სარჩევი
U21 საქართველო vs ნიდერლანდები - ერთი ნაბიჯი ფლეიოფამდე | Setanta Sports
2023 ივნ 26, 17:14 შშ
4 წუთის საკითხავი

ჯერ გადავხტეთ..

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეიოფთან ერთ ნაბიჯშია. სიკვდილის ჯგუფის ბოლო მეტოქე ნიდერლანდები იქნება, საქართველოს ერთი ქულაც ჰყოფნის გასასვლელად, ნიდერლანდებს კი აუცილებლად მოგება სჭირდება.

უეფას რეგულაციების თანახმად, სადაც სასაათო სარტყელი და სატელევიზიო ბადე უნდა იყოს გათვალისწინებული, ისე მოხდა, რომ საქართველოში გუნდები პარალელურად თამაშობენ. ესე იგი, ყველა ტური ისე ჩატარდა, როგორც წესით და რიგით, მხოლოდ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები უნდა ტარდებოდეს. ერთ დღეს, ერთ დროს.

შესაბამისად, მეტოქე კარგად კი არა, საერთოდ ვერ შევისწავლეთ. თუ საქართველოს ნაკრების თამაშს დაესწარით, ნიდერლანდების თამაშს მხოლოდ ჩანაწერის საშუალებით თუ მიადევნებდით თვალს.

აქვე, უნდა ითქვას უეფას კიდევ ერთი ჩარევის შესახებ, როდესაც გამოცხადდა რომ ყველა ბილეთი გაიყიდა, გავსებულ სტადიონს ველოდით, მაგრამ მთელი სექტორი დაგვხვდა ცარიელი. საქმეს ის არის, რომ ამ ნაწილში უეფა არიგებს ბილეთებს და როგორც ჩანს, ურიგებს ხალხს, რომელთაც დიდად არ აინტერესებს ჩვენი ნაკრების თამაში. ვერ, ან არ მოვიდნენ და შეგვრჩა ცარიელი ნაწილი.

არ ვიცი როგორ ჩანდა ეს ყველაფერი მოედნიდან, ფეხბურთელების პერსპექტივით, სტადიონს ალბათ ჰქონდა კარგად დავარცხნილი კაცის სახე, რომელმაც თბილად გაიღიმა და აღმოჩნდა, რომ ერთი წინა კბილი აკლია.

რეალობიდან გამომდინარე

რამაზ სვანაძემ აქამდე ორივე მატჩი დაცვიდან დაიწყო. პრაგმატულად, ზედმეტი რისკის გარეშე. ბელგიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ თქვა, რომ გუნდი ყოველთვის მოსაგებად თამაშობს, მაგრამ სატურნირო ცხრილს ყურადღება უნდა მივაქციოთ და არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ვიმოქმედოთო.

ნათელი იყო, რომ სასტარტო შემადგენლობის დაყენების დროს გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული. სვანაძემ აღნიშნა, რომ გარდა იმ მოთამაშეებისა, რომლებიც ეროვნული ნაკრებიდან დაემატნენ, აბსოლუტურად ენდობა ფეხბურთელებს, რომლებთანაც ორი წლის მანძილზე იმუშავა.

თუმცა, ნდობა ერთია და შედეგი მეორე. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გაცილებით დიდი ხარიხსი შემოაქვთ თამაშში. გაიზარდა შანსი წიტაიშვილი და გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. აზაროვი და დავითაშვილი ისედაც საუკეთესოები იყვნენ.

ტაიმი ჩავაგდეთ

თუ მინუსები უნდა დაგვენახა სჯობდა სწორედ ამ დროს, ამ თამაშში მომხდარიყო. ბელგიასთან, სადაც მატჩის მოტრიალება და ქულის აღება შეძლეს ქართველებმა.

  • გუნდი ზედმეტად უკან დახეული თამაშობდა, რის გამოც შეტევაზე სწრაფად გადასვლას ვერ ახერხებდა;
  • მცველები მარტივი პასით თამაშობდნენ, რომელიც წინსვლის საშუალებას არ იძლეოდა. მხოლოდ საბა საზონოვი ცდილობდა ზონებს შორის პასის, ან დიაგონალის გაკეთებას, რაც მეტწილად არაზუსტი იყო;
  • როდესაც ზურგითმყოფი გაგუა იღებდა ბურთს ჩვენი ფლანგები ახლოსაც არ იყვნენ მეტოქის დაცვის ხაზთან, იმისათვის, რომ პასი ცარიელ სივრცეში, მცველებს ზურგსუკან მიეღოთ;

მეორე ტაიმში ეს პრობლემები გამოსწორდა, მეტწილად ცვლილებების ხარჯზე. იმდენად ნათლად გამოჩნდა ყველაფერი, რომ წესით და რიგით, იგივე შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ.

როგორი გუნდია ნიდერლანდები U21

ჩვენს მომავალ მეტოქეს ჯერ არ წაუგია. ბელგიასთან შეხვედრა 0:0 დასრულდა, პორტუგალიასთან 1:1. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ ნიდერლანდების ნაკრები ჯგუფში ყველაზე გამართულ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი, თუმცა შეტევაში ნარინჯისფერები ხარისხობრივად მაინც სოლიდურად გამოიყურებიან.

ერვინ ვან დერ ლოის გუნდი დინამუკურ სწრაფ ფეხბურთს თამაშობს. პირველ ტურში, ბელგიასთან მატჩის საუკეთესო მეკარე ბარტ ვერბრიუგენი გახდა. ანდერლეხტის 20 წლის კარის დარაჯმა მეორე ტაიმში გუნდი არაერთი აშკარა გოლისგან იხსნა.

ნიდერლანდები მეორე მატჩშიც დომინირებდა. თუმცა გოლი პირველმა პორტუგალიამ გაიტანა. მატჩის სულისკვეთება გვკარნახობდა, რომ ლიუს გუნდი გაიტანდა და ეს ასეც მოხდა. ანგარიში ბრაიან ბროუბიმ გაათანაბრა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც, სწორედ ტარანული ტიპის ცენტრ ფორვარდი გახდა.

ზედიზედ ორი მატჩი ნიდერლანდებმა იდენტური 11-ეულით ითამაშა. მეტიც, 51 წლის მწვრთნელის ცვლილებებეიც კი იდენტური იყო. წარმოიდგინეთ, ცვლილებაზე ლოის ჩელსის, ალკმაარის, ბაზელის, ბოლონიასა და ჰეერენვენის ფეხბურთელები შემოჰყავს.

რაც შეეხება ფორმაციას ის 4-3-3-სა და 4-2-3-1-ში მერყეობს. თუმცა როდესაც გუნდი პორტუგალიასთან მარცხდებოდა, ფორვარდმა ზირკზემ საყრდენი ტიმბერი შეცვალა.

რა იქნება საკვანძო ნიდერლანდების U21-ის წინააღმდეგ

ბროუბი ფიზიკურად ძლიერი ფორვარდია და კორპუსით ბურთი დაფარვის შემდეგ მას ჩინებულად ანაწილებს. მასთან პირველ ბურთზე ბრძოლა, როგორც ჰაერში, ასევე ფეხში, საკვანძო იქნება. ეს კი წყვილში გელაშვილსა და საზონოვს მოუწევთ.

კრაისენსიო სამერვილის სისწრაფესთან გამკლავება იქნება საჭირო საბა ხვადაგიანისგან. თუკი ამ პოზიციაზე როტაცია იქნება, მაშინ ლიდსის შემტევის დაკეტვა, დამზღვევებთან ერთად ცოტნე კაპანაძეს მოუწევს.

მარჯვენა შემტევად იურგენ ეკკელენკამპი დგას. აიაქსის აღზრილი, რომელიც ახლახანს ჰერტადან ანტვერპენში გადაბარგდა რეალურად ცენტრალური ნახევარმცველია. ფლანგიდან ხშირად ცენტრში შემოდის და ასე ცდილობს მეტოქის საყრდენ ზონაში გადატვირთვას.

ეკკელნკამპის ცენტრში შესვლას მარჯვენა მცველის, დივაინ რენშის შემტევი უნარები განაპირობებს. აიაქსის მცველთან წარმატებით გამკლავების გამოცდილება გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო. ნაპოლის გარემარბმა აიაქსის მცველს ბევრ ეპიზოდში აჯობა.

საბოლოოდ, ნიდერლანდები, თანაც ჯერ კიდევ მოუგებელი ნიდერლანდები, წყვილში ფავორიტად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა საქართველოს სასარგებლოდ, საშინაო კედლები და პირველი ორი ტურის მსგავსი სათამაშო ჟინი შეიძლება ჩავთვალოთ.

ჯერ არაფერი დასრულებულა. გადამწყვეტი მატჩი წინ არის. ქართველებმა კი უკვე გვაჩვენეს, რომ ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ წარმატების მიღწევა.