Davis Cup – ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ბრუნდება. საქართველოს მამაკაცთა ჩოგბურთის ნაკრები მსოფლიოს მეორე ჯგუფში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები უკვე ახალ ზელანდიაში იმყოფება, სადაც 13 და 14 სექტემბერს სწორედ ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართავს მატჩს მსოფლიოს მეორე ჯგუფში.
მატჩების კენჭისყრა 12 სექტემბერს გაიმართება. ხოლო ამ მატჩში გამარჯვებული გუნდი გადაინაცვლებს 2026 წლის პლეი-ოფში, სადაც მსოფლიოს პირველ ჯგუფში გადასასვლელად იბრძოლებს.
დამარცხებული გუნდი კი ასპარეზობას კვლავ მსოფლიოს მეორე ჯგუფში გააგრძელებს.
საქართველო Davis Cup-ზე
გამარჯვებულის ვინაობას 5 მატჩი გამოარკვევს, 13 სექტემბერს გუნდები ერთეულთა თანრიგში ორ მატჩს ჩაატარებენ.
წყვილთა მატჩი და საჭიროების შემთხვევაში კიდევ ერთი ერთეულთა მატჩი კი 14 სექტემბერს გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: დავით კვერნაძე (კაპიტანი), ალექსანდრე მეტრეველი, ზურა ტყემალაძე, ალექსანდრე ბაკში, საბა ფურცელაძე.
ახალი ზელანდიის შემადგენლობა: ფინ რეინოლდსი (კაპიტანი), ჯეკ ლუტი, აიზაკ ბეკროფტი, ჯეიმს უოტი, აჯეტ რაი.
აღსანიშნავია, რომ Davis Cup-ზე საქართველოს ნაკრებს აქამდე ახალ ზელანდიასთან არასდროს უთამაშია.
საქართველოს ნაკრებმა ბოლოს დევისის თასზე 2025 წლის 31 იანვარს, პოლონეთის წინააღმდეგ ითამაშა და 0:4 დამარცხდა.
მანამდე, ჩვენმა ჩოგბურთელებმა წინა წლის 14 სექტემბერს მექსიკა დაამარცხეს დაძაბულ ბრძოლაში (3:2).
UPDATE: საბა ფურცელაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნო, რომ გუშინდელი ვარჯიშის დროს ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც, სამწუხაროდ, ახალ ზელანდიასთან მატჩში ნაკრებს გამოაკლდება.
ხვალ, 13 სექტემბერს ერთეულების თანრიგში იასპარეზებენ ზურაბ ტყემალაძე და ალექსანდრე ბაკში.
რაც შეეხება წყვილებს, ჩვენი ნაკრების კაპიტანი წყვილთა შემადგენლობას ადგილზე გადაწყვეტს.