ირაკლი აზაროვი კარიერას დონეცკის შახტარში გააგრძელებს, ის მეთხუთმეტე ქართველი იქნება უკრაინულ კლუბში. ქართველების დონეცკური ამბები 40-იანი წლებიდან იღებს სათავეს.
40-იანები – ხაჭაპურიძე, მარღანია, აჯიბა
პირველი ქართველი, რომელმაც შახტარის მაისური მოირგო ვახტანგ ხაჭაპურიძე იყო, 1918 წელს დაბადებული ნახევარმცველი. ხაჭაპურიძემ უკრაინულ კლუბში 1946 წლიდან 1948 წლამდე ითამაშა. 37 ოფიციალურ მატჩში 2 გოლი გაიტანა.
მეკარე ვლადიმერ მარღანია შახტარში 1946 წელს გადავიდა და ერთი სეზონი გაატარა. 5 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა. ვერ არის კარგი შედეგი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ დროს ვლადიმერ მარღანია მხოლოდ 18 წლის იყო. შახტარის შემდეგ თბილისის დინამოს მიაშურა სადაც 1958 წლამდე ითამაშა.
1949 წელს კიდევ ერთი სოხუმის დინამოელი გადავიდა შახტარში – ვინმე ნიშბაჰ აჯიბა. (თავს ვერ დავდებ რომ ნამდვილად ნიშბაჰი ერქვა) თავდამსხმელმა ერთ სეზონი გაატარა შახტარში და 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი როგორც ჩანს კარიერაც დაასრულა, რადგან მეტი ცნობა არ მოიპოვება. ფეხბურთს თამაშობდა მისი შვილიშვილიც – ლევ აჯიბა, პეტერბურგის ერთ-ერთ არც თუ ისე ცნობილ კლუბში.
60-იანები – ლაბაძე
გივი ლაბაძე შახტარში 1966 წელს თამაშობდა. უფრო სწორად, ცდილობდა, რომ ეთამაშა. 20 წლის მცველმა მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ლაბაძემ კარიერა ჩერნომორეცში გააგრძელა.
70-იანები – ჩიხლაძე
22 წლის ანზორ ჩიხლაძე შახტარში 1973 წელს გადავიდა და ერთი სეზონი გაატარა კლუბში. ჩაატარა 14 მატჩი და გაიტანა ერთი გოლი. ჩიხლაძე უკვე ცნობილი ფეხბურთელი იყო, როცა შახტარში გადავიდა. საბჭოთა კავშირის თასის ფინალშიც უთამაშია, ნახევარფინალში მოსკოვის ტორპედოს ძალიან ლამაზი გოლიც გაუტანა და როსტოვის ცსკ ფინალში გაიყვანა.
ჩიხლაძემ თამაში ქუთაისში დაიწყო სადაც ერთ-ერთი მატჩის დროს მთავარ მსაჯს თავს დაესხა, რის გამოც სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს. მაგრამ, საბჭოთა კავშირში სულ სხვა წესები მოქმედებდა, იმ სახელმწიფოში ყოველთვის შეიძლებოდა რაღაც მეთოდების გამოძებნა, მით უმეტეს, 70-იანებში. ჰოდა, ანზორ ჩიხლაძეს არმიაში სამსახური შესთავაზეს – სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცსკ-ში თამაში.
ჩიხლაძის კარიერა შახტარში კარგად ვერ წარიმართა და “არმიაში” დაბრუნდა.
90-იანები – ჩიხრაძე, გაბისკირია, ფოცხვერია
მას შემდეგ რაც საზღვრები გაიხსნა ტრანსფერების რაოდენობამაც იმატა. 90-იანებში შახტარში იური გაბისკირია, გიორგი ჩიხრაძე და მიხეილ ფოცხვერია თამაშობდნენ.
კიდევ ერთმა სოხუმის დინამოელმა გიორგი ჩიხრაძემ შახტარში 1995 წლიდან 1997 წლამდე ითამაშა. ვარსკვლავად არ ითვლებოდა, მაგრამ სტაბილურად თამაშობდა და პატივისცემაც დაიმსახურა. ჩიხრაძემ შახტარში 45 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
კიდევ ერთმა სოხუმელმა იური გაბისკირიამ შახტარში 1995/96 წლების სეზონი გაატარა და ერთი მატჩი ჩაატარა. როგორც იმჟამინდელი პრესა წერს, ქართველმა მცველმა ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან გოლის გასატანად, ამის მერე შანსი აღარ მისცემია.
მიხეილ ფოცხვერია 90-იანების შახტარის ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო, დონეცკში 1996 წლიდან 2000 წლამდე თამაშობდა, 65 შეხვედრაში 19 გოლი შეაგდო. ერთადერთი ტიტული 1997 წელს მოიგო, მიხეილი უკრაინის თასს დაეუფლა, იმ დღესვე შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც ვიქტორია დაარქვა.
2000-იანები – ციმაკურიძე, ოქრიაშვილი, თარგამაძე, ხოჭოლავა, არაბიძე
ოთხი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი და გიორგი ციმაკურიძე. ასეთია 2000-იანების შახტარის სია.
იმ ერთით დავიწყოთ, ამ ოთხთან შედარებით ნაკლებად ნიჭიერით. ციმაკურიძე თავიდანვე სათადარიგო ვარიანტად შეიძინეს, კლუბში ორი წელი გაატარა და მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ორივე უკრაინის თასზე, ორივეჯერ შეცვლაზე შევიდა, საერთი ჯამში 29 წუთი ითამაშა შახტარის მაისურით.
თორნიკე ოქრიაშვილი შახტარში გაგრადან გადავიდა 2011 წელს, ყველამ იცოდა მისი ნიჭის შესახებ და ალბათ ელოდნენ, რომ ნელ-ნელა დაღვინდებოდა, მაგრამ ეს “ნელა” ძალიან გაიწელა და სანამ ოქრიმ სამქის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა შახტარის მატარებელმაც ჩაიარა. თან იმ დროს შახტარს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავდა, მათი ლიდერები სულ მალე პრემიერ ლიგის ვარსკვლავებად იქცნენ.
თორნიკეს ძირითად გუნდში არ უთამაშია. ჯერ დუბლებში იყო, მერე კი გაანათხოვრეს.
2012 წელს შახტართან კონტრაქტი გააფორმა კიდევ ერთმა ნიჭიერმა ქართველმა – დავით თარგამაძემ, რომელსაც უკვე ჰქონდა გერმანული გამოცდილება. თავის თაობაში ლევან ყენიას შემდეგ მთავარი კაცი იყო. დიდი იმედებით იწყებდა და არაფერიც არ გამოვიდა. ხელის შემშლელი ფაქტორი კი ბევრი იყო, ადრე თუ გვიან ალბათ თავადაც ისაუბრებს ყველაფერზე.
ოქრიაშვილის მსგავსად თარგამაძეც მეტწილად განათხოვრებული იყო. ყველაზე მეტად კი “ცეკვავენ ვარსკვლავებში” გაიბრწყინა.
დავით ხოჭოლავამ დიდი შრომის ხარჯზე ჯერ მთავარ გუნდში, შემდეგ კი ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. დათი როგორც შემტევი ისე იწყებდა კარიერას, ყოველთვის ტექნიკური და ჭკვიანი მოთამაშე იყო, ეს უნარები კი გადამწყვეტი გამოდგა დაცვაში გადაწევის დროს, მისი მსგავსი ტექნიკის მქონე ცენტრალური მცველი ბევრი ნამდვილად არ მოიძებნება, არც პირველი პასი ეშლება და გოლების გატანაც შეუძლია.
შახტარში 83 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
2015 წელს გიორგი არაბიძე ჩაირიცხა შახტარის აკადემიაში. ნელ-ნელა, საფეხურებად იარა მაღლა. ჯერ დუბლები იყო, შემდეგ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, მერე ძირითად გუნდში ითამაშა კიდეც, მაგრამ მირჩია ლუჩესკუსგან ერთი შენიშვნა მიიღო და იქ დამთავრდა ყველაფერი. ლუჩესკუმ დაადანაშაულა ბოლომდე არ იხარჯებიო. მას მერე თამაშის საშუალებაც აღარ მისცა.
გიორგი რთული ხასიათის მქონე ფეხბურთელია და შესაძლოა სწორად ვერც მიიღო მწვრთნელის შენიშვნა. ამ დროს ახალგაზრდა ფეხბურთელს ყოველთვის ჰგონია, რომ თავად არის მართალი.
მერე სულ უკან-უკან წავიდა და ახლა ისევ ველით ეროვნულ ნაკრებში.
სულ სხვა თაობა
მოვედით 20-იანებში. ამ თაობის განსხვავებულ მენტალიტეტზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მათი დამოკიდებულება აბსოლუტურად განსხვავებულია, უფრო პროფესიონალები არიან, უფრო დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან საქმეს და შედეგიც უკეთესი აქვთ.
გოჩოლეიშვილი სულ მცირე ხნის წინ გადავიდა შახტარში და ძირითად შემადგენლობაშიც დამკვიდრდა.
ისე მოეწონათ, რომ მეორე განაპირა მცველზეც დაფიქრდნენ და აგერ შედეგიც, შახტარში აზაროვიც ითამაშებს. დრო იყო ამაზე ვოცნებობდით, ნაკრების ორ განაპირა მცველს, (რა პოზიციებზეც ყოველთვის გვიჭირდა) ასეთი კარგი გუნდის შემადგენლობაში ეთამაშათ. ახლა ეს რეალობაა.
გადაავლეთ თვალი მთელ ამ პერიოდს და ნახავთ, რომ თითოეული ფეხბურთელი იდეალურად ასახავს თავისივე ეპოქას.