ანალიზი უკრაინა 1-0 საქართველო – პოლონეთში განცდილი პირველი მარცხის შემდეგ 12 საათზე მეტი გავიდა. შესაბამისად, რაც პოზნანში ვნახეთ, იმის ცივ გონებაზე გასააზრებლად საუკეთესო დროა.
უკრაინა 1-0 საქართველო – ერთა ლიგა
უკრაინა უქულოდ იყო, საქართველო კი 100 %-იანი მაჩვენებლით პირველ ადგილზე იდგა. ვერ ვიტყვით, რომ ამ გარემოებამ მოტივაციაში განსხვავება დადო. საქართველოც და უკრაინაც, როგორც მინიმუმ, თანაბრად მოტივირებული იყო.
სერჰიი რებროვს განაცხადიდან 9 ფეხბურთელი აკლდა. შესაბამისად, უკრაინამაც დაცვიდან მეტი ითამაშა.
ბევრი იყო აშკარა ტაქტიკური ჯარიმა და უმეტესწილად, ამ ხერხს გიორგი ჩაკვეტაძის წინააღმდეგ მიმართავდნენ. ჩაკვეს მაისურზე ჩამოკიდებული სამი სხვადასხვა უკრაინელი ფეხბურთელი, ალბათ, ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში ამ მატჩის ვიზუალიზაციად დარჩება.
ერთ მომენტიანი, ერთ გოლიანი მატჩი გამოვიდა, ისეთი, ფრე რომ ლოგიკური დასასრული იქნებოდა. ეს ცხადია, გაზონმა და გრუნტმა განაპირობა, თუმცა ამაზე დეტალურად, მოგვიანებით.
შეხვედრის ეს ერთადერთი გოლი მიხაილო მუდრიკმა გაიტანა. ჩელსის შემტევის კარგი სლალომი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქოჩორას ფეხი დაუცდა. არადა, მაგ ეპიზოდის გარდა, წნეხში მოქცეული, თუ ორთაბრძოლაში შესული ქოჩორა ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
მეორე ტაიმში, შეცვლილი სქემაც ვნახეთ, შემტევი, მერე კიდევ უფრო შემტევი ტაქტიკაც და შემადგენლობაც, გატანილი გოლიც, თუმცა თამაშგარის გამო სამართლიანად გაუქმებულიც და ასე მივედით ერთა ლიგის ამ სეზონში პირველ მარცხამდე.
უკრაინა 1-0 საქართველო – გაზონი
ახლა კი იმ დეტალებზე უფრო წვრილად, რომელმაც მატჩის სცენარი განაპირობა.
პოზნანში, საფეხბურთო გარემო არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფმა გაზონმა რომ გააფუჭა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება.
თუმცა საკითხავია, ვინ იყო ამ პირობებში სათამაშოდ უფრო მომზადებული. კითხვა რეტორიკულია, პასუხი კი უკრაინის ნაკრებია.
ეს ბუნებრივიცაა, რადგან მასპინძელი უკრაინა იყო. ოკუპანტი რუსეთის გამო, სამწუხაროდ, პოლონეთში, პოზნანში, ენეა სტადიონზე, თუმცა მაინც უკრაინა და შესაბამისად, მინდვრის მდგომარეობაზე უკეთ ინფორმირებული სერჰიი რებროვის გუნდი უნდა ყოფილიყო.
არ ვამბობ, რომ გაზონი უკრაინელებმა გააფუჭეს. მეტიც, გაზონი, რომ საკლუბო დონეზევე, ლეხის ბოლო საშინაო მატჩებში უვარგისი იყო, ამ ქალაქის კლუბის კაპიტანიც საუბრობდა.
არადა პოზნანის ენეა სტადიონზე გაზონი სამი თვის წინ შეიცვალა, თუმცა მოკლე დროში ისევ გაფუჭდა.
“ეს სრული კატასტროფაა. არ ვიცი, მომვლელებმა რა უქნეს ბალახს?!” – ამბობდა ლეხის კაპიტანი მიკაელ იშაკი.
ცხადია, გაზონი უკრაინისთვისაც იდენტური იყო, თუმცა მისი უვარგისობა ხელს რებროვის გუნდს აძლევდა. დანაკლისის ფონზე უკრაინამ დაცვითი, ხისტი, ფიზიკური ფეხბურთი აირჩია, ასეთ გრუნტზე კი საქართველოს უპირატესობა – სწრაფი, ტექნიკური, კომბინაციური შეტევები გაბათილდა. უბრალოდ შეუძლებელი იყო და ამიტომ.
ამან უკრაინის შანსები გაზარდა, საქართველოსი – შეამცირა და შედეგიც შესაბამისი დადგა.
უკრაინა 1-0 საქართველო – ბუცები და ფიზიკა
შეხვედრა მორჩა თუ არა, ჩემს უკრაინელ ჟურნალისტებს სტატიის მომზადება ვთხოვე – ბუცებისა და მათი ქაცვების მნიშვნელობაზე.
მატჩისთვის გადამწყვეტი სწორედ ამ კუთხით თადარიგი გამოდგა, რადგან მანევრირება უბრალოდ არ გამოდიოდა, ქართველი ფეხბურთელები დროსა და ძალისხმევას კოორდინაციის შენარჩუნებაში უფრო კარგავდნენ, ვიდრე ბურთით თამაშში.
ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ უკრაინაშიც. ვიაჩესლავ ზახოვაილომ გარდამტეხ მომენტად მატჩის წინ სწორად შერჩეული ქაცვები დაასახელა.
მატჩს, თუ უყურეთ, შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდათ, რომ პირველსავე წუთებზე, კვარამ და კიტემ ბუცები გამოიცვალეს. დანამდვილებით არ ვიცი, თუმცა ლოგიკურია, რომ ორივე ფეხბურთელს ნაკლებ-ქაცვიანი ბუცი ჩაეცვა.
ბუცების შერჩევა გაზონის მიხედვით
ასევე, არ ვიცი როგორია პრაქტიკა – გასვლაზე მოთამაშე გუნდს აქვს თუ არა წინასწარ მარაგში ორგვარი ბუცი თითოეული ფეხბურთელისთვის. დიდი ალბათობით, ამ დონეზე, ასეთი დეტალები წინასწარ გათვლილია ხოლმე.
ასეა თუ ისე ფიზიკას მივადექით. სველ, რბილ და ტალახიან გრუნტზე 6-8-ქაცვიანი ბუცებია რეკომენდებული. მიზეზი თითოეულ ქაცვზე წნევის გაზრდაა, რათა გაიზარდოს გრუნტზე მოჭიდება. ასეთი ბუცების ქაცვებიც ოდნავ უფრო მოგრძო და წვრილია.
ასევე ბუნევრივსაფარიან მოედანზე, თუმცა მაგარ გრუნტზე კი პირიქით – ბევრქაცვიან ბუცებს იყენებენ. ქაცვების რაოდენობა 10-14-ია, თითოეულის დიამეტრი კი – უფრო დიდი.
ფეხი უკრაინელებსაც უცურდებოდათ, თუმცა ალაგ-ალაგ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან, ამ მხრივ, შედარებაც კი არ იყო.
გაშვებული გოლის ეპიზოდშიც, მამარდამაც თქვა, რომ ფეხი დაუცურდა, გაფუჭებული მეკარის საჯარიმოს გამო, თორემ მუდრიკის დარტყმა, მსოფლიოში გამორჩეული მეკარისთვის, აუღებელთა კატეგორიაში ნამდვილად არ იყო.
უკრაინა 1-0 საქართველო – შემადგენლობა
უკრაინა დაცვიდან რომ უფრო მეტს ითამაშებდა, იკითხებოდა. შესაბამისი იყო მოლოდინიც სასტარტო შემადგენლობაზე.
ლუკა ლოჩოშვილის მარცხენა უინგ ბექად გადაწევამ მთელ რიგ შემთხვევებში გაამართლა – ევროპის ჩემპიონატზეც და ერთა ლიგაზეც. თუმცა, უკრაინის წინააღმდეგ ან გიორგი წიტაიშვილს ველოდი, ან ლევან შენგელიას.
ვილი სანიოლმა მაინც არჩევანი მაინც ლუკაზე გააკეთა. პირველი შეცვლაც შენგელია-ლოჩოშვილი იყო. ცვლილებამ შეტევაში მეტი ინტენსივობა მოიტანა. ეს ბუნებრივიცაა, ლოჩოს საფეხბურთო არსენალში დაცვითი უნარები ჭარბობს და გერმანიაშიც თავადვე გვითხრა, რომ დენ ბერნის ან რომელიმე ტანმაღალი ფლანგის მცველის მაგალითის მიუხედავად ეს მისი პოზიცია არ არის.
სიმაღლეში ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად, კომპაქტური დაცვისთვის კი ბატონო, ლოჩო ამ პოზიციაზე შედეგიანი იყო, თუმცა პოზნანში შემტევი უინგ ბექი აჯობებდა.
მეორე კითხვა ისევ ბუდუსა და ჟორჟს შორის არჩევანს ეხებოდა. არჩევანი უცვლელი დარჩა, თავისი პლუსები ორივე არჩევანს ჰქონდა, თუმცა ძირითადში კვლავ მიქაუტაძე ვნახეთ.
არადა, ისევ ცუდი საფარის გამო ბევრი იყო გადაკიდება, პირველ ბურთზე კი პრაქტიკულად ვერ ვიბრძოდით. ასეთ დროს, ცხადია, ბუდუ აჯობებდა.
შესაძლო შეცდომების ნაწილში, სამწვრთნელო შტაბის მხრიდან ეს იყო და ეს. აქტივად კი ის ვა-ბანკი უნდა აღვიქვათ, რომელზეც საქართველოს ნაკრები ბოლოსკენღა გადავიდა.
კვარას, კაკაბას, ქოჩორას, ჟორჟს და სხვებს ინდივიდუალურად თამაში რომ არ გამოუვიდათ, ცალკე აღარ დავწერ. მიზეზი მარტივია. ისევ და ისევ პოზნანის ენეა სტადიონის საფართან და გარე პირობებთან მივალ და ამიტომ.
დასანანი ქოჩორას ყვითელია, რადგან გიორგი ალბანეთთან მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
საგულისხმოა, რომ კიტეს დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდა. ოთარმა კუნთის სპაზმით ითამაშა ბოლო წუთებში, რადგან ცვლილებებისთვის განკუთვნილი 3 პაუზა უკვე გამოყენებული იყო.
საქართველო vs ალბანეთი
ნაკრების მომდევნო მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საქართველო vs ალბანეთი 14 ოქტომბერს, 20:00 საათიდან დაიწყება.
ბოლო მატჩი ალბანეთმაც წააგო. არწივებმა სტუმრად, ჩეხეთთან მატჩი 0-2 დათმეს.
წინასამატჩო პრესკონფერენციებსა და ვარჯიშებს setantasports.com 13 ოქტომბერს შემოგთავაზებთ.