გავიღვიძე დილაადრიან და მივხვდი რომ საერთოდ არ მაქვს დასასრულის განცდა. არ ვიცი ეს უკვდავება სად ავიკიდე. ზედმეტად მივეჩვიე ამ პატარა და მყუდრო ქალაქს, თუ იმედი მაქვს რომ საქართველო გააგრძელებს პლეიოფში თამაშს. მაქვს იმედი კი. ასე მოხდა. კარგი გუნდია, ბოლომდე იბრძვიან და სულ მცირე გამოცდილება აკლიათ საშუალო ევროპული გუნდის კვალობაზე. ეგ გამოცდილებაც ნელ-ნელა მოდის.
უკვე ტრადიციებიც წამომეშველა. დილის საუზმის მერე ცოტა ხნით ვსეირნობ, იქვე სკვერში წამოვჯდები და ერთ ცალ წითელ ვაშლს ვაგემოვნებ. ასე მეკუთვნის სამზარეულოდან. პატარა ქოხიც ვნახე და ფანჯარაში გადმოყუდებული ბებოც, ჰოდა, შევთავაზე, აგერ ამ ეზოს მოვუვლი, მცენარეებს წყალს დავუსხამ, ძაღლსაც მივხედავ და დავრჩები ამ ქოხში ფინალამდე-მეთქი.
გაეცინა. ცოტა საეჭვოდ შემომხედა და გაეცინა.
ასე თავისთავად დავიწყე საუბარი დარჩენის შესაძლებლობაზე და უკვე გზას ვეძებ რომ ბოლომდე დავრჩე. ფეხბურთელი ხომ არ ვარ სახლში რომ წავიდე? საერთოდ არ მესმის როგორ შეიძლება ჟურნალისტი მიდიოდე ჩემპიონატის გასაშუქებლად და შუა გზიდან უკან გიწევდეს დაბრუნება.
არ მესმის და რა ვქნა.
გამოდის რომ ქომაგის რანგში გამოვუშვივარ დალოცვილებს. ყველა უშვებს ვიღაცას და ბარემ ჰა, თქვენც წადითო. გავარდება ნაკრები და წამოდითო. ჰოდა გადავწყვიტე რომ არ წამოვიდე, გადავწყვიტე რომ ბოლომდე დავრჩე.
ასე იცის ჩაყოლა ევროპის ჩემპიონატმა.
დილით კიდევ საქმე ბევრი არაფერი იყო და პორტუგალიის სავარჯიშო ბაზისკენ წავედი. ბილიფელდთან ახლოს, გადასარევ სასტუმროში დაბანაკდნენ. იქვე სავარჯიშო მოედანთან ბევრი ხალხი იდგა რიგში, რონალდუსთან შეხვედრა სურდათ. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც და მოხუცებიც, ყველას ერთნაირად უყვარს, იყვნენ გოგოებიც, რა თქმა უნდა.
როგორც განაწესით ხდება 15 წუთით დაგვიშვეს, იქვე გარეთ პორტუგალიელ ქომაგებს გამოველაპარაკე, საკუთარ გუნდში ეჭვი არ ეპარებათ, კაი ბიჭები არიან. მარტივად მოვიგებთ, სამით ერთს, ან ორით ნულსო. უფრო სამით ერთისკენ გადაიხარნენ, ჰგონიათ რომ მიქაუტაძე კიდევ გაიტანს.
რონალდუ თუ ითამაშებს-მეთქი ვკითხე, რა თქმა უნდა ითამაშებს, ყოველთვის სურს თამაში, ყოველთვის სურს გატანა, ეგ კი არა, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშებს იმიტომ რომ შეპყრობილიაო. ძალიან უხაროდათ ის ფაქტი, რომ ბრუნო ფერნანდეშს კარგი პასი მისცა, ფაქტობრივად წარმატების გასაღებად წარმომიჩინეს ეს ამბავი, თითქოს პორტუგალიას მეტი პრობლემა არ ჰქონდეს, რონალდუ ბრუნოს პასს აძლევს თუ არა.
მათ ბაზამდე მისასვლელად რამდენიმე საათი დამჭირდა, რამდენიმე გადაჯდომა, მატარებლიდან მატარებელში, ვაგონიდან ავტობუსში, ავტობუსიდან ტაქსში და ეგ არის, მივაღწიე როგორც იქნა. უკანა გზაზე იმავე მანძილის დაფარვა მიწევდა, რაც რთული ამბავია, იმიტომ, რომ გერმანიაში ცვალებადმა ამინდებმა გადაიარეს, ახლა მხოლოდ მზეა და რატომღაც მეჩვენება, რომ მზე ამ მხარეში უფრო მცხუნვარეა, ვიდრე ჩვენთან.
არც ქუდი წამომიღია, შევუშვირე ეს მოტვლეპილი თავი მზეს და გვარიანად დავიწვი კიდეც.
ავტობუსის მძღოლმაც ასვლისთანავე შემაგება – ღონალდოო!!! გვარიანად ასაკიანი იყო. ამ მხარეში ყველამ იცის ვინ სად არის გაჩერებული. ჩვენებზეც იციან, ვიკითხავ თუ არა ავტობუსის ნომერს მაშინვე შემომძახებენ – გეორგიან? და მეც ვპასუხობ გოდერძივით – ქართველი ვააარ!
ისე კიდევ ვერ იყო ვერც პროდუქტიული და ვერც სახალისო დღე, ამინდთან ერთად სისტემამაც აურია, მატარებლების საკომუნიკაციო სისტემა წყობიდან გამოვიდა და გაჩერდა. საათობით შეყოვნდა ხალხი, არადა, არის რეგიონები საიდანაც მხოლოდ მატარებელი დაგეხმარება, სხვა არაფერი არ მოძრაობს, არც ავტობუსი და არც მიკროავტობუსი, ტაქსია მხოლოდ გამოსავალი, მაგრამ ზედმეტად ძვირია და ვიხეტიალე ამ მზის გულზე. მზის გულზე ხეტიალმა კი ჰალუცინაციები იცის, ეგ კი არა, ხანდახან მოჩვენებები და ხილვებიც იცის, ჰოდა, დავაწექი ესენის ერთ-ერთ ავტოსტრადაზე, სულ ველოსიპედების გზას გავუყევი, არავინ ყურადღება არ მომაქცია და მქონდა ხილვა თითქმის უკვე გონება დაკარგულს რომ რაღაც ძალიან გვიხაროდა ყველას ერთად, აქაც გერმანიაში და იქაც საქართველოში. ამ სიხარულს კიდევ სიკეთეც მოაქვს რაღაც თვალსაზრისით. გახარებული ადამიანი ბოროტად არ ფიქრობს, ვერ ფიქრობს, არასდროს გაივლებს თავში რომ მისია ეს სიხარული, მისი საკუთრებაა, არა, უბრალოდ ჰაერში ტრიალებს და ვისაც სჭირდება ის ჩაისუნთქავს.
ჩემი ქართულის მასწავლებელი მეტყოდა ხოლმე ასეთ დროს – არმაზ, ბოდავ რაღაცას და მოდი დაბრუნდი მიწაზეო.
მერე კიდევ კაი ხანს ვიჯექი ასე მატარებელში, ველოდი როდის დაიძვრებოდა. კი მიყვარს ათასი რჯულის ხალხს რომ ვაკვირდები, მაგრამ მაინც ვთვლიდი, რომ ეს დღე დაიკარგა, იქამდე სანამ ადილა არ დავინახე. არაბი გოგო იყო თავის დაქალთან ერთად. არასდროს არაბული ენა ასე მომხიბვლელად არ მომჩვენებია, ჩადრით იყო შემოსილი ეს საოცრად ლამაზი გოგო. ვუყურე ვუყურე და თავადაც რომ გამისწორა თვალი ვთხოვე ფოტოს გადაგიღებ, დღიურებს ვწერ და ხანდახან ფოტოებსაც დავურთავ-მეთქი, ამის დაქალმა კი აიტეხა არა, არავითარ შემთხვევაშიო და დავრჩი ასე მეხსიერების ამარა. ჩასვლის წინ იქვე ახლოს დადგა, სახელიც ვკითხე და ადილა მქვიაო მითხრა. გაიხედა ისე თითქოს ძალიან სურდა მაინც გადამეღო ერთი ფოტო მაინც, არ მეღო ყურად არც მისი და არც მისი ფერხორციანი დაქალის უარი, მაგრამ ვერ გავუბედე.
წავიდა.
იტალია – ხორვატიას ძლივს მივუსწარი. ჩემი უბანი იტალიისკენ იყო, მაგრად ჭარბობდნენ, მაგრად იკივლეს და ატეხეს მერე სიგნალები შუა ღამემდე.
ახლოვდება, ახლოვდება, გადამწყვეტი დღე ახლოვდება.
გადასარევი ამბავია რომ მჯერა.
დიდებულია რომ რწმენის საფუძველს გვაძლევენ ჩვენები.