სარჩევი
გიორგი მამარდაშვილი | Setanta Sports

31 დეკემბერს 1 წელი შესრულდა რაც გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში იმედები სრულფასოვნად გაამართლა.

“გიორგი მამარდაშვილს შეუძლია იყოს სურპრიზი ლა ლიგაში”, – თქვა ესპანურ მედიასთან საუბარში მამარდაშვილის მენეჯერმა 2021 წლის ზაფხულში.

ლევან სეთურიძეს setantasports.com-ი დაუკავშირდა. მოკლე კომენტარით ქართველი მეკარის ერთი წელი შევაჯამეთ.

“განვლილი დროის განმავლობაში გიორგიმ დაამტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია. თანაც ამ ყველაფერს მან განგრძობითი სახე შესძინა.

ერთი წლის წინ ვამბობდით, რომ ის ყველასთვის სურპრიზი იქნებოდა. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინ კიდევ არაერთი სურპრიზი გველოდება.

ვალენსიაში გიორგის ენდობიან, ამის დასტურია ახალი კონტრაქტიც, რომელიც კლუბმა გიორგის შემოდგომაზე გაუფორმა.

ახლა სეზონი ახლდება და ცხადია, მიზანი ვალენსიასთან ერთად ყველა ტურნირზე ბრძოლა იქნება”.

ლევან სეთურიძე – გიორგი მამარდაშვილის მენეჯერი
გიორგი მამარდაშვილი და ლევან სეთურიძე | Setanta Sports
გიორგი მამარდაშვილი და ლევან სეთურიძე

დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია

საქართველოს ნაკრების მეკარე დიასპორის წარმომადგენელთა ცერემონიაზეც დააჯილდოეს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

წლის წარმატებული სპორტსმენი გიორგი მამარდაშვილი გახდა.

“იმაზე დიდი დაფასება არ არსებობს, როდესაც შენი ქვეყანა შენს შრომას აფასებს.

გიორგიც და კვარაც საქართველოს ელჩები არიან.

ცხადია, მთავარი გიორგია, თუმცა ეს ჩემთვისა და სხვა ფეხბურთელებისთვისაც მოტივაციაა”.

ლევან სეთურიძე – გიორგი მამარდაშვილის მენეჯერი

“ღონისძიების მიზანია გამოავლინოს და წარმოაჩინოს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიაღწიეს პროფესიულ წარმატებას და ამასთან, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციაში”, – წერია საგარეო უწყების ვებ გვერდზე.

მამარდაშვილის 1 წელი ვალენსიაში

2021 წელს ვალენსია-ესპანიოლის მატჩის შემდეგ ღამურებმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ქართველ მეკარეს კონტრაქტს უფორმებდნენ.

მანამდე მამარდაშვილი ლა ლიგის გუნდში მე-4 მეკარედ მივიდა. დინამო თბილისის აღზრდილს, რომელიც ესპანეთში თბილისის ლოკომოტივის შემდეგ გადავიდა პირველ გუნდში მხოლოდ ვარჯიშის საშუალება უნდა ჰქონოდა.

მალევე ვითარება შეიცვალა. იესპერ სილესენი ბევრს ტრავმიანობდა, ხაუმე დომენეკის არასტაბილურობამ კი, მისი ვიცე-კაპიტნობის მიუხედავად, მამარდაშვილს ძირითადისკენ გზა გაუხსნა.

ახალი კონტრაქტი

სამიოდე თვის წინ ვალენსიამ და მამარდაშვილმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს. ხელშეკრულება 2027 წლამდე, ხოლო საქართველოს ნაკრების მეკარის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს.

ვალენსია კვლავ ფინანსურ კრიზისშია. შესაბამისად, ესპანური პრესა აქტიურად წერს, რომ გიორგი მესტალიის ბინადარი კლუბის ‘ღირებული აქტივია’. ღამურების სატრანსფერო პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში, ფინანსური პრობლემების გამო ლიდერების გასხვისება რომ არის, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს.

2022 წელს მამარდაშვილის ღირებულება 733.3%-ით გაიზარდა. ტრანსფერმარკეტის მონაცემებით გიორგის სატრანსფერო უფლებები 25 მილიონ ევროდაა შეფასებული, რაც მსოფლიოში, მეკარეებს შორის მე-12 შედეგია.

ლა ლიგა

მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების შემდეგ ლა ლიგა ახლაღა განახლდა. ვალენსია ვილიარეალთან ‘დერბი დე ლა კომუნიტატს’ ითამაშებს. გიორგის ამ სეზონში უკლებლივ ყველა, 14 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.