სარჩევი
2022 თებ 27, 01:44 შ-მდე
12 წუთის საკითხავი

აღმოვაჩინე, რომ ამ სფეროში არის უამრავი ადამიანი, რომელთაც შეუძლიათ ერთი და იმავე კინოს მთელი ცხოვრების მანძილზე უყურონ, არავიზე ნაკლებად არ აწუხებთ მომხდარი, მაგრამ მაინც მშვიდად უყურებენ. არის ამაში რაღაც მაზოხისტური. სულ ცოტაც და ტარანტინოს ბასტარდებივით მოგვიწევს კინოთეატრის გადაწვა.

ცეცხლი იქით იყოს, ღმერთებთან. ჩვენ საქმეს მივხედოთ. მოდი, თბილისური კლუბებიდან დავიწყოთ. ოღონდ სანამ დავიწყებთ, მანამდე მინდა ვთქვა, რომ არაფერი ვაი უშველებელი არ გვჭირს, ყველა პრობლემა ხელის გულზე დევს და აბსოლუტურად ყველა პრობლემა მოგვარებადია, უბრალოდ იმასთან მოგვიწევს შეჭიდება, რაც ჯერ არავის უთქვამს და დაუწერია. ან ვერ ხედავენ, ან ერიდებათ, მე კიდე მგონია, რომ მოსარიდებელი არაფერია.

დინამოთი დავიწყოთ. სხვა რითი უნდა დავიწყოთ?! რომან ფიფია მოვიდა და დიდი საქმე გააკეთა, დინამოს გადასარევი ბაზა აქვს და მშვენიერი აკადემია. მთავარი გუნდი კი ვერა და ვერ გაიმართა, რასაც მენეჯმენტის ცუდ მუშაობას მიაწერენ ხოლმე. რა თქმა უნდა, ესეც არის, ეს არის თუ არის. მეტისმეტად ბევრი ცვლილება იყო ფიფიას ეპოქაში, ვერა და ვერ ჩამოყალიბდა რა სურდა და როგორ, ამ ჩამოუყალიბებლობაში, თავის დროზე ისეთ ხალხსაც მიენდო ვისაც მე პირადად მოხუცის გზაზე გადაყვანასაც არ ვანდობდი.

მახსოვს ამაღლებული განწყობით იწყებოდა ფიფიას მმართველობა, იყო პლეი-ოფებიც, მერე კი გავფუჭდით. თითქოს ესპანურ გზას მივყვებოდით, მაგრამ არ გამოვიდა ეგ ამბავი. მეც სიმართლეს ვიტყვი, ჯერ გარსიას, შემდგომ კი დევდარიანის წასვლის მერე, დინამოსკენ აღარც გამიხედავს. იქნებ გეგუჩაძემ მომიბრუნოს გული-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ სწრაფადვე წავიდა 21-წლამდელთა ნაკრებში. ამათ გარდა კი მე აღმზრდელ მწვრთნელს ვერ ვხედავ, პერსპექტივაში რომ გუნდი გაზარდოს.

ახლა ჭიაბრიშვილია თავკაცად და არ მგონია დიდი დრო მისცენ. დიდი ხანია თვალს ვადევნებ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ბავშვები ჰყავდა იოსებიძის სტადიონზე ჩაბარებული, იქიდან მოყოლებული მისი გუნდები ყოველთვის ერთიანობით გამოირჩეოდნენ, შიდა სამზარეულო ყოველთვის დალაგებულია, ფეხბურთელებს მოსწონთ ჭიასთან მუშაობა. ხომ გაინტერესებთ მათი აზრიც? ჰოდა, გეუბნებით.

ნაკრების წევრისგან ქართველი მწვრთნელების ძალიან საინტერესო დახასიათება მოვისმინე, – არის გეგუჩაძის სკოლა, რომელსაც ჭიაბრიშვილსაც მიაკუთვნებენ, მათგან სწავლობენ და მათთან მუშაობა უმრავლესობას მოსწონს. არის დევდარიანი თავის განსაკუთრებულობით, მაგრამ ხანდახან ისე მწარედ ეტყვის ფეხბურთელს სათქმელს რომ ბევრს არ მოსწონს ეს ამბავიო, (ეს თავად გიორგისაც აღუნიშნავს სინანულით, იქნებ სხვაგვარად უნდა მემუშავა, მაგრამ დიპლომატიურობა დამაკლდაო) აი, დანარჩენებთან მუშაობის არანაირი სურვილი მე არ მაქვსო, – მითხრა ამ ფეხბურთელმა. მერე ისიც დააყოლა, ერთხელ ასაკობრივი ნაკრები ნიდერლანდებს რო ხვდებოდა, შემოვიდნენ ეს ჩვენი სახელოვანი ვეტერანები და ისეთი საზიზღარი სიტყვებით დაგვაგინეს, – ვინც ეს თამაში არ მოიგოს იმის ასე და ისეო, საჩხუბრად უნდა გამეწია თუ ხელი ჩამომერთვა ვერ გავიგეო.

ამაზე შოთა არველაძის მოყოლილი გამახსენდა, ერთ-ერთი მატჩის დროს, გასახდელში დელეგაციის წევრები შემოდიოდნენ და თავზე გვაძახდნენ დღეს სოხუმის დაცემის დღეაო. გავიდოდნენ, შემოვიდოდნენ და იმავეს იმეორებდნენ, – დღეს სოხუმის დაცემის დღეა!

ასე მუხტავდნენ თავის ჭკუით. ომიდან სულ რამდენიმე წელი იყო გასული. წაგებული ომი მაშინ კი არა, დღემდე არ აქვს ბევრს გააზრებული. მაშინ ამის თავზე წამოძახება ჭრილობაზე წიხლის დაჭერა იყო, სხვა არაფერი, მაგრამ იმ შემაძრწუნებელი დაგინებისა არ იყოს, ეგ ხალხი სხვაგვარად ვერ აზროვნებს, და როგორც აზროვნებენ, ისევე მეტყველებენ.

მთელი ბავშვობა მესმოდა, ომი წავაგეთ იმიტომ, რომ იმ ნაძირალამ გაგვყიდა! გაწირეს ბიჭები! მერე კი, როგორც ჩემს თაობას, ანუ, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას მოეთხოვება, დავიწყე ამ თემის შესწავლა. რა ვიცი, იქნებ ვიღაცამ რაღაცა მართლა გაყიდა, კაციშვილი ამას ვერ დაადასტურებს, მაგრამ ომის ვეტერანების ჩანაწერებიდან, მათ შორის, დოკუმენტურ პროზად ქცეული ნამუშევრებიდან, აი რას ვიგებთ, თურმე ეს შეამხანაგებული გვარდია და მხედრიონი ერთმანეთს ჭამდნენ, თურმე ჯაბა კიტოვანს ზემოდან უყურებდა და არაფრად მიაჩნდა, თავადაც ასე წერს და ომის დროს არათუ საერთო სტრატეგია, ელემენტალური კომუნიკაციაც უჭირდათ.

თურმე ეს ხალხი მხოლოდ პირველი პრეზიდენტის მიმართ სიძულვილმა გააერთიანა, სხვა საერთო მათ არ ჰქონიათ. პირველი პრეზიდენტის მომხრეები კი საერთოდ ცალკე იყვნენ და ეს დაპირისპირებული მხარეები ომის დროსაც კი ერთმანეთს უფუჭებდნენ საქმეს.

მერე ვიგებთ, რომ „თეთრი არწივიც“ ცალკე იყო გასული და მათ მეთაურს საერთოდ არ აინტერესებდა რას იტყოდა ჯაბა, იმიტომ, რომ უფრო მეტი სამხედრო გამოცდილება ჰქონდა, ჯაბა კიდე ქუჩის ენით მართავდა ბიჭებს.

მე არ ვიცი ვინ რა გაყიდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ასე ნაწილ-ნაწილ დაგლეჯილი ხალხი, ომს რუსეთს კი არა, პაპუასებსაც ვერ მოუგებს.

ამის აღიარება დღემდე უჭირთ, ამაზე ჩურჩულითაც არ საუბრობენ, საკუთარი შეცდომების აღიარების ნაცვლად კი გენიალური აზრი მოიძებნა, რომ თურმე ვიღაცამ გაგვყიდა. თურმე ეგ ყოფილა განმსაზღვრელი, და არა ის, რომ ომშიც კი ერთმანეთს ძირს უთხრიდნენ და მერე ერთმანეთს ეძახდნენ გამყიდველს.

მოდი ვთქვათ პირდაპირ, – მერაბ კოსტავა ცდებოდა. გახსოვთ მისი ცნობილი სიტყვა, როცა სინანულით აღნიშნავდა, ქართველები მხოლოდ მაშინ ვერთიანდებით, როცა მტერი კარს არის მომდგარიო. სინანულით აღნიშნავდა ამას იმიტომ, რომ ამ ერთობის ხილვა ყოველდღიურობაში სურდა, საქმის კეთებაში სურდა, და ვერ ხედავდა. მერე კი აღმოჩნდა, რომ შეცდა, სულ რაღაც 1-2 წელში ვნახეთ, რომ მტერი მოგვადგა, მაგრამ ამ დროსაც კი ვერ გავერთიანდით. ესე იგი, მერაბ კოსტავა სულ სხვა ქართველზე საუბრობდა, ბევრი რამით ნაკლულზე, დიდი რყევების დროს კი ახალი ქართველი დაიბადა, რომელიც იმ ნაკლულზე ბევრად ნაკლული გამოდგა, იმიტომ, რომ ომშიც კი ვერ შეძლო თავისიანთან დგომა.

ყველაფერ ამის მერე, ვიღაც სახელოვანი დელეგაციის წევრი, შედის მნიშვნელოვანი მატჩის წინ გასახდელში, და ახალგაზრდა ფეხბურთელებს სოხუმის დაცემას ახსენებს. თავად ხომ ვერაფერი გაუგია, ოცი წლის ფეხბურთელს რა უნდა გაეგო, პირველი ალბათ დაღუპული მეგობარი გაახსენდებოდა, მერე კი მეთაურები, რომლებმაც ქალაქი ნაცარტუტად აქციეს. ამის მერე კი გავიდნენ მოედანზე ისე დაზაფრულები რომ საქართველოში დარჩენილ ათასობით მაყურებელს ტრადიციული სიტყვა აღმოხდა პირიდან, – რა ჯანდაბა სჭირთ ამათ?! როგორ თამაშობენ. ძველი ამბავი კია, მაგრამ მსგავსი აზროვნებისა და მენტალობის ხალხი კვლავ აქ არის და ისევ რაღაც მძიმე სადღეგრძელოს ისვრის.

ცოტა გამიგრძელდა. დინამოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელზეც არ საუბრობენ, ის არის, რომ დინამო სიმულაკრია. თავისივე თავის სიმულაცია. უფრო სწორად თავისივე წარსულის სიმულაცია.

რომან ფიფიას არ უყიდია კლუბი, რომელიც ახალ რეალობაში ახალ გამოწვევებს უნდა დატაკებოდა, რომან ფიფიამ სახელოვანი ისტორია იყიდა, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში ინერციით იარა და მერე დაიკარგა. დინამოს ვეღარ ექნება ის დანიშნულება, რაც საბჭოეთში ჰქონდა, შესაბამისად, მისი იდენტობაც თავიდან არის განსასაზღვრი.

დროა გავიაზროთ რომ ის სულ სხვა ამბავია, წარსულში დასატოვებელი. აქვე გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ის ვინც იმ დიდებულ წამებს მოესწრო, ვერასდროს ამას ბოლომდე ვერ შეელევა. გამორიცხულია. ურჩევნია იმ წამის დაბრუნების ოცნებით იცხოვროს, თუნდაც სადღაც გულის სიღრმეში, ვიდრე თვალი გაუსწოროს იმას, რომ ეს ამბავი დასრულდა.  

შესაბამისად, ეს ხალხი მიწაზე ვერ დაეშვება. ასე მგონია.

არც ის არის დასავიწყებელი, რომ დინამო, სახალხო სიხარულიდან ყველაზე საძულველ კლუბად იქცა ქართველი ხალხისთვის, რადგან ქვეყანაში დატრიალებული ყველაზე ცუდი მოვლენები, ყოველ ჯერზე აისახებოდა ამ გუნდზე, ყოველ დეკადაში, ყოველი ნაბიჯით. ეს კიდევ უფრო მძიმედ მოსაცილებელი დამოკიდებულებაა, რადგან ამაზე არავის არასდროს უსაუბრია, თუმცა, ჩურჩულებდნენ ხოლმე, რაც მართალია, მართალია.

მხედრიონი, ფინანსური მაქინაციები, ტრანსფერებიდან მოხვეტილი ფული, წილებისთვის ბრძოლა აბსოლუტურად ბინძური მეთოდებით, ქურდები, ფსონი პანიონიოსთან, პოლიტიკური რევანში, და რომან ფიფია. მოვედით.

რომელიმე ეტაპზე, გადავიაზრეთ ეს ყველაფერი? არა, მხოლოდ ძალიან დიდი ნეგატიური განწყობა რჩება. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო დიდი უარყოფითი ემოცია აქვს დინამოს მიმართ, ძველებს კარგიც ახსოვთ, ახალგაზრდებს კი ამ გაწევ-გამოწევის გარდა არაფერი უნახავთ.

დინამო, პირველ რიგში სიმულაკრიდან უნდა გამოვიდეს. მიწაზე დაეშვას. მერე ნდობა უნდა დაიბრუნოს, ეს კი აღიარებით იწყება, იმის აღიარებით, რომ წლების მანძილზე ტალახში მოუწია სიარული და გვარიანად გაისვარა. სჭირდება ახალი იდეა, ახალი მამოძრავებელი ძალა, ეს კლუბი მხოლოდ საბჭოთა წარსულზე ვერ იდგება, ფუჭი გამოდის ხოლმე ეგ შეძახილი, იმ სოხუმის დაცემისა არ იყოს.

ლოკომოტივი

მე თუ მკითხავთ, რომელი ქართული კლუბი შეიძლება რომ საუკეთესო თბილისურ პროექტად იქცეს, ლოკომოტივს გიპასუხებთ და იქვე დავაყოლებ, რომ პირველ რიგში, სწორედ კლუბის სახელია მოსაშთობი.

ამ ხალხს ისე გაუმართლა, თავისივე უბანში აქვთ სტადიონი, გადასარევ ადგილზე, ეს ღვთის წყალობაა, ამაზე კარგს ვერავინ ვერაფერს მოიფიქრებდა. ვაკის დასაწყისში, ცოტა შელახულ ტყეში ჩაფლული „მიხეილ მესხი“. ზევით ტბა და იქით კიდევ მთელი ვაკეა, ზემო-ქვემო, თავის გამზირიანად.

გუნდს შეუძლია რომ ამ სეგმენტზე იმუშაოს და ლოკომოტივი ჰქვია. არცერთ კლუბს ისე არ აქვს აუთენტიკურობა დაკარგული, როგორც ლოკომოტივს. სად ვაკე და სად ლოკომოტივი? მეტროც არ არის, რელიეფის გამო. ეგრე მოხდა. ეს რელიეფიც შეთხზულია, ისე კიდე, საბჭოთა ბურჟუაზიის თემაა. ვაკელს ბევრი სახელი მოეძებნება, მაგრამ რკინიგზელი კაცო?

საქმე გვაქვს უბანთან სადაც ფეხბურთზე გიჟდებიან, დიდიანპატარიანად, ქალიანკაციანად, ამ უბანს ფეხბურთი უყვარს. საქმე გვაქვს უბანთან, რომელსაც მდიდრების უბანსაც უწოდებენ და გადამეტებულია მე თუ მკითხავთ, უხსოვარი დროიდან, არც ვაჭარი უჭირდათ, არც ბირჟავიკი. თუმცა, მდიდრებიც ცხოვრობენ, კი.

სპორტსმენები, ექიმები, ბიზნესმენები, რაც გინდა და როგორც გინდა. ვაკეს არაფერი აკლია. პოტენციურად, შეგიძლია რომ ეს ხალხი ამ საქმეში ჩართო და ამ დროს რას აკეთებ? რკინიგზელს ეძახი?

რატომ დაერქვა ლოკომოტივი საბჭოთა კავშირში, ეგ გასაგებია. მაგრამ, რა დროს ეგ არის? რამდენი წელი გავიდა, აქამდე როგორ ვერ უნდა გამოერკვიოს ადამიანი სად რისი ადგილია და სად რამხელა პოტენციალი.

უბრალოდ დაანახე ამ ბიზნესმენებს რა შეიძლება ამ საქმიდან გამოვიდეს, მე რომ ბიზნესმენი ვიყო, მხოლოდ ლოკომოტივში დავინახავდი პოტენციალს, დინამოსთან იდენტიფიცირება ძალიან რთულია, ამბობენ დინამო ყველასიაო, ჩვენ კი ყოველ მეორე ტურში ვხედავთ, რომ არავისიც არ არის.

საბურთალო კი უსახლკაროა. ფეხბურთში სტადიონი ძალიან ბევრს ნიშნავს.

კი დაარქვეს უბნის სახელი, მაგრამ თამაშებზე იოსებიძელებიც კი არ დადიან, არადა, ყველა იოსებიძელი მათ სტადიონზეა გაზრდილი. ესე იგი, გულშემატკივრის მოსაყვანად, მიზნობრივ სეგმენტზე სამუშაოდ, არანაერი დრო და ენერგია არ დახარჯულა. მხოლოდ სახელია. სხვა არაფერი.

ვაკეს დავუბრუნდეთ. დაივიწყეთ ლოკომოტივი და დაარქვით რაიმე ისეთი, რაც ვაკის, ან ვერა-ვაკის, ან თუნდაც მთაწმინდის ჩართვასაც გამოიწვევს, თუ ამ სამივე უბანს ვერ ვწვდებით სახელით, მაშინ პირდაპირ ვაკე დავარქვათ. ხო იყო ყოველთვის ამაზე საუბარი? ჰოდა, რატომაც არა? დავარქვათ ვაკე.

ვაკეში დიზაინერი დაილია? მაგის მეტი რა არის, მოვიფიქროთ ახალი ფორმა და გერბი. მატარებელი გერბზე აღარ გამოვა, თუ გინდა ყავა დაახატეთ იმ გერბს და თუ გინდა ზაქარია ფალიაშვილი, ოღონდ მატარებელი და ლიანდაგი არა.

სტადიონის რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია. ვნახოთ რა გამოვა. იმედია თავს არ შეირცხვენენ, მახსოვს წარსულში X თანხა რომ გამოყვეს და შეღებილი სკამების გარდა ვერაფერი ვნახეთ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სტადიონს დიდი პოტენციალი აქვს, ტრიბუნები მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს მოედანთან, „ბორის პაიჭაძეზე“ ეს არ გამოდის, „მესხზე“ კი შესაძლებელია. თუ რამე დააკლეს, მერე კიდე შეიძლება ხელის შევლება, როცა კლუბი თავის თავს იპოვის.

გააფორმოს კლუბმა ხელშეკრულება ვაკეში არსებულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებებთან, სავარჯიშო დარბაზებთან, აუზთან, კვების ობიექტებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. როცა ამ ყველაფერს ერთიანი სახე მიეცემა, მერე შესაძლებელი იქნება ამის მიღწევა.

რაიმე აკლია ამ უბანს იმისთვის, რომ ერთი კლუბი შეინახოს?

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ მთელი უბანი, შაბათს, ან კვირას, სამუშაო საათების მერე, ეშვება თამაშის საყურებლად, სადაც დახვდება კარგი სტადიონი, კარგი გარემო, და კარგი კლუბი.

ლამაზია, ღმერთმანი.

ყველა უბანში ლამაზი იქნებოდა, მაგრამ ყველა უბანს არ აქვს ვაკის სტადიონი. ყველა უბანს არ აქვს ვაკის პარკი, კუს ტბა, ჭავჭავაძის გამზირი და ეეე.. უთვალავი ისტორია.

ხალხი სახეზეც ვეღარ სცნობს ერთმანეთს. უკვე ასაკში შესულებიც ფეისბუქზე იწერებიან ხოლმე. შეგვიძლია ამ სეგმენტსაც ვაჩუქოთ ადგილი, სადაც გადაიკვეთებიან და სათქმელსაც იტყვიან, – აგერ, ის რა მაგარი ბიჭია, რა კარგად თამაშობს. და აგერ იმას, ახლაც ვაჯობებ ხელჯოხით ხელში.

ზღაპარია!

მაგარი ამბავია. და არ მგონია, რომ შეუძლებელი იყოს. რთულია, ბევრი მუშაობა დასჭირდება და ბევრი ადამიანის დარწმუნებაც, მაგრამ საერთო სურათს თუ დაანახებთ პერსპექტივაში, მერე გამოვა, ყველაფერი გამოვა.

მალიარი ხარ ბიჭო?

თურმე ყველაფერი სინდისით იწყება. ბურთი და მოედანი კი არა, ეგ შინაგანი ხმა ყოფილა მთელი ამბავი. ჰოდა, რომ დავფიქრდი რა ამოძრავებს ქართულ ფეხბურთს? სიყვარული ნაღდად არ ამოძრავებს. რაღაც სხვა ამოძრავებს, სწრაფვა იმისკენ რომ სადმე გავიდეს, სადმე დაფიქსირდეს. მოიცა კაცო, ხომ გავიდა თავის დროზე გეგუჩაძის დინამო? მაგრად გავიხარე მახსოვს. რაიმე შეიცვალა? არა.

გავიხარეთ და მერე ჩავიხარეთ.

მივხვდი რომ არც ახლა გადამიწყვეტდა ბევრ რამეს. არ შეიძლება მხოლოდ ის გამოძრავებდეს რომ სადმე გახვიდე. ყოველ წელს ვუყურებთ სხვადასხვა ქვეყნის პატარა კლუბებს, რომლებიც ათასში ერთხელ მოხვდებიან ფინალურ ეტაპზე, მერე დაიშლებიან და დაელოდებიან მომდევნო ათწლეულს რომ კიდევ შეძვრნენ სადმე. მე ეს არ მაკმაყოფილებს.

ჯერ მაქამდეც დედამიწაა გასავლელი, მაგრამ რომც გამოსულიყო. მაინც არ მინდა. აი, ამ უცნაურობაში გამოვიჭირე თავი.

არც ის მინდა, ერთმა ფეხბურთელმა გაგვათრიოს სადმე. მაგრად გავიხარებ და ალბათ სანთლებსაც დავუნთებ, მაგრამ რაღაც მაინც შემაწუხებს, ვიცი რომ ასე იქნება.

არც ის მინდა ერთმა თაობამ ივარგოს და მერე მოთქმა დავიწყოთ, აუჰ, რა მაგრები იყვნენ და ახლა რა ბატები არიანო.

აბა, რა უნდა ამოძრავებდეს ქართულ ფეხბურთს?

ორი გზა რჩება.

ერთი ძველ დიდებასთან დაბრუნებაა, რაც ჩავლილი ამბავია. ამხელა ქვეყნის კლუბები ტურნირებს ვერ იგებენ, მხოლოდ მონაწილეობაზეა მთელი ამბავი.

ვერც ამხელა ქვეყნები იგებენ რამეს, სამმილიონ რაღაცით.

კი არის ხორვატია და ურუგვაი, სულ რაღაც ორი მილიონით რომ აღგვემატებიან, მაგრამ  მათზე უკვე ვწერდით, აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში არიან.

რაის თასი.. თასი აწი სალათისთვის თუ გამოგვადგება. ამაზე ფიქრში იმდენი დრო წავიდა ფუჭად, საერთოდ არაფერში დაიკარგა ათწლეულები.  

აბა რაღა დარჩა?

დარჩა სინდისი. უნდა გვამოძრავებდეს ის რომ საკუთარ თავთან ვიყოთ მართლები. ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მაქსიმალურად გამოიყენებ იმას, რაც მოცემული გვაქვს. ახლა არ ვართ მართლები.

ამ ქვეყანას აქვს რესურსი და არ ვიყენებთ.

ეგერ ლოკომოტივი ვახსენეთ, საბურთალო ვახსენეთ, წინა სტატიებში ქუთაისი, ფოთი და გურია ვახსენეთ. როცა ეს მხარეები მიგდებულია, რა სიმართლეზეა ლაპარაკი.

აქამდე პასუხი ვერ ვიპოვე, როგორ შეიძლება აბსოლუტურად ყველა პრობლემა ცხვირწინ გვქონდეს და არავინ იკვლევდეს ამ პრობლემებს.

„ბავშვთა ფეხბურთი“

„ქართული მენტალობა“

„ფსიქოლოგია“

„უჰ, ტრავმები, ბედი არ გვწყალობს“

როცა 20 წელია ერთი და იგივე სიგიჟეს იმეორებ და არაფერს სწავლობ, ესე იგი, ან სინდისთან გაქვს პრობლემა, ან შენც იმ სიმულაკრის ნაწილი ხარ თბილისის დინამო რომ ჩაუყლაპავს.  

ჟურნალისტიკაში უნდა შემოვიდეს კვლევითი კულტურა, რისკენაც პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით. რატომ არ გაჩნდა აქამდე? იმიტომ, რომ იმ დიდი ხნის წინ გარდასულ დროში, ინფორმაციის მოპოვება იყო მთავარი, ყველაზე ძვირად ეგ ფასობდა, ახლა კი ყველაზე მეტად მისი ანალიზი ფასობს, რადგან ინფორმაცია საჭიროზე მეტია. ქვეყანა დროს ჩამორჩა, შესაბამისად ჩამორჩა ცალკეული სფეროებიც, ზოგადად ჟურნალისტიკა და ცალკეულად სპორტული ჟურნალისტიკა. ლოგიკურია.  

კლუბებმა უნდა დაწერონ პროექტები. ბიზნესი თავის ფეხით არ მოვა, უნდა მოიზიდო, უნდა დაანახო პოტენციალი, რისი დანახვაც ვაკეში შეიძლება, აი, თვალს დავხუჭავ და ვხედავ, ყველაფერს თავიდან ბოლომდე ვხედავ, და ვფიცავ, ლელა კაკულიაზე ნაკლებად თუ ვხედავდე. რამდენიმე მილიონი მაკლია ამ სურვილისთვის ხორცშესასხმელად, სხვა ყველაფერი აბსოლუტურად დალაგებული მაქვს.

ფედერაციამ უნდა განახორციელოს რეფორმები, რაზეც ასევე ვწერდით, დაწვრილებით დავწერეთ რა რეფორმებია გასატარებელი. დაწყებული საარჩევნო სისტემის რეფორმით, დამთავრებული იდეოლოგიის ფორმირებით.

აი, ამის მერე ვიქნებით საკუთარ თავთან მართლები. სუფთები და ჯანსაღები. ეს სიმართლე სადამდე მიგვიყვანს მერე ვნახავთ, სადამდეც არ უნდა მიგვიყვანოს, ღიმილი არ მოგვცილდება სახიდან, იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენთაგანს ეცოდინება, რომ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ.

ახლა არ ვაკეთებთ. ბევრი რამ შეგვიძლია და არ ვაკეთებთ.

ამ ყველაფრის გარეშე, რეალური საქმის გარეშე, თუნდაც სადმე ოდესმე გავიდეთ, რაღაც მაინც შემაწუხებს. რაღაც მაინც არ მომასვენებს. ამიტომ, ჩემთვის ახლა დიდი მნიშვნელობა არც ჰქონია სად დაგვიცდებოდა ფეხი, სანამ თავად არ შევქმნით წარმატებისათვის საფუძველს, მანამდე ამ გზისას ვერ დავიჯერებ.

რა ჯანდაბად გვინდა ის წარმატება, სადაც შრომა არ ჩაგვიდია.