სარჩევი
2024 მაი 28, 17:52 შშ
6 წუთის საკითხავი

შაბათს, თბილისის დროით 23:00 ზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, უემბლიზე, მადრიდის რეალი დორტმუნდის ბორუსიას შეხვდება. მადრიდელები ლიგის მეთხუთმეტე ტიტულს უმიზნებენ, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფორმატი მნიშვნელოვნად იცვლება, სახელი რჩება, თუმცა, ისეთ შეგრძნებას იწვევს ეს ცვლილება, თითქოს რაღაც დიდი ეტაპი სრულდება.

ჩემპიონთა თასის ეპოქა მადრიდის რეალს ეკუთვნის.
ჩემპიონთა ლიგის ეპოქაც მადრიდის რეალს ეკუთვნის.
რას უწოდებენ შემდეგ ეპოქას არ ვიცი, მაგრამ რეალმა მდევრებს დევნის სურვილი დაუკარგა.

დორტმუნდის ბორუსია კი მეორედ ეცდება ამ ტიტულის მოგებას.

ბოლო მატჩი იქნება მარკო როისისთვის დორტმუნდის ბორუსიას შემადგენლობაში, და ბოლო მატჩი იქნება ტონი კროოსისთვის მადრიდის რეალის ფორმით. ერთგვარი, ბოლო ცეკვა, ორი გერმანელისთვის. ორივე 34 წლის არის, (როისი 31 მაისს 35 წლის გახდება) ერთის ანგარიშზე 32 გუნდური ტიტულია, მეორის ანგარიშზე კი მხოლოდ 5 გუნდური ტიტული, და ვერ ვიტყვით რომ ამ ხუთიდან რომელიმე მთავარი ტიტულია.

ერთი ძალიან იღბლიანია, მეორე ძალიან უიღბლო. იმდენად უიღბლო რომ შანსი აქვს ამ სიტყვაზე პირველი ის გაახსენდეთ და არა მიხაელ ბალაკი.

კროოსი vs როისი – 11 წლის წინ, ფინალში

ისევ უემბლი,

2012/13 წლების სეზონში იურგენ კლოპის დორტმუნდის ბორუსია ჩემპიონთა ლიგის ფინალში იუპ ჰაინკესის მიუნხენის ბაიერნს შეხვდა. ეს მარკო როისისთვის სადებიუტო სეზონი იყო თავის აღმზრდელ და ოცნების კლუბში. დიდებული ტრიოც შეიკრა – ლევანდოვსკი, გიოტცე, როისის სახით. თუმცა, ამ სამიდან მხოლოდ მარკო გამოდგა ერთგული. გიოტცეს ტრანსფერი ჯერ კიდევ ფინალში გასვლამდე გაირკვა, მადრიდის რეალთან ჯახში, მერე კი საეჭვო ტრავმის გამო მიუნხენის ბაიერნთან ფინალიც გამოტოვა.

მოგვიანებით რობერტ ლევანდოვსკიმაც მიუნხენის ბაიერნს მიაშურა, რადგან გერმანაში ყველა გზა ბაიერნისკენ მიდის. დრო და დრო წამოყოფენ თავს კონკურენტები და თავად ბაიერნი იწყებს ამ კონკურენტის ნაწილებად დაშლას. ასე იყო დორტმუნდის შემთხვევაშიც.

თავად იურგენ კლოპიც კი წავიდა დორტმუნდიდან, მცირე ხანს შეყოვნდა, გვარდიოლასთან გაჯიბრება მოასწრო, სუპერ თასის ფინალშიც გაანადგურა და მერე წავიდა.

მარკო კი დარჩა.

ბევრჯერ სცადეს მისი წაყვანა, მაგრამ როისი დარჩა და დორტმუნდის სიმბოლოდაც იქცა. მას არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა, ისე როგორც ლევანდოვსკის, გიუნდოგანსა და კლოპს, არ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი, ისე როგორც მარიო გიოტცესა და ჰუმელსს, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერია განვლილი გზით, რადგან ქომაგის გული მოიგო, ფეხბურთში კი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. წლების მერე ისევე იამაყებს ამ გზით, როგორც ფრანჩესკო ტოტი ამაყომს რომით. ასეთი გზის მერე, არა სინანული, არამედ სიამაყე ეუფლება ადამიანს. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება ეს გრძნობა.

ასეთი გუნდი იყო დორტმუნდი და ფინალში ბაიერნთან დამარცხდა. მარკოს უიღბლობის ათვლაც სწორედ აქიდან იწყება.

შეიძლებოდა კროოსის უიღბლობის ათვლაც დაწყებულიყო, რადგან ჩემპიონთა ლიგის ეს ფინალი ტონიმ გამოტოვა. ბაიერნმა მის გარეშე მოიგო. მედალი რასაკვირველია მაინც გადაეცა, რადგან ფინალში მისვლამდე მანაც დიდი წვლილი შეიტანა.

ამ დროისთვის კროოსს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორი მედალი ჰქონდა – ერთი ოქრო, დორტმუნდის დამარცხებისთვის, რომელიც გამოტოვა, და მეორე ვერცხლი, ჩელსისთან მარცხისთვის, მიუნხენში, თავისივე მოედანზე.

ტონის ბოლო მცდელობა ბაიერნის მაისურით კრახით დასრულდა, მადრიდის რეალთან ნახევარფინალში განადგურდნენ. მერე კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმდა და არჩევანი იყო გასაკეთებელი – ან ბარსა, ან რეალი. თავად ბარსას ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ ახალდანიშნულმა ლუის ენრიკემ რაკიტიჩი არჩია და ტონიც მადრიდის რეალში წავიდა.

აქიდან კი სულ სხვა ისტორია იწყება, რომელიც საერთოდ არ ჰგავს მარკოს განვლილ გზას – ეს სამეფო გზაა, რომელიც ამაღელვებელი გაცილებით დასრულდა ბერნაბეუზე. ეს კი ძალიან ცოტას ღირსებია ამ სტადიონზე.

ცრემლი უკვე დაღვრილია – წინ ფინალია. წინ უემბლია.

800’000 როისში მეტისმეტია

ძალიან რთული იყო გუნდის დატოვება – თქვა როისმა 2006 წელს – როცა ეტაპობრივად გადიხარ გზას იმ გუნდის ძირითადში მოსახვედრად, რომელსაც ბავშვობიდან გულშემატკივრობ, მაგრამ წასვლა გიწევს, ეს ყოველთვის ძალიან რთული გადასალახია“.

როისი დორტმუნდში დაიბადა, ბორუსიას აკადემიაში აღიზარდა, მერე კი ფიზიკური მონაცემების გამო დაიწუნეს და წასვლა მოუწია. შემდეგი გაჩერება როტ-ვეი ალენი იყო. ჯერ სარეზერვო გუნდში გაიბრწყინა, მერე ძირითად გუნდში დააწინაურეს და ბუნდესლიგის მესამე ლიგას გააცნო თავი, მერე მეორე ლიგაშიც გამოირჩა და ბორუსიას ყურადღებაც დაიმსახურა, ოღონდ არა თავისი ქალაქის კლუბის, არამედ მიუნხენგლადბახის.

თუმცა, მაინც ეჭვით უყურებდნენ.

მაქს, არ გგონია, რომ მეორე ლიგის ფეხბურთელში, რომელმაც მხოლოდ ოთხი გოლი შეაგდო 800’000 ევრო გადამეტებულია?” – ჰკითხა მიუნხენგლადბახის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს მაიერმა, სპორტულ დირექტორ მაქს ებერლს მარკო როისის თაობაზე.

ეჭვქვეშ დააყენეს, მაგრამ მაქსი დარწმუნებული იყო მარკოს შესაძლებლობებში და ტრანსფერიც შედგა. მარკომ მოლოდინს გადააჭარბა კიდეც – 41 გოლი და 28 საგოლე გადაცემა მიითვალა 109 შეხვედრაში.

მიუნხენგლადბახის შემადგენლობაში ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ჯერ კიდევ 2012 წლის იანვარში გააკეთა განცხადება, რომ ზაფხულში დორტმუნდის ბორუსიას შეუერთდებოდა, მაშინ თქვა რომ ამის მიზეზი ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იყო, მაგრამ სულ რაღაც ერთი წლის წინ უფრო გულწრფელად ისაუბრა:

უბრალოდ სახლში მსურდა დაბრუნება, იქ სადაც ჩემი ადგილია. ძალიან ბევრს ნიშნავდა, როცა ამდენი ხნის მერე სახლში დაბრუნების საშუალება მომეცა, ამ შანნს ხელიდან ვერ გავუშვებდი. არასდროს მომდემებია აქაორობის დატოვება, ხანდახან საქმე კარგად ვერ მიდიოდა, მაგრამ ყოველთვის დარჩენას ვარჩევდი, რადგან ხალხი ყოველთვის გაშლილი ხელებით მეგებება ქუჩაში, ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს”.

ყველაზე რთული 2022/23 წლების სეზონი გამოდგა, დორტმუნდის ბორუსია ერთ ნაბიჯში იყო ჩემპიონობასთან, მაგრამ ბოლო ტურში მაინცთან 2:2 ითამაშეს და ჩემპიონობის შანსი ხელიდან გაუშვეს. ძალიან მძიმე აღმოჩნდა მარკოსთვის, მაგრამ კიდევ ერთი სეზონით დარჩენა გადაწყვიტა, და აღმოჩნდა რომ სწორად მოიქცა, რადგან კარიერაში მეორედ მოუწევს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში, და ვინ იცის, რას მოუტანს ეს შესაძლებლობა.

კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალებით მიხაელ ბალაკს გაუთანაბრდება. მართალია მარკოს მუნდიალის ფინალი არ წაუგია, როგორც ბალაკმა წააგო, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი უბედურება იმაში გამოიხატა რომ ტრავმების გამო დიდი სანაკრებო ტურნირების უმეტესი ნაწილი გამოტოვა. ასე რომ, ამ შემთხვევაში ბალაკზე უიღბლოც კი გამოდის.

ეს ბიჭი ოქროს ბურთს იმსახურებს

არც ლუკა აღუზრდია მადრიდის რეალს და არც ტონი კროოსი, მაგრამ ისეთი დუეტი შექმნეს, რომ ქომაგთა უმეტესობამ ჩავი-ინიესტას დონეს გაუთანაბრა, ქომაგების თეთრმა ნაწილმა კი უფრო მაღლაც დააყენა.

ლუკამ ოქროს ბურთის მოგება შეძლო, კროოსისთვის ეს ჯილდო ვერ გაიმეტეს, მაგრამ დიდი ნიდერლანდელის, იოჰან კრუიფის აზრით სწორედ ის იმსახურებდა ამ ჯილდოს 2014 წელს, როცა ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა.

ტონი საბოლოო სამეულშიც არ მოხვედრილა, რის შედეგადაც კრუიფმა თქვა – ოქროს ბურთის დაჯილდოებას სერიოზულად ვეღარ შევხედავო.

კრუიფი გიჟდებოდა კროოსზე – “თითქმის სრულყოფილია, ყველაფერს სწორად აკეთებს, ბურთით თუ უბურთოდ უშეცდომოა და მოედანზე ყველაფერს ხედავს”, – თქვა იოჰანმა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე. სამწუხაროდ ვეღარ მოესწრო კროოსის განვითარებას, წლიდან-წლამდე უკეთესი ხდებოდა და ახლა პიკში გადაწყვიტა კარიერის დასრულება.

ფლორენტინო პერესმა კი მადრიდის რეალის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა. ეს რას ნიშნავს თავად განსაჯეთ.

კროოსი უემბლიზე ფინალის შემდეგ საკლუბო კარიერას დაასრულებს და ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

მადრიდის რეალი vs დორტმუნდის ბორუსია – სად ვუყუროთ?

ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურებას შაბათს, 23:00-ზე სეტანტას ტელეარხებსა და პლატფორმაზე – Setantasports.com-ზე შეძლებთ.