ლივერპულმა ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში ბარნსლი დაამარცხა (4:1) და შემდეგ ეტაპზე ბრაიტონს შეხვდება.


ლივერპული vs ბარნსლი – სრული ჩანაწერი
ენფილდზე გამართული შეხვედრა უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოვიდა, მიუხედავად სუსტი მეტოქისა, ლივერპულს გამარჯვების მოპოვება, ასე თუ ისე, გაუჭირდა.
მატჩის საწყის წუთებში დომენიკ სობოსლაიმ შორეული დარტყმით აიღო ბარნსლის კარი და წითლები დაწინაურა, შემდეგ მალევე ჟერემი ფრიმპონგმა მარჯვენა ფლანგიდან თავისი არასამუშაო მარცხენა ფეხით ეფექტური გოლი გაიტანა და თითქოს ლივერპულმა დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს, დომენიკ სობოსლაიმ ლივერპულის საჯარიმოში მამარდაშვილისთვის ქუსლით პასის დატოვება სცადა, რაც არ გამოუვიდა – შედეგად ლივერპულის აკადემიის აღზრდილმა და ამჟამად ბარნსლის ნახევარმცველმა, ფილიპსმა ისარგებლა და სტუმრების ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.
ბარნსლი გატანილი გოლის შემდეგ მოქნილ და აგრესიულ პრესინგს თამაშობდა, ლივერპული კი ბურთს ფლობდა, თუმცა მომენტების შექმნის მიუხედავად, გოლები ბოლო წუთებამდე არ ჩანდა. ჩასაფრებული პოზიციიდან ბარნსლიმ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, მამარდაშვილს თამაშში 3-ჯერ მოუწია ჩართვა და საქმეს თავი ყველა ჯერზე კარგად გაართვა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ფლორიან ვირცის და ეკიტიკეს გათამაშებული ბრწყინვალე კედელი გერმანელის ეფექტური დარტყმით დასრულდა და ვირცმა აქტივში მორიგი გოლი ჩაიწერა. მალევე, ამჯერად პირიქით, ვირცის ასისტით გაიტანა უგო ეკიტიკემ და მატჩში საბოლოო შედეგი – 4:1 დაფიქსირდა.
FA თასის გამორჩეული მატჩების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.