სარჩევი

იანისმა პირობა შეასრულა. ამჯერად შეძლო და ლებრონის გუნდი დაამარცხა – 184:175. ეს იყო პირველი ოლ სთარი, სადაც კაპიტნებმა თამაშის წინ აირჩიეს მოთამაშეები.

მოლოდინი არც ისე დიდი იყო, თუმცა, ბევრი ადამიანი მაინც იმედგაცრუებული დარჩა. კალათბურთი ძალიან შეიცვალა, მთავარი იარაღი პერიმეტრიდან სროლაა, სამქულიანს ისვრის ხუთივე სასტარტო მოთამაშე, თუ ეს არ შეუძლია NBA-ში მისი ადგილი არ არის.

Team Lebron

ოლ სთარი კი ბოლო წლებში ისედაც მოსაწყენი იყო, ერთადერთი კობისთვის მიძღვნილი თამაში შეგვიძლია გავიხსენოთ, სადაც მოთამაშეებმა კობის პატივისცემის გამო მართლაც კარგი შოუ გვაჩუქეს. ახლა კი ყველაფერი ეზოში თამაშს ჰგავდა.

ისევ ძველი სკოლა და ლებრონ ჯეიმსი თუ გაახალისებდა მაყურებელს, თუმცა, მცირე დაზიანება მიიღო და 14 წუთის მეტი არ უთამაშია. სიაკამზე დაფარებას ცდილობდა, როცა თითები ფარს მიარტყა ძალიან ცუდად. მოტეხილობას გადარჩა. ამ დროის მანძილზე 13 ქულა, 1 მოხსნა და 4 ასისტი ჰქონდა.

ლებრონის გუნდში 30 ქულას გადაცდნენ კაირი ირვინგი, ჯოელ ემბიდი და ჯეილენ ბრაუნი. ირვინგმა და ბრაუნმა ორმაგი დუბლი შეასრულეს. კაირის ანგარიშზე 32 ქულა, 6 მოხსნა და 15 ასისტია. ბრაუნის ანგარიშზე 35 ქულა, 14 მოხსნა და 5 ასისტი.

Team Giannis

იანისის გუნდში კი რეკორდები მოიხსნა. ჯეისონ ტეიტუმმა ჯერ მესამე მეოთხედის რეკორდი მოხსნა და 27 ქულა ჩააგდო, საბოლოო ჯამში კი 55 ქულას მოუყარა თავი, რაც ოლ სთარის რეკორდია. არც არის გასაკვირი, როცა ამდენ სამიანს ისვრიან თამაშში, ქულების რეკორდიც მოიხსნებოდა.

წინა რეკორდი ენტონი დევისს ეკუთვნოდა – 52 ქულა, 2017 წლის ოლ სთარი;

წინა წელს კი სტეფ კარის დააკლდა სულ ცოტა – 50 ქულა, 2022 წლის ოლ სთარი;

ტეიტუმაა 55 ქულას 10 მოხსნა და 6 ასისტი მიამატა და MVP-ის ჯილდოც დაიმსახურა.

კაპიტანმა კი რამდენიმე წამი დაჰყო პარკეტზე. ბოლო ტურის თამაშში მიღებული ხელის ტრავმის გამო აღარ გაურისკავს. ამ რამდენიმე წამში კი ორი ქულა ჩააგდო და პარკეტი დატოვა.

NBA-ის რეგულარული სეზონი 24 თებერვალს განახლდება.