ქართველი ლეგიონერები – 6 მატჩი, 6 ქართველი და 6 პირდაპირი რეპორტაჟი – უყურეთ საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა ასპარეზობას setantasports.com-ზე.
3 და 4 იანვარს Setanta Sports-ის არხებსა და OTT პლატფორმაზე ქართველი ლეგიონერების მატჩებს ნახავთ.
ვალენსია vs რეალი
22 დეკემბრის შემდეგ ვალენსია პირველ შეხვედრას გამართავს. შეხვედრას, რომელიც მე-12 ტურში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქალაქ ვალენსიაში დატრიალებულმა ტრაგედიამ ვალენსიასა და რეალის მატჩის გადადება გამოიწვია.
ახლა კი მამარდას გუნდი აღნიშნულ შეხვედრას ბოლოსწინა ადგილზე ყოფნით ხვდება. ვალენსიას 23 ნოემბრის შემდეგ ლალიგაში თამაში არ მოუგია, რის გამოც რუბენ ბარახას მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს და მის ნაცვლად გუნდს ესპანელი სპეციალისტი, კარლოს კორბერანი უხელმძღვანელებს.
უნდა ითქვას ისიც, რომ გიორგი მამარდაშვილს, რამდენიმე კვირაა, რაც ტრავმა აწუხებს. მადრიდის რეალის წინააღმდეგ მისი თამაში ახლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
რაც შეეხება მადრიდის რეალს, კარლო ანჩელოტის გუნდი მე-2 პოზიციაზე და ლიდერ ატლეტიკოს 1 ქულით ჩამორჩება. რეალს ლაზარეთიდან დაუბრუნდა კილიან მბაპე, რომელმაც სევილიას წინააღმდეგ გოლის გატანაც მოასწრო.
ვენეცია vs ემპოლი
კალჩოს მე-19 ტური ვენეციაში, სტადიო პიერლუიჯი პენცოზე გაიხსნება, სადაც ვენეცია ემპოლის უმასპინძლებს. საბა გოგლიჩიძესა და ტოსკანელებს კარგი დროება არ უდგათ, რადგანაც ემპოლიმ უკანასკნელი 5 თამაშიდან 4 წააგო.
შესაბამისად, ის კარგი სტარტი, რომელიც ჰქონდათ კარლო კასტელანის ბინადრებს, გაუფერულდა და ამჟამად ემპოლი ცხრილში მე-10 პოზიციაზეა 19 ქულით. რაც შეეხება ვენეციას, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი 13 ქულით გასავარდნ ზონაშია, თუმცა მოგების შემთხვევაში, შანსი ექნებათ, რომ ფსკერს თავი დააღწიონ.
უოტფორდი vs შეფილდ იუნაიტედი
გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონშიპურ მოგზაურობას უოტფორდთან ერთად აგრძელებს. ირმების შემდეგი მეტოქე კრის უაილდერის შეფილდ იუნაიტედი იქნება.
მართალია, უოტფორდი უკანასკნელ ორ შეხვედრაში დამარცხდა, თუმცა გიორგი ჩაკვეტაძისთვის აღნიშნული მატჩები შედეგიანი აღმოჩნდა, საგოლე კონტრიბუციის მხრივ.
უოტფორდის მე-16 ნომერმა ჯერ კარდიფის კარის ბადე შეარხია, შემდეგ 2025 წლის დადგომა საგოლე პასით აღნიშნა ქუინს პარკ რეინჯერსის წინააღმდეგ.
უოტფორდი ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს და საპლეიოფო ექვსეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება შეფილდ იუნაიტედს, კრის უაილდერს გუნდს სათამაშო ფორმა გაუფუჭდა, რაც ზედიზედ სამ ვერმოგებულ მატჩში გამოიხატა, შედეგად, იორკშირელები ცხრილის მწვერვალიდან მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ და მათი ადგილი ლიდსმა დაიკავა.
სენტ-ეტიენი vs რეიმსი
მომავალ ვიქენდზე მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ლიგა 1 განახლდება. ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი ჟოფრუა-გიშარის სახელობის სტადიონზე რეიმსს დაუხვდება.
სენტ-ეტიენი, რომელიც 13 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად ცხრილის შუაში მყოფი რეიმსის დამარცხება სჭირდება.
თავის მხრივ, ზურიკო დავითაშვილსაც აქვს პირადი სტატისტიკა გასაუმჯობესებელი. მოგეხსენებათ, ქართველის მონაგარს 5 გოლი და 2 პასი შეადგენს.
თუმცა 26 ოქტომბრის შემდეგ გამოწვეული სიმშრალე დასასრულისკენ წასვლას იმსახურებს. იქნებ შეძლოს ზურიკომ და ტიმოთი შალამეს გულიც მოიგოს, რომელმაც ბოლოდროინდელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პაიესა და გომისის გულშემატკივარი იყო მაშინ, როდესაც ისინი მწვანეთა შემადგენლობაში ირიცხებოდნენ.
ფიორენტინა vs ნაპოლი
სერია A-ს მე-19 ტურს რომაული დერბი რომ არ ხურავდეს, ვიტყოდით, რომ არტემიო ფრანკი ტურის ცენტრალურ შეხვედრას უმასპინძლებს. მართალია, რომა-ლაციო მთავარი მატჩია, მაგრამ ფიორენტინასა და ნაპოლის შორის გასამართი დაპირისპირება არანაკლებ ინტრიგას მოასწავებს, თანაც ნაპოლი ხომ საჩემპიონო რბოლაშია ჩაბმული ატალანტასთან და ინტერთან ერთად.
ანტონიო კონტეს პრაგმატულმა, ფრთხილმა, მაგრამ შედეგზე ორიენტირებულმა ფეხბურთმა ამ ეტაპისთვის აშკარად გაჭრა. მაგრამ რამდენად გადალახავს ანტონიო კონტე და ნაპოლი რაფაელე პალადინოსა და ფიორენტინას ბარიერს, ამას შაბათს ვნახავთ.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურში ვენეციასთან გოლით ვერ გამოირჩა, მაინც ის დასახელდა თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად, სხვადასხვა გამოცემის აზრით. ახლა კი თავის მარცხენა ფლანგზე კარგად ცნობილ მეტოქეს შეხვდება ისევ.
ლა ვიოლას მარჯვენა მცველმა, დოდომ კვარას განეიტრალება სადებიუტო სეზონში ერთხელ მოახერხა, მაგრამ იმავე ვეღარ გაიმეორა შარშან, მატში, როდესაც ხვიჩამ საჯარიმო დარტყმიდან გაუტანა ტერაჩიანოს.
ლიონი vs მონპელიე
ქართული ლეგიონისთვის სათამაშო დღე გრუპამა სთედიუმზე დასრულდება, სადაც ლიონის ოლიმპიკი მონპელიეს მიიღებს. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მე-5 პოზიციაზეა და ოთხეულს 2 ქულით ჩამორჩება.
ლიონისგან განსხვავებით, მონპელიე სავალალო კონდიციაშია, ჟან-ლუი გასეს გაწვრთნილმა გუნდმა ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ 9 ქულას მოუყარა თავი, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილში მონპელიე ბოლო ადგილს იკავებს.
პირადი სტატისტიკის გაუმჯობესებას აგრძელებს ჟორჟიც, რომელმაც ლიგა 1-ის გასულ ტურში ჯიჯიო დონარუმას კარიც აღება მოახერხა, თანაც მეტად ესთეტიკური და მოხდენილი დარტყმით.
ჟორჟს მიმდინარე სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი ლიგა 1-ში და ლიონის მეორე საუკეთესო ბომბარდირია, მასზე მეტი მხოლოდ ალექსანდრ ლაკაზეტს აქვს გატანილი (5 გოლი).