანტური სტატისტიკაა!
დაცვაშიც კედელივით იდგა, მისი კარგი თამაშის წყალობით ლეიკერსი წინ გავიდა, სხვაობა სამი ქულა იყო, გოლდენ სტეიტს კი ისეთი ოსტატები ჰყავს პერიმეტრზე, როგორიც არავის არასდროს ჰყოლია, თუმცა, ღრმა სამიანი ჯორდან პულმა ისროლა.
რას აკეთებ ჯორდან?!
ამას სითავხედეც აღარ ჰქვია.
საბოლოოდ, ლეიკერსმა 117:112 მოიგო.
ენტონი დევისის ანგარიშზე 30 ქულა, 23 მოხსნა, 5 ასისტი და 4 ბლოკია! მონსტრი, ნამდვილი მონსტრი!
ლებრონ ჯეიმსმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 22 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი, 3 ბლოკი. 8-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
სტეფის ანგარიშზე 27 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 13-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.
კლეი ტომპსონმა 25 ქულა, 3 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. 16-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ლუნის თამაში. დევისს მოხსნებში არ ჩამორჩა, მის ანგარიშზეც 23 მოხსნაა! ამასთან ერთად 10 ქულაც ჩააგდო და ორმაგი დუბლი მიითვალა.
ესეც ასე, ლეიკერსი სტუმრად წინ გავიდა. მათ თამაშში უფრო დიდი დრაივი იგრძნობა, ან მე მომეჩვენა ასე, არ ვიცი..
ნიქსი vs ჰიტი
თამაშამდე გახდა ყველაფერი ნათელი. ნიქსის შემადგენლობაში ჯულიუს რენდელი დაბრუნდა, მაიამის კი ჯიმი ბატლერი გამოაკლდა. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია.
წინა შეხვედრაში ჯიმი შეხვედრას დაუბრუნდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაზიანება ასეთი მარტივიც არ ყოფილა, მარჯვენა კოჭთან გვაქვს საქმე. წინასწარი ინფორმაციით ჯიმიმ სერიაში დაბრუნება უნდა შეძლოს. მის გარეშე მაიამი კი არა, მთელი საპლეიოფო რაუნდი დაკარგავს ხიბლს.
მაიამის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბატლერის გარეშეც ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ლიდერის გარეშე საბოლოო წერტილი ვერ დასვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ კარმელო ენტონი, ამარე სტაუდმაიერი და, რა თქმა უნდა, სპაიკ ლი. ნიუ-იორკს მოენატრა წარმატება.
ნიქსმა 111:105 მოიგო.
ბემ ადებაიოს ანგარიშზე 15 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ბლოკია.
ჯულიუს რენდელმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 25 ქულა, 12 მოხსნა, 8 ასისტი. 9-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
წავედით მაიამიში!