სარჩევი
თურქეთი vs საქართველო - რა გვჭირდება გამარჯვებისთვის | Setanta Sports

თურქეთი vs საქართველო მატჩის დღე – ფინალის ტოლფასი შეხვედრა, ჯგუფში მეორე ადგილისთვის. ყველა კითხვას სწორედ ქოჯაელში გასამართი ეს მატჩი გასცემს პასუხს.

ამ სტატიაში ყველაფერი იქნება და ყველასთვის, სულ ერთია, თქვენ მატჩზე დასწრებას გეგმავთ, მისთვის პიდაპირ ეთერში სახლიდან ან სხვა ადგილიდან თვალ-ყურის მიდევნებას.

ალბათ სხვა გარემოებებით აჯობებს დაწყება და ბოლოს ანალიზით დასრულება.

თურქეთი vs საქართველო

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ნოემბერში კიდევ 2 ტური იქნება გასამართი. საქართველო შინ ესპანეთს და სტუმრად ბულგარეთს ეთამაშება, თურქეთი კი ბულგარეთს შინ მიიღებს და ესპანეთს სევილიაში ესტუმრება.

ამით იმის თქმა მსურს, რომ ხვალ შესარჩევი არ მთავრდება, თუმცა პოტენციური მარცხი ამ ჯგუფში მეორე ადგილის შანსებს ფაქტობრივად სპობს.

ამიტომაცაა ეს მატჩი ფინალივით. ცხადია, უმჯობესი იქნებოდა ეს ფინალი შინ გვქონოდა, თუმცა რას ვიზამთ.

ქოჯაელი

არც მაინც და მაინც თურქეთისთვისაა ქოჯაელი ყველაზე უკეთ გათელილი ტერიტორია. ნაკრები სულ მეორედ თამაშობს ამ ქალაქში, ხოლო ამ 2018 წელს აშენებულ სტადიონზე პირველად. ერთადერთხელ თურქეთმა აქ 2008 წელს ამხანაგურ მატჩში ჩილესთან ითამაშა და ჰალილ ალტინტინტოპის გოლით 1-0 მოიგო. ცხადია, ეს დადებითი ამბავია, რომ მატჩი მასპინძლებისთვისაც არც თუ ნაცნობ მინდორზე ტარდება.

სტადიონი შეკრულია, ტრიბუნები მინდორთან მაქსიმალურად ახლოსაა. ტევადობა 34 829 მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა ამ ტევადობისთვის ტრიბუნები საკმაოდ მაღალია. ეს ფაქტორი კი დიდ ექოს შექმნის, რაც მასპინძლებისთვის ნიუანსური, მაგრამ დამატებითი მოტივაცია იქნება.

ჰო, მინდორი ცალკე საუბრის თემაა. მისი დიდი ნაწილი ისე გვარიანადაა გაფუჭებული, ბურთის გაგორება და სწრაფი თამაში არც თუ ადვილად გამოვა. ცხადია, არ მაქვს საფუძველი დაბეჯითებით ვთქვა, რომ გაზონი განზრახ არის გაფუჭებული, თუმცა ასეთი ხრიკები ფეხბურთის ისტორიას უხვად რომ ახსოვს, არც ეგაა სიმართლისგან შორს.

ჰოდა ხვალ უკრაინასთან, ერთა ლიგაზე, პოლონეთში მიღებული გამოცდილება დაგვჭირდება. გაუბედურებულ ბალახზე პირველ წუთებზე კიტეიშვილმა და კვარაცხელიამ ბუცები რომ შეცვალეს.

შესაბამისად, თამაში შერეული და 6-იანი ქაცვებით უნდა ჯობდეს, რათა გრუნტზე მოჭიდება უკეთესი იყოს. განსხვავება პოლონური მატჩისგან ის იქნება, რომ იქ გვარიანად წვიმდა, ხვალ კი ქოჯაელში მშრალი ამინდია, თუმცა აქაც შეიძლება მსგავსი ეფექტის მიღწევა, თუკი თურქები გაზონს საჭიროზე მეტად მორწყავენ. ასეა, თუ ისე, ეს ნიუანსიც მნიშვნელოვანი იქნება.

აქვე იყოს ამ ამბავზე 21-ე საუკუნის ყველაზე ცნობილი ისტორია – როგორ არ დაუჯერა დიეგო ფორლანმა სერ ალექს ფერგიუსონს, თუ როგორი ბუცი უნდა ჩაეცვა, შედეგი მინდორზე რამდენიმე წუთშივე დადგა და ფერგიმ მერე ურუგვაელი ამ უგუნურების გამო საერთოდ კლუბიდან გაუშვა, გაასხვისა.

ისევ სტადიონს რომ მივუბრუნდეთ – როგორც გაირკვა, სტადიონთან საკმაოდ ახლოს ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოა. საქართველოს ნაკრებს ნარჩენების მძლავრი სუნის ფონზე მოუწია წინასამატჩო ვარჯიშის გამართვა. ბუნებრივია, ეს როგორც მინიმუმ, არასასიამოვნო იყო.

როგორც სტადიონის სტაფმა განგვიმარტა, ეს საწარმო სამი დღის წინ უნდა დახურულიყო, დახურეს კიდეც, თუმცა სუნი მათი თქმით, ქარს მოჰქონდა.

მერე და მერე საღამოსკენ უსიამოვნო სუნი გაქრა. ქარიც ჩადგა, მეტ-ნაკლებად. თურქეთი vs საქართველო მატჩის დღე ს ეს პრობლემა წესით აღარ უნდა იყოს, თუმცა ვინც სტადიონზე გეგმავთ მატჩზე დასწრებას, წინდახედულება გამოიჩინეთ და ნებისმიერი ფორმით ამ სუნის განეიტრალებაზე იფიქრეთ, იქნება ეს რესპირატორი, სუნამო, თუ მამა-პაპურად ცხვირთან ვიეტნამის მალამო, ნახევრად ხუმრობით და ა.შ.

არეულობა თურქეთის ბანაკში

თითქმის მთელი პრესკონფერენციის დრო ვინჩენცო მონტელამ და ქერემ აქთურქოღლუმ იმის მტკიცებას დაუთმეს, რომ ნაკრებში კარგი ატმოსფეროა.

ამის მიზეზი კი შეკრებიდან და გუნდიდან ბერკე იოზერის თვითნებურად წასვლაა. ასე, ადგა, ჩაალაგა და წავიდა. სააახლში, – თქვა ალბათ, ედვარდ შევარდნაძესავით და წავიდა. მიზეზი უთამაშებლობაა.

როგორც თავად ლილის მეკარე წერს, შეკრებამდე მკაფიოდ შეუთვლია ნაკრების სტაფისთვის, თუ განაცხადში მაინც არ უნდა ჩამსვათ, იქნებ კლუბში დავრჩე და დავისვენოო, იმათ უთქვამთ ჩამოდი ჩამოდიო, ესეც ჩასულა, იმათ განაცხადში არ შეუყვანიათ და ესეც წასულა.

ჰოდა, ნაკრებში თითქმის უთამაშებელი, მაგრამ მაინც მისი წევრი ასე უთქმელად რომ მიდის შეკრებიდან, აბა უკვალოდ ეგ ამბავი როგორ ჩაივლიდა. ჰოდა, რაც არ უნდა ამტკიცოს ვინჩენცო მონტელამ, ეგ ბევრი არაფერიო, სინამდვილეში მცირე, მაგრამ მაინც დისონანსის შემტანი ამბავია.

ეგ ინციდენტი ჩვენ თამაშს ვერ მოგვაგებინებს, თუმცა თურქეთის ძირითად მეკარეზე, უიურჩან ჩაქირზე რომ წნეხს ზრდის, ცხადია. მისი თითოეული პოტენციური არადამაჯერებლობა ან შეცდომა, შეკრებიდან წასულ მეკარეს გაახსენებს ყველას. ჰოდა, ესეც პლუსია, ფსიქოლოგიური, თუმცა მაინც პლუსი.

სხვა მხრივ, გუნდს ირფან ჯან კაჰვეჩი არ ეყოლება. მართალია მთლად ესპანეთივით ვერ, თუმცა თურქეთსაც შეუძლია რამდენიმე მოთამაშის არყოფნა არ დაიტყოს.

თურქეთი vs საქართველო – პრე მატჩ ანალიზი

ვილი სანიოლს ვკითხე, არის რაიმე რასაც შეიძლება პოტენციურ სურპრიზად ველოდოთ, – მეთქი. ვილიმ ფეხბურთში ძველი და ახალი რაღაცებს არსებობს, სურპრიზები – არაო.

ჰოდა, ეგ უსურპრიზობაა, ბოლო დროს კარგად რომ ვყავართ ყველას გაშიფრული. ესპანეთსაც საგულდაგულოდ ჰქონდა, თითქოს ბურთის ამოტანის ჩვენი ყველა ხერხი შესწავლილი. ამიტომაც იყო, რომ კარში ერთხელ დავარტყით, ისიც გოჩოლეიშვილმა, და ისიც 70 მეტრიდან.

ჰოდა, მოულოდნელობაა საჭირო. ის რასაც თურქეთი ან არ, ან ნაკლებად ელის. ეს აუცილებლობა კი გამორიცხავს, დაბალ დაცვით ბლოკს, 5-3-2-ს, 5-2-2-1-ს და მის სხვა ვარიაციებს. მით უმეტეს, რომ არ არის ჩაკვე, რომელიც ამ ფორმაციას და მასზე მომყოლ ტაქტიკას ელასტიურობას სძენს.

სულ ახლახანს ჰაქან ჩალჰანოღლუმ ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა. ეს რიცხვი ტრანსფერმარკეტის ინფორმაციით, ისე კი თურქები წერენ 101-ე იყო და ემრე ბელიოზოღლუს უკვე გაუთანაბრდაო.

ამაზე მეტად მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ბულგართთან ჩალხანამ 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. თუმცა ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ პირველი პასი შეტევის აწყობისას მისია.

შესაბამისად, პრესინგია საჭირო, ოღონდ არა ცენტრ ფორვარდით, არც მეორე თავდამსხმელით, საჭიროა 10-იანის ზონიდან ნათამაშები პრესინგი და თანაც პერსონალური.

სათქმელად ადვილია, მიუჩინო კაცი ჩალჰანოღლუს, მაგრამ ჯგუფში საქმე ისე გაეწყო, მარტო რთული რაღაცები დაგვრჩა იარაღად.

თუკი ჰაქანზე პერსონალურის აუცილებლობაზე ვთანხმდებით, მაშინ ეს რომ 10-იანის ზონაში მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი უნდა იყოს, ალბათ, არც ამაზე იქნება დიდი კამათი.

ამ აუციელებელ მოცემულობას კი 4-3-3 ებმის ყველაზე მოქნილად, ოღონდ ორი 6-იანით. მექვაბიშვილი და ქოჩორაშვილი. ოღონდ ქოჩორაშვილი მარცხენა საყრდენი უნდა იყოს, მექვაბიშვილი – მარჯვენა.

დაცვის ცენტრში სისხარტე გვჭირდება, ამ მოცემულობაში ლოჩოშვილი-გოგლიჩიძის ტანდემი უალტერნატივოდ მოსჩანს.

ფლანგებიდან დაცვაში მარცხნივ აზაროვი ან წიტაიშვილი, მარჯვნივ – კაკაბაძე. რისკიანია, ისედაც ასეთ მოიერიშე შემადგენლობაში შემტევი მცველის, აზაროვის ან წიტაიშვილის დაყენება, თუმცა უკან დასახევი გზები რომ აღარ არსებობს, ამაზე ხომ უკვე შევთანხმდით?!

ამიტომაც უნდა იდგეს ქოჩორა მარცხნიდან, რომ აზაროვს როცა ფლანგს გადაუტვირთავენ თურქები, დააზღვიოს.

მამარდას ხსენება კარში არცაა საჭირო, თუმცა სასაუბროა შემტევი ტრიო. მარცხნივ კვარა, შუაში ჟორჟი და მარჯვნივ ზურიკო ან საბა ლობჟანიძე. ბოლოს ნახსენებ ორივე შემტევს თავისი პლუსი აქვს, ზურიკო ბურთს უკეთ დაიჭერს, თუმცა ლობჟანა უფრო სწრაფია. თუკი ჩალჰანოღლუზე პირველი პასი არ გადის, მაშინ თურქებს აბდულქერიმ ბარდაგჯის მეშვეობით ამოაქვთ ბურთი. ასეთ დროს კი ჟორჟთან ერთად, პრესინგის პირველი ხაზის გააფთრებით თამაში მარჯვენა ვინგერსაც დასჭირდება. ამ დროს კი პირველივე წუთებიდანვე რომელი აჯობებს, ზუკა თუ საბა, გადაჭრით თქმა რთულია. ალბათ მაინც დავითაშვილი, რომელსაც კაკაბიძის დახმარება ბევრეჯერ მოუწევს.

ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიაა, რომელიც მეტოქის სათამაშო სტილს ესადაგება, მხოლოდ უბურთოდ. რაც შეეხება ბურთით და შეტევის აწყობას, ამ სცენარში, კვარას და ზუკას ცენტრის ხაზთან საკმაოდ ახლოს მოუწევთ თამაში, რათა ფლანგებიდან ამოსულ ბურთს გაგრძელება აპოვნინონ.

კიტეიშვილი ესპანეთთან ძალიან დაიღლებოდა, თუმცა სკამიდან მისი ამ როლში შემცვლელი ნიკა გაგნიძეა, რომელსაც ზედმიწევნით კარგად შეუძლია პერსონალურის თამაში.

დანარჩენი პოტენციური ცვლილებები კი უკვე მატჩის მიმდინარეობის მიხედვითაა გადასაწყვეტი: გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი ან აზაროვი, ბუდუ, მამუჩაშვილი და სხვები, მათაც შეუძლიათ თანაგუნდელების სრულფასოვნად შეცვლა.

ნერვების, გამძლეობის, ფიზიკური ძალის და კლასის ომი იქნება. ეს მატჩი მოსაგები საქართველოს აქვს, თუმცა თურქეთი შინ თამაშობს, აიღებს ინიციატივას და შემოგვიტევს, ჩვენ კი ამ დაზვერვითი 10-15 წუთის შემდეგ, ზუსტად ისე უნდა ვითამაშოთ როგორც მესხზე, ჩეხეთთან. ერთ ორგანიზმად, აგრესიულად, ჯანით და გონებით სინთეზში.

ვიღაცამ თქვა ფეხბუთის ხალხიდან, არ მახსოვს ვინ, თუმცა უზუსტესად, იმ საღამოს ჩეხეთთან რაც ვითამაშეთ, ესპანეთის გარდა ყველას მოვუგებდითო, ჰოდა, მართალია, ესპანეთი დავივიწყოთ, და ვთქვათ, რომ იმ სხვა ყველაში თურქეთიც მოიზრება, მისსავე მოედანზე.

მთავარია თამაშამდე გუნდი ემოციურად არ გადაიწვას, მერე გავიდეთ და ვიომოთ.

ჰოდა, სათაურში დასმულ კითხვას პასუხი აქ აქვს – ეს ან ნებისმიერი სხვა გეგმა, რომელიც თურქეთის ამ ფორმაციის ნაკრებს პასუხობს. გეგმა კი რამდენიმე პუნქტს უნდა აკმაყოფილებდეს – ჰქონდეს, სათადარიგო ვარიანტები, ჰქონდეს განვითარების შესაბამისი გაგრძელებები, რათა მატჩის მიმდინარეობისას გადაწყობ

თურქეთი vs საქართველო მატჩის დღე – შეხვედრა თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. ადგილიდან ლაივ ტექსტს ჩვენს ბლოგზე შემოგთავაზებთ, რადგან ბევრი იქნება ისეთი დეტალი, რაც სატელევიზიო ტრანსლაციისას კამერებს მიღმა დარჩება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.