სარჩევი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 28 მარტს ნორვეგიის ნაკრებს ისტორიაში მეოთხედ შეხვდება. წინა სამი მატჩიდან სამივე ნორვეგიელთა სასარგებლოდ დასრულდა.

ურთიერთშეხვედრები

  • 1996 წელი – ნორვეგია vs საქართველო 1:0
  • 1999 წელი – საქართველო vs ნორვეგია 1:4
  • 1999 წელი – ნორვეგია vs საქართველო 1:0

პოლარული ღამე

“ქართულ ფეხბურთს დამბლა დაეცა” – გვხვდება გამოტანილი სათაური გაზეთ სარბიელის მთავარ გვერდზე. ეს 1:4 წაგების გამოძახილია.

ამას ახალგაზრდული ნაკრების განადგურება მოჰყვა 0:3, იმავე ნორვეგიასთან და სარბიელს ისევ გამორჩეული სათაური ჰქონდა – “1:7?! ქართული ფეხბურთის პოლარული ღამე“.

იქვე ფოტოც არის დართული, პატარა ქართველი ქომაგი ნორვეგიელ ტორე ანდრე ფლოს ავტოგრაფს სთხოვს, – “ქართველ ბავშვებს შინაური კერპები შემოაკლდათ და ავტოგრაფს ჩვენებურთა შემარცხვენელ ტორე ანდრე ფლოს სთხოვენ”.

ვლადიმერ გუცაევი კი მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა. მე წავედიო თქვა და წავიდა.

ამ შეხვედრაში, გარდა ფლოს დუბლისა, გოლები ივერსენმა და სულშერმა გაგვიტანეს. საქართველოს ნაკრების მხრიდან კი ზაზა ჯანაშიამ შეაგდო პრესტიჟის გოლი.

მატჩისშემდგომი მიმოხილვა მოსალოდნელად კრიტიკულია. ვლადიმერ გუცაევი იმუქრებოდა ნორვეგიასთან კარს გავიჯახუნებო, ჰოდა, ხელში მხოლოდ კარის სახელური შერჩა, კარი დავკარგეთ.

სხვათა შორის, ამ შეხვედრაში ნორვეგიის ნაკრების კაპიტანი ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი გახლდათ.

ახალი და ძველი

ოსლოში მარცხის შემდეგ კარგად ნაცნობი სათაური გამოიტანეს მთავარ გვერდზე – “ახალი და ძველი”. მას მერე, სამწუხაროდ, ბევრჯერ შეგვხვედრია მსგავსი შეფასება. ახალი მწვრთნელი და ძველი შედეგი.

ახალი კი იოჰან ბოსკამპი იყო.

არ ვიცი, ალბათ, ისიც კი თქვეს, სახლში 1:4 წაგების მერე, გასვლაზე 0:1 წაგებას არა უშავსო. მაშინ ხომ იყო ასეთი შეფასებები, – კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ.

გოლი კი მეოთხე წუთზე გაიტანა ივერსენმა. დასაწყისი ისეთი იყო, ალბათ იფიქრა კიდეც ქართველმა ქომაგმა ისევ იმავე დღეში ჩაგვაგდებენო, მაგრამ ერთი იკმარეს ნორვეგიელებმა.

ახლა რა ხდება

მაშინ, საქართველოს ძალიან კარგი თაობა ჰყავდა, ისევე როგორც ნორვეგიას. თუმცა, როგორც ხედავთ ყველგან დაგვჩაგრეს. მას მერე რთული პერიოდი იყო აქაც და იქაც, ახლა კი ისევ კარგი თაობა ჰყავს ორივე ნაკრებს.

მათ ჰყავთ ჰოლანდი და ოდეგორი. პრემიერ ლიგას აზანზარებს ეს ორი კაცი. ჩვენ კი გვყავს კვარაცხელია და ჩაკვეტაძე.

ხვიჩა რასაც შვება მთელი მსოფლიო ხედავს, აი, ჩაკვეტაძეს კი ჯერ ბევრი უკლია, რომ ზემოთ ჩამოთვლილებს ამოვუყენოთ გვერდით, რესურსი აქვს, ფორმაში შევიდა, ძალები აღიდგინა და ახლა მხოლოდ წინ უნდა იაროს.

ტოპ ლიგაში თამაშობს მამარდაშვილი და ტოპ კლუბებსაც უკავშირებენ. ველით დავითაშვილს ლიგა 1-ში და უკვე იმის ფუფუნებაც გვაქვს რომ სერია ა-ში მოთამაშე ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დარჩეს.

ხომ გახსოვთ? დაახლოებით ათი წლის წინ ასეთი შეფასებები იყო – სანამ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი და 3-4 მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელი არ გვეყოლება, მანამდე შედეგზე საუბარი ზედმეტიაო.

ჰოდა, ახლა გვყავს. ახლა შედეგის ჯერია.