სარჩევი
გიორგი გაგუა - ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტთან | Setanta Sports

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლმა ფარერებთან და კაბო-ვერდესთან თამაშებისთვის 24 ფეხბურთელს უხმო. მათ შორის არის დებიუტანტი – ისტრა 1961-ის ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი გაგუა.


ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

გიორგი გაგუა – კარიერის ადრეული ეტაპი

გიორგი გაგუა – 23 წლის ფეხბურთელი, რომელიც ხორვატიის საფეხბურთო ლიგაში, კერძოდ, ისტრა 1961-ის შემადგენლობაში ასპარეზობს.

გიორგი გაგუა თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია, რომლის დატოვების შემდეგაც თბილისის მერანის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. მისი კარიერის ადრეულ ეტაპზე, 2020 წელს შეუერთდა ესპანურ ალავესს, სადაც თავდაპირველად 19-წლამდელებში ასპარეზობდა, შემდეგ კი ალავესის B გუნდში.

ალავესის მეორე გუნდში გიორგი გაგუამ 25 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. 2022/23 წლების სეზონში იჯარით ესპანეთის მესამე დივიზიონის გუნდს, რეალ უნიონს შეუერთდა, სადაც 28 მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის ჩაწერაც მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი 2023 წელს ალავესის მთავარ გუნდთან ერთად ლალიგის პირველ ტურში სამატჩო განაცხადში მოხვდა, სათამაშო დრო მაინც არ მიეცა.

გიორგი გაგუა – მიმდინარე სეზონი

2024 წლის ზაფხულში გაგუამ ალავესთან კონტრაქტი გაწყვიტა და ხორვატულ ისტრას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა . ისტრაში სწრაფად გახდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. 2025 წლის სეზონში, 21-ე ტურში, მან რიეკას წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა და Sofascore-ის მიერ ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

გაგუამ საქართველოს 17-წლამდე, 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებებში ითამაშა. 2023 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველომ და რუმინეთმა უმასპინძლეს, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. გაგუამ ოთხივე მატჩში ითამაშა და პორტუგალიის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვებაში (2-0) წვლილიც შეიტანა გოლის სახით.

განვლილ სეზონში გიორგი გაგუამ ისტრას შემადგენლობაში 14 მატჩი გამართა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გასცა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი – გიორგი გაგუა

როდესაც გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრის ამბავი კლუბის მენეჯერისგან გაიგო, გიორგი თანაგუნდელებთან ერთად სადილობდა. მართალია, დარწმუნებული არ იყო, მოხვდებოდა თუ არა შეკრებაზე, მაგრამ მაინც ძალიან გაუხარდა.

მაგრამ როცა ვილი სანიოლის ასისტენტისგან, ზურაბ ხიზანიშვილისგან მიიღო სატელეფონო ზარი, უკვე ნათელი იყო, რომ გიორგი გაგუა ეროვნული ნაკრების განაცხადში მოხვდა.

“სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციებს, რაც კონკრეტულ მომენტში მომენიჭა. შემდეგ ოჯახსაც რომ გავუზიარე ეს ამბავი, საოცარი გრძნობა იყო ნამდვილად.”

გიორგის მოლოდინი აქვს იმისა, რომ მიეცემა საშუალება საკუთარი თავის წარმოჩენისა. მისი აზრით, ეროვნულ ნაკრებში ვარჯიშიც კი საუკეთესო რამ არის და თამაშში მონაწილეობაზე კი საუბარიც არაა. არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტული თამაში ამხანაგური იქნება თუ ოფიციალური შეხვედრა, რადგან განსაკუთრებულია ორივე.

“ასეთი მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემს კარიერაში ჯერ არ ყოფილა და მაქსიმალურად ვეცდები, ნაკრებს დავეხმარო.”

ადაპტაციაზე საუბრისას გიორგი გაგუამ აღნიშნა, რომ მისთვის ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც ბევრ ფეხბურთელს იცნობს ეროვნული გუნდის შემადგენლობიდან, უმრავლესობასთან ერთადაც კი უთამაშია არაერთხელ.

“ჩემი მეგობრებიც, რომლებთან ერთადაც 21-წლამდე ნაკრებში ვიყავი, დამეხმარებიან, რა თქმა უნდა.  და რომც არ ვიცნობდე ფეხბურთელებს, ისეთი გარემოა ეროვნულ ნაკრებში, რომ მაინც გამიმარტივდებოდა, როგორც ვარჯიში, ისე თამაში.”

გიორგი გაგუა საკლუბო კარიერაზე

გიორგის თქმით, როდესაც მოლოდინი გაჩნდა ეროვნულ გუნდში მისი ყოფნისა, ამან მოტივაცია კიდევ უფრო გაუმძაფრა, ცხადია, პასუხისმგებლობის მინიჭებასთან ერთად.

“მიუხედავად იმისა, რომ ალავესში არ მიწყობდნენ ხელს, წინ წავსულიყავი. რთული პერიოდისა და კლუბის შეცვლის შემდეგ, ახლა ისტრაში მომეცა თავის დამკვიდრებისა და სტაბილურად სათამაშო დროის მიღების შესაძლებლობა.

ამაზე შეჩერებას არ ვაპირებ და დარწმუნებული ვარ, კიდევ მექნება იმის შანსი, რომ ქართველ გულშემატკივარს შევაყვარო თავი უფრო მეტად.”

ქართველმა შემტევმა მარტივად გაიარა ადაპტაცია ხორვატიაში. მისი თქმით, ხორვატები და ქართველები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

რაც შეეხება კლუბს, ისტრა 1961-ის შიდა სამზარეულო ისეთია, რომ გიორგისთვის საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას გარემოსთან შეგუება თუ ალღოს აღება.

გიორგი გაგუას ინსპირაცია

რაც შეეხება გიორგი გაგუას მისაბაძ პერსონას, მისთვის ასეთი ადამიანი ბაბუა, გია გაგუა არის.

“ჩემი ინსპირაციის წყარო არის ბაბუაჩემი, გია გაგუა, რომლის სახელიც მქვია. მართალია, ვერ მოვესწარი და არ მქონდა საშუალება გაცნობისა, მაგრამ იმ ისტორიები, რომლებსაც ოჯახის წევრები მიყვებიან მასზე, მოტივაციას მაძლევს.”

გენში მაქვს არდანებების უნარი, მე კი ეს ჩემს საქმეში გადმოვიტანე, მსგავსად ბაბუაჩემისა, რომელიც ამ უნარ-ჩვევას თავის საქმეში წარმოაჩენდა.”


ხოლო სპორტსმენებიდან როლურ მოდელად და კერპად კრიშტიანუ რონალდუსა და კობი ბრაიანტს ასახელებს, რადგანაც, სპორტის მხრივ, ისინი გამორჩეულები და სამაგალითოები მიაჩნია.

“ცხოვრების მიმართულებით მაგალითის მომცემი ჩემთვის ჩემი ბაბუაა.”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალენდარი 2025 – მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაიო ეტაპის ოფიციალურ თამაშებამდე, რომლებიც სექტემბერში ჩატარდება, საქართველოს ეროვნული გუნდი ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

5 ივნისს 20:00 საათზე, დინამო არენაზე ფარერის კუნძულებს უმასპინძლებენ ჯვაროსნები,
ხოლო 8 ივნისს 20:00 მწვანე კონცხის კუნძულების ბინადარს, კაბო-ვერდეს რესპუბლიკის საფეხბურთო გუნდს უკვე ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მიიღებენ.