სარჩევი

ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს შტურმით იღებენ. ნიგერიელი ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ქართველი კი ასისტების ლიდერია.

მოდი, გავიხსენოთ სერია ა-ს გამორჩეული დუეტები და ვნახოთ როგორი მაჩვენებლები ჰქონდათ სადებიუტო სეზონში. სტატისტიკა ბევრს არაფერს გვეტყვის კონტექსტის გარეშე, კონტექსტი კი ის არის, რომ იტალიის ჩემპიონატის დონე კალჩოპოლის შემდეგ ძალიან დაეცა, მხოლოდ ორი გამონათება იყო – ჟოზეს ინტერი და იუვეს აღზევება. თუმცა, ახლოსაც ვერ მივიდნენ იმ დონესთან, რაც იტალიის ჩემპიონატს 80-იან, 90-იან და ორიათასიანების დასაწყისში ჰქონდა.

თუმცა, მაინც საინტერესო იქნება თვალის გადავლება. ჰოდა, ნეაპოლით დავიწყოთ.

მარადონა & კარეკა

ეს არის შემთხვევა, როცა ერთი მეორეს ძალიან აღემატება. მიუხედავად კარეკას დიდი პატივისცემისა, დიეგოსთან ახლოსაც არ ყოფილა, თუმცა, ის იშვიათი ბრაზილიელი აღმოჩნდა, რომელმაც მარადონას კარგად გაუგო. კარეკა იყო დიეგოს კანიჯა ნეაპოლში. ფეხზე ძლივს მდგომს, რომ ერთი პასის გაკეთება შეძლებოდა, აუცილებლად კარეკას გაუკეთებდა.

კარიერის დასაწყისში ბრაზილიელებზე გაბრაზებული იყო, ალბათ 1982 წლის ცუდი მოგონებების გამო, მაგრამ ჩემთან ურთიერთობის მერე მისი განწყობა შეიცვალა. მანაც დაინახა, რომ ბრაზილიელებმა სიყვარული გამოხატეს 1986 წლის მუნდიალის შემდეგ. ჩემს ქვეყანაში პირველ რიგში, ფეხბურთი უყვართ, არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხარ“, – ამბობდა კარეკა დიეგოზე.

თავში აღვნიშნოთ, რომ კარეკა 1987 წელს გადავიდა ნაპოლიში. ამ დროისთვის დიეგოს ერთხელ უკვე ჰქონდა სკუდეტო მოგებული. ჩემპიონატში კი 16 გუნდი მონაწილეობდა, სულ 30 ტურს თამაშობდნენ.

პირველ სეზონში, რომელიც დიეგომ და კარეკამ ერთად ჩაატარეს, ბრაზილიელმა 13 გოლი შეაგდო სერია ა-ში, ხოლო 5 იტალიის თასზე.

დიეგომ 15 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა სერია ა-ში. იტალიის თასზე კი 6 გოლი გაიტანა. დიეგოს 9 საგოლე პასიდან 3 კარეკამ გამოიყენა.

ნაპოლი სამი ქულით ჩამორჩა მილანს და მეორე ადგილზე გავიდა.

სადებიუტო სეზონის საერთო მაჩვენებელი ასეთია – 39 გოლი, 9 საგოლე პასი.

მანჩინი & ვიალი

კვარაცხელიასა და ოსიმენის არ იყოს, მანჩინისა და ვიალის გზებიც ადრეულ წლებში გადაიკვეთა. ორივე ოცი წლისა იყო, როცა 1984/85 წლების სეზონი ერთად დაიწყეს სამპდორიაში. ჯერ კიდევ შორს იყო ის დრო, როცა საუკეთესო დუეტად ჩამოყალიბდებოდნენ.

მაჩვენებლებიც მოკრძალებულია.

მანჩინიმ 3 გოლი შეაგდო სერია ა-ში, სამი გოლი და ერთი საგოლე პასი კი იტალიის თასზე შეასრულა.

ვიალიმ ექვსი გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა იტალიის თასზე. ხოლო, სერია ა-ში 3 გოლი და ერთი საგოლე პასი ჰქონდა.

ერთობლივი სადებიუტო სეზონის მაჩვენებელი ასეთია – 15 გოლი, 5 ასისტი.

1984/85 წლების სეზონში სამპდორია მეოთხე ადგილზე გავიდა. აჯობა მილანს, იუვენტუსსა და ნაპოლის. ჩამორჩა ინტერს, ტორინოს და ჩემპიონ ვერონას.

ბოლოს როცა ლუკა ვნახე ბევრი ვიხუმრეთ, ბევრი ვიცინეთ, ვუთხარი, რომ სამპდორიაში მან უფრო მეტს მიაღწია, რადგან პრეზიდენტს ის უფრო მოსწონდა და მეტ დროს აძლევდა. ძმებივით ვიყავით. მეგობრობა მაშინაც გაგრძელდა, როცა ჩვენი გზები გაიყარა. მითხრა, რომ 2026 წლის მუნდიალი უნდა მოვიგოთ, ის ჩვენს გვერდით იქნება“, – თქვა მანჩინიმ ჯანლუკა ვიალის გარდაცვალების შემდეგ.

ვან ბასტენი & ხულიტი

არ იყო ეს მძლეოსანი კაცი ფორვარდი, მაგრამ იმდენს დარბოდა მოედანზე, შეტევისთვისაც ყოველთვის ეცალა. მარკოს კი გვერდზე მყოფი, პარტნიორი ფორვარდი ნამდვილად არ სჭირდებოდა, თავადაც მშვენივრად შეასრულებდა დავალებას, უფრო, პასის მიმცემი სჭირდებოდა სიღრმიდან, ასეთი კი საკის მილანში ნამდვილად არ აკლდა.

მარკო უფრო ადრე გადავიდა მილანში. ხულიტი კი 1987 წელს შეუერთდა. დიდად წარმატებული საერთო დებიუტი ვერ გამოუვიდათ, რადგან მარკომ კოჭი მოიტეხა და ნახევარი სეზონი გაუცდა.

ბოლოსკენ დაუბრუნდა მოედანს და საუკეთესოც გახდა ევროპის ჩემპიონატზე. ის გოლიც სახსენებელია, დასაევმა რომ ხელები გაასავსავა, საბჭოთა ჩემპიონატში ამ კუთხიდან არავინ ურტყამს და ამიტომ ვიყავი მოუმზადებელიო.

1987/88 წლების სეზონში, მილანის შემადგენლობაში, მარკომ 3 გოლი შეაგდო სერია ა-ში. 5 იტალიის თასზე. ერთი ასისტი უეფას თასზე, 2 ასისტი იტალიის თასზე.

სამაგიეროდ, ხულიტი იყო ჯანმრთელად. მოდი დავარქვათ “რედბული”, წითელ ფორმაში გამოწყობილი ხარი.

9 გოლი და 10 ასისტი ჰქონდა სერია ა-ში. 3 გოლი და 1 ასისტი იტალიის თასზე. ერთი გოლიც უეფას თასზე.

საერთო ჯამში, დუეტმა 21 გოლი და 14 ასისტი შესძინა გუნდს.

მარკოს ტრავმების მიუხედავად, მილანმა მაინც მოიგო სკუდეტო. მეტწილად ხულიტის დახმარებით.

გადამწყვეტი მატჩი 28-ე ტურში შედგა.

მილანი ნეაპოლს ესტუმრა და 3:2 გაიმარჯვა. დაბრუნებულ ვან ბასტენს მცირე დროს აძლევდნენ ხოლმე და მესამე გოლი სწორედ მან შეაგდო.

ნაპოლის შემადგენლობიდან მარადონამ და კარეკამ გამოიჩინეს თავი.

მარკო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. ბუნებრივი ინსტიქტით დაჯილდოებული, ყველა მომენტის გოლად ქცევა შეუძლია. მას შეეძლო უმცირეს მონაკვეთზე გაეკეთებინა ის, რასაც სხვები თავშიც ვერ გაივლებდნენ”, – ამბობდა რუდ ხულიტი.

მსურდა ამ სიაში ბაჯოსა და რონალდოს ხილვაც, მაგრამ არასდროს კარგი მეწყვილე არ ჰყოლიათ. ერთმანეთისთვისაც კი ვერ გახდნენ კარგი მეწყვილეები, რადგან ბაჯო ინტერში ვეღარ ბრწყინავდა ისე, როგორც ფიორენტინასა და იუვენტუსში. რონალდოს კი მძიმე ტრავმები ჰქონდა.

დელ პიერო & ტრეზეგე

დელ პიეროს იუვენტუსში ბევრი კარგი მეწყვილე ჰყოლია, მაგრამ არავისთან ისეთი კარგი ურთიერთგაგება არ ჰქონია მოედანზე, როგორც დავიდ ტრეზეგესთან.

მათი სადებიუტო სეზონი კი განსაკუთრებით შთამბეჭდავი ვერ იქნებოდა, რადგან ამ დროს ფილიპო ინძაგიც გუნდში იყო და დიდი კონკურენციის პირობებში უწევდათ თამაში. სეზონის მიწურულს ტრეზეგემ ინძაგის ადგილი დაიკავა, პიპომ სეზონის ბოლოს იუვე დატოვა.

2000/01 წლების სეზონში დელ პიერომ 9 გოლი შეაგდო სერია ა-ში და 8 ასისტი მიითვალა. სამი საგოლე პასიც მიამატა ჩემპიონთა ლიგაზე.

ტრეზეგეს ანგარიშზე 14 გოლი და 2 საგოლე პასია სერია ა-ში, ერთი გოლიც ჩემპიონთა ლიგაზე შეაგდო.

საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე 24 გოლი შეაგდეს და 13 ასისტი მიითვალეს.

ჩემპიონი რომა გახდა. იუვე ორი ქულით ჩამორჩა.

შევჩენკო & ინძაგი

პიპო 2001/02 წლების სეზონიდან შეუერთდა მილანს. შევჩენკო უკვე ვარსკვლავის სტატუსით დახვდა. ასე მივიღეთ ანჩელოტის მილანის მთავარი დამრტყმელი დუო.

შევჩენკომ სერია ა-ში 14 გოლი შეაგდო და სამი საგოლე პასი მიითვალა. უეფას თასზე 3 გოლი და 2 ასისტი ჰქონდა.

ინძაგიმ ჩემპიონატში 10 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. უეფას თასზე 4 გოლი და ერთი ასისტი, იტალიის თასზე კი ორი გოლი გაიტანა.

ასე თანაბრად გადანაწილდნენ, ყველა ტურნირზე შევჩენკომ 17 გოლი და 5 საგოლე პასი დააგროვა. პიპო ინძაგიმ 16 გოლი და 5 ასისტი.

საერთო ჯამში, 33 გოლი და 10 ასისტი გამოდის ამ დუეტის ერთობლივი სადებიუტო სეზონის შემდეგ.

მილანი მეოთხე ადგილზე გავიდა.

პიპო ფეხბურთით იყო შეპყრობილი. ფინალის წინა დღეს გამეღვიძა, გარეთ გავიხედე და დავინახე რომ გოლფის მინდორზე დარბოდა. ჩვენი სასტუმროს გვერდით გოლფის მოედნები იყო. თავიდან ვიფიქრე, რომ შეიშალა. მარტო დარბოდა და ირგვლივ გიჟივით იხედებოდა, ამოწმებდა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა ხომ არ დააფიქსირა”, – ჰყვება ანდრეი შევჩენკო.

ტოტი & ბატისტუტა

თავად ტოტი ამბობდა, რომ რომაში გატარებული მთელი კარიერის მანძილზე მისი საუკეთესო მეწყვილე ბალბო იყო. უმადურობაც ამას ჰქვია.

ნანატრი სკუდეტო რომას ბრწყინვალე დუეტმა, ტოტი-ბატისტუტამ მოაგებინა. ეს ერთადერთი სკუდეტოა ტოტის კარიერაში. 2000/01 წლების სეზონში ბატისტუტამ ფლორენცია დატოვა და დედაქალაქს მიაშურა.

ფაბიო კაპელომ რომა ჩემპიონობამდე მიიყვანა. ტოტისა და ბატისტუტას დუეტი კი შეუჩერებელი იყო.

ფრანჩესკომ სერია ა-ში 13 გოლი და 3 ასისტი მიითვალა. უეფას თასზე ორი გოლი შეაგდო. იტალიის თასზე ერთი გოლი და ერთი ასისტი.

გაბრიელ ბატისტუტამ სერია ა-ში 20 გოლი შეაგდო და ერთი საგოლე პასი მიითვალა. ერთი გოლიც უეფას თასზე გაიტანა.

საერთო ჯამში, დიდებული დებიუტი გამოუვიდათ. ყველა ტურნირზე გაიტანეს 37 გოლი და შეასრულეს 5 საგოლე გადაცემა.

რომამ სკუდეტო მოიგო.

ერთი ვარჯიშიც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ერთმანეთისთვის გაგვეგო. მასთან ერთად ყველაფერი ძალიან მარტივი იყო. მთელი კარიერა რომ ამ კაცის გვერდით გამეტარებინა ორჯერ მეტი გოლი მექნებოდა გატანილი”, – ამბობდა გაბრიელ ბატისტუტა.

ასე რომ, ყველაზე შედეგიანი დებიუტი, მარადონასა და კარეკას დუოს ეკუთვნით – 39 გოლი და 9 ასისტი ყველა ტურნირზე.

ყველაზე წარმატებული კი ტოტი-ბატისტუტას დუეტია, რომლებმაც ერთობლივი დებიუტი სკუდეტოთი დაასრულეს.

ისე ჩანს, რომ კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტიც ამ ამბავს მიუყვება.

მას მერე, რა თქმა უნდა, ბევრი კარგი დუეტი ყოფილა, მაგრამ ასეთი დასამახსოვრებელი მაინც არ მახსენდება. მხოლოდ ხვიჩასა და ოსიმენის დუეტმა გამახსენა ეს დიდი ხალხი.