ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი მადრიდის რეალთან ერთად მოხვდა ჯგუფში. ხვიჩა რეალის დიდი გულშემატკივარია, მადრიდში თამაშზე ოცნებობს, მაგრამ ჯერჯერობით მის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენენ, მადრიდელთა მარცხენა ფრთაზე ვინისიუსი დაფრინავს.
ვინ იცის, იქნებ მომავალმა შეხვედრებმა სერიოზულად დააფიქროს ფლორენტინო პერესი.
წინა სეზონში ვიხილეთ ხვიჩასა და ლეაუს დაპირისპირება, სადაც გამარჯვებული პორტუგალიელი დარჩა, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური თვალსაზრისით. სწორედ ასეთი დაპირისპირებები ზრდის ფეხბურთელს, რისი დასტურიც უკვე ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენილი ორი მონსტრია – რონალდუსა და მესის სახით. მათ ერთმანეთი გაზარდეს, განავითარეს. იმავეს ჰყვებოდნენ პრემიერ ლიგაში ვან ნისტერლოისა და ტიერი ანრის დუელზე. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება და ფაქტია, რომ ხვიჩა და ლეაუ ერთმანეთის საზრდოდ იქცნენ, ამას მათ შორის გაჩენილი ურთიერთპატივისცემაც მოწმობს.
ფეხბურთის მომავალი მარცხენა გარემარბების ხელშია – ხვიჩა, ვინისიუსი, ლეაუ და მეტნაკლებად კილიან მბაპეც შეგვიძლია მარცხენა გარემარბებს მივათვალოთ. აქიდან ერთი უკვე თამაშობს მადრიდის რეალში, ორს კი დიდი სურვილი აქვს.
ვინისიუსთან სულ სხვაგვარი დუელი იქნება, ხვიჩა ჯერ “მარადონაზე”, შემდეგ კი საოცნებო სტადიონზე ითამაშებს და იმედია პუბლიკის აპლოდისმენტებსაც დაიმსახურებს. ბერნაბეუ პატივს სცემს ასეთი სტილის მოთამაშეებს.
ქართველებისა და რეალის ისტორია კი შორეულ 50-იანებში იღებს სათავეს და კიდევ ერთ მარცხენა გარემარბს გვახსენებს. გუცაევამდე რეალს მიხეილ მესხის გადაბირება სურდა.
მიშა მესხი და სანტიაგო ბერნაბეუ
ეს მხოლოდ ქართული ლეგენდა არ არის, ამ ინტერესის შესახებ ცნობები The New Yorker-ის არქივშიც მოიპოვება. ქართულ პრესაში კი იწერება დიალოგის შესახებ, რომელიც მიხეილ მესხსა და სანტიაგო ბერნაბეუს შორის შედგა, თუმცა, რამდენად სარწმუნოა რთული სათქმელია.
ბერნაბეუ მესხთან პირადად მივიდა და თანხის დასახელება სთხოვა, დიდმა მიშამ, რა თქმა უნდა, უარი უთხრა, ბერნაბეუ გაბრაზდა და გენერალ ფრანკოს სიტყვები გადასცა – ახლა დიდი ფეხბურთელია, მაგრამ თუ საჭოეთში დაბრუნდება ერთ დღეს, შესაძლოა, შიმშილით ამოხდეს სულიო.
მიშას კი თურმე თავისი მაისური მიუცია ბერნაბეუსთვის და უთქვამს – ფრანკო ახლა დიდი მმართველია, მაგრამ ერთ დღეს შეიძლება დაამხონ და შეუძლია ჩემი მაისური გაყიდოს თავის გადასარჩენადო.
საბჭოთა პროპაგანდას წააგავს, ერთგულ საბჭოთა ფეხბურთელზე. ვინ როგორ და რა მოტივით შეფუთა ამბავი ცალკე საკითხია, დასავლეთში იწერებოდა საბჭოთა გისოსებში დამწყვდეულ ტალანტზე, საბჭოთა კავშირში კი დაიწერა მესხმა სამშობლოს უერთგულა და თვით ფრანკოც კი უარით გაისტუმრაო. თავად მიშა მესხის მონაყოლი არასდროს მომისმენია და არც არაფერი წამიკითხავს.
მესხს ყოველთვის იზიდავდა ახალი გამოწვევები, ყოველთვის სურდა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ საუკეთესო იყო. ერთი ამბავი მახსენდება, მიშა მესხის შვილი, მამუკა მესხი იხსენებდა, როგორ უყურებდნენ ერთად ფრთაშესხმულ მარადონას, მამუკა აღტაცებული იყო დიეგოს თამაშით, მიშამ კი უთხრა – ახლა მე ვიყო სტადიონზე და განახებდი მარადონა ვინ არისო.
მოკლედ, არ გამოვიდა მიშა და თეთრი ბალეტი.
ოთხთა ტურნირი – ყიფიანი და გუცაევი
ეს ამბავი უკვე კარგად ვიცით, დავით ქლიბაძისა და ლომერ ახვლედიანის დამსახურებით მასალაც შემორჩენილია. ოთხთა ტურნირი მადრიდში შედგა და მადრიდის რეალმა სამი ჩემპიონი მიიწვია – მიუნხენის ბაიერნი, ალკმაარი და თბილისის დინამო.
პირველი მატჩი დინამომ რეალთან გამართა. როგორც ჩვენები იხსენებენ მსაჯებმა დიდი როლი ითამაშეს რეალის წარმატებაში. ვლადიმერ გუცაევი იხსენებს, რომ მსაჯმა აბსურდული თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მესამე გოლი კი თამაშგარე მდგომარეობიდან გაუტანეს.
თუმცა, ყველაზე მძიმე ყიფიანის ტრავმა გამოდგა. ყიფიანი ანხელმა დაამტვრია და საბოლოოდ ეს დაზიანება მისთვის საბედისწერო გამოდგა. არადა, დინამო 1982 წელშიც მოწოდების სიმაღლეზე იყო და ვინ იცის.. ყიფიანი რომ ფორმაში ყოფილიყო, იქნებ კიდევ გასულიყვნენ ფინალში, სულ რაღაც ერთი ნაბიჯი დააკლდათ თასების თასის ფინალამდე, ფინალში კი სიმონსენის ბარსელონა იქნებოდა მეტოქე. აბა, სად კარლ ცაისი და სად ბარსელონა?!
დავით ყიფიანის ძმა იგონებდა, ოთხთა ტურნირის შესახებ საუბარი არავის უყვარდა, ანხელის სახელის გაგონებაც არ გვინდოდა, მაგრამ მისი ოჯახის წევრებს ხშირად ვიხსენებდითო.
კარგიც ვთქვათ. ეს ვლადიმერ გუცაევის ტურნირი გამოდგა, ვოვა საუკეთესო იყო და სამართლიანადაც დააჯილდოვეს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულით. ტურნირის საუკეთესო მცველი ჩივაძე გახდა, საუკეთესო ბომბარდირი კი შენგელია.
ვოვას დამსახურებაა, რომ ბრაიტნერმა პირველი ტაიმის მიწურულს უნებართვოდ დატოვა მოედანი, გაღიზიანდა გუცაევის თამაშით, ერთ-ერთ ეპიზოდში მასზე დაჯარიმდა, ბურთიც დაახეთა მინდორზე. თამაში შეწყდა, დინამოელები უკვე საშხაპეში იყვნენ, როცა ბაიერნის წარმომადგენელი გასახდელში შევიდა და თამაშის გაგრძელება მოითხოვა, უფროსმა ნოდარ ახალკაცმა კი უტკბილესი სიტყვით მიუგო – აქიდან დაიკარგეო! ვინც მას კარგად იცნობდა სიტყვათა შეთანხმებასაც როგორმე მიხვდება. ოღონდ, რა ენაზე დალოცა ნოდარმა გერმანელი ნამდვილად არ ვიცი.
ამის შემდეგ იყო სატრანსფერო ამბავი. რეალის წარმომადგენლებმა გუცაევის თაობაზე შეთავაზება ნოდარ ახალკაცსა და კახი ასათიანს გაუკეთეს, ახალკაცს უპასუხია ვოვას კარგი ვოლგა ჰყავს და კმაყოფილიაო.
ასე მორჩა.
აბა, იქ ვინ გაუშვებდა..
ასევე, შემონახულია მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის, ბოშკოვის ინტერვიუ – „ამ გაზაფხულზე სპარტაკთან ვითამაშეთ და დინამოც ასეთი სტილის გუნდი გვეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გაცილებით ტექნიკურები არიან და გაცილებით ჭკვიანურად თამაშობენ. გამოვარჩევდი ნომერ ცხრასა და თერთმეტს. (გუცაევი და შენგელია) ისინი მეტად სწრაფი და მოქნილი ფეხბურთელები არიან. სამწუხაროა, რომ ყიფიანმა ტრავმა მიიღო, როცა ასეთი დიდი ფეხბურთელი ტოვებს მოედანს ეს ყოველთვის ახდენს გავლენს გუნდის თამაშზე“.
ქლიბაძე იხსენებს, ბოშკოვი ყიფიანს ესტუმრა, მოუბოდიშა და საათიც აჩუქაო.
დემეტრაძე vs რეალი
გიორგი დემეტრაძემ მადრიდის რეალის წინააღმდეგ 1999/2000 წლების სეზონში ითამაშა. სანტიაგო ბერნაბეუზე კიევის დინამოსა და მადრიდის რეალს შორის მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
დემეტრაძე მოედნაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველ ტაიმში მარცხენა ფლანგიდან მის გარღვევას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, დემე სალგადომ წააქცია, თერთმეტმეტრიანი კი რებროვმა ვერ გამოიყენა. ის რომ ბურთთან რებროვი მივიდა და არა დემეტრაძე მაშინაც ისე განიცადა მაყურებელმა, როგორც პოლიტანოს, ჟელენსკის, ან ოსიმენის მისვლას განიცდის ნიშნულთან, მაშინ როცა ხვიჩა მოიპოვებს თერთმეტმეტრიანს.
მეორე ტაიმში დემემ უკვე მარჯვნიდან გაარღვია რეალის დაცვა, აიტორ კარანკა ანრის სტილში მოატყუა და მის დაბალ ჩაწოდებას იერო დაუხვდა, თავის კარში გადაგზავნა ბურთი. დემეტრაძეს გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა, კასილიასმა აჯობა.
მატჩი 2:2 დასრულდა, დემე ორივე გუნდში თუ არა, კიეველებში მაინც იყო საუკეთესო.
კალაძე vs რეალი
კახის რეალთან სამჯერ აქვს ნათამაშები. ორჯერ კიევის დინამოს, ერთხელ კი მილანის შემადგენლობაში.
1998/99 წლების სეზონში ლობანოვსკის დინამომ მადრიდის რეალი მეოთხედფინალიდან გააგდო. კახიმ ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, მისი მთავარი მატჩი, კარიერის მატჩი! მილანის შემადგენლობაში შედგა.
2002/03 წლების სეზონში მილანისა და მადრიდის რეალის დაპირისპირება ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. ასეთი მაღალი დონის შეხვედრა ძალიან იშვიათია. თუმცა, მხოლოდ სან სიროზე გამართულ მატჩზეა საუბარი, რადგან, ბერნაბეუზე მხოლოდ რეალი ბრწყინავდა. ჯგუფიდან გასულმა ანჩელოტიმ გადაწყვიტა, რომ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განეხორციელებინა და ბევრი წამყვანი მოთამაშე სკამზე დატოვა. ფერნანდო რედონდო კი მხოლოდ იმიტომ ათამაშა, რომ კიდევ ერთხელ მოესმინა ტაში ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკისგან. მოკლედ, სენტიმენტებმა იძალა და ვეღარ ვიხილეთ ის დრამა, რაც სან სიროზე ვნახეთ.
კახი კალაძის კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა, მადრიდის რეალთან მატჩი კი მის საუკეთესო შეხვედრად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მატჩის შემდეგ გაზეთ სარბიელში მისი ინტერვიუც გამოქვეყნდა:
„ასეთი მილანი არც მინახავს, ხალხი ტრიბუნებზე არ დაშლილა, ქალაქში ზეიმია, მილანის ქომაგი უკვე დარწმუნებულია, რომ ლიგასა და სკუდეტოს მოვიგებთ“, – ასე აღწერა კალაძემ ის საღამო, და ახდა კიდეც, მილანმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ბევრს სურდა ფინალშიც მადრიდის რეალი და მილანი ეხილა, ჯგუფურ ეტაპზე ნანახი ზღაპრული თამაშების მერე, მაგრამ იტალიური ფინალი მივიღეთ, დაძაბული, ჩაკეტილი და დრამატული. იუვენტუსთან ნახევარფინალში დამარცხებული ბოსკე სწორედ ამ მარცხს გადაყვა და იქიდან დაიწყო რეალში დიდი გაუგებრობა. თუმცა, ეგ სხვა ამბავია.
კალაძეს კი გატანის შანსიც ჰქონდა, გატუზომ მოულოდნელად ძალიან მაგარი პასი მისცა, ზუსტად ისეთი როგორიც პირლომ გროსოს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ასევე, მეტოქის საჯარიმოში, ასევე იდენტური პოზიციიდან, კახიმ კი ვერ დაარტყა გროსოს მსგავსად, იდეაში, კახისაც შორეულ კუთხეში უნდა დაერტყა, მაგრამ ფეხი თოხივით მოიქნია და კასილასმა მოიგერია.
კალაძის საბოლოო შეფასებაც მახსოვს, რამაც პირადად ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, უკვე ახალ სეზონში თქვა რომ ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი პიკი და გასული სეზონი ჩემთვის სწორედ ასეთი იყოო. ესე იგი, 27 წლის ფეხბურთელმა თავად დაუსვა წერტილი საკუთარ თავს, ჩათვალა, რომ მაქსიმუმს უკვე მიაღწია, და ლოგიკურად დაიწყო კიდეც რეგრესი. მას მერე, აღარც ასეთი უცვლელი წევრი ყოფილა და აღარც ფინალის ძირითად შემადგენლობაში უთამაშია, არც სტამბულში, არც ათენში.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მშრომელი ფეხბურთელიც კი ვერ მიხვდა, რომ მუდმივი ზრდა და განვითარება იყო საჭირო, პაოლო მალდინის გვერდითაც კი ვერ მიხვდა ამას.
იმ კონკრეტულ მატჩში კიდე ლუიშ ფიგუს ფეხი არ გაანძრევინა, ასეთი დაჩაგრული ფიგუ მხოლოდ კამპ ნოუზე ახსოვთ, ახალგაზრდა კარლეს პუიოლისგან, სხვა არ მახსენდება.
არველაძე ბერნაბეუზე
შოთა არველაძე თავისი კარიერის ბოლო სეზონში ლევანტეში გადავიდა, მისი მოტივაცია ბარსელონასთან და რეალთან თამაში იყო, მაგრამ სეზონის დასაწყისში მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი სეზონი გაუცდა.
დაბრუნებიდან მალევე ბერნაბეუზე შეძლო 8 წუთის თამაში. ეს უკვე ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტური იყო.
რეალმა 5:2 მოიგო.
ხოჭოლავას მოგება „დი სტეფანოზე“
დავით ხოჭოლავას დამარცხებული ჰყავს მადრიდის რეალი, თანაც გასვლაზე, მაგრამ ეს მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე არ შემდგარა. შეხვედრა ალფრედო დი სტეფანოზე გაიმართა და შახტარმა 3:2 მოიგო.
ბერნაბეუ ჯერ კიდევ რეკოსტრუქციის პერიოდში გახლდათ.
დათიმ 90 წუთი ითამაშა, ჯერ იოვიჩისა და ვინისიუსის, შემდეგ კი მოგვიანებით გამოსული ქარიმ ბენზემას წინააღმდეგ.
მამარდაშვილი
გიორგი ვალენსიას ძირითადი შემადგენლობის მეკარეა, შესაბამისად, მადრიდის რეალთანაც დაუგროვდა თამაშები. ორი ლა ლიგაში, ერთიც სუპერ კოპაზე. ამ სეზონშიც მოუწევს რეალის წინააღმდეგ თამაში და მერე გააჩნია სად გააგრძელებს კარიერას.