ელჩეში წვიმს. ალიკანტეს რეგიონის სხვა ნაწილში კიდევ უფრო მეტად. ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს რეგიონში ოფიციალურმა მადრიდმა უსაფრთხოების წითელი დონე გამოაცხადა. ამან კი ბევრი შეზღუდვა გამოიწვია.
თუმცა, თამაშის გადადებას საფრთხე არ ემუქრება. წვიმს, თუმცა უშუალოდ ელჩეში საგანგაშო ჯერ-ჯერობით არაფერია.
წინა ბლოგი მატარებლის უფრო გამოვიდა. ჩამოვედით, დავბინავდით. თუმცა წინასამატჩო დღის გეგმები რომ ირეოდა, იმავე საღამოს შევიტყვეთ. ისევ წინა ბლოგს თუ მივმართავთ, გეგმები უამინდობამ არია რაჭაშიც, თუმცა რთველზე მარტო მიტოვებულ ძმაზე მაინც აღარ ვღელავ, დაასრულა რთველი და ბარსაც დაუბრუნდა. შესაბამისად, საფიქრალი ახლა მხოლოდ ელჩეა, სადაც გამუდმებით წვიმს.
უამინდობა ელჩეში
საბა საპანაძეს და მე მატარებელში მოგვივიდა ტელეფონზე გაფრთხილება შეტყობინების სახით.
ადგილობრივების ნაწილი ამ გაფრთხილებას სრული სერიოზულობით მოეკიდა, ნაწილი კი ამბობდა, რომ ვალენსიის ტრაგედიის შემდეგ, ბოლო 1 წელია ხელისუფლება განსაკუთრებით ფრთხილობს და ამინდის თითქმის ყოველ გაუარესებას ასეთი შეტყობინებები მოსდევს ხოლმე თანო.
თუმცა მაინც, ელჩეში ისევ წვიმს. ქალაქებს შორის გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.
წინა სამატჩოდ ესპანეთი მთლიანად მადრიდზე აეწყო. ვარჯიშიც და პრესკონფერენციაც დედაქალაქში ჩატარდა. საერთოდაც ლა როხამ ელჩეში ჩამოსვლა ერთი დღით გადადო. დე ლა ფუენტეს გუნდი დანიშნულების ადგილს მატჩის დღეს მოაღწევს.
მერე ისევ წვიმდა, ქალაქში დილის მოციონისას, ხალხს განსაკუთრებული სიფრთხილე ვერ შევნიშნე, ჩვეულად მიდი-მოდიოდნენ, მხოლოდ ქოლგებით.
მერე ვარჯიში დაიწყო. ჩვენებმა მოჭრეს და დადეს, თანაც ჩვეულად, ოპერატიულად. ესპანეთმა მზეში ივარჯიშა. აკი გითხარით, მატარებელი რაც უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთით მოდიოდა, ამინდი სულ უფრო ფუჭდებოდა, მაგრამ მატარებელში ხალხი – პირიქით, – მეთქი.
მერე დე ლა ფუენტემ გვამცნო, რომ ისედაც უჰაერო ლაზარეთს კიდევ დანი ოლმო დაემატა, ოღონდ იქვე დასძნია, ვნახოთ, ვნახოთ, საღამოს დაველოდოთ, ეგება და თამაშობსო, მაგრამ ეტყობოდა, რომ ეგ უფრო შენიღბვა იყო, ვიდრე სიმართლე.
მერე იამალზე კითხვა აირიდა, საქართველოზე ტრივიალურად, თუმცა არამხოლოდ კორექტულობის გამო, თქვა, რთულად დასამარცხებელი იქნებაო.
მერინოს ბევრი საინტერესო არაფერი გამოსვლია და დავიშალეთ. ჰო პრესკონფერენცია ონლაინაც ხელმისაწვდომი იყო, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო კითხვა ვერ დავსვით.
მერე შუალედში ისევ წვიმდა, ოღონდ შედარებით სოლიდურად. მუხრან მაჭავარიანისეული წვიმის 9 სახელი დღეს ნამდვილად საჭირო იყო. ხვალაც გამოგვადგება, ჰო, ვინც თამაშზე მოდიხართ, გადაადგილებისას ყურადღებით, საწვიმრებით, თბილი გამოსაცვლელი ტანისამოსით შეიარაღება არ დაგავიწყდეთ.
ჰო ქომაგებიც იქნებიან. აბა, მათ გარეშე ეს მხიარულება, როგორ ჩაივლიდა. მათ დაკრულზე ერთი ტრიბუნის რამდენიმე სექტორი ქართულად შესძახებს, მე მედია ზონაში ვიქნები და პროტოკოლი და ეტიკეტი არ გამიშვებს, მაგრამ თანდათან ხმას მეც შეგიწყობთ, გააჩნია, რა და როგორ.
ჰო ქომაგები რადგან ვახსენეთ, სათქმელია, რომ ფან ზონა დაიხურა ელჩეში. ყველანაირი ინფრასტრუქტურა ადგილობრივებმა მოხსნეს. არადა ეს ფან ზონა ფურია როხას თამაშებზე მუდმივი ტრადიციაა.
ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრების დროც დადგა. წინასამატჩო ვარჯიში უამინდობამ ჩაშალა. ნაკრებმა მხოლოდ დარბაზში ივარჯიშა.
პრესკონფერენციას რაც შეეხება, ვილი სანიოლი და გიორგი მამარდაშვილი ტრადიციულად თავდაჭერილნი იყვნენ.
ჩემი კითხვა კი ესპანეთის ტრავმიანობას და იმ გაზრდილ ოპტიმიზმს შეეხებოდა, რომელიც თვალში თქვენც მოგხვდებოდათ, ნაკრების გულშემატკივრებს შორის, სოციალურ ქსელებში.
ვილიმ და მამარდამ ამ აღტკინებას უფრო პრაგმატული იერი მისცეს, თითო პოზიციაზე ესპანეთს 5-6 ტოპ მოთამაშე ჰყავს და აბა ეს ტრავმები როგორ უნდა დაეტყოსო, – თქვა სანიოლმა და მამარდაც დაეთანხმა.
მართალიცაა, ალბათ ამხელა დანაკლისი თუ ვინმეს არ დაეტყობა ეს ესპანეთია, მაგრამ მათი არყოფნა მაინც დიდი საქმეა.
ისე გამოდის, რომ გუნდს პირველი სამი კაპიტიდან არცერთი არ ჰყავს. სამკლაურს წესით, ერთ-ერთი ვიცე-კაპიტანი უნაი სიმონი მოირგებს.
გუნდს ფლანგის შემტევები გამოაკლდა, თუმცა დე ლა ფუენტემ ამაზეც თქვა, შემცვლელებიც კარგები გვყავსო.
ილია თოფურიას ირგვლივ შექმნილ უსაგნო დრამაზე არაფერს ვწერ, არ ღირს, მოწმენდილ ცაზე, ნებით თუ უნებლიედ, ბუზის სპილოდ ქცევაა, რაშიც უსაქმურობის ჟამს ადამიანი განსაკუთრებით დაოსტატდება ხოლმე.
ილია თოფურია საქართველოს ნაკრებს ესტუმრება
ესპანეთი vs საქართველო – მატჩის წინ
საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია
ესპანეთის ნაკრების პრესკონფერენცია
საქართველოს ნაკრები ესპანეთსა და თურქეთში – დღიურები ელჩედან ქოჯაელამდე
მატჩი ავრორა – საქართველო
მოკლედ, ესპანეთი ისევ ფავორიტია, ქალაქში კი ისევ წვიმს, თუმცა საქართველოს ნაკრებს შესარჩევში მინიმუმ ერთხელ, აქვს მატჩი ავრორა, სადაც ლოგიკისა და მოლოდინის საპირისპიროდ გაისვრის ხოლმე. ბოლო ასეთი ბათუმში, შვედეთთან საშინაო მატჩის წინ ჩავუთქვით, და ასეთ მატჩებს ავრორაც ვუწოდეთ. ჰოდა, იქნებ, ხვალ არის ის დღე და მატჩი, როგორც მამარდა იტყვის, ყველა ფეხბურთელის დღე რომ იქნება, და ყველა მათგანი უზადო თამაშს შემოგვთავაზებს?!
რთული იქნება, ესპანეთი მსოფლიოში საუკეთესოა. რეიტინგითაც და მის გარეშეც. ჰო, ის თუ იცოდით, ფურია როხა მსოფლიოს შესარჩევზე შინ რომ დაუმარცხებელია და ეს სერია 27 მატჩს რომ ითვლის, ორი ასეთიც და იტალიის რეკორდს გაიმეორებენ. ჰო, თან ორივეს მოგების შემთხვევაში მუნდიალის საგზურის განაღება შეუძლიათ.
ჰო, ელჩეში ახლაც წვიმს, ხვალაც წვიმაა გამოცხადებული, თუმცა ვინ იცის, იქნებ ჰემპდენ პარკის ვალს ელჩეში აბრუნებს განგება?!
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.