სარჩევი

გიო ქინქლაძე 50 წლისა გამხდარა. არაფერი ჰგავდა ასე ცაზე მოწყვეტილ ვარსკვლავს, წამით ჩაიქროლებს და მორჩა, მხოლოდ გონება თუ შემოინახავს. ვერ იქცა ცაზე დაკიდულ უცვლელ ვარსკვლავად, გიო მოწყდა და დაიკარგა. ჩაფიქრება მაინც მოვასწარით – იქნებ გამოჩნდეს კიდევ ვინმე მისნაირი.

მიულოცა გრანდად ქცეულმა მანჩესტერ სიტიმ. დიდ ფულამდე ორი ლეგენდა ჰყავდათ, ორიდან ერთი ქინქლაძეა, რა თქმა უნდა, გაუფრთხილდებიან, ქინქლაძე მათი მთავარი არგუმენტია იმ კამათში რომ არაბულ ინვესტიციამდეც არსებობდნენ, ქმნიდნენ რაღაც ლამაზსა და დასამახსოვრებელს. სიტის ქომაგების საყოველთაოდ ცნობილ მეხსიერებას სიყვარული კვებავს, ერთხელ თუ შეგიყვარეს, აღარასდროს დაგივიწყებენ.  

არის რაღაცები, რასაც ვერ იყიდი. მათ შორის, ვერც მასტერქარდით. ისტორია, ლეგენდები, კოლინ ბელი, გიორგი ქინქლაძე, ასეთი ამბები დიდი ფულის გარეშეც იბადება და რაც უფრო მოულოდნელი მოვლენაა, მით უფრო დიდი შეიქნება ხოლმე.

დღევანდელი ფანები იხსენებენ როგორც ბნელ დროს, გიოს ჯადოქრობა სინათლე იყო წყვდიადში. ჯერ მეინ როუდის ბინადრები იქცნენ აჩრდილებად, შემდეგ კი თავად მეინ როუდიც გაქრა, მანჩესტერ სიტი ახალ სტადიონზე გადავიდა, ბევრად დიდ სტადიონზე, სადაც გაცილებით მეტ ადამიანს შეუძლია დასწრება, მაგრამ ის ძველი და გიჟური ატმოსფერო აღარ არსებობს, გაქრა ჰაიბერივით. ციფრული მეხსიერება ატმოსფეროს ვერ გააცოცხლებს, რამდენიც გინდა, უყურე, თუ ამის თანამონაწილე არ ყოფილხარ, ვერც ვერაფერს გაიგებ. ლეგენდა კი იცოცხლებს იქამდე, სანამ ბოლო მეინროუდელი არ დაეცემა.

ჩვენს დროში ამბობენ ფეხბურთი აღარ არის ისეთი ემოციური თავის დროზე რომ იყოო. ეგ სუბიექტური ამბავია, ყველა თავისებურად აღიქვამს, განსაკუთრებით ხანშიშესულნი, რომელთაც მარადონასთან ერთად თავისი ახალგაზრდობაც ენატრებათ. თუმცა, ობიექტური მიზეზებიც მოიძებნება და ამ მიზეზთაგან ერთ-ერთი მთავარი ღირებულებების დაკარგვაა. მეინ როუდზე ფეხბურთელები ერთი ქალაქის ცალკეულ უბნებს წარმოადგენდნენ, იმ ფასეულობების პატივისმცემელნი იყვნენ, ქომაგი თამაშში თანაზიარად თლიდა თავს. ახლა ყველაფერი დაიკარგა, ახლა გუნდი კონსორციუმს წარმოადგენს, ერთი არაბი კაცისას, რომელიც ათასში ერთხელ შეივლის ხოლმე სტადიონზე და უგზოუკვლოდ აცეცებს თვალებს. გულშემატკივარი ვერ იქნება იმ კონსორციუმის წარმომადგენელი, რომელსაც მაღალ ფასეულობებზე ვერ ექნება პრეტენზია, ხალხი უბრალოდ ატრაქციონზე დადის, სანახაობაზე, ეგ არის და ეგ.

ახლა ფულს ჰქვია ერთგულება, მაშინ კი სიყვარული ერქვა. გიო ვირგილიუსივით ჩაჰყვა სიტის ჯოჯოხეთში. ჯერ მეორე, მერე მესამე დივიზიონში. ამ დროს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე უნდა შეეღო კარი წიხლით, ის კი მესამე დივიზიონში აგორებდა ბურთს.

ბედის ირონიით, 96-ში, სიტიმ და საუთჰემპტონმა იდენტური რაოდენობის ქულები დააგროვეს, უკეთესი მაჩვენებლების გამო პრემიერ ლიგაში საუთჰემპტონი დარჩა, ის გუნდი, რომელსაც ქინქლაძემ კარიერის საუკეთესო გოლი გაუტანა, ერთი ქინქლაძე სჯობდა მთელ საუთჰემპტონს, მაგრამ, ასე მოხდა, ერთი დარჩა, მეორე გავარდა.

დღემდე ვერ გამიგია როგორ არ არგუნეს Goal of the season-ის ტიტული. იებოას გატანილი გოლის მსგავსი 2-3 წელიწადში ერთხელ გადის, შორიდან გასროლით ცხრიანში, პრემიერ ლიგაში ვის გააკვირვებ, თუნდაც ყველაფერი ისეთ სისწრაფეზე სრულდებოდეს, როგორც იებოამ შეასრულა, აი, ქინქლაძის გატანილის მსგავსი გოლები 10 წელიწადში ერთხელ თუ გავა. მახსენდება რამდენიმე ასეთი კარგი დრიბლინგი ბენ არფასა და აზარის შესრულებით, მაგრამ იქაც უფრო დიდი აქცენტი სისწრაფეზეა და არა ტექნიკაზე, ბოლო დარტყმა კი უდავოდ გიოსი უკეთესი იყო.

დრომ გასცეს პასუხი – წელი არ გავა გიოს გოლი არ გაიხსენონ პრემიერ ლიგაში, იებოას გოლს კი გაცილებით იშვიათად იხსენებენ.

მეც დავეძებ ასე ადრე შეგდებულ გოლებს, იქნებ ჯერ კიდევ უნახავს მივაკვლიო, ეგერ, კრაიოვასთან გატანილი შემომხვდა ცოტა ხნის წინ, ლეო მესია დინამოს ფორმაში. აბა, ვის გააქვს სხვას ასეთი გოლები?!

სიტის ფანებმა ამსტერდამში ჩააკითხეს. გაუგონარი ამბავია. ფეხბურთელის მნიშვნელობა თუ კლუბისას არ გაუტოლდა, კაცი ვერ ადგება და სხვა ქვეყანაში გადახვეწილის საქომაგოდ ვერ წავა. ესეც შენი წარმომადგენლობა, თავისიანად მიიჩნევდნენ. მხოლოდ იმის გამო არა რომ მოედანზე ჯადოქრობდა, არა, იმ თვისებებს აფასებენ, რაც ქვეყანაზე ყველაზე ღირებულია.

მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ნიჭია. განიავებული ტალანტი. ჩაჰყვა სიტის მეცხრე კარამდე. დილემა მართლაც მძიმე იყო, არქაულიც კი, შეიძლება ჰომეროსიც კი გაგვახსენოს, „ილიადის“ მთავარი თემა აქილევსის დილემაა – ან ჩაერთვება ბრძოლაში სადაც აუცილებლად დაეცემა, მაგრამ უკვდავყოფილი იქნება მისი სახელი, ან გააგრძელებს ტკბილად ცხოვრებას, მის სახელს კი მიივიწყებენ. გიოსაც ასეთი დილემა ჰქონდა და სიტისთან ერთად ბრძოლა არჩია, დაეცა კიდეც, თან ისე დაეცა, რომ კიდევ ერთხელ დაქვეითდა, მაგრამ მისი სახელი უკვდავყოფილია.

თავადაც აღუნიშნავს, რომ მეტის გაკეთება შეეძლო; როცა ყველაფერი მარტივად გამოგდის, ბოლომდე არ იხარჯები, წლების მერე ხვდები, რომ შეცდი, მაგრამ მერე, როგორც წესი, გვიანია.

არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რატომ დაკმაყოფილდა მინიმუმით, საქმე ის არის, რომ 90-იანებიდან წასული ფეხბურთელისთვის, ეს მინიმუმი მაქსიმუმი აღმოჩნდა. ცეცხლწაკიდებული ქალაქიდან, სადაც ხალხი პურის რიგში ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებდა, პირდაპირ მანჩესტერში ამოყო თავი, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზღვრები ასე ღიად მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიხსნა, ეს საოცარი ახალი სამყარო იყო ბიჭებისთვის, რომლებიც საფეხბურთო ბიტნიკებად იქცნენ, გზა გახდა უმთავრესი და არა დანიშნულება.

რთულია ორ სამყაროს შორის ყოფნა, იქ სინათლეა, აქ ბნელა, ის ქალაქი ცოცხალია, აქ მხოლოდ განგსტერები დადიან ქუჩაში, იქ ხალხი ბედნიერია, აქ ქვეყნის პირველი პირი განდევნილია, მის ნაცვლად მოსული კი – აფეთქებული. იქ ფეხზე წამომდგარი ხალხი ოვაციებით გეგებება, იციან შენი ფასი, აფასებენ შენს ტალანტს და არასდროს დაივიწყებენ შენს გატანილ გოლებს, აქ კი გაზეთში კითხულობენ, რომ მაგარი გოლი შეგიგდია, ყველა თავის წარმოსახვაში ხედავს, რა ამბები დაატრიალე, საუთჰემპტონთან მატჩი ერთი-ორი უბნის ათეულობით ადამიანმა იხილა, დანარჩენებს ელექტროენერგია არ ჰქონდათ, ვისაც გენერატორი ჰქონდა, იმას საჭირო არხი არ ჰქონდა. მხოლოდ რჩეულებმა შეძლეს ამ მატჩის ყურება.

რა მოხდებოდა, მთელ ქვეყანას რომ ენახა ეს ყველაფერი? მოხდებოდა ის, რაც ახლა ხდება კვარაცხელიას შემხედვარე. ძაღლები ატეხდნენ ყეფას ეზოებში და გარეთ დარჩენილებიც მიხვდებოდნენ რომ რაღაც კარგი ხდება ჩვენს თავს.

ადრეც უნახავთ, ინგლისურ მოედნებზე როგორ გაულაღიათ ჩვენებს, მაგრამ ის სხვა იყო, ერთი ჩასვლა იყო, გიო კიდე ყოველკვირა ჯადოქრობდა. რა მოხდებოდა, რომ ყველას ენახა? ალბათ, აეროპორტშიც დახვდებოდნენ, ჩემპიონებს როგორც ხვდებიან ხოლმე, დაუვიწყარი წუთია, – უყურებ, შენი ქვეყნის ელჩი როგორ მიმოფანტავს მცველებს და ისტორიაში თავის სახელს აღბეჭდავს, შენ კიდე ამაყი და ბედნიერი ხარ იმიტომ, რომ ეს ბიჭი შენიანია, შენი ქვეყნის კულტურაა უცხო მიწაზე და იმ უცხო ხალხსაც ბებერი ჩარლზივით ჯორჯიას ამღერებს.

გაზეთში წაკითხული კიდე, რა ვიცი…

იქ უფრო აფასებდნენ, ასე მგონია, იმ დროს თბილისში ყველაზე პოპულარული შეფასება ასეთი იყო, – სამ კაცს ატყუებს, ოღონდ უკან. განსაკუთრებით იმ თაობისგან ისმოდა, რომელმაც 81 წელი ნახა, მხოლოდ 81 კი არა, იმ დიდი გუნდის აღმავლობა და ლოგიკური წერტილი ნახა. ასეთი პრეტენზიული ხალხი ცხოვრებაში არ მინახავს, რაც არ უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა, შანსი არ არის აღტაცებაში მოვიდნენ, მხოლოდ ერთი წამით თუ გაუბრწყინდებათ თვალები და მერე ჩვეულად დააყოლებენ, – თქვენ ყიფო არ გინიხავთ, გუცაევი არ გინახავთ… და ასე, დაუსრულებლად.

ორი დიდი ათიანი ქინქლაძის კარიერასთან გადაიჯაჭვა, ერთი როგორც მასწავლებელი, მეორე – როგორც დიდი კერპი. მოუყოლია არგენტინული ვარჯიშების შესახებ, დიეგო იქით იყო, ცალკე ვარჯიშობდაო. სორენტინოს წუთნახევრიანი სცენა მახსენდება, სადაც მხოლოდ ერთი კითხვა-პასუხი გვაქვს, დიალოგსაც კი ვერ დაარქმევ ადამიანი, მაგრამ მსოფლიოს ყველა ტალანტის სევდაა ჩატეული. ღმერთების სევდა.  

ბევრი შეჭიდებია დიეგოს სახელს, ძალიან პატარა კაცებმა დაიწყეს, მერე კუსტურიცამ სცადა და რაღაც გამოვიდა, კარგია, ცუდი არ არის, განსაკუთრებით ის სცენები, სადაც დიეგო მღერის და დიეგოს უმღერიან, მერე კაპადია შეეჭიდა და გამოვიდა ძალიან კარგი, რადგან უნიკალურ დოკუმენტურ მასალას მოუყარა თავი, მაგრამ, სორენტინოს წუთ-ნახევარმა, მხატვრული ფილმიდან „Youth“ ყველაფერი გადაფარა:

დიეგო ზის სანატორიუმის აივანზე, ფეხზე მასაჟს უკეთებენ, ძველი ტრავმის კვალი ეტყობა, ზის ძალიან მოწყენილი, დიდი წონით და გაჰყურებს ბაღში სივრცეს, ხედავს, როგორ ემზადება ინგლისთან მატჩისთვის, იხსენებს შეხვედრას, რომლის მერეც გააღმერთეს, ყველაფერი მის თვალწინ ხდება, სანატორიუმის ეზოში. ამ დროს ცოლი ეკითხება, – რაზე ფიქრობ?

დიეგო კი პასუხობს – მომავალზე.

ასე მარტივად ითქვა დიდი ტალანტის სათქმელი. მათთვის ცხოვრების მთავარი ბედნიერება მოედანზე ყოფნაა, მოედანი კი მორჩა, დამთავრდა. განსაკუთრებით სევდიანი ხდება ეს ამბავი, როცა დარწმუნებული ხარ, რომ გაცილებით მეტი შეგეძლო, მაგრამ საკმარისი არ გააკეთე, უკან კიდე ვეღარ მიბრუნდები.