სარჩევი

Game 2-ის მეორე დღე არანაკლებ საინტერესოდ წარიმართა და როგორც იქნა მასპინძელთა უპირატესობაც შეირყა. გუშინდელის მერე ყველა მასპინძელი გუნდი ორი გამარჯვებით დაწინაურდა, დღეს გამთენიისას ამ გუნდებს მინესოტა შეემატა, მერე კი როგორც იქნა ტრადიცია დაირღვა – სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს.

მინესოტა ტიმბერვულვზი vs ფინიქს სანსი

მთელი ყურადღება კევინ დურანტსა და ენტონი ედვარდსზე იყო მიპყრობილი. ასაკში სხვაობა 13 წელია. დურანტი ედვარსის ფავორიტი მოთამაშეა, მის ყურებაშია გაზრდილი, ბავშვობაში ალბათ ბაძავდა კიდეც, როგორც წესი, თავიანთ გმირებს ბაძავენ და მათი სტილის კოპირებასაც ცდილობენ. მიუხედავად ამისა, ედვარდსი სულ სხვა სტილის მოთამაშეა, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში გააცნობიერა რომ სულ სხვა აგებულებისა და მონაცემების მქონე კალათბურთელია და სულ სხვა კომპონენტებში შეუძლია იყოს დომინანტი. ასეც მოხდა, ენტონი ედვარდსი NBA-ის კაშკაშა ვარსკვლავია და აქ-იქ უკვე ისმის მკრეხელური შედარებები უდიადეს კალათბურთელთან.

სულ ისმის ხოლმე.. დროთა განმავლობაში გამოჩნდებიან “ახალი ჯორდანები”, მოდიან და მიდიან, აი, ედვარსი დიდი ალბათობით თავისი გზის გაკვალვას შეძლებს.

ასეთ დუელებში იწრთობიან. მინესოტამ სახლში ითამაშა და დიდი მხარდაჭერაც ჰქონდა. ახლა ვნახოთ რას იზამს ედვარდსი ფინიქსში, სადაც უკვე დურანტს გაუმაგრებს ზურგს ქომაგი.

მინესოტამ 105:93 მოიგო.

მესამე მეოთხედში ბრედლი ბილი შევარდა მინესოტას ფართან და არც არაფერი აკლდა ორ ქულამდე, მერე ედვარდსმა ციდან ჩამოხსნა. ბილის ადგილი არ არის ღმერთების სამყოფელში.

მატჩის არბიტრმაც კი ხელი გაუწოდა ედვარდს – აი, ყოჩაღ, ეს არის ნამდვილი NBA-იო. მე აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს, მსაჯი კალათბურთელს ამხნევებდეს, თან, ასეთი ბრუტალური დაფარების მერე.

მეოთხე მეოთხედისთვის მინესოტა უკვე მაგრად გაიქცა და თამაშის ბედიც გადაწყვიტა.

  • ენტონი ედვარდსის ანგარიშზე 15 ქულა, 5 მოხსნა, 8 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 3/12.
  • კევინ დურანტის ანგარიშზე 18 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. FG – 6/15.
  • დევინ ბუკერის ანგარიშზე 20 ქულა, 3 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/13.

მილუოკ ბაქსი vs ინდიანა პეისერსი

ინდიანა პირველი გუნდია, რომელმაც Game 2-ში ანგარიში გაათანაბრა. გასაკვირი არაფერია. იანისის გარეშე დარჩენილი მილუოკი, რა თქმა უნდა, ყველა თამაშს ვერ მოიგებდა.

ამჯერად დემიან ლილარდის ლიდერობა საკმარისი არ გამოდგა, არადა, კარგი შეხვედრა ჰქონდა. ინდიანაში კი ისევ ბრწყინვალე იყო პასკალ სიაკამი.

ზუსტად არავინ იცის როდის დაბრუნდება იანისი, მაგრამ ითქვა რომ ამ სერიაში თამაშს აუცილებლად მოასწრებს. ეს კი გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი იქნება.

ინდიანამ 125:108 მოიგო.

  • ლილარდის ანგარიშზე 34 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 13-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/21.
  • ტაირის ჰალიბარტონმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 12 ქულა, 12 ასისტი, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 4/10.
  • ორმაგი დუბლია სიაკამის ანგარიშზეც, წინა შეხვედრაში 36 ქულა აიღო, ამჯერად 37 ქულა და 11 მოხსნა, პლუს ექვსი ასისტი, 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 16/23.

ლოს ანჯელეს კლიპერსი vs დალას მავერიქსი

დღის მთავარი შეხვედრა ლოს ანჯელეს კლიპერსსა და დალას მავერიქს შორის შედგა. მთავარი იმიტომ, რომ ყველაზე თანაბარი ძალის გუნდები არიან და ორივეს შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა.

კავაი დაბრუნდა, შოუ კი ლუკა დონჩიჩმა მოიპარა.

ამ სეზონის MVP ჩემთვის პირადად ლუკა დონჩიჩია. დიდი პატივისცემა შაის და კიდევ უფრო დიდი, თავისივე სიმაღლისა და გაბარიტების პატივისცემა ნიკოლა იოკიჩს, მაგრამ, მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშე მაინც ლუკა მგონია.

კლიპერსთანაც შესანიშნავი იყო. სროლა, პასი, დაცვა, მსაჯის მოკითხვა, ბავშვური მიამიტური ღიმილი და მკვლელის ინსტინქტი – ეს ლუკა დონჩიჩია.

მის ანგარიშზე 32 ქულა, 6 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 14-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/26.

დალასმა 96:93 მოიგო.

  • ირვინგის ანგარიშზე 23 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/18.
  • ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 22 ქულა, 6 მოხსნა, 8 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 10-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/14.
  • პოლ ჯორჯის ანგარიშზე ასევე 22 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/14.
  • კავაიმ 15 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი, 4 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა. FG – 7/17. 5-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო.
  • ორმაგი დუბლია ზუბაჩის ანგარიშზე – 13 ქულა, 12 მოხსნა. უესტბრუკს კი 7 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა.

სად ვუყუროთ?

ყველაფერი ძალიან საინტერესოდ მიდის. უკვე შეიძლება ითქვას რომ კარგი პლეიოფები გვაქვს. როგორც მინიმუმ, მოლოდინი მართლდება.

ხვალ გამთენიისას, ბოსტონი მაიამის უმასპინძლებს. ოკლაჰომა კი პელიკანსს მიიღებს.

თბილისის დროით 05:30 ზე, Setantasports.com-ი ოკლაჰომასა და პელიკანსის შეხვედრას შემოგთავაზებთ.