საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ვილი სანიოლმა ფარერის კუნძულებისა და კაბო ვერდეს წინააღმდეგ როტაციული შემადგენლობა გამოიძახა.
ივნისში ჯვაროსნების მთავარი მწვრთნელი ლიდერთა ნაწილს რომ დაასვენებდა, წინასწარ იყო ცნობილი. შესაბამისად, ნაკრებში არიან დებიუტანტები და დაბრუნებული ფეხბურთელებიც.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა.
ოთხმა ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიწვევა პირველად მიიღო. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, დინამო თბილისის 16 წლის მცველი – საბა ხარებაშვილია. გამოძახებულთა შორის არიან გორის დილას მეკარე დავით კერესელიძე, უკრაინული კოლოსის ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე და ხორვატული ისტრა 1961-ის თავდამსხმელი გიორგი გაგუა.
ნაკრების განაცხადს დაუბრუნდნენ, ივა გელაშვილი, გურამ გიორბელიძე, ლადო მამუჩაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი ბერიძე და გიორგი ქვილით
ფარერის კუნძულებთან და კაბო-ვერდესთან მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს საქართველოს ნაკრები 31 მაისს, თბილისში დაიწყებს.
მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი)
საქართველოს ნაკრების ახალი ფორმა
დღესვე ეროვნულმა ნაკრებმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა. საკმაოდ მოხდენილი და ლამაზი ფორმა, ცხადია, საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს კლასიკური ფორმის შტრიხებს უხვად მოაგონებდა.
აი რას წერს ეროვნული ნაკრები ახალ მაისურებზე:
“1990 წლის 27 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვას ნაკრების წინააღმდეგ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი მატჩი გამართა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 35 წლის იუბილეზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრები გუნდების ახალ სათამაშო ფორმას წარადგენს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ახალი დიზაინის მაისურებით იასპარეზებს, რომელსაც პირველად ივნისში გასამართ ამხანაგურ მატჩებზე მოირგებს. ახალგაზრდული ნაკრები კი ახალი ფორმებით უეფას 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ეროვნული გუნდების უნიკალური დიზაინის უნიფორმები საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ სპონსორთან, იტალიურ კომპანია “მაკრონთან” თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. მაისურის დიზაინში, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის, ეროვნული ნაკრების ბრენდბუქის ელემენტებთან ერთად გამოყენებულია ნაკრების ძველი სათამაშო ფორმის ელემენტები.”
ეროვნული ნაკრების ახალი დიზაინის მაისურის შეძენა 27 მაისიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღაზიაში, იქნება შესაძლებელი.