ჩემპიონთალიგური მატჩის შემდეგ ბრესტი და პსჟ 1 თებერვალს, 20:00 საათზე ერთმანეთს ლიგა 1-ში დაუპირისპირდებიან. ბრესტი VS პსჟ – მატჩის ხილვა setantasports.com-ზე შეგიძლიათ.
ბრესტი VS პსჟ – პრეისტორია
ბრესტმა და პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულეს და 24 გუნდში მოხვედრაც შეძლეს. მეტიც, ბრესტი და პსჟ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზეც გადაეკვეთნენ, შესაბამისად, ფრანგული გუნდები დამატებით 2 მატჩის ჩატარებას შეძლებენ მოწინააღმდეგეთა რანგში 11 და 19 თებერვალს.
მიუხედავად იმისა, რომ პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის ფაზაში, ბრესტისგან განსხავებით, საშინელი სტარტი ჰქონდათ – პირველ 5 მატჩში მხოლოდ ერთი მოგებისა და სამი გოლის გატანის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენმა ზედიზედ სამი თამაში მოიგო და 11 გოლის გატანაც მოახერხა.
ამ გამარჯვებებით პარიზელებმა ცხრილში მე-15 ადგილი დაიკავეს და შემდეგ ეტაპზე რომ გავიდნენ, ესეც ვნახეთ.
რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, აქ ლუის ენრიკეს შეგირდებს გაცილებით მარტივად აქვთ საქმე. წინა ტურში რეიმსთან მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ პარიზელებმა მეორეადგილოსან მარსელს, რომელიც ნიცასთან დამარცხდა, 10 ქულით გაასწრეს და კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.
ბრესტი საფრანგეთის ჩემპიონატში მე-8 ადგილზე იმყოფება და ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. იმის გათვალისწინებით, რომ ერიკ როას შეგირდები ერთდროულად ორ ტურნირზე ასპარეზობენ, თანაც წარმატებულად, ეს ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.
მე-20 ტურის წინ პარიზული გუნდი შიდა ჩემპიონატში დაუმარცხებელია და დიდია ალბათობა, რომ წარმატებული სვლა გაგრძელდეს – ბრესტს პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ბოლო 36 მატჩიდან მხოლოდ 3 გამარჯვება აქვს.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ერიკ როას გუნდი შაბათ-კვირას ზედიზედ 3 გამარჯვების ფონზე ხვდება (ლე ავრი, რენი და ლიონი). ძალიან არასტაბილური სტარტის შემდეგ, რომელიც ჩემპიონთალიგური ვალდებულებების გამო საპატიოა, ბრესტი ახლა წინსვლას განაგრძობს და ევროტურნირებისთვისაც იბრძვის.
ბრესტი VS პსჟ – კვარას ეფექტი
რა თქმა უნდა, აღნიშნულ დაპირისპირებაში ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე დიდი ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიასკენ არის მიმართული, რომელმაც პარიზულ გუნდში სადებიუტო მატჩში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და საგოლე გადაცემაც გააკეთა.
ხვიჩა გუნდს ბოლო 2 ჩემპიონთალიგურ მატჩში ვერ დაეხმარა, თუმცა პლეიოფებიდან ის გუნდისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ჯერ უცნობია, კონკრეტულად რომელ პოზიციაზე მოიაზრებს ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას. რეიმსის წინააღმდეგ ჩატარებულმა შეხვედრამ გვიჩვენა, რომ ქართველის ნომინალური პოზიცია შეტევითი ხაზის მარცხენა ფრთა იყო, თუმცა მის თამაშში თავისუფლების ნიშანწყალი შეინიშნებოდა. თუნდაც გოლის ეპიზოდია ამის დასტური, როდესაც დიაგონალზე გადაჭრა სივრცე და თავისუფალ ზონაში მყოფ უსმან დემბელეს საგოლე პასი გადააწოდა.
არა მარტო აღნიშნული ეპიზოდია ამის დასტური, ხვიჩა კვარაცხელია 10-იანის პოზიციაზეც არაერთხელ აღმოჩნდა. ასეთი მრავალმხრივი პროფილის მქონე ფეხბურთელს, რთულია, ლუის ენრიკემ კომფორტული პოზიცია ვერ არგუნოს ქართველ შემტევს დამახასიათებელი ჯადოსნური თამაშის წარმოსაჩენად.
ბრესტი VS პსჟ – დანაკლისი და სავარაუდო შემადგენლობა
ტრავმების მხრივ, ბრესტის მდგოამრეობა არც თუ ისე მარტივია – გუნდს სამი მცველი: ბრედლი ლოკო, ჯორდან ამავი და მასადიო ჰაიდარა დააკლდება. ამასთან ერთად, პარიზელთა წინააღმდეგ გუნდს როტაციის ფეხბურთელი, იონას მარტინი ვერ დაეხმარება.
რაც შეეხებათ დედაქალაქელებს, ამ კუთხით, პარი სენ-ჟერმენის მხარეს შედარებით სტაბილური მდგომარეობაა – გუნდს 1-ელ თებერვალს გასამართ მატჩში 17 წლის იბრაჰიმ მბაიე, ვორენ ზაირე-ემერი და ჟოაუ ნევეში დააკლდება.
სავარაუდო შემადგენლობა:
პსჟ (4-3-3) – დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ლუკა ერნანდესი, ფაბიან რუისი, ვიტინია, კან-ინ ლი, დემბელე, ბარკოლა, კვარაცხელია.
ბრესტი (4-2-2-2) – ბიზო, კენი ლალა, შარდონე, ლე კარდინალი, ლუკ ზოგბე, მაჰდი კამარა, უგო მანიეტი, დელ კასტილიო, რომან ფავრი, სიმა, ლუდოვიკ აჟორკი.
ბრესტი VS პსჟ – პირდაპირი რეპორტაჟი
ლე ბლეზე გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას Setanta Sports 2-სა და setantasports.com-ზე შეძლებთ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.