სარჩევი
საქართველო საფეხბურთო ქვეყანა | Setanta Sports

საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა – ვფიქრობთ, ვამბობთ, თანაც მტკიცებით ფორმაში, და ამ აზრის საწინააღმდეგო გამოვლინებას, როგორც წესი, არ ვეპუებით ხოლმე. მაგრამ თანმიმდევრობა? სად არის თანმიმდევრობა?

სინამდვილეში, ფეხბურთი გვიყვარს, თუ წარმატება? – ორივე, პასუხია ორივე, თუმცა ალბათ, მაინც წარმატებასთან ასოცირების მსურველი უფრო მეტია, ვიდრე მათი რიცხვი, ვინც ფეხბურთით სულდგმულობს, განურჩევლად შედეგისა, თუ კონტექსტისა.

აბა, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ამ სტატიის წერის პროცესში, U21 საქართველო vs ხორვატიის ბილეთების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ სარეალიზაციოა?!

ადვილია უქომაგო უკვე შემდგარ, წარმატების გზაზე დამდგარ ფეხბურთელს, მით უფრო, თუ ის შენს ქვეყანას წარმოადგენს, თუმცა უფრო ტკბილია, შენი წვლილი შეიტანო, ფეხბურთელის ამ გზაზე შეყენებაში.

ეს არის მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს – საქართველოს U21-მა ისტორიაში პირველად ჯგუფური ეტაპი გაიარა და ახლა პლეი ოფშია. მეტოქე ხორვატიაა – არადაუმარცხებელი, მაგრამ რთულად გასავლელი. შესაბამისად, სავსე სტადიონი ის უპირატესობაა, რომლის განიავების ფუფუნებაც ფიზიკურად არ გვაქვს.

44 338 – U21-ის დასწრების რეკორდი

მსოფლიოში U21 დონეზე დასწრების რეკორდი საქართველოს, დინამო არენას ეკუთვნის. ეს ქომაგობა იყო, წარმოუდგენლად რთული ჯგუფიდან რომ გაგვიყვანა და სენსაცია სენსაციაზე დაგვადებინა.

ოღონდ ის სხვა იყო, იქ ევროპა ჩვენამდე მზა-მზარეული მოვიდა, რადგან რუმინეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელი საქართველოც იყო. ახლა კი ევროპამდე ჩვენით უნდა მივიდეთ.

ჰოდა, სად არის ის 44 338 გულშემატკივარი? დავუშვათ, ნახევარი ბათუმში მიდის უკრაინასთან და თადარიგს წინა დღესვე იჭერს, დანარჩენები? კიდევ სხვები?

საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა

დიახ, საქართველო ის საფეხბურთო ქვეყანაა, რომელსაც წინააღმდეგობის თუ წარუმატებლობის ბევრი ქარტეხილი გამოუვლია.

იმ თასების მფლობელთა თასს, ვინ მოთვლის, მერამდენე პირი მტვერი ედებოდა, როცა 2015 წლის 6 აგვისტოს ფიფას სანაკრებო რეიტინგში პროცესში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 154-ე ადგილი დავაფიქსირეთ. [ამაზე უარესი შედეგი 1994 წლის მარტსა და აპრილში გვქონდა, მაშინ როდესაც რეიტინგში ადგილი პირველად მოგვენიჭა და 0-დან დავიწყეთ].

იმ დღიდან 9 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ოცნება რეალობად აქცია – ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და მეტიც, ჯგუფიდანაც გავიდა.

U21-მა რუმინეთთან ერთად ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, ფინალით ბათუმში, და ისრაელთან ოლიმპიადის შანსით.

ქართველმა ფეხბურთელებმა TOP 5-ის რუბიკონი გადაიარეს. თამასა დაიჭირეს და ახალ, სუფთა, პროფესიონალურ, თაობებისთვის გზამკვლევ ავტორიტეტს ქმნიან.

ჯერ კვარაცხელია, შემდეგ კი მამარდაშვილი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე, სხვადასხვა ნომინაციებში, ზედიზედ მოხვდნენ.

ევროპამ ქართული საფეხბურთო ბაზრისკენ ისევ გამოიხედა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არაა სისტემატური.

ასეთ დროს კი რა არის საჭირო?

განგრძობითობა! უწყვეტობა!

2025 წლის U21 ევროპის ჩემპიონატი გვჭირდება მძლავრი სიგნალისთვის. იმის ხაზგასასმელად, რომ 2023 და 2024 წლის სანაკრებო წარმატებები ფორტუნაზე მეტად წლობით შრომის და ნიჭის სინთეზის შედეგი იყო.

ასეთ შემთხვევაში, U21-ის ფეხბურთელებს გაუადვილდებათ მიაღწიონ იმ კლუბებსა და ჩემპიონატებს, სადაც მათ ველით. ეს კი საბოლოო ჯამში, ისევ ეროვნულ ნაკრებსა და ქართულ ფეხბურთს გამოადგება.

საერთო სურათი და ქართული ფეხბურთის ჯაჭვური რეაქცია ასეთია. ამ პროცესში კი ქომაგების როლი უმთვრესია.

არ მეგონა ქართული ფეხბურთის ბუმად მონათლულ პერიოდში მსგავსი სტატიის დაწერა თუ გახდებოდა საჭირო, თუმცა ეს სამწუხარო რეალობაა.

შეიძლება, მატჩის მნიშვნელობის გააზრება ჯერ კიდევ ვერ მოხდა, ან უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხბურთის მოყვარულ და თავისიანების გულშემატკივარ საქართველოს 20 000-ზე მეტი ტევადობის მესხის სტადიონზე ბილეთების მინიმუმ 60 % ჯერ კიდევ თავისუფალი არ ექნებოდა.

ამას გარდა, სულ რომ ქომაგის მხარდაჭერის საჭიროება არ იყოს, რამაზ სვანაძის გუნდი სანახობრივ, გუნდურ ფეხბურთს თამაშობს. ესეც დამატებითი მოტივაცია შეიძლება იყოს, თუ ვინმეს სჭირდება.

ჰოდა, ბატონებო, ქართულ ფეხბურთს განგრძობითობა სჭირდება. ეს უწყვეტობა სიგნალი იქნება იმ ევროპისა და დასავლეთ ევროპული ქვეყნების კლუბებისთვის, რომელთა რიგებშიც ქართველი ფეხბურთელების ნახვა ასე უხვად ჩვენვე გვსურს.

აქვე, ყოველი შემთხვევისთვის ბმულს დავურთავ, სადაც საქართველო U21 vs ხორვატია U21 მატჩის ბილეთები იყიდება.