ისტორიაში პირველი NBA-ის თასი დასრულდა. ლოს ანჯელეს ლეიკერსი ჩემპიონია. ალბათ, სიმბოლურიც არის რომ პირველი გათამაშება სწორედ ლეიკერსმა მოიგო.
ინდიანამ ფინალამდე რთული გზა გაიარა, ჰალიბარტონი ძალიან კარგ ფორმაშია და ფავორიტის დასახელებისგან თავს იკავებდნენ, მით უმეტეს, რომ ლეიკერსი არ არის დაუმარცხებელთა კატეგორიიდან, მაგრამ ფინალი მაინც დამაჯერებლად მოიგეს.
მეოთხე მეოთხედში ინდიანამ სხვაობა სამ ქულამდე რამდენჯერმე შეამცირა, ეს იყო ის შანსი რომელიც უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ მეტი ვერაფერი შეძლეს. ეს აღმოჩნდა მათი მაქსიმუმი. ლებრონი და დევისი მოგებას ხელიდან აღარ გაუშვებდნენ.
ბოლო ოთხი წუთი ლეიკერსის აბსოლუტური დომინაციით წარიმართა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 123:109.
დიდი ზეიმი ამ ამბავს არ მოჰყოლია. მოკრძალებულად აღნიშნეს, თუ დაგუგლავთ ლეიკერსის მხარეს ფეერვერკის ეფექტს შენიშნავთ, ლას ვეგასში კი ეგეც არ ყოფილა. როგორც აღვნიშნეთ, ეს პირველი ნაბიჯია, ამ ტურნირმა საკუთარი ისტორიის შექმნა ახლახანს დაიწყო.
სტატისტიკა
- ლებრონმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 24 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა. ერთი სამქულიანი ისროლა, არაზუსტად. FG – 10/21.
- ენტონი დევისმა სულ სხვა სიმაღლის ორმაგი დუბლი დადო – 41 ქულა, 20 მოხსნა, 5 ასისტი და 4 ბლოკი. FG – 16/24.
- ორმაგი დუბლი ჰქონდა ტაირის ჰალიბარტონსაც – 20 ქულა, 11 ასისტი, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 ბლოკი. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/14.
MVP
ორი მთავარი კანდიდატი იყო – ლებრონ ჯეიმსი და ტაირის ჰალიბარტონი. ფინალური პერფორმანსის შემდეგ, ალბათ ენტონი დევისიც. ჯილდო, რა თქმა უნდა, ლებრონ ჯეიმსს გადაეცა.
უფრო საფეხბურთო აღნიშვნას ჰგავდა – გულზე დაკიდებული მედლებით და თასის აღმართვით. NBA-ისთვის ცოტა უცხოა.
ლებრონმა ხაზი გაუსვა რომ ამ ტურნირის მოგება ძალიან კარგი გამოცდილება იქნება ახალწვეულებისთის, ასევე ფანებისთვის, რომელთაც შუა სეზონში მიიღეს ტიტული. აღნიშნა ენტონის დევისის დომინანტური თამაში და მორიგი MVP-ის ჯილდოც წაიღო სახლში.