ნაპოლის მორიგი დაპირისპირება რომასთან ელოდება. ლიდერობის შესანარჩუნებლად ანტონიო კონტეს გამარჯვება სჭირდება. უყურე სერია A-ს მე-13 ტურის გამორჩეულ შეხვედრას setantasports.com-ზე.
ნაპოლი vs რომა – ნაპოლისა და კვარაცხელიას სათამაშო ფორმა
მე-12 ტურში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა ნაპოლისა და რომას შორის შედგება.
დერბი დელ სოლე ყოველთვის გამორჩეულია, ახლაც არაა გამონაკლისი შემთხვევა – სამხრეთულ დერბის აპენინებზე რუდუნებით ელოდებიან, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.
ნაპოლი სერია A-ს ცხრილში კვლავ გალიდერდება, თუ რომას დაამარცხებს. ასე რომ, ანტონიო კონტეს გუნდს ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს.
ნაპოლიმ ბოლო ორ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა, ინტერთან გასვლაზე (1:1), მანამდე კი შინ ბერგამოს ატალანტასთან 3-ბურთანი სხვაობით დამარცხდა. ზოგადად, ნეაპოლელებს რთული კალენდარი აქვთ, ხსენებულ ორ შეხვედრამდე იყო მილანთან თამაში, წინ ტორინოსა და ლაციოსთან მატჩებია, რაც ასევე არ იქნება მარტივი გასეირნება.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მიმდინარე სეზონში ნაპოლის საუკეთესო ბომბარდირია 5 გოლით, ამასთან ერთად, ორი საგოლე პასიც აქვს. თუმცა, რომას წინააღმდეგ ქართველ ფეხბურთელს თავი არასდროს გამოუჩენია, შესაბამისად, შეეცდება, ჯალოროსი კარიერაში პირველად დაამწუხროს.
ნაპოლი vs რომა – რომაელთა კრიზისი
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რომას ჯერჯერობით საშინელი სეზონი გამოსდის: 12 ტურის შემდეგ 13 ქულით მხოლოდ მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ევროზონასთან. ამგვარი დასაწყისის ფონზე მოულოდნელი არაა, რომ დედაქალაქელებმა ორი მწვრთნელი უკვე გაუშვეს, ჯერ დანიელე დე როსი დაითხოვეს, შემდეგ კი – ივან იურიჩი.
დე როსის გაშვება, სავარაუდოდ, მაინც შეცდომა იყო, რაზეც იტალიელი სპეციალისტები და ექსპერტები თანხმდებიან, მაშინ მხოლოდ სეზონის სტარტი იყო, თანაც, დე როსი რომაში სხვა ფიგურაა, საკულტო პერსონაჟია და, მით უფრო, მისი შეცვლა იურიჩით თავიდანვე უცნაური არჩევანი იყო. ხორვატმა სპეციალისტმა ხელმძღვანელობის იმედი ვერ გაამართლა და სანაკრებო პაუზამდე ისიც დაითხოვეს, ბოლონიასთან წაგების შემდეგ, რამდენიმე წუთში. უკანასკნელ ხუთ ტურში რომამ ოთხი მატჩი წააგო.
ნაპოლი vs რომა – კლაუდიო რანიერის დაბრუნება
იურიჩი კლაუდიო რანიერიმ შეცვალა – კიდევ ერთმა განსაკუთრებულმა მწვრთნელმა, ზოგადად ფეხბურთისთვისაც და კონკრეტულად რომასთვისაც. კლაუდიო რანიერი რომაში ძალიან რომ უყვართ, ეს სიახლე არაა. იმავეს რომ გრძნობს რომას მიმართაც, ესეც ცნობილი ფაქტია, ამიტომ მობრუნდა პენსიიდან და ამიტომ ჩაიბარა ჯალოროსი მესამედ. 2009-2011 და 2019 წლებში უკვე მუშაობდა რომაში.
რაკი დედაქალაქის წითელ მხარეში კლაუდიოს მისამართით განსაკუთრებული გრძნობა ტრიალებს, რომას ტიფოზთა უმრავლესობა რანიერის დაბრუნებას პოზიტიურად უყურებს, მიუხედავად იმისა, რომ სამწვრთნელო კარიერა დასრულებული ჰქონდა. შესაბამისად, ნეაპოლში კლაუდიოს რედებიუტი შედგება და მოახლოებულ შეხვედრას ესეც ინტრიგის გარკვეულ დოზას უმატებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ რომას აღარ აქვს უკან დასახევი გზა, ქულების დაგროვება სასწრაფოდ სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისი შეიძლება უფრო გამძაფრდეს.
ნაპოლი vs რომა – სავარაუდო შემადგენლობები
შემადგენლობის მხრივ, ნაპოლიში საკადრო პრობლემები არ არის, რომას უფრო აქვს დანაკლისი, პაულო დიბალას თამაშიც ჯერჯერობით, სათუოა.
ნაპოლი (4-2-3-1): მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, სპინაცოლა – ზამბო ანგისა, ლობოტკა – პოლიტანო, მაკტომინეი, კვარაცხელია – ლუკაკუ.
რომა (4-3-2-1): სვილარი – ჩელიკი, მანჩინი, ნდიკა, ანხელინო – კრისტანტე, კონე, პიზილი – დიბალა, პელეგრინი – დოვბიკი.
ტრავმა: ერმოსო, სალმაკერსი, შომუროდოვი.