გუშინ საღამოს და დღეს გამთენიისას Game 4-ის ორ-ორი შეხვედრა გაიმართა, ოთხიდან ერთ დაპირისპირებაში კი სერია დაიხურა. მინესოტა ტიმბერვულვზმა ფინიქს სანსი გაანადგურა – 4:0.
ენტონი ედვარდსზე უკვე მთელი ლიგა საუბრობს, ის ცნობილი შედარებებიც აღარ ჩანს ისეთი მკრეხელური და აღარც ისე უშნოდ ისმის ყურში.
ისე კი, ოთხივე შეხვედრა ძალიან სანახაობრივი გამოდგა.
ფილადელფია სიქსერსი vs ნიუ-იორკ ნიქსი
ეს თამაში პირადად ჯეილენ ბრანსონმა მოიგო. ნიქსი ისედაც ასეთი გუნდია, ერთ გამოკვეთილ ვარსკვლავზე დამოკიდებული. რამდენსაც ბრანსონი შეძლებს, იმდენს შეძლებს ნიქსიც, ჰოდა, ბრანსონმა ბევრი შეძლო, 40 ქულაზე მეტიც კი შეძლო. ჯოელ ემბიდმა სცადა მისი შეჩერება, ცოტა ბინძურად, მხარი მიარტყა სახეში, იცის ხოლმე ასე, თითქოს არაფერს აშავებს, არადა, მეტოქის ბულინგის ღია მცდელობა აქვს, თუმცა, ჯეილენი ამას არ წამოეგო და მოიგო კიდეც თამაში.
ნიქსმა 97-92 მოიგო და სერიაში ანგარიში 3:1 მიჰყავს. ნიუ-იორკში ვბრუნდებით და ნიქსს სერიის დახურვის შანსი ექნება.
ბრანსონის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 47 ქულა, 10 ასისტი, 4 მოხსნა და 1 ბლოკი. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 18/34.
- ჯოელ ემბიდის ანგარიშზეც ორმაგი დუბლია – 27 ქულა, 10 მოხსნა, 6 ასისტი, 3 ჩაჭრა და 2 ბლოკი. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/19.
- ტაირის მაქსის ანგარიშზე 23 ქულა, 6 მოხსნა და 6 ასისტია;
Game 5 თბილისის დროით პირველ მაისს, 03:00 საათზე დაიწყება.
დალას მავერიქსი vs ლოს ანჯელეს კლიპერსი
თავიდანვე საუკეთესო დაპირისპირებად მოინათლა და იმედებიც მართლდება. ორივე გუნდი ჩემპიონობის პრეტენდენტია. ორივე ვარსკვლავური, მეტნაკლებად კარგად დაბალანსებული. ორივე სანახაობრივად თამაშობს და ამ ბარიერის გადალახვა მათ ამბიციებს ერთი-ორად გაზრდის.
არ უთამაშია კავაი ლეონარდს და როგორც წინა მიმოხილვისას აღვინშნეთ, ახლა, ამ ეტაპზე, კლიპერსი მის გარეშე უფრო კარგად გამოიყურება.
მთელი თამაში ძალიან კარგი საყურებელი გამოდგა, მაგრამ ბოლო მეოთხედი იყო სიგიჟე! დიდი ხანია ასეთი ხარისხის თამაში აღარ მინახავს. არც კი ვიცი რომელი უნდა გამოვარჩიო ყველაზე მეტად, ჯეიმს ჰარდენი თუ პოლ ჯორჯი, ლუკა დონჩიჩი თუ კაირი ირვინგი?!
ჰარდენმა თავისი საუკეთესო პერიოდი გაგვახსენა, ისევ ისე ლაღად ითამაშა, მისი შემხედვარე ისევ ძალიან მარტივი ჩანდა ყველაფერი. ბოლო მეოთხედში ვერავინ შეაჩერა და მეტწილად მისი დამსახურებაა, რომ კლიპერსმა მოგება შეძლო, სერიაში კი ანგარიში გათანაბრდა.
მეორე მხრივ, კაირი იყო წარმოდგენილი მთელი თავისი დიდებულებით. ასევე ბოლო მეოთხედში, ისეთი ორქულიანი ჩააგდო, ალბათ სეზონის საუკეთესო მომენტზეც ექნება პრეტენზია. ვერ დააფარა ვერც ჯორჯმა, ვერც ჰარდენმა, ვერც ტერენს მანმა, აუხტა სამივე, მაგრამ კაირიმ ჰაერში ბურთი დამალა, ჩართო საქმეში თავისი მაგია და როგორღაც ჩააგდო.
- კლიპერსმა 116:111 მოიგო. დიდებული ამბავია, რომ სერია გრძელდება და შესაძლოა Game 7-მდეც მივიდეთ.
- ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 33 ქულა, 6 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/17.
- პოლ ჯორჯმა ასევე 33 ქულა აიღო – 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. 6 მოხსნა, 8 ასისტი, 4 ჩაჭრა, 1 ბლოკი. FG – 11/19.
კაირი ირვინგის ანგარიშზე 40 ქულა, 7 მოხსნა და 5 ასისტია. 12-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 14/25.
ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე კი სამმაგი დუბლია – 29 ქულა, 10 მოხსნა, 10 ასისტი, 1 ბლოკი. 9-დან მხოლოდ ერთი სამქულიანის ჩაგდება შეძლო. FG – 10/24.
ინდიანა პეისერსი vs მილუოკ ბაქსი
მილუოკი თავიდანვე განწირული იყო. იანის ანტეტოკუნმპოს გარდა, დემიენ ლილარდიც მოისაკლისეს და აქ უკვე ყველაფერი დამთავრდა. კრის მიდლტონისა და ბრუკ ლოპესის დიდი პატივისცემის მიუხედავად ასეთ პირობებში ბაქსს არანაირი შანსი არ აქვს.
კი იყო ანტეტოკუნმპო პარკეტზე, ოღონდ, თანასისი. გინდ ყოფილა გინდ არა.
და რა უნდა დაემართოს გუნდს ამაზე უარესი? მოდი, ბობი პორტისიც გამოვაკლოთ. სულ რაღაც შვიდი წუთი დაჰყო პარკეტზე, გააგდეს და ბაქსის იმედებიც თან გაატანეს. დასაჯეს ჩუხბისთვის, უფრო სწორად, ძიძგილაობისთვის. ახლანდელ NBA-ში ამასაც ჩხუბი ჰქვია.
- პეისერსი კი სრული შემადგენლობით წარსდგა თამაშზე და ბევრი ნერვიულობის გარეშე შეძლო გამარჯვება – 126:113.
- მაილს ტერნერის ანგარიშზე 29 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი და 3 ბლოკია. 9-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/17.
- ორმაგი დუბლია კრის მიდლტონის ანგარიშზე – 25 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 4-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო. FG – 9/22.
ფინიქს სანსი vs მინესოტა ტიმბერვულვზი
ენტონი ედვარდსის სახელობის სერია გამოდგა. ედვარდსმა თავისი კუმირი ჩამარხა პარკეტზე, ეს NBA-ის ჩვეული პრაქტიკაა, დიად მოთამაშეებს ასე სჩვევიათ, რაც უფრო დიდი პატივისცემა ამოძრავებთ თავიანთი ღმერთების მიმართ, მით უფრო სასტიკები და ცივსისხლიანები ხდებიან.
მთელი სერიის მანძილზე უკადრებელს კადრულობს, ამჯერადაც ასე იყო, გავიდა პარკეტზე და კევინ დურანტს თავზე გადაატენა. აი ასე, ვითომ ერთი ჩვეულებრივი თამაში ყოფილიყოს, კევინ დურანტს ისე მოეპყრო თითქოს თანასის ანტეტოკუნმპო ყოფილიყოს მის ნაცვლად.
თავხედი და ვერაგი ბიჭია.
მიუხედავად დურანტისა და ბუკერის კარგი თამაშისა, ენტონი ედვარდსმა ფინიქსს შანსი არ დაუტოვა და სერია დაიხურა. ტიმბერვულვზმა 122:116 მოიგო.
კევინ დურანტს ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – 33 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი და 4 ბლოკი. 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/17.
კიდევ უფრო უკეთესო იყო დევინ ბუკერი, გულდასაწყვეტია, რომ ასე ნაადრევად ტოვებენ პლეიოფს, მაგრამ სხვაგვარად არ გამოვიდოდა, ედვარდსის მგლებს უნდა გაეგრძელებინათ სვლა – ბუკერის ანგარიშზე 49 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/21.
ედვარდსმა 40 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა. 13-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/23.
ტიმბერვულვზს წინ დენვერსა და ლეიკერსს შორის გამარჯვებული ელის.