22 აპრილი, 22:45 საათი – ნანტი VS პსჟ. პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონის ამპლუაში ქალაქ ნანტს, კერძოდ, სტად დე ლა ბოჟუარს ესტუმრება. დედაქალაქელები 29-ე ტურის გადადებულ შეხვედრას სამშაბათს გამართავენ დარჩენისთვის მებრძოლი ნანტის წინააღმდეგ და ეცდებიან, რომ დაუმარცხებლის რეგალია შეინარჩუნონ.
ნანტი VS პსჟ – ცოტაოდენი პარი სენ-ჟერმენზე
მიუხედავად იმისა, რომ პარიზელებმა საჩემპიონო ინტრიგას ბოლო მოუღეს, დაუმარცხებლობისკენ სწრაფვა და პოტენციური საშინაო თუ ევროპული ტრიპლეტი უზრუნველყოფს მათს კონცენტრაციასა და ტონუსში ყოფნას.
გასულ შაბათს პარი სენ-ჟერმენმა გადახალისებული შემადგენლობით მოკრძალებული, 1-ბურთიანი სხვაობით გამარჯვება აღნიშნა ლე ავრის წინააღმდეგ. შესაძლოა, ეს არ იყო დამაჯერებელი პერფორმანსი მათი მხრიდან, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა, გამარჯვებების უწყვეტი სერია 10-ამდე გაეგრძელებინათ.
პარი სენ-ჟერმენს, ისტორიული თვალსაზრისით, ნანტის წინააღმდეგ სტუმრად თამაში არ უჭირს. ბოლო 26 შეხვედრიდან პარიზელებს 22-ჯერ ხვდათ გამარჯვება წილად.
თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონის პირველ წრეში პარიზელებს ანტუან კომბუას გაწვრთნილ გუნდთან გაუჭირდათ და იმ 5 მატჩიდან, რომელიც ფრედ დაასრულა პარი სენ-ჟერმენმა, ერთ-ერთი სწორედ ნანტის წინააღმდეგ იყო.
ბურთის ფლობის მაჩვენებელმა (84%) და ათასზე მეტმა პასმა იმ კონკრეტულ შეხვედრაში 3 ქულა ვერ მოუტანა დედაქალაქურ კლუბს.
ნანტი VS პსჟ – ნანტის პრობლემები
რაც შეეხებათ ყვითელ-მწვანეებს, ნანტის მიზანი მარტივია – გადარჩენა.
ანტუან კომბუა და მისი შეგირდები დასაქვეითებელ სამეულს მხოლოდ სამი ქულით აღემატებიან. მათი ამჟამინდელი კონდიცია შორსაა სიმშვიდისგან. უკანასკნელ ცხრა შეხვედრაში, რომელიც ლიგა 1-ის მასშტაბით გამართა ნანტმა, ექვსი წაგებით დაასრულა.
მარკუს კოკოს წითელმა ბარათმა და მატჩის მიწურულს გაშვებულმა გოლმა ნანტი რენთან მარცხისთვის გაიმეტა.
აღნიშნული გადადებული მატჩი ნანტისთვის დამატებითი შანსია ქულების მოსაპოვებლად, ჩრდილო-დასავლელებმა კარგად იციან, რომ თითოეული შეხვედრა და თითოეული ქულა მათთვის მეტად მნიშვნელოვანია.
კარგი ამბავი ნანტისთვის ის არის, რომ მომდევნო შეხვედრები სტად დე ლა ბოჟუას ბინადრებისთვის შედარებით ხელსაყრელია, რადგანაც მათი ოთხივე მეტოქე ცხრილის ქვედა ნახევარშია.
ნანტი VS პსჟ – უსმან დემბელეს ფაქტორი
სანამ პარი სენ-ჟერმენი აგრძელებს დაუმარცხებელ კამპანიას ლიგა 1-ში, ყველას თვალი უსმან დემბელეზეა მიპყრობილი. მისი ფეთქებადი ტემპი და დრიბლინგი შეიძლება კიდევ ერთხელ გახდეს გადამწყვეტი.
ფრანგმა შემტევმა ამ სეზონში, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, არა მხოლოდ ფლანგზე აჩვენა საკუთარი შესაძლებლობები, არამედ მეტოქის მესამედის ყველა ნაწილში, განსაკუთრებით კი გადაწყვეტილებების მიღებისას ეტყობოდა სიმწიფე.
უსმან დემბელემ ყველა ტურნირზე 40-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა და მიუხედავად იმისა, რომ გასულ შაბათს დაასვენა ენრიკემ, სავარაუდოა, რომ იგი სწორედ ნანტის წინააღმდეგ დაბრუნდება სასტარტო თერთმეტეულში. მისი თამაშის სტილი კი შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს ნანტის მცველებისთვის, რომლებმაც მიმდინარე სეზონში 49 გოლი გაუშვეს.
ნანტი VS პსჟ – დანაკლისი და სავარაუდო შემადგენლობა
ნანტი სამშაბათს გასამართ შეხვედრაში რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელის გარეშე იქნება წარმოდგენილი. მარჯვენა მცველი მარკუს კოკო წინა შეხვედრაში წითელი ბარათის მიღების გამო დისკვალიფიცრებულია, ხოლო ფაბიან სენტონზეს ხანგრძლივი ტრავმის გამო მოისაკლისებს ანტუან კომბუა. გარდა ამისა, ნანტს პარიზელთა წინააღმდეგ დააკლდება ალბან ლაფონტი, ენტონი ლოპეში, სორბა თომასი, ფრენსის კოკლენი, ადელ მაჰმუდი და სეკუ დუკურე.
ლუის ენრიკესთვის პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობიდან ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია. მეტიც, გუნდის რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა წინა შეხვედრა დასვენების გამო გამოტოვა. მოახლოებულ შეხვედრას კი დასვენების მიზნით მხოლოდ აშრაფ ჰაკიმი დააკლდება.
სავარაუდო შემადგენლობა:
ნანტი: პატრიკ კარლგრენი, ნიკოლას კოზა, ნიკოლას პალუა, ჟან-შარლ კასტელეტო, კელვინ ამიანი, საიდუ სოუ, დუგლას აუგუსტო, იოჰან ლეპენანტი, მოზეს საიმონი, მატის აბლინი, მოსტაფა მოჰამედი.
პარი სენ-ჟერმენი: ჯანლუიჯი დონარუმა ნუნუ მენდეში, მარკინიოსი, ბერალდო, პაჩო, ვიტინია, ფაბიან რუისი, უორენ ზაირე-ემერი, უსმან დემბელე, ბრედლი ბარკოლა, ხვიჩა კვარაცხელია.
ნანტი VS პსჟ – საინტერესო ფაქტები
ნანტმა ლიგა 1-ში პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ბოლო 30 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო. თუმცა მათ შეუძლიათ 2002/2003 წლების სეზონის მიღწევა გაიმეორონ და პარიზელთა წინააღმდეგ არცერთ შეხვედრაში არ დამარცხდნენ.
პარი სენ-ჟერმენმა 21-ე საუკუნეში ნანტი 27-ჯერ დაამარცხა, რაც ამ პერიოდში მეორე საუკეთესო შედეგია ერთი კლუბის მხრიდან მეორის დამარცხების. ამაზე მეტჯერ, 28-ჯერ მხოლოდ მარსელი ჰყავს დამარცხებული პარიზულ გრანდს.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში სტად დე ლა ბოჟუაზე ყველაზე ცოტა, 31 გოლი არის გასული, უმაღლესი დივიზიონის მასშტაბით.
16 ნანტმა გაიტანა, 15 მასპინძლების კარში გავიდა.
პარი სენ-ჟერმენმა ბოლო სამი გასვლითი მატჩში შეძლო 3-ზე მეტი გოლის გატანა. თუ ნანტის წინააღმდეგაც მოახერხებს იმავეს გამეორებას, 2022 წლის შემდეგ მსგავსი რამ პირველად ექნება დაფიქსირებული პარიზულ გუნდს.
ნანტი VS პსჟ – პირდაპირი რეპორტაჟი
ტრადიციისამებრ ხვიჩა კვარაცხელიასა და პარი სენ-ჟერმენის თამაშის ხილვა Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი. პირდაპირი რეპორტაჟი კი 22:40 საათიდან დაიწყება.
მატჩის კომენტატორები ზუკა კობალავა და გიორგი ციხისთავი იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.