ლა ლიგის მე-19 ტურში სევილია რამონ სანჩეს პისხუანზე გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას მიიღებს. უყურე შაბათი დღის ლა ლიგის დასკვნით მატჩს setantasports.com-ზე.
სევილია vs ვალენსია – ანდალუსიელთა სათამაშო ფორმა
სევილიამ ახალი წელი კოპა დელ რეიზე მარცხით დაიწყო. ანდალუსიელები ლა ლიგა 2-ის ლიდერთან, ალმერიასთან ანგარიშით 4-1 დამარცხდნენ. ეს შეხვედრა მესამე წაგების მომტანი აღმოჩნდა გარსია პიმიენტას გუნდისთვის უკანასკნელ ხუთ მატჩში.
პირველი წრის ბოლო ტურამდე სევილია მე-14 ადგილს იკავებს ცხრილში, რითაც იყოფს ადგილს ლას პალმასთან და რაიო ვალეკანოსთან. გარსია პიმიენტას შეგირდები ევროზონას 8 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა მომავალ შეხვედრაში გამარჯვება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სევილიას პოზიციებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სევილია ლა ლიგაში პირველ შეხვედრას გამართავს მას შემდეგ, რაც კლუბის ლეგენდამ, ხესუს ნავასმა კარიერა დაასრულა.
სევილია vs ვალენსია – გიორგი მამარდაშვილმა ტრავმა მოიშუშა
გიორგი მამარდაშვილი 1-თვიანი პაუზის შემდეგ ლაზარეთიდან დაბრუნდა. როგორც ჯეო თიმისგან შევიტყვეთ, ვალენსიას 25-ე ნომერმა ვარჯიში უკვე განაახლა და თავს კარგად გრძნობს. ეს ინფორმაცია პრესკონფერენციაზე ვალენსიელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს კორბერანმაც დაადასტურა.
ესპანელმა სპეციალისტმა სევილიასთან გასამართ შეხვედრამდე აღნიშნა, რომ მამარდაშვილი სამატჩო განაცხადში იქნება, მაგრამ დასძინა ისიც, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში – გიორგი მამარდაშვილი თუ სტოლე დიმიტრევსკი.
„გიორგი მამარდაშვილმა და ხოსე გაიამ გუნდთან ერთად ივარჯიშეს და მატჩისთვის განაცხადში მოხვდებიან. ამის შემდეგ, ჩემი გადასაწყვეტია, ითამაშებენ თუ არა.“
მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილს 14 მატჩი, 3 მშრალი კარი და 22 გაშვებული გოლი უმაგრებს ზურგს. ტრავმა კი 7 დეკემბერს, რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ მიიღო, რის შემდეგაც მის არყოფნაში ღამურების კარს სტოლე დიმიტრევსკი დაეპატრონა. სწორედ ჩრდილო მაკედონიელი მეკარე იცავდა მესტალიის ბინადრების კარს როგორც ლა ლიგაში, ისე ესპანეთის თასზე, ელდენსესთან.
სევილია vs ვალენსია – ღამურები გამარჯვების მოლოდინში
რაც შეეხება ვალენსიას, კარლოს კორბერანის გუნდი მძიმე კონდიციაშია. 18 თამაშში მოპოვებული 12 ქულა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა პოზიცია – ასე გამოიყურება ღამურების მაჩვენებელი ამ დროისთვის.
აღნიშნული შედეგების გამო დაატოვებინეს მთავარი მწვრთნელის პოსტი კლუბის ლეგენდას, რუბენ ბარახას, რასაც გაგრძელებად ვესტ ბრომვიჩიდან კარლოს კორბერანის გადაბირებაც მოევლინა.
სევილია vs ვალენსია – დანაკლისი
ანდალუსიელებს ტრავმის გამო ტანგი ნიანზუ დააკლდებათ. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კელეჩი იჰეანაჩოს თამაშიც.
ვალენსიელთა მხარეს ტრავმირებულთა სია ასე ამგვარად გამოიყურება: მუკტარ დიახაბი, ფრან პერესი და რაფა მირი. ამასთან ერთად, უკვე 2 თვეა, გუნდს ვერ ეხმარება ტიაგო კორეია, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს.