სამწუხარო ამბავი გავრცელდა ესპანეთიდან – 28 წლის ასაკში დიოგუ ჟოტა დაიღუპა. ლივერპულის ფეხბურთელი, ძმასთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოყვა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ესპანეთში, ზამორას პროვინციაში მოხდა.
ავტოავარიის დროს ავტომობილში დიოგუ და მისი უმცროსი ძმა, 26 წლის ანდრე ისხდნენ. ძმის მსგავსად ანდრე ჟოტაც ფეხბურთელი იყო, რომელიც პენაფიელის ღირსებას იცავდა.
ავარია A-52 ავტომაგისტრალის 65-ე კილომეტრზე, ბენავენტეს მიმართულებით, სამორას რეგიონში, სანაბრიასთან ახლოს მოხდა.
112-ის ცხელ ხაზზე, შემთხვევის შემსწრეების თქმით, გზიდან გადასული ავტომობილი მთლიანად ცეცხლში გაეხვა. რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ავარიის მიზეზი შესაძლოა საბურავის აფეთქება ყოფილიყო, რამაც გზიდან გადასვლა და შემდგომი ხანძარი გამოიწვია.
დიოგო ჟოტა სულ რაღაც 10 დღის წინ, 22 ივნისს, დაქორწინდა მის რჩეულ რუტე კარდოსოზე. ქორწილის ფოტოებში ის და რუტე სამ შვილთან ერთად ჩანდნენ: დენისი (დ. 2021), დუარტე (დ. 2023) და გოგონა, რომელიც 2024 წელს დაიბადა, თუმცა მისი სახელი საზოგადოებისთვის უცნობია.
28 წლის დიოგუ ჟოტა ლივერპულს 2020 წელს შეუერთდა ვულვერჰემპტონიდან 44.7 მილიონ ევროდ. მას შემდეგ წითლების რიგებში 182 მატჩი ჩაატარა, სადაც 65 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ პერიოდში მან ლივერპულთან ერთად სამი ტიტული მოიგო: პრემიერ ლიგა (2024-25), ინგლისის თასი (2021-22) და ლიგის თასი (2021-22).
დიოგუ ჟოტა დაიღუპა – ახლახანს გავრცელებულ ამ სამწუხარო ამბავს მსოფლიოს სხვადასხვა კლუბი და ფეხბურთელი ეხმარება და დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.