სარჩევი

დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება. ლისაბონის ბენფიკა მილანის ინტერს უმასპინძლებს, მანჩესტერ სიტი კი მიუნხენის ბაიერნს.

მოვიდა გუტმანი

გუნდი, რომელიც პლეიოფში გადის, თანაც, მეოთხედფინალში, თავისთავად უკვე ეფიქრება გამარჯვებაზე. ეს ჯანსაღი პროცესია, ბუნებრივი, ადამიანური, ყველა გუნდის თავს ეს ამბავი ტრიალებს, აი, ბენფიკა გამორჩეული გუნდია. როდესაც ლისაბონელები გადიან პლეიოფში ბელა გუტმანზე ეფიქრებათ.

სამოციანების დასაწყისში ბენფიკას ლეგენდარული მწვრთნელი პოსტიდან გაათავისუფლეს, ლეგენდის თანახმად გუნდი დაწყევლა – კიდევ ასი წელი ევროპულ ტურნირს ვერ მოიგებთო. ჰოდა, ასე აგიხდეთ ყველაფერი, თუმცა, 100 წლის გასვლამდე კარგი 40 წელია დარჩენილი.

ლისაბონელებს სჯერათ. ფინალების წინ საფლავთანაც კი მიდიან პატიების სათხოვნელად. რეალურად კი არავის დაუდასტურებია ბელას წყევლა. თურმე, პირველად პრესაში 1988 წელს დაიწერა ამის შესახებ, როცა ბენფიკას რიგით მეექვსე ფინალი უნდა ეთამაშა ბელას ეპოქის შემდეგ.

თავად ეუსებიოც კი უარჰყოფდა ამ ამბავს. ტყუილია, მოგონილიაო, ამბობდა ლეგენდა.

ასე შეითხზა ეს ამბავი და საბოლოოდ, ერთი ჟურნალისტის შეთხზული ამბავი რეალობად აღიქვეს. მას მერე, ბენფიკას არა მხოლოდ ძლიერ კლუბებთან უწევს საფინალო მატჩებში ბრძოლა, არამედ, ზებუნებრივ და ირაციონალურ ძალებსაც ებრძვის. აბა, ამ წყევლას კარგი ცაცია ხომ ვერ მოერევა?!

ჰოდა, ლოცვის დროა ლისაბონში.

ეუსებიო

იტალიაში პატივს სცემდნენ და ძალიან უყვარდათ ეუსებიო. საქართველოშიც უყვარდათ, ყიფიანს ახსენებდა ხოლმე და პატარა ქვეყნის კომპლექსით გაჯერებულნი, როგორც წესი, ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ ხოლმე, როცა სადმე საზღვრის მიღმა გვახსენებენ.

ეუსებიო იტალიაში ერთი კარგი ფილმის მთავარი გმირი შეიქნა, ისე რომ არც მიუღია მონაწილეობა, ეს ნეაპოლური ამბებია. ინტერი კი მის გადასაბირებლად სარეკორდო თანხას იხდიდა, მაგრამ “პანტერამ” დარჩენა ამჯობინა.

ეგ იყო ამათი დიდი დავა და ლისაბონელების გამარჯვებით დასრულდა.

ურთიერთშეხვედრები

ოფიციალურ დონეზე სამჯერ გადაეყარნენ ერთმანეთს. ერთხელ ჩემპიონთა თასზე, 1965 წლის ფინალში. ლისაბონელმა ქომაგმა ჯერ არ იცოდა, რომ ამ ფინალში მარცხი გუტმანის წყევლის ბრალი იყო.

მომდევნო ორი დაპირისპირება კი უეფას თასის მერვედფინალში შედგა, 2003/04 წლების სეზონში. ლისაბონში მატჩი 0:0 დასრულდა, მილანში კი ინტერმა 4:3 მოიგო.

ორი დუბლი ვნახეთ. ბენფიკადან ორი გოლი გაიტანა პორტუგალიის ოქროს თაობის წარმომადგენელმა – ნუნუ გომეშმა. ინტერიდან კი დუბლი შეასრულა ობაფემი მარტინსმა.

გარდა მარტინსისა თავი გამოიჩინეს რეკობამ და ვიერიმ, ბენფიკადან კი ტიაგუ მენდეშმა.

ინტერს ძაკერონი წვრთნიდა, ბენფიკას კამაჩო.

რა ითქვა

სიმონე ინძაგის კომენტარი:

“ჩვენ მეტოქის ანალიზი და ბევრი მუშაობა დაგვჭირდება. საკუთარი შესაძლებლობების უნდა ვირწმუნოთ. ვიცით, რომ მარტივი თამაში არ გველის. ბენფიკა ძლიერი გუნდია, ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს და საკუთარი მოედნის უპირატესობაც ექნება. მოახლოებული შეხვედრების წინ ხშირად უნდა გამოვიყენოთ სიტყვა “ერთად”. გვაქვს მიზანი, რომ წინ ვიაროთ და ვიცი, რომ თუ ერთად გავაკეთებთ საქმეს, მაშინ ყველაფერი გამოგვივა, იტალიის ჩემპიონატში ცოტა ჩამოვრჩით, თუმცა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ საუკეთესო ფორმას დავუბრუნდეთ”.

ახლა კი როჯერ შმიდტის კომენტარი:

“ორივე გუნდმა მაქსიმუმი გაიღო ამ ეტაპზე მოსახვედრად, რა თქმა უნდა, საუკეთესო მატჩის მოლოდინში ვართ. ინტერი დეტაპებზე კონცენტრირებული გუნდია. თუმცა, ეს ის კომპონენტია, რომელსაც ჩემი გუნდისგანაც ველი. მინდა, რომ საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ. ვიცით, რომ მეტოქეს ყელა რგოლში ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელები, ვიცით, რომ საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ”.

სად უყურებთ

შეხვედრის რეპორტაჟს Setantasports 3 ზე და Setantasports.com-ზე იხილავთ.