სარჩევი
ფორმულა 1 - გზა ეკრანიდან ტრიბუნამდე | Setanta Sports

ფორმულა 1 მსოფლიოში სპორტის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და შთამბეჭდავი სახეობაა. ეს არის ტექნოლოგიის მწვერვალი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავტკბეთ საოცარი სანახაობით. 300 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მანქანები, ულამაზესი გადასწრებები და ემოციით გაჯერებული ბრძოლები – სწორედ ეს არის იმ ინგრედიენტთა ჩამონათვალი , რომელიც ამ კერძს განუმეორებელს ხდის.  

ეკრანზე ფორმულა 1-ის რბოლის ყურება ერთი სიამოვნებაა, თუმცა ადგილზე ყოფნა და ამ ყველაფრის ტრიბუნიდან ცოცხლად შეფასება- მეორე. 

სწორედ ამიტომ ყიდულობს ასობით ათასი გულშემატკივარი ბილეთებს, მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ტრასებზე და მთელ შაბათ-კვირას სამეფო სპორტის ორომტრიალში ატარებს. 

ამ ბლოგში შევეცდები ჩემი, როგორც ერთი რიგითი გულშემატკივრის გამოცდილება გაგიზიაროთ, რომელმაც სახლის კომფორტული სავარძელი რამდენჯერმე ტრიბუნის სკამით ჩაანაცვლა. 

სამეფო სპორტის ეტაპი სამი დღისაგან შედგება: პარასკევს ვარჯიშებია, შაბათს კვალიფიკაცია,  ხოლო კვირას – რბოლა. ამ მოვლენების პარალელურად შეძლებთ ისეთი ვარსკვლავების წარმოდგენებს  დაესწროთ, როგორებიც ემინემი,ბიონსე და დუა ლიპა არიან. რაც ყველაზე საინტერესოა, კონცერტზე დასწრება ბილეთის საფასურში შედის. ანუ, გამოდის, რომ თუ ფორმულა 1 გიყვართ და თან მელომანიც ხართ, მაშინ ერთი გასროლით ორ კურდღელს იჭერთ – ხვდებით რბოლაზე და ასევე ერთ-ერთი მეგა ვარსკვლავის კონცერტზე. 

ზემოთ ბილეთი ვახსენე და გეტყვით იმასაც, რომ გრან პრიზე წასვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პირველი ემოცია სწორედ ბილეთის შეძენას უკავშირდება, რომელიც შეჯიბრის ჩატარებამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე ჩამოდის. ეს არის მომენტი, როდესაც უფრო მკაფიოდ გრძნობ, როგორ უახლოვდება შენი ოცნება რეალობას.  

ფორმულა 1 – არნახული ატმოსფერო 

საკმაოდ ამაღელვებელია ფრენის პროცესიც. 

თვითმფრინავში ადამიანებს გაფაციცებით აკვირდები და ცდილობ ამოიცნო ისინი, რომლებიც ამ რეისს შენსავით უსაზღვრო ბედნიერებისკენ მიჰყავს. 

ფრენის შემდეგ, როდესაც უცხო ქვეყნის ჰაერს ჩაისუნთქავ და ტაქსით სასტუმროსკენ გაემართები, მაშინვე ხვდები, რომ აქ ყველაფერი ფორმულა 1-ის ფერია. ყოველი სარეკლამო დაფა, მაღაზია თუ რესტორანი ამ მოვლენის შესახებ გამცნობს და შენც იაზრებ, რომ სახლში ხარ. 

სასტუმროს პროცედურების შემდეგ ტრასაზე მიდიხარ, სადაც უამრავი გულშემატკივარი გხვდება, რომელთა მაისურების მრავალფეროვნებაც ფორმულა 1-ის გუნდებს გახსენებს. 
ასევე ავტოგრაფ სესიები, სადაც საშუალება გეძლევა, საყვარელ მრბოლელს პირადად შეხვდე და ავტოგრაფი დაატოვებინო. ტრასაზე კამერა მუდამ მზადყოფნაში უნდა გქონდეს, რადგან შეიძლება, ლუის ჰამილტონმაც კი გაგკრას შემთხვევით მხარი. 

ფორმულა 1  – ახდენილი ოცნება 

ტრიბუნაზე ასვლის შემდეგ, შენს თვალწინ იშლება ტრასა, რომელიც სცენას ჰგავს. 

რამდენიმე წუთში აქ მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ჰანგები უნდა აჟღერდეს.  და აი ისიც! შორიდან წამოსული პირველი აკორდი, რომლის ხმაც ნელ – ნელა გიახლოვდება. ტრიბუნის ვიბრაციით გრძნობ, რომ ის უკვე ახლოს არის და ამ ვიბრაციას საკუთარ გულისცემას აყოლებ. როდესაც ბოლიდი ელვასავით ჩაივლის, ხვდები, რომ ამ სპორტის ტრასიდან ყურება ნიშნავს, იყო ეპიცენტრში, სადაც ტექნოლოგია ხვდება ადამიანურ ვნებას.  

რეპორტაჟისგან განსხვავებით აქ შენ არ ეძებ კადრებს, რადგან თავად ხარ კადრის ნაწილი. ეკრანზე შეიძლება გაიგო ვინ იგებს, მაგრამ ტრასაზე იგებ თუ რას ნიშნავს გამარჯვება 

პირადად ჩემთვის, რეალობამ ბევრად გადააჭარბა მოლოდინს. აქ დამხვდა 

საბურავების სურნელი, მუხრუჭის მასტერკლასი, მექანიკოსთა შეძახილები და კიდევ მრავალი რამ, რასაც ეკრანზე ვერასდროს შევამჩნევდი. თქვენ წარმოიდგინეთ „ფერარიც“ კი იმაზე წითელი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.  

ფორმულა 1-ის ეტაპი ერთი დიდი ზეიმია, რომელზე მოხვედრის შემდეგაც შესაძლოა, ასეთი ბლოგის ავტორი თავად გახდეთ! 

ავტორი – პაატა პაპიაშვილი

დაესწარი სასურველ რბოლას – თიბისი

თუკი ფორმულა 1-ის გულშემატკივარი ხართ, თიბისის ახალი კამპანია, სწორედ, თქვენთვისაა! კამპანიის მიზანია, გაგიმარტივოთ თანხის დაგროვება, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სასურველ რბოლაზე დასწრება შეძლოთ.

წესებისა და დეტალების ზუსტ ჩამონათვალს ამ ბმულის მეშვეობით გაეცნობით.

ფასდაკლება Setanta Sports-ზე

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ.