სარჩევი
Novak Djokovic in Australia

ერთწლიანი პაუზის შემდეგ სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ადელაიდში პრობლემების გარეშე დაბრუნდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ახალ სეზონს სწორედ ავსტრალიაში, ადელაიდის 250-ქულიან ტურნირზე დაიწყებს. ამის შემდეგ კი წლის პირველი სლემისთვის მოემზადება, სადაც მე-10 ავსტრალიურ ტრიუმფს დაუმიზნებს.

ჯოკოვიჩმა შარშანდელი ავსტრალიური სლემი კოვიდ პასპორტთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო გამოტოვა. იმ დროისთვის ავსტრალიის მთავრობას მკაცრი კოვიდ რეგულაციები ჰქონდა.

ნოვაკი ავსტრალიაში ვარჯიშობს.
ნოვაკი ადელაიდში ვარჯიშობს.

“იმედი მაქვს, ავსტრალიაში სათანადო დახვედრას მივიღებ”

ნოლე მაშინ სამშობლოში დეპორტით დაბრუნდა. იყო საფრთხე, რომ შეიძლებოდა მისთვის ქვეყანაში შესვლა სამი წლით აეკრძალათ. თუმცა ერთი წლის შემდეგ მან ავსტრალიის ვიზა თავისუფლად მიიღო.

“ჯოკოვიჩის ავსტრალიაში ჩამოსვლით ძალიან მოხარულები ვართ. მოუთმენლად ველით მისი ასპარეზობის ხილვას დიდი სლემის ტურნირზე”,

– განაცხადა AO-ს დირექტორმა კრეგ ტაილიმ.

ავსტრალიაში დაბრუნებას აღტაცებით ელის თავად ნოვაკიც. მისი თქმით, მას ქომაგებისგან გულმხურვალე დახვედრის იმედი აქვს:

“წლების განმავლობაში მე საკმარისად მიმართლებდა და ავსტრალიაში სეზონს ბრწყინვალედ ვიწყებდი. იმედია, შარშანდელი უსიამოვნების შემდეგ სათანადო დახვედრას მივიღებ, რაც კარგი ჩოგბურთის ჩვენებაში დამეხმარება”,

– თქვა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

ადელაიდის ტურნირი 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით გაიმართება. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციებს სეტანტა სპორტსზე იხილავთ.