ნიდერლანდის საფეხბურთო ასოციაციამ 2019/20 წლების სეზონის ანგარიში გამოაქვეყნა, რითაც დგინდება, რომ ამსტერდამის აიაქსმა 33 მილიონ ევროზე მეტი გადარიცხა საფეხბურთო აგენტების ანგარიშზე.
ეს ერედივიზიონის მასშტაბებისთვის ძალიან დიდი თანხაა, შედარებისთვის, მეორე ადგილზე პსვ ეინდჰოვენია, რომელმაც 4 მილიონი ევრო გაიღო, სულ რაღაც 29 მილიონი ევროთი ჩამორჩა აიაქსს.
საგულისხმოა ისიც, რომ აიაქსს მხოლოდ სპორტული აგენტების მომსახურების დაფარვა დაუჯდა იმაზე მეტი, ვიდრე ალკმაარის საერთო ბიუჯეტია.
ნიდერლანდურმა კლუბებმა, სპორტული აგენტების მომსახურებაში, საერთო ჯამში, 51 მილიონი ევრო დახარჯეს, მისი 65% აიაქსზე მოდის.
ერთი წლით ადრე, აიაქსისთვის ეს ხარჯი მხოლოდ 8 მილიონ ევროს შეადგენდა. ნიდერლანდში თანხის ასეთ ზრდას, მატიას დე ლიხტის ტრანსფერს უკავშირებენ, ასევე, აიაქსის ტექნიკურმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა შეთანხმებას მიაღწია რამდენიმე აგენტთან და გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელებს კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
ერედივიზიონის კლუბების ათეული, ვინც ყველაზე დიდი ხარჯი გაიღო აგენტებისთვის, ასე გამოიყურება:
- აიაქსი: 33.834.503 ევრო
- პსვ: 4.469.112 ევრო
- ალკმაარი: 2.476.350 ევრო
- ფეინოორდი: 2.247.330 ევრო
- უტრეხტი: 1.203.216 ევრო
- ზვოლე: 1.141.069 ევრო
- ვიტესი: 1.093.713 ევრო
- ჰერაკლესი: 809.449 ევრო
- ჰერენვენი: 661.000 ევრო
- დენ ჰააგი: 425.529 ევრო
გამართული სისტემა
სპორტული აგენტები აიაქსს ეხმარებიან, რომ თავისივე აღზრდილი, ან დაბალ ფასად შეძენილი ფეხბურთელები, ვისი პოტენციალის გამოვლინებასა და მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაშიც ინვესტიცია გაიღეს, მაღალ ფასად გაყიდონ. როგორც წესი, აიაქსი ამას მშვენივრად ახერხებს, მაგრამ ბოლო წლების ტრანსფერებს რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ყველა მხარე კმაყოფილი არ დარჩენილა, აიაქსი კი იღებს სასურველ თანხას, მაგრამ მათი ფეხბურთელებით მომარაგებული გუნდების უმრავლესობა უკმაყოფილოა, აიაქსიდან წასული ფეხბურთელების უმრავლესობა იმავე ტემპით განვითარებას ვეღარ ახერხებს. ერთადერთი, ვინც მოლოდინი ბოლომდე გაამართლა, ურუგვაელი ლუის სუარესია.
ყველაზე მაღალ ფასად გაყიდული ფეხბურთელები, 2010/11 წლების სეზონიდან:
- ლუის სუარესი – 26 მილიონი ევრო – გადავიდა ლივერპულში. 2011 წელი.
- სტეკელენბურგი – 7 მილიონი ევრო – გადავიდა რომაში. 2011 წელი.
- იან ვერტონგენი – 12 მილიონი ევრო – გადავიდა ტოტენჰემში. 2012 წელი.
- გრეგორი ვან დერ ვილი – 6 მილიონი ევრო – გადავიდა პსჟ-ში. 2012 წელი.
- ანიტა – 8 მილიონი ევრო – გადავიდა ნიუკასლში. 2012 წელი.
- კრისტიან ერიკსენი – 14 მილიონი ევრო – გადავიდა ტოტენჰემში. 2013 წელი.
- ტობი ალდერვეირელდი – 7 მილიონი ევრო – გადავიდა ატლეტიკოში. 2013 წელი.
- დელი ბლინდი – 17 მილიონი ევრო – გადავიდა მანჩესტერში. 2014 წელი.
- სიმ დე იონგი – 8 მილიონი ევრო – გადავიდა ნიუკასლში. 2014 წელი.
- არკადიუშ მილიკი – 32 მილიონი ევრო – გადავიდა ნაპოლიში. 2016 წელი.
- რიშედლი ბაზო – 12 მილიონი ევრო – გადავიდა ვოლსბურგში. 2016 წელი.
- იესპერ სილესენი – 13 მილიონი ევრო – გადავიდა ბარსელონაში. 2016 წელი.
- ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერის შემდეგ:
- დავინსონ სანჩესი – 42 მილიონი ევრო – გადავიდა ტოტენჰემში. 2017 წელი.
- დევი კლაასენი – 27 მილიონი ევრო – გადავიდა ევერტონში. 2017 წელი.
- ჯასტინ კლუივერტი – 17 მილიონი ევრო – გადავიდა რომაში. 2018 წელი.
- ფრენკი დე იონგი – 86 მილიონი ევრო – გადავიდა ბარსელონაში. 2019 წელი.
- მატიას დე ლიხტი – 85 მილიონი ევრო – გადავიდა იუვენტუსში. 2019 წელი.
- კასპერ დოლბერგი – 20 მილიონი ევრო – გადავიდა ნიცაში. 2019 წელი.
- დონი ვან დე ბეეკი – 39 მილიონი ევრო – გადავიდა მანჩესტერში. 2020 წელი.
- ჰაკიმ ზიეჩი – 40 მილიონი ევრო – გადავიდა ჩელსიში. 2020 წელი.
- სერჟინიო დესტი – 21 მილიონი ევრო – გადავიდა ბარსელონაში. 2020 წელი.
- 10 მილიონ ევროდ, ან მეტად შეძენილი ფეხბურთელები:
- დავიდ ნერეში – 22 მილიონი ევრო – იყიდეს სან პაულოდან. 2016 წელი.
- ჰაკიმ ზიეში – 10 მილიონი ევრო – იყიდეს ტვენტედან. 2016 წელი.
- დელი ბლინდი – 16 მილიონი ევრო – იყიდეს მანჩესტერიდან. 2018 წელი.
- დუშან ტადიჩი – 13 მილიონი ევრო – იყიდეს საუთჰემპტონიდან. 2018 წელი.
- ქუინსი პრომესი – 15 მილიონი ევრო – იყიდეს სევილიადან. 2019 წელი.
- ედსონ ალვარესი – 15 მილიონი ევრო – იყიდეს ამერიკადან. 2019 წელი.
- რაზვან მარინი – 12 მილიონი ევრო – იყიდეს სტანდარტიდან. 2019 წელი.
- სებასტიან ალე – 22 მილიონი ევრო – იყიდეს ვესტ ჰემიდან. 2020 წელი.
- ენტონი – 15 მილიონი ევრო – იყიდეს სან პაულოდან. 2020 წელი.
- დევი კლაასენი – 11 მილიონი ევრო – იყიდეს ვოლსბურგიდან. 2020 წელი.
არა მხოლოდ ეს სია, არამედ ბოლო ათი წლის განმავლობაში აიაქსის განხორციელებული ყველა ტრანსფერი რომ გავითვალისწინოთ, ასეთ სურათს მივიღებთ:
ტრანსფერებში დახარჯული თანხა: 301 მილიონი ევრო
ტრანსფერებიდან მიღებული თანხა: 645 მილიონი ევრო
ვის ყიდულობს აიაქსი დიდ თანხად?
2010/11 წლების სეზონიდან მოყოლებული, სულ ათი ფეხბურთელია, ვისშიც აიაქსმა 10 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა. აქედან ორი, დელი ბლინდი და დევი კლაასენი, ჯერ გაყიდეს და მერე იყიდეს. ეს არის შემთხვევა, როცა კარგად იცოდნენ ამ ფეხბურთელების შესაძლებლობებისა და სტილის შესახებ, შესაბამისად, კითხვაც არ გაჩენილა, გამოადგებოდათ თუ არა – ზუსტად იცოდნენ, ფულს რაშიც იხდიდნენ.
– ბლინდი გაყიდეს 17 მილიონ ევროდ, სატრანსფერო ბაზრის ცვლილებამდე, (ნეიმარის ტრანსფერამდე) და იყიდეს 16 მილიონ ევროდ ბაზარზე თანხების ზრდის შემდეგ.
– დევი კლაასენი გაყიდეს 27 მილიონ ევროდ ევერტონში და იყიდეს 11 მილიონ ევროდ ვოლსბურგიდან.
– ჰაკიმ ზიეჩი იყიდეს 10 მილიონ ევროდ და გაყიდეს 40 მილიონ ევროდ.
– ქუინსი პრომესი იყიდეს 15 მილიონ ევროდ და გაყიდეს 8 მილიონ ევროდ – ჯერჯერობით ერთადერთი წამგებიანი გარიგება.
ნერეში, ტადიჩი, ალვარესი – ჯერ კიდევ აიაქსში ირიცხებიან.
ინტერესი კვარაცხელიას მიმართ
აიაქსი ქართველი გულშემატკივრისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიური გრანდი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ინტერესდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აიაქსის ტექნიკურმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა:
„არა, ასე არ არის. აიაქსი არ არის დაინტერესებული კვარაცხელიას ტრანსფერით. რუბინთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“, – ამბობს ოვერმარსი რუსულ გამოცემასთან საუბარში.
როგორც წესი, წინასწარ ასეთ ტრანსფერებზე არ საუბრობენ, ამიტომ ოვერმარსის სიტყვები ბევრს არაფერს ნიშნავს, საპირისპიროც ბევრჯერ გვინახავს, როცა ჯერ უარყოფენ ტრანსფერს, მერე კი ადასტურებენ.
თუმცა, თუ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი დადასტურდა, ეს მაინც ძალიან იშვიათი შემთხვევა იქნება, რადგან აიაქსის სიფრთხილის ერთ-ერთი მიზეზი სატრანსფერო ფასია, – კვარაცხელიას ტრანსფერმარკეტი 15 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო რუბინი საეჭვოა, რომ 20 მილიონ ევროზე ნაკლებად შეელიოს.
მხოლოდ ორი ფეხბურთელია ბოლო 10 წლის განმავლობაში, ვისშიც აიაქსმა 20 მილიონზე მეტი გადაიხადა – სებასტიან ალე და დავიდ ნერეში.
აქ ნერეშის მაგალითი უფრო გამოგვადგება, ალე უკვე ჩამოყალიბებული ზრდადასრულებული ფეხბურთელია, რომელსაც მაღალი დონის ლიგებშიც უთამაშია, დავიდ ნერეში კი 20 წლის იყო, როცა აიაქსმა მასში 22 მილიონი ევრო გადაიხადა, ნერეშმა გაამართლა, მსურველებიც არ აკლია და, დიდი ალბათობით, ეს თანხა გაორმაგდება, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა.
კვარაცხელიაც ამ ასაკშია, როგორც ვხედავთ, აიაქსი ასეთ თანხებზე მხოლოდ მაშინ რისკავს, როცა აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ იხეირებს. უკვე აღუნიშნავთ კვარაცხელიას გარშემომყოფებს და აღგვინიშნავს ჩვენც, რომ ეროვნება და მოქალაქეობაც დიდ როლს თამაშობს, ხვიჩას გუნდელს, ფილიპ ურემოვიჩს უთქვამს – „ბრაზილიელი, რომ იყოს, უკვე რეალში ითამაშებდაო“. ჰოდა, ნერეში ბრაზილიელია.
ასევე ვწერდით „ელჩებზე“, თუ რამხელა გავლენას ახდენენ ქართველი ვარსკვლავები მომავალ თაობაზე. ასეც მოხდა, ყველაზე აქტიურად მილანს ახსენებენ, სადაც კახი კალაძემ დიდი სახელი დატოვა, ხოლო შემდეგ აიაქსიც ახსენეს, სადაც შოთა არველაძემ ასევე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. რამდენად საკმარისი იქნება ეს იმისათვის, რომ აიაქსმა მისთვის ძალიან იშვიათი გადაწყვეტილება მიიღოს, ამას დრო გვაჩვენებს.
კვარაცხელიასთვის კი იდეალური ვარიანტი იქნება, ეს არის კლუბი, რომელიც ყველაზე კარგ სატრამპლინო გუნდად ითვლება ევროპაში, რომელიც მუდმივად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, ჰყავს გამორჩეული მწვრთნელი, არის შემტევი გუნდი, რომელიც ყველასთან პირველ ნომრად თამაშობს და უდიდეს აქცენტს აკეთებს ბურთის შენარჩუნებაზე, ეს კი ხვიჩას ძალიან ბევრ კომპონენტში მისცემს თამაშის გაუმჯობესების საშუალებას.
თუმცა, ფაქტია, რომ აიაქსისთვის ხვიჩა უკვე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ის ბრილიანტია, რომელიც გაცილებით ადრე უნდა შეემჩნიათ, თუმცა, მისი განვითარების სისწრაფეს თუ გავითვალისწინებთ, აიაქსს კვლავ შეუძლია ინვესტიცია გაიღოს და შემდეგ გაცილებით სარფიანად გაყიდოს.
რატომ ვითვლით 2010 წლიდან?
ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ყველაფერი სანდრო როსელმა დაიწყო, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტა დაამარცხა, იოჰან კრუიფი საპატიო პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლა და აღარც მისი რჩევები გაუთვალისწინებია.
ამ დროს აიაქსს როგორც სპორტული, ისე ფინანსური მიმართულებით დიდი კრიზისი ჰქონდა, რადგან ფინანსური მხარე, როგორც ვხედავთ, პირდაპირ მათ სპორტულ მიმართულებაზეა ჩამოკიდებული. ეს იყო პერიოდი, როცა გამოჩნდა, რომ ვან დერ ვაარტისა და უესლი სნეიდერის შემდეგ, ძლიერი თაობა აღარ აღუზრდიათ, რითიც არა მხოლოდ აიაქსმა, არამედ ჰოლანდიის ნაკრებმაც იზარალა.
საშველად უხმეს იოჰან კრუიფს, რომელმაც დიდი რეორგანიზაცია წამოიწყო, დირექტორთა საბჭოს სრული უმრავლესობა სახლში წავიდა, სხვათა შორის, გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღეს, აღნიშნეს, რომ კრუიფის იდეებს არ იზიარებდნენ, მაგრამ კლუბისთვის ის გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ამიტომ აიაქსი თავად დატოვეს.
კრუიფმა, რომელსაც ოფიციალური თანამდებობა არ დაუკავებია (ისევე, როგორც ბარსელონაში), აიაქსის გასაცოცხლებლად ძველ გვარდიას უხმო. იგი აღნიშნავდა, რომ აიაქსის აკადემიის გუნდების უპირველესი მიზანი არა ჩემპიონატების მოგება, არამედ პირველი გუნდის ფეხბურთელებით მომარაგება უნდა ყოფილიყო, ამ ორ მიზანს შორის კი იმხელა სხვაობაა, რომ მთელი სისტემის გარდაქმნა დასჭირდა.
შესაბამისად, მივიღეთ ის საოცარი აიაქსი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე წარუშლელი კვალი დატოვა, მივიღეთ იდეალურად გამართული ფინანსური სისტემა. სამწუხაროა, რომ იოჰან კრუიფი ვეღარ მოესწრო ის შედეგს, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა, ვერ ნახა კლუბის ახალი პროდუქტი, ფრენკი დე იონგის, დე ლიხტისა და ვან დე ბეკის სახით, აიაქსის ახალი თაობა კრუიფის ბოლო საჩუქარი გამოდგა საფეხბურთო სამყაროსთვის.
ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად დაფიქრდებოდა იმაზე, რატომ ვერ აგრძელებენ განვითარებას და მეგავარსკვლავებად ჩამოყალიბებას აიაქსელები, რატომ დაიჩაგრა კონკურენციაში დე ბეეკი და რატომ შეყოვნდა დე ლიხტის განვითარების პროცესი, დაფიქრდებოდა, პასუხებსაც იპოვიდა და ისევ ახალ საფეხურზე ავიდოდა ყველაფერი, მაგრამ მსოფლიოს იოჰან კრუიფი, ფეხბურთის ყველაზე დიდი გონება, აღარ ჰყავს, ამიტომ, კიდევ ერთი რეორგანიზაციის დრო რომ მოვა, საქმე გაცილებით რთულად იქნება.