ესპანეთი vs საქართველო – 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ესპანეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს.
ჯვაროსნები შესარჩევი ეტაპის ორი ტურის შემდეგ ერთი მოგებით და ერთი წაგებით მესამე ადგილზე 3 ქულით არიან. დინამო არენაზე ჩატარებულ ორ შეხვედრაში საქართველომ თურქეთთან წააგო (2:3), ხოლო ბულგარეთთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (3:0).
ესპანეთი vs საქართველო – მატჩის წინ
ესპანეთის ნაკრები ოქტომბრის სანაკრებო პაუზას კარგ ფორმაში, თუმცა დიდი დანაკლისით ხვდებიან. ლა როხას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორიდან ორი მოგება აქვს და ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს.
ბულგარეთთან გასვლით მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ 0:3, ესპანელებმა თურქეთში მასპინძლები გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს 0:6.
ლა როხა ჯგუფის უპირობო ფავორიტია და ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე ორ გამარჯვებას უმიზნებს.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა, რომლებმაც ევრო 2024-ის ფინალში ინგლისი დაამარცხეს, მსოფლიოს შესარჩევი კარგად დაიწყეს და კვალიფიკაციაზე პირველი ადგილია მხოლოდ მათი მიზანი.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე არადამაჯერებლად გამოდიოდა, 2014 წელს ლა როხა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა, 2018 და 2022 წელს კი ესპანელები მერვედფინალურ ეტაპზე დამარცხდნენ.
დე ლა ფუენტეს გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობა უდავოა, რომ ევროპაში უძლიერესია და მიუხედავად დიდი დანაკლისისა, ესპანეთი საქართველოსთან ფავორიტის სტატუსით ითამაშებს.
2020 წლის შემდეგ ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ყველა ტურნირზე 72 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 7-ჯერ წააგო. აღსანიშნავია, რომ ლა როხამ ამ წაგებებიდან 6-ჯერ მინიმალური ანგარიშით წააგო.
ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ესპანეთმა წაგებულ მატჩში 2 გოლი გაუშვა, ეს 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შოტლანდიასთან გამართულ გასვლით შეხვედრაში მოხდა (0:2).
კალენდარულ წელში ესპანეთს ძირითად დროში 2025 წელს არ წაუგია. ერთადერთი მარცხი ესპანეთმა პორტუგალიის ნაკრებთან ერთა ლიგის ფინალში, თერთმეტმეტრიანების სერიაში იწვნია.
ესპანეთი vs საქართველო – მატჩისწინა კომენტარები
გიორგი ქოჩორაშვილი – “ესპანეთში ყოფნა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანასთან განსაკუთრებული კავშირი მაქვს, აქ 8 წელი გავატარე (ჟირონაში, ლევანტეში და კასელონში). ესპანეთის ნაკრებთან აქამდეც გვითამაშია და ვიცით, თუ რამდენად რთული მატჩი გველოდება”
ხვიჩა კვარაცხელია – “ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შევძლოთ. ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება. იმედი მაქვს, მწვრთნელის დავალებებს კარგად შევასრულებთ და ჩვენთვის ყველაფერი კარგად დასრულდება”
გიორგი მიქაუტაძე – “ეროვნულ გუნდში ყველა მოუთმენლად ელოდება მომავალ შეხვედრებს. ვილიარეალში სასიამოვნოდ დამხვდნენ და ყველაფერი კარგად მიდის. მიზანი ჩვენთვის 6 ქულის აღება იქნება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, თუ რამდენად რთული მატჩები გველის, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ქულები აუცილებლად გვჭირდება”
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კალენდარულ წელში ერთადერთი მარცხი აქვს 6 მატჩიდან. ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგის პლეი-ოფში სომხეთის ნაკრები ორჯერ დაამარცხა, ამხანაგურ მატჩში ფარერების ნაკრებს მოუგო და კაპო ვერდესთან ფრე ითამაშა.
ბულგარეთთან გამართულ ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ამ ჯგუფში მეორე ადგილისთვის იბრძოლებს.
ბოლო 6 ჩატარებულ შეხვედრაში 4 მოგება და 16 გატანილი გოლი ქართველ გულშემატკივარს იმედს აძლევს, რომ ნაკრებს მსოფლიოზე გასვლა შეუძლია.
ესპანეთი vs საქართველო – ურთიერთშეხვედრები
საქართველოს ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ ცალსახად უარყოფითი ბალანსი აქვს ურთიერთშეხვედრებში. ესპანელებმა ჯვაროსნების დამარცხება 8 მატჩიდან 7-ჯერ მოახერხეს.
ერთადერთი გამარჯვება ურთიერთშეხვედრებში საქართველომ 2016 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში მოახერხა, როცა ეროვნულმა ნაკრებმა მატჩში თორნიკე ოქრიაშვილის გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო (1:0).
ბოლოს საქართველო და ესპანეთი ერთმანეთს ევრო 2024-ის მერვედფინალურ ეტაპზე შეხვდნენ, სადაც ლა როხამ 4:1 იმარჯვა და შემდეგ ევროპის ჩემპიონიც გახდა.
ესპანეთი vs საქართველო – ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა:
ევრო 2024 – ესპანეთი – საქართველო – 4:1
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი – ესპანეთი – საქართველო 3:1
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი – საქართველო – ესპანეთი 1:7
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი – ესპანეთი – საქართველო 4:0
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი – საქართველო – ესპანეთი 1:2
ამხანაგური მატჩი 2016 – ესპანეთი – საქართველო 0:1
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი – ესპანეთი – საქართველო 2:0
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი – საქართველო – ესპანეთი 0:1
ესპანეთი vs საქართველო – სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთის ეროვნული ნაკრები საქართველოსთან გასამართ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება.
დე ლა ფუენტეს გუნდს ლიდერები დააკლდება, თუმცა შემადგენლობის სიღრმიდან გამომდინარე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ლა როხა ფავორიტი არ იქნება.
ლა როხას საქართველოსთან მატჩში როდრი, იამალი, ნიკო უილიამსი, გავი, ჰაუსენი და ფაბიან რუისი დააკლდება.
სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ საქართველოსთან მატჩს დანი ოლმოც გამოტოვებს, რომელმაც ესპანეთის ნაკრების მოსამზადებელი ვარჯიში დაზიანების გამო ნაადრევად დაასრულა.
საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი, რომ ესპანელთა დანაკლისით ისარგებლოს და ესპანეთთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვოს.
ვილი სანიოლის გუნდი ალიკანტეში გიორგი ჩაკვეტაძეს გარეშე ჩავიდა. არის საუბრები, რომ ხვიჩა კვარაცხელია სათამაშოდ სრულ მზადყოფნაში არ არის, თუმცა ქართველი სუპერვარსკვლავი ნაკრებთან ერთადაა და თამაშისთვის ემზადება.
ეროვნული ნაკრების მცველი, ლუკა ლოჩოშვილი მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.
ესპანეთი vs საქართველო – სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი – უნაი სიმონი, პედრო პორო, ლე ნორმანდი, ლაპორტი, კუკურელია, ზუბიმენდი, მერინო, პედრი, ბაენა, ოიარსაბალი, ფერან ტორესი
საქართველო – მამარდაშვილი, აზაროვი, კაშია, გოგლიჩიძე, გოჩოლეიშვილი, ქოჩორაშვილი, გაგნიძე, კიტეიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე