სარჩევი
საქართველოს ნაკრები ესპანეთსა და თურქეთში - დღიურები ელჩედან ქოჯაელამდე | Setanta Sports

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის კვლავ იბრძვის. ოქტომბრის ორი გასვლითი შეხვედრა გადაწყვეტს, რამდენად რეალისტური იქნება ნოემბერში 2026 წლის მუნდიალის საგზურის მოპოვების შანსები.

11 ოქტომბერს ესპანეთი vs საქართველო ელჩეში, 14 ოქტომბერს კი თურქეთი vs საქართველო ქოჯაელში.

ბედნიერი ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან მატჩებზე ნაკრებთან ერთად მეც ვიქნები. ვეცდები, დღეიდან სანაკრებო შესვენების დასრულებამდე Setanta Sports-ის გვერდებზე, იქნება ეს ვიდეობი სოციალურ ქსელში, თუ დღიურები ჩვენს ბლოგზე, მოგითხროთ და გაჩვენოთ ის დეტალები, რაც ხელის გულზე არ ჩანს და თან საინტერესოა.

ვილი სანიოლის გუნდი 10 ოქტომბერს წინა სამატჩო ვარჯიშსა და პრესკონფერენციას გამართავს. ელჩეს სტადიონზე ვნახავთ ესპანელების პრესკონფერენციასაც.

მადრიდიდან ელჩეში

იქამდე კი მადრიდიდან ელჩეში და საკმაოდ დიდი მანძილი მატარებლით დავფარე. გზად ყველაფერს განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი. ესპანეთის ამ მხარეში პირველად ვარ. ყოველ ჯერზე ცდილობ ჰორიზონტის უკიდურეს წერტის თვალი მიაწვდინო, მაგრამ არ გამოდის. გაშლილი მიწა, ცა და ზედ დაკიდებული ღრუბლები. მთებიც არის გზად, მაგრამ მოკრძალებული ზომებით.

თანაც აქ პირდაპირ რაჭიდან ამოვყავი თავი, შესაბამისად, გაშლილ ჰორიზონტებს ალბათ კიდევ უფრო მძლავრად აღვიქვამ.

ფერებით კი გზა მადრიდიდან ელჩემდე ესპანეთის დროშის ფერებს იმეორებს, თანაც ერთი ერთში. ზუსტად ის ყვითელი და ის წითელი მიწებია ლიანდაგს იქითაც და აქეთაც, რაც ესპანელებს დროშაზე აქვთ დატანილი.

ზეთის ხილის ბაღები იქნება, თუ მზის ენერგიის სადგურები, ყველგან აკურატულობა, მოვლის კულტურა და კლასი იგრძნობა.

ხალხი, ხალხზე აბა ბევრი ახალი რა უნდა გითხრათ? თბილები და ტემპერამენტიანები, განურჩევლად ასაკისა.

მადრიდიდან რაც უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთით მოვდიოდით ამინდი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა, თუმცა ხალხი უკუპროპორციულად თბებოდა.

ერთი თანამგზავრი დაინტერესდა კიდეც, რამით დახმარება ხომ არ შეეძლო. ტელეფონზე ვცადე საუბარი, ინტერნეტის და ტელეფონის დაფარვას, ქართული რკინიგზასავით აქაც გვარიანად უჭირს. ჰოდა, რაჭულ რთველში მარტოდ მიტოვებულ ძმას რომ ვერა და ვერ დავუკავშირდი, თანამგზავრებმა მკითხეს, თუ რით შეეძლოთ დახმარება, თანაც ისე, რომ მე ბევრი არაფერი შემიტყვია. რა უნდა გვექნა, ინტერნეტი იმათიც არ იჭერდა. შესაბამისად, დარჩა ჩემი ძმა რაჭული ბობოქარი ამინდის და რთველის თავგადასავალების წინაშე მარტო.

შეიძლება, არც მხატვრულია და არს სიტყვაკაზმულად გადმოცემული, თუმცა მატარებლის გამხსნელ სტატიაში, ჩათვალეთ ერთად ვიყავით, მადრიდი – მურსიას მატარებლის მე-7 ვაგონში.

დანარჩენი უკვე ელჩედან. სადაც ბევრი ქართველი მოიყრის ამ დღეებში თავს. ვინ იცის, რას გვიმზადებს საფეხბურთო განგება, იქნებ იყოს მორიგი ავრორა – გაელვება, გასროლა, რომელიც ბევრად უფრო სუსტ საქართველოს ნაკრებსაც ახასიათებდა და გამოსდიოდა – ციკლში ერთს ისეთს მოიგებდა, არც ლოგიკას რომ არ დაექვემდებარებოდა და არც – მოლოდინს.

ჰო, ვისაც ვკითხე წარმოდგენა არ აქვს არცერთს როდის თამაშობს ფურია როხა და ვის ეთამაშება. პრინციპში, ხუთშაბათს, შუადღეს დედაქალაქიდან სამხრეთში მგზავრობისას ეგ მოსალოდნელიც იყო.

მაგრამ მათსავე დასმულ კითხვაზე, ხეორხიას პასუხის მიღების შემდეგ, გაოცება არცერთს დატყობია, ყველამ იცოდა საქართველო, დიდმაც და პატარამაც, თუმცა უფრო ზედაპირულად.

აი გერმანიაში სხვაგვარად იყო, მატარებლის გამცილებელმა საქართველოს გაგონებაზე – ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე რომ დაგვახვედრა პასუხად, მამის სახელი საიდანღა იცოდა, თან დასავლეთ გერმანიაში გელზენკირხენში.

მოკლედ, ამ ორ დღეში, ადგილობრივი თუ ჩამომსვლელი ქართველობა, ახალი თუ ძველი ემიგრანტები, ქომაგები, ჟურნალისტები თანდათან ელჩესა და მის შემოგარენში მოიყრიან თავს, როგორი იქნება ეს მორიგი თავგადასავალი, მაგას მატჩის დღეს მოედანზე და მანამდე ბლოგებიდან, თუ ვიდეოებიდან ვნახავთ.