საქართველოს დღე – ერთი საღამო და ორი გამარჯვება. ფეხბურთისა და კალათბურთის ნაკრებებმა სპორტის ქართველ გულშემატკივარს დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
ფეხბურთში საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ბულგარეთი დაამარცხა, კალათბურთში კი ევროპის ჩემპიონატზე – საფრანგეთი.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
საქართველო 3-0 ბულგარეთი
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში მე-300 მატჩი ჩაატარა. როგორც წესი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევებზე ჯვაროსნებს გამარჯვება უჭირთ ხოლმე, თუმცა ამ საღამოს დინამო არენაზე ყველაფერი ლოგიკას დაექვემდებარა – ძლიერმა გაიმარჯვა.
ნიკა გაგნიძემ საედებიუტო გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებს პირველად უკაპიტნა, 25 წლის შემდეგ ნაკრებმა მუნდიალის კვალიფიკაციაში დიდი ანგარიშით მოიგო და სხვა საინტერესო ფაქტები დაფიქსირდა, რომელთა ჩამონათვალსაც აქ გთავაზობთ:
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში მე-300 მატჩი გამართა და 98-ე გამარჯვება იზეიმა. საერთო ჯამში ნაკრების სტატისტიკა ასეთია 98 მოგება, 63 ფრე, 139 მარცხი.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჯვაროსნებმა თბილისში 2012 წლის 7 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგეს. მაშინ თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებმა თორნიკე ოქრიაშვილის გოლით 1-0 გაიმარჯვა.
მუნდიალის კვალიფიკაციაში ბოლოს საქართველოს ნაკრებს დიდი ანგარიშით ლიეტუვა ჰყავდა დამარცხებული. ეს 2000 წელს მოხდა. სტუმრად ჩატარებული შეხვედრა საქართველომ თემურ ქეცბაიას დუბლითა და გიო ქინქლაძისა და აჩი არველაძი თითო გოლით მოიგო. სხვათა შორის, იმ მატჩში ქეცბაია 15 გოლამდე ავიდა, რაც ნაკრების რეკორდი იყო, ხოლო ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი იმ დროისთვის გიორგი ნემსაძეს დაუგროვდა – 52.
ნიკა გაგნიძემ ოფიციალურ მატჩში სასტარტოდან პირველად დაიწყო. გაგნო გახდა 88-ე ფეხბურთელი, ვისაც საქართველოს ნაკრების მაისურით მინიმუმ 1 გოლი გაუტანია.
ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებში მე-20 გოლი გაიტანა და ჟორჟ მიქაუტაძეს წამოეწია. თუმცა მე-2 ტაიმში ჟორჟმა კვლავ შეაგდო და 21 გოლით მეორე ადგილი დაიბრუნა. პირველ პოზიციაზე შოთა არველაძეა 26 გატანილი გოლით, მას ფეხდაფეხ მიქაუტაძე და კვარაცხელია მოსდევენ. საინტერესოა, რომ კვარა-ჟორჟი ტანდემმა გოლები ზუსტად 1 წლის წინ ჩეხეთი ნაკრების წინააღმდეგაც გაიტანეს, მიხეილ მესხზე 4-1 მოგებულ შეხვედრაში.
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ისტორიაში 28-ე კაპიტანი გახდა. ამავე მატჩში კაპიტნის სამკლაური ჯერ ოთარ კაკაბაძემ გადაიბარა, ხოლო შემდეგ – ბუდუ ზივზივაძემ.
რაც შეეხება მატჩს – სამწვრთნელო შტაბმა ამჯერად, ცენტრი გაამაგრა და 4-3-3-ით დაწყებული მატჩი ასევე ჩაამთავრა.
გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, ნიკა გაგნიძემ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს. საქართველოს ნაკრები კარგად კომბინირებდა და კიდევ უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეიძლებოდა.
თუმცა იყო 1-2 მომენტი, როდესაც გატანა ბულგარელებსაც შეეძლოთ, ერთ ეპიზოდში მამარდაშვილმა იხსნა კარი, ხოლო მეორე შემთხვევაში თავური დარტყმა მცირედით ასცდა კარს.
სანიოლი-შადლი-ხიზანიშვილის ტრიომ თურქეთთან მატჩისგან განსხვავებით ორი ცვლილება გააკეთა სასტრატო შემადგენლობაში. მატჩი ძირითადიდან აზაროვმა და გაგნიძემ დაიწყეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ნიკა გაგნიძე მინდორზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ეს მატჩის შემდეგ ზურაბ ხიზანიშვილმაც დაადასტურა.
ამ წამის მდგომარეობით საქართველო ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებს, რადგან თურქეთი ესპანეთთან შინ 0-6 განადგურდა. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში კი თანაბარ ქულებზე უპირატესი გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი იქნება.
მომდევნო მატჩებს ჯვაროსნები 1 თვეში გამართავენ. შეხვედრები გასვლაზე, ესპანეთსა და თურქეთთან ჩატარდება.
11 ოქტომბერი
ესპანეთი – საქართველო
ბულგარეთი – თურქეთი
14 ოქტომბერი
თურქეთი – საქართველო
ესპანეთი – ბულგარეთი
საქართველო 80-70 საფრანგეთი
საქართველო ისტორიაში პირველად მეოთხედფინალშია და ამას ცოტა თუ ელოდა!
რიგაში ყველაფერი თავდაყირა დადგა და ემოციებმაც იფეთქა – საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ არენის გარშემო ჟღერდა ერთხმად: „საქართველო! საქართველო!“ – ჩვენი ნაკრები კიდევ ერთ გრანდს გაუმკლავდა.
ქართველმა კალათბურთელებმა უკვე პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხეს, ახლა კი 2022 წლის ფინალისტი საფრანგეთიც ჩამოიშორეს გზიდან – 80:70.
გარდამტეხი მომენტი
მთელი შეხვედრის განმავლობაში საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა მოვლენებს. ფრანგები ანგარიშში წინ მხოლოდ ოთხ წუთს იყვნენ. მიუხედავად ამისა, ორნიშნა უპირატესობა ქართველებმა ვერ შექმნეს და დაძაბული ფინალიც გარდაუვალი გახდა.
ბოლო მეოთხედის დასაწყისში საქართველო ცხრა ქულით წინ იყო, თუმცა საფრანგეთმა სამი სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა – 66:66. სწორედ ამ დროს სცენაზე გამოვიდა თორნიკე შენგელია, რომელმაც უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი კამარ ბოლდუინმა სამი ზუსტი საჯარიმოთი ანგარიში 74:68-მდე გაზარდა და გარდამტეხი უპირატესობაც შექმნა.
TCL მატჩის საუკეთესო მოთამაშე
კამარ ბოლდუინმა ევრობასკეტზე საკუთარი კარიერის საუკეთესო თამაში აჩვენა – 24 ქულა, 8-დან 10 ზუსტი სროლა.
მის გვერდით ასევე შეუჩერებელი იყო თორნიკე შენგელიაც – 24 ქულით.
სტატისტიკა არ ცრუობს
საქართველოსთვის ეს იყო საუკეთესო საღამო პერიმეტრიდან – 18 მცდელობიდან 10 ზუსტი.
საფრანგეთმა კი 36-დან მხოლოდ 6 სამქულიანი ჩააგდო. სწორედ ამ კომპონენტში შეიქმნა ყველაზე დიდი უპირატესობა.
კიდევ ერთი სენსაცია! ევრობასკეტი 2025 ყოველდღიურად ახალ ისტორიას წერს, და საქართველო კი – ისტორიის საკუთარ თავს.
ჩვენი ნაკრები მეექვსე მონაწილეობისას პირველად გავიდა მეოთხედფინალში, სადაც ფინეთს დაუპირისპირდება.
ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით გუნდმა 40 წუთის განმავლობაში კონცენტრაცია არ დაკარგა და გეგმიდან არ გადაუხვია, მაშინაც კი, როცა ფრანგები ცდილობდნენ მატჩში დაბრუნებას.
საფრანგეთი კი შოკშია. ტრავმებისა და დანაკლისების მიუხედავად (ვიქტორ ვემბანიამა, რუდი გობერი, ევან ფურნიე) – ფრანგული საზოგადოება მაინც მედალზე ოცნებობდა. თუმცა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როცა ისინი ევროპის რვა საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდნენ. სილვენ ფრანსისკომ შეხვედრაში 14 ქულა დააგროვა.
რას ამბობენ
სანდრო მამუკელაშვილი:
„სერბეთიც გამოვარდა, საფრანგეთიც. მაგრამ ფინეთი ძალიან ძლიერი გუნდია და მზად უნდა ვიყოთ.“
გიორგი შერმადინი:
„პირველად მოხდა – საფრანგეთს მოვუგეთ. დაუჯერებელია! ძალიან ბედნიერი ვარ, ვულოცავ თანაგუნდელებს, ყველა გულშემატკივარს საქართველოში და აქ. საფრანგეთი შესანიშნავია, მაგრამ დღეს ჩვენ უკეთ ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.“
თორნიკე შენგელია:
„ბევრისთვის საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიზანს უკვე მივაღწიეთ, უნდა გვეთამაშა მოსაგებად. ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვირწმუნეთ. ძალიან ვამაყობ. განსაკუთრებული მადლობა იმ ხალხს, ვინც აქამდე ჩამოვიდა რიგაში – მათი ენერგია მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა.“
შემდეგი გაჩერება ფინეთია, რომელსაც საქართველოს ნაკრები რიგაში, 10 სექტემბერს, 18:00 საათიდან დაუპირისპირდება.