თურქეთი vs საქართველო – ჯვაროსნები მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსის შენარჩუნებისთვის ქოჯაელში ჩავლენ და თურქეთის დამარცხებას შეეცდებიან.
თურქეთი საქართველოს ნაკრებს ქოჯაელში, 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე დაუპირისპირდება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე 3 ტურის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სამი ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება.
ჯვაროსნებმა ჯგუფში პირველი თამაში სწორედ თურქეთთან დათმეს (2:3), შემდეგ რეაბილიტაცია ბულგარეთთან მოახდინეს (3:0), ხოლო ესპანეთში გამართულ გასვლით თამაშში უშანსოდ წააგეს (0:2).
რაც შეეხება თურქეთის ეროვნულ ნაკრებს, ვინჩენცო მონტელას გუნდს 6 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.
თურქებმა პირველ ტურში თბილისში იმარჯვეს (3:2), შემდეგ ესპანეთთან გამართულ საშინაო მატჩში განადგურდნენ (0:6), ხოლო ბულგარეთს გასვლაზე გადაურბინეს (6:1).
თურქეთი vs საქართველო – მატჩის წინ
საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთში ურთულესი ამოცანის წინაშე წარსდგება. ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში სწორედ თურქეთი ჰყავს მთავარ კონკურენტად, ამიტომაც ჯვაროსნების მიზანი ამ მატჩში მხოლოდ მოგება იქნება.
სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, თურქეთის ნაკრებს ამ შეხვედრაში ფრეც ხელს აძლევს მეორე ადგილის შენარჩუნებისთვის, ამიტომაც საშინაო კედლებში მეტოქე ცხადია ნაკლები წნეხით ითამაშებს.
ბულგარეთთან გამართულმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ გუნდის ლიდერები – ქენან ილდიზი და არდა გულერი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებიან. ილდიზმა თავი ორი გატანილი გოლით გამოიჩინა, ხოლო არდა გულერმა 1 გატანილ გოლთან ერთად 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ელჩეში გამართული შეხვედრის შემდეგ, ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ქართველი ფეხბურთელებისგან რადიკალურად განსხვავებულ თამაშს და მეტ აგრესიას ელოდება.
სანიოლი: თურქეთთან სრულიად სხვა თამაშს ველოდები
ესპანეთის წინააღმდეგ სანიოლმა 5-3-2 ტაქტიკით გაიყვანა გუნდი მეტი უსაფრთხოებისთვის, თუმცა ესპანელები თამაშის მიმდინარეობას აკონტროლებდნენ და საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზს ფლანგებიდან ან ცენტრიდან გაკეთებული გამჭოლი გადაცემებით ჭრიდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთში საქართველოს ნაკრებისგან თითქმის ვერ ვნახეთ შეტევითი ფეხბურთი, რაც ერთი მხრივ ესპანელთა უმაღლესი დონის თამაშით იყო განპირობებული, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენებს კომბინაციური თამაში ნახევარდაცვის ხაზში საერთოდ არ გამოსდიოდათ.
თურქეთთან გასამართი მატჩის წინ, ქართველი ფეხბურთელები რეაბილიტაციის მოხდენით მოტივირებულები არიან და ფეხბურთელთა განცხადებებიდანაც ჩანს, რომ თურქეთში საბრძოლველად მზად არიან.
იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთის წინააღმდეგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მხოლოდ მოგება სჭირდება, სავარაუდოა, რომ ფრანგი სპეციალისტი ამჯერად უფრო შემტევ შემადგენლობას აირჩევს.
თურქეთი vs საქართველო – სავარაუდო შემადგენლობები
თურქეთის ნაკრებთან გასამართ მატჩში საქართველოს ნაკრებს დისკვალიფიცირებული ლუკა ლოჩოშვილი დაუბრუნდება, რომელმაც ესპანეთთან მატჩი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.
გიორგი ჩაკვეტაძის დანაკლისს თუ არ ჩავთვლით, სხვა მხრივ ვილი სანიოლის გუნდი თურქეთთან მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.
რაც შეეხება თურქეთის ეროვნულ ნაკრებს, ვინჩენცო მონტელას გუნდს ტრავმის გამო სოიონჯუ და ოზუნი ვერ დაეხმარებიან.
თურქეთი – ჩაკირი, ჩელიკი, დემირალი, ბარდაკჩი, კადიოღლუ, ჩალჰანოღლუ, კოკჩუ, აიდინი, გულერი, ილდიზი, აკტურქოღლუ
საქართველო – მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე
თურქეთი vs საქართველო – კომენტარები
“თურქეთთან სტუმრად თამაში საერთოდ განსხვავებულია, იქ ძალიან უყვართ ფეხბურთი და განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება, რაც თურქეთის ნაკრებს დაეხმარება.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ რთული თამაშის შემდეგ აღვიდგინოთ და მოედანზე ჩვენი თამაში ვაჩვენოთ” – გიორგი მამარდაშვილი
“ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში ნომერ პირველი გუნდია, ჩემი აზრით. ძალიან გაგვიჭირდა რამის შექმნა ბურთითაც და უბურთოდაც, ასე რომ, მალე უნდა ვცადოთ ამ ყველაფრის დავიწყება და აღდგენა.
ახლა უნდა ვიფიქროთ იმ დაძაბულ შეხვედრაზე, რომელიც თურქეთში გველოდება და ყველს დაგვჭირდება მაყურებლის და გულშემატკივრის მხარდაჭერა და ასევე, თავი რომ არ დავხაროთ და ზევით ავწიოთ, გავაგრძელოთ ბრძოლა ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით – გიორგი ქოჩორაშვილი.
თურქეთი vs საქართველო – ურთიერთშეხვედრები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თურქეთის წინააღმდეგ ცალსახად უარყოფითი ბალანსი აქვს.
თურქეთის წინააღმდეგ ჩატარებულ 7 შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს 5 წაგება, 1 ფრე და 1 მოგება აქვს.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.