კატარის მსოფლიო ჩემპიონატი რამდენიმე დიდი ვარსკვლავისთვის კარიერაში ბოლო იქნება. მათი წასვლით ერთი დიდი ეპოქაც დასრულდება, თავიდანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველასთვის წარმატებული ჩემპიონატი ვერ იქნება, მხოლოდ ერთი შეძლებს მთავარი ჯილდოს მოგებას და განვლილი ბრწყინვალე კარიერის დამშვენებას.
რა თქმა უნდა, ამ თემაზე საუბრისას ორი გვარი განსაკუთრებით აქტუალურია.
მესი და რონალდუ
ლიონელ მესიმ უკვე გააკეთა განცხადება კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო იქნებაო, არ არის გამორიცხული ნაკრებიდანაც წავიდეს, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მისთვის ახალი გამოწვევის პოვნა რთული იქნება, უკვე მოიგო კოპა ამერიკა, მოიგო ფინალისიმა, 2008 წელს მოგებული აქვს ოლიმპიური თამაშები, მომდევნო მუნდიალის დროს კი 39 წლის იქნება. თანამედროვე ფეხბურთში ეს არ არის ის ასაკი, რაც დანამდვილებით გვათქმევინებს, რომ ბოლო გაჩერებაა, მაგრამ მესის დაეჯერება, მეხუთე მუნდიალს ითამაშებს და წავა. ოთხი წლის მერე, თუ კიდევ იქნება მოედანზე, თუნდაც შეერთებულ შტატებში, ან, როსარიოში, ვიღაცას აუცილებლად გაუელვებს თავში მისი დაბრუნება, მაგრამ ოთხი წელი ძალიან დიდი დროა, სულ სხვა თაობა იქნება, სულ სხვა სახეები, ახალი გუნდი, ახალი იმედებით. ლეო მესისთვის კატარი ბოლო მუნდიალი და ბოლო შანსია ოქროსთვის.
კრიშტიანუ რონალდუ 37 წლის არის, პორტუგალიელი გულშემატკივრების დიდი ნაწილი უკვე ითხოვს მის ნაკრებიდან წასვლას, არა იმიტომ, რომ რამეს აშავებს, არამედ იმიტომ, რომ ყველა წინ იხედება, ახალი გუნდის შენება უნდათ, ამჟამად რონალდუს კვლავ მნიშვნელოვანი როლი აქვს ნაკრებში, ოთხი წლის მერე კი ასე არ იქნება, მის შემთხვევაშიც იგივე შეგვიძლია ვთქვათ, ახალი გამოწვევის მოძებნა რთული იქნება, რონალდუს ევრო უკვე მოგებული აქვს, მაგრამ მესისთან ამ ეპოქალური კონკურენციის პირობებში, როცა ორივეს 2-2 სანაკრებო ტიტული აქვს მოპოვებული, იქნებ ჯიუტად დარჩეს იქამდე, სანამ კიდევ ერთ ტიტულს არ მოიგებს.
კრიშტიანუს შეუძლია გახდეს პირველი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელსაც ხუთ მუნდიალზე ექნება გოლი გატანილი, მესის ეს შანსი არ აქვს, რადგან 2010 წელს, ფორმის პიკში მყოფმა, გოლის გარეშე დატოვა ტურნირი.
კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე 7 გატანილი გოლია, ლიონელ მესის ანგარიშზე – 6.
2006 წლის გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატი:
მესი – 1 გოლი
რონალდუ – 1 გოლი
2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატი:
მესი – 0
რონალდუ – 1
2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი:
მესი – 4
რონალდუ – 1
2018 წლის რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატი:
მესი – 1
რონალდუ – 4
ნეიმარი
ამჟამად ბრაზილიელი ათიანი 30 წლის არის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც ძალიან ხშირად ტრავმიანობს, არ იცავს რეჟიმს და არასდროს არ ჰქონია საკმარისი დისციპლინა. მისი ფიზიკური მომზადების ხარისხი 37 წლის რონალდუს მომზადების ხარისხს ნამდვილად არ აღემატება, ოთხი წლის მერე კი მიჭირს ამ ფეხბურთელის წარმოდგენა ბრაზილიის ჩემპიონატის მიღმა. შანსი იქიდანაც ექნება, თუმცა, მცირე. უკვე დიდი კონკურენცია უწევს გაცილებით ახალგაზრდა ვინისიუსთან, რომელიც მუდმივად პროგრესირებს. ეს მისთვის ბოლო შანსია, 2014 წელს ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალი მშვენივრად დაიწყო, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა, 2018-ში კი ბელგიასთან გამოეთიშა ძალიან სანახაობრივ და დრამატულ შეხვედრაში.
ბრაზილიას ყოველთვის ასახელებენ ფავორიტთა შორის, ამჟამად ეს გუნდი აბსოლუტურად მზად არის იმისათვის, რომ ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიგოს და ისევ ორი თასით გაასწროს იტალიასა და გერმანიას. ნეიმარის ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონატებზე ექვსი გატანილი გოლია.
2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი: 4 გოლი
2018 წლის რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატი: 2 გოლი
ლევანდოვსკი
რობერტ ლევანდოვსკი ამჟამად 34 წლის არის, პოლონელს აქამდე მხოლოდ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია, მას არ ჰყავს ისეთი ნაკრები, რომელიც სისტემატურად ხვდება მუნდიალზე, ამიტომ, ოთხი წლის მერე, არათუ ლევანდოვსკი, არამედ პოლონეთი იქნება თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე, ესეც კი რთული სათქმელია.
რობერტი ფიზიკურად მომზადებული ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია ჩვენს დროში, განსაკუთრებული რეჟიმით, კვებით, დისციპლინით, ინდივიდუალური ვარჯიშებით, რაშიც ცოლიც ძალიან ეხმარება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფლად შეუძლია 38 წალმდე თამაში, მაგრამ ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ეს მისი უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. რობერტს მუნდიალზე არასდროს გაუტანია, კატარში ამის გამოსწორების შესაძლებლობა ექნება.
ლუის სუარესი და ედისონ კავანი
35 წლის სუარესი უკვე კარიერის დასკვნით ეტაპს ატარებს ურუგვაიში, ნასიონალის შემადგენლობაში, საიდანაც დაიწყო იქ ამთავრებს. ლუისი ურუგვაის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატს ითამაშებს, რაც თავისთავად დიდი მიღწევაა.
2010 – ში მთელმა ურუგვაიმ დაგვამახსოვრა თავი, დიეგო ფორლანი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ნახევარფინალში კი ლუის სუარესი მოისაკლისა, რადგან მეოთხედფინალში ლუისმა მეკარის ფუნქციები შეითავსა და ბოლო წუთებზე გააწითლეს, თუმცა, მისი ქმედება მაინც გამართლებული გამოდგა, ურუგვაი ნახევარფინალში გავიდა.
2014 წელს ბრწყინვალედ ითამაშა ინგლისის ნაკრებთან, და საშინლად იტალიის ნაკრებთან, ეს ის მუნდიალია, სადაც სუარესმა კიელინი დაკბინა, მატჩის მერე დისკვალიფიკაციაც მისცეს და ურუგვაის კვლავ მის გარეშე მოუწია თამაში, არადა, კოლუმბიის ნაკრებთან არ იქნებოდნენ უშანსოდ.
2018 – ში ლუისი ურუგვაისთან ერთად მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან, საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ხან აწითლებდნენ, ხან დისკვალიფიკაციას აძლევდნენ, სუარესმა მაინც მოახერხა და შვიდ გატანილ გოლს მოუყარა თავი. შეუძლია ზედიზედ მეოთხე მუნდიალზეც გაიტანოს გოლი.
იმავე ჩემპიონატებზე ითამაშა ედისონ კავანიმ, სუარესის მსგავსად ისიც 35 წლის არის, ჯერ კიდევ ევროპაში თამაშობს, მაგრამ მისთვის ეს უკანასკნელი მუნდიალი იქნება. მისი და სუარესის ეპოქა ნაკრებში სრულდება. კავანის საუკეთესო ჩემპიონატი 2018 წელს ჰქონდა, სამწუხაროდ ტრავმის გამო ფრანგებთან თამაში ვერ შეძლო, ედისონ კავანის მსოფლიო ჩემპიონატებზე 5 გოლი აქვს გატანილი.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი:
სუარესი – 3 გოლი
კავანი – 1 გოლი
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი:
სუარესი – 2
კავანი – 1
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი:
სუარესი – 2
კავანი – 3
ლუკა მოდრიჩი
37 წლის ლუკა მოდრიჩს ჰქონდა შესაძლებლობა ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე ეთამაშა, მაგრამ მისი ნაკრები 2010 წელს მუნდიალზე ვერ მოხვდა. ლუკამ ითამაშა 2006, 2014 და 2018 წლების მსოფლიო ჩემპიონატზე, ამ უკანასკნელის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა და ვერცხლის მედალიც დაიმსახურა.
მიუხედავად ასაკისა, ლუკა მოდრიჩი დღემდე უმაღლეს დონეზე თამაშობს, მადრიდის რეალის წამყვანი ფიგურაა და გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. შესაძლოა, ხორვატიის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელზეც კი ვსაუბრობდეთ, თუმცა, საუკეთესო შემფასებლები თავად ხორვატები არიან, მათგან კი ასეთი შეფასება ჯერ არ მსმენია.
ხორვატებს ძალიან კარგი თაობა ჰყავდათ, ამ თაობის მაქსიმუმი ფინალი და ვერცხლი გამოდგა, ახლა ახალი თაობის ჯერია, მანამდე კი მოდრიჩისა და რაკიტიჩის თაობა უკანასკნელ მუნდიალს ჩაატარებს. ლუკას ანგარიშზე ორი გატანილი გოლია, ორივე 2018-ში, ნიგერიისა და არგენტინის ნაკრებების წინააღმდეგ.
მანუელ ნოიერი
მანუ პირველად 2010 წლის მუნდიალზე გამოჩნდა, თავის ნაკრებთან ერთად ნახევარფინალშიც გავიდა, ოთხი წლით ადრე კი სულ სხვა ამბავი ხდებოდა გერმანიის ნაკრებში, მაშინ, კანსა და ლემანს შორის კეთდებოდა არჩევანი, საბოლოოდ ლემანი არჩიეს, მანუსაც ლემანი ერჩივნა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს.
კანი კი ტერ შტეგენის კუმირია, რომელიც მთელი კარიერაა ნოიერის ჩრდილშია, იჩაგრება მასთან როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. მეკარეების გერმანული სკოლა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო და მსოფლიოში საუკეთესოა. შტეგენის შანსი კი ოთხი წლის მერე ძალიან გაიზრდება, როცა თავად 34 წლის იქნება, ნოიერი კი 40 – ის. სპორტული აქტივობის ასაკი ისედაც ძალიან გაზრდილია, მით უმეტეს, მეკარისთვის არ არის 40 წელი მიუღწეველი, მაგრამ შიდა კონკურენციიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩემპიონატი ბოლო იქნება, სადაც ნოიერს პირველ ნომრად ვიხილავთ.
მანუს არათუ გერმანიის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც, აქვს პრეტენზია, რომ ყველა დროის საუკეთესო იყოს. იაშინის ბუნდოვან კარიერას თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონს თუ შეადარებს კაცი, აქ კი მოიძებნება ხალხი, რომელიც გერმანელს არჩევს.
2010 წლის ვერცხლს 2014 წლის ოქროც მიამატა, 2018-ში ჯგუფში ჩარჩა, ამჟამად ფლიკის განახლებული გერმანიის პირველი ნომერია.
ტომას მიულერი
გვარის ღირსეული გამგრძელებელი ტომას მიულერი მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატს ითამაშებს, ამჟამად 33 წლის არის, კვლავინდებურად კარგ ფორმაშია, ტომასს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 2018-ში ძალიან დააგდო ტემპი.
2010 წლის სამხერთ აფრიკის ჩემპიონატზე 5 გოლი გაიტანა.
2014 წლის ბრაზილიის ჩემპიონატზეც 5 გოლი გაიტანა.
2018 წლის რუსეთის ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა და გოლი არ გაუტანია.
არადა, მართლაც ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, გაიყინა ტომასი 10 გოლზე, მისმა მოგვარემ, უკვე ზეციურმა გერდ მიულერმა 10 გოლის გატანა მხოლოდ 1970 წლის ჩემპიონატზე შეძლო, მერე 74-შიც მიამატა.
ნოიერის მსგავსად, მიულერიც ვერცხლისა და ოქროს მფლობელია. ჰქონდა პრეტენზია ყოფილიყო 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ მაშინ არჩევანი მესიზე შეაჩერეს. ნოიერისგან განსხვავებით, დიდ შანსებს ვერ ვხედავ მიულერმა მეხუთე მუნდიალიც ითამაშოს.
დანი ალვეში
ალვეშისთვის მესამე მუნდიალი იქნება, დებიუტი 2010 წელს ჰქონდა, ითამაშა ბრაზილიის ჩემპიონატზეც, მაგრამ გამოტოვა 2018 წლის ჩემპიონატი, მუხლის ტრავმის გამო. ახლა კი ბევრი არ ელოდა, მაგრამ 39 წლის ფეხბურთელი განაცხადშია. არა მხოლოდ იმის გამო, რასაც მოედანზე აკეთებს, დანის გამოცდილების გაზიარება შეუძლია, გუნდური სულისკვეთების ამაღლება და პოზიტიური ენერგიის შეტანა, ჩვენ ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის.
ალვესს მუნდიალზე გოლი არასდროს გაუტანია.
გარდა ჩამოთვლილი ფეხბურთელებისა, უკანასკნელ მუნდიალს ვარსკვლავთა შორის, დიდი ალბათობით ჩაატარებენ – უგო ლორისი, სერხიო ბუსკეტსი, ტიაგუ სილვა და ანხელ დი მარია.