სარჩევი
ინტერი vs არსენალი პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-ზე | Setanta Sports

ინტერი vs არსენალი – 6 ნოემბერს, 23:55 წუთზე არსენალი ჯუზეპე მეაცას ესტუმრება და 21 წლის შემდეგ ინტერს პირველად დაუპირისპირდება. წყვილი უდავოდ გამორჩეულია, ამ სტატიაში კი მოგიყვებით, რა ემოციებსა და მოგონებებს აღვიძებს ჩვენში ეს აფიშა.

თავი I – ინტერი vs არსენალი

2003 წელი, 17 სექტემბერი – დღე, როდესაც არსენალი და ინტერი ერთმანეთის პირისპირ პირველად წარსდგნენ. ორი რადიკალურად განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიის ჯახი, მაგრამ გადაკვეთის საერთო წერტილებით – ერთმანეთის მიმღებლობით, სათანადოდ დაფასებითა და ჭეშმარიტად ღირსეული მეტოქეობით.

სეზონი, რომლის პრემიერლიგური ნაწილიც არსენალმა წაუგებლად გაიარა, საზარელი მარცხით დაიწყო. ჰაიბერიზე შეკრებილი პუბლიკა, სავარაუდოდ, ვერ იფიქრებდა, რომ ხულიო კრუზის, ენდი ვან დერ მეიდესა და ობაფემი მარტინსის გოლებს მეთოფეები ვერაფრით უპასუხებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა იყო აბსოლუტური გადახვევა ინტერის ჩვეული სათამაშო სტილისგან, რამაც არსენალი დემორალიზებულ, დამცირებულ და შეურაცხყოფილ პერსონაჟთა გაერთიანებად ჩამოაყალიბა, მთავარი სცენა მაინც მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ გათამაშდა, სცენა, რომელიც იდეალური რაკურსით არის აღბეჭდილი.

და სცენა, რომელსაც სხვადასხვა პერიოდულობით წავაწყდებით სხვადასხვა სოციალური ქსელში იმ ფაქტის უტყუარობის დეკლარირებით, თუ რამდენად დიდი ფეხბურთელი იყო ტიერი ანრი.

მართალია, აღნიშნულ მატჩში არსენალის მე-14 ნომერმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გოლად ვერ აქცია, მაგრამ თაყვანისმცემლები წარუმატებელ მომენტშიც არ აკლდა, თანაც მეტოქის ბანაკში.

ტიერი ანრი, მარკო მატერაცი, ხავიერ ძანეტი | Setanta Sports

ანალოგიურ შემთხვევას საფეხბურთო მოედანზე 2012 წელსაც წავაწყდით, როდესაც ლიონელ მესიმ 5 გოლს ისიც დაუმატა, რომ ბაიერ ლევერკუზენში თანაგუნდელები – მიხალ კადლეცი და მანუელ ფრიდრიხი – ერთმანეთს „დააპირისპირა“, მისი 10-ნომრიანი მაისურის გამო, თუმცა ეს სხვა ისტორიაა.

არსენალისთვის მძიმე ღამეს ხავიერ ძანეტიმ და მარკო მატერაციმ გამოავლინეს ის თვისება, რაც აბსოლუტურად დისტანცირებულია დაცინვის, ამპარტავნებისა თუ ქედმაღლობის ტერიტორიიდან.

მეტიც, ხაზს უსვამს იმ ასპექტს, რომ ინტერის იდენტობის ორი ფუნდამენტი პატივისცემის გრძნობით არის აღჭურვილი არსენალისა და კონკრეტულად ტიერი ანრის ტრანსცენდენტური ფეხბურთის მიმართ.

სწორედ ამ ტრანსცენდენტურობამ მოიცვა ინტერისა და არსენალის მეორე თავი. გაინტერესებთ, ვის დარჩა ტიერი ანრის მაისური? როგორც იატაკქვეშეთის ჩანაწერებიდან გვატყობინებენ, მაისური ხავიერ ძანეტის დარჩენია.

თავი II – ინტერი vs არსენალი

მეორე თავს პირველისგან განსხვავება მატჩის დაწყებამდე ეტყობოდა. არსენ ვენგერს ხელის ჩამორთმევა არა ექტორ რაულ კუპერთან, არამედ ინტერის ახალ მწვრთნელთან, იტალიელ ალბერტო ძაკერონისთან მოუწია, რადგანაც არგენტინელ სპეციალისტს დერბი დელა მადონინაში მარცხი არ აპატიეს და უკან, მაიორკისკენ მიუთითეს.

რაც შეეხება ჯუზეპე მეაცაზე დატრიალებულ ამბავს, ორი სიტყვით აღიწერება – კონტროლი და ქაოსი. ქაოსი მასპინძელთა მხარეს იგრძნობოდა – ნერაძურისთვის დამახასიათებელი სამაგალითო დაცვა მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა, კრისტიან ვიერის ერთადერთი გოლი წარმოადგენდა ნათელ სხივს ინტერის სარკმელში. აი, კონტროლი კი ერთადერთი სიტყვა იქნებოდა ლონდონელთა თამაშის აღსაწერად, კაცობრიობას სიტყვა დომინაცია რომ არ მოეფიქრებინა.

როგორც ჩანს, მარკო მატერაციმ და ხავიერ ძანეტიმ ჯერ კიდევ ლონდონში იგრძნეს საშიშროება თუ სუნი გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკისა. იმ ცნობილი მიმისა არ იყოს, რომელზეც მაიკლ ჯორდანი შემდეგ წინადადებას ამბობს: “and I took that personally”, ტიერი ანრიმაც პირადად საკუთარ თავზე მიიღო შინ განცდილი მარცხიც და ტოლდოს მოგერიებული თერთმეტმეტრიანიც.

2003 წლის 25 ნოემბერს ჩატარებული შეხვედრა გამოდგა შურისძიების ის კერძი, რომელიც ტიერი ანრიმ ცივად გადაუშვა საყლაპავ მილში. 2 გატანილი გოლი და 2 საგოლე პასი – ეს კი ის სტატისტიკური მაჩვენებელია, რომელიც იდუმალ რეჟისორს ჩუმი სინამდვილის ხმაურიანად გარდაქმნაში დაეხმარა.

თუ წინა თამაშის დასასრულის შემდეგ მომხდარი ფაქტი დეკლარირება იყო ტიერი ანრის მასშტაბური მოთამაშეობისა, მის მიერ გამოსყიდული დანაშაული და სასჯელად მოვლენილი რისხვა ინტერის მისამართით ყოველგვარ მასშტაბს გასცდა. ხსენებული რისხვის კიდევ ერთი და არანაკლებ მთავარი შემოქმედი არსენ ვენგერი იყო, რომელმაც ჰაიბერიზე წაგებული მარცხი ასე შეაფასა: „შეგვიძლია ვიჩივლოთ და ვიტიროთ მთელი ღამე, მაგრამ ეს არ შეცვლის შედეგს. ერთადერთი რაც შეგვიძლია არის პასუხის გაცემა.“ – ამ წინადადების მიღმა იმალება ოპონენტის დაფასებაც და საკუთარი ამბიციების სააშკარაოზე გამოტანაც.

შედეგად, არა მხოლოდ ინტერს, არამედ პრემიერ ლიგის მასშტაბით, ყველა გუნდს მოუწია თეთრი ღამეების გადატანა, რადგანაც ამავე სეზონში არსენალი უძლეველად გახდა ინგლისის ჩემპიონი.

თავი III – დღევანდელობა

რა რეალობის წინაშე ვდგავართ დღეს? ტრანსფორმირებული არსენალი, რომლისთვისაც დამახასიათებელ სტილად საჭადრაკო პარტიის მსგავსი ფეხბურთი იქცა, სისტემურ ჩიხშია შესული, ამის მიზეზი შესაძლოა მნიშვნელოვანი ფიგურების დანაკლისიც კი იყოს მარტინ ოდეგორის, დეკლან რაისისა და რიკარდო კალაფიორის სახით.

დაზეპირებული სვლები, ბურთისა თუ სხეულის იდენტური მოძრაობები – მიკელ არტეტას მეოხებით არსენალმაც კი შეიძინა ის უნარ-ჩვევები, რაც უწინ არ იყო ლონდონელთა იდენტობის ნაწილი.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერმა 21-წლიან ინტერვალში ბევრი მწვრთნელი და კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი გამოიცვალა, ბიშონესთვის აქსიომად კვლავ სამმცველიანი ფორმაცია და კარის მშრალად შენარჩუნებაზე გაკეთებული აქცენტი რჩება.

მართალია, ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი ფორმატი ამ ეტაპზე ორმატჩიან დუელს არ მოიცავს, მაგრამ იქნებ ერთ მატჩში აკუმულირდეს ის ყველაფერი, რაც ორს უნდა მოეცვა.

შესაძლოა, არც ერთ მხარეს გვყავს ტიერი ანრი და არც მეორე მხარეს – მარკო მატერაცი და ხავიერ ძანეტი, მაგრამ სანახაობას ეს აფიშა ამჯერადაც გვპირდება. და იქნებ ბუკაიო საკასაც სთხოვონ მაისური ინტერის ფეხბურთელებმა, მითუმეტეს, ტიერი ანრი სამართალმემკვიდრედ ხომ სწორედ ინგლისელს მოიაზრებს.

ან სულაც პირიქით – ლაუტაროს მაისურს გამოუჩნდეს მსურველები მეთოფეთა მხრიდან?!

ინტერი vs არსენალი – პირდაპირი რეპორტაჟი

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე ნახავთ. პლატფორმაზე თვის გამოწერაზე 30 %-იანი ფასდაკლების მისაღებად პრომო კოდი NEWS24 შეგიძლიათ გამოიყენოთ.

წლიურ გამოწერაზე კი YEAR24 ასევე 30 %-იანი ფასდაკლების მიღებაში დაგეხმარებათ.

ქართულენოვან რეპორტაჟზე კომენტატორები ლუკა მილორავა და გიორგი ფოფხაძე იქნებიან.

მატჩებამდე კი დროის გაყვანაში, ლუკა მილორავას ეს ჩანახატი დაგეხმარებათ, რომელიც კარლო ანჩელოტიზეა.