სარჩევი
საქართველო 1-1 კაბო ვერდე - რა ვნახეთ ივნისის შეკრებაზე | Setanta Sports

საქართველო 1-1 კაბო ვერდე – ისტორიაში მე-3 მატჩი აფრიკულ ნაკრებთან ფრედ დასრულდა. საქართველოს ნაკრები ამ კონტინენტის წარმომადგენლებთან კვლავ დაუმარცხებელია.ის

სამხრეთ აფრიკა (4-1), კამერუნი (0-0) და ახლა უკვე კაბო ვერდე (1-1). 8 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები ქუთაისში დაბრუნდა. სტადიონი გაივსო, მართალია გადახალისებული შემადგენლობით, თუმცა საქართველოს ნაკრების მატჩზე რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი გაივსო და შესაბამისი ატმოსფეროც შეიქმნა.

საქართველოს ნაკრები ქუთაისში დაბრუნდა

შეხვედრამდე თბილისს მიღმა საქართველოს ნაკრების მატჩების ჩატარების მნიშვნელობაზე ბევრი ითქვა და მართებულადაც.

ბოლოს ეროვნულ გუნდს ქუთაისში 2017 წელს ბელარუსთან ამხანაგურ მატჩში ეთამაშა. ის შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა, გოლები კი ირაკლი სიხარულიძემ და ლაშა დვალმა გაიტანეს.

საინტერესოა, რომ ლაშა დვალმა იმავე ქუთაისში ამჯერად ეროვნულ გუნდს უკაპიტნა და ჯვაროსნების ისტორიაში 27-ე კაპიტანი გახდა.

მართალია, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრებაზე უმეტესად ნაკრების უახლოესი რეზერვი დატვირთა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი სრულად შევსებულიყო.

მეტოქე – კაბო ვერდე

მეტოქე პორტუგალიურენოვანი კაბო ვერდე იყო. პედრო ლეიტაუ ბრიტუს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფს ლიდერობს. 4 ტურიც და დიდი შანსია, კაბო ვერდე მუნდიალზე პირველად ვიხილოთ.

შესაბამისად, მეტოქე ხელწამოსაკრავი არ იყო, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ლიდერი მეტოქესაც აკლდა.

აფრიკელებმაც, ჩვენ მსგავსად, ბოლო შეკრებაზე ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოსცადეს. მაგალითად, ბოლო მატჩში მალაიზიის ნაკრების წინააღმდეგ 30-ზე მეტი ფეხბურთელი იახლეს, საიდანაც ერთი გორის დილას ექს ვინგრეი ალვინ ფორტესი იყო.

სამწუხაროდ, ფორტესი საქართველოში ტრავმის გამო ვეღარ ჩამოვიდა. როდესაც მეტოქე გუნდის ფიზ მომზადების მწვრთნელს გავესაუბრე, ფორტესის შესახებ, აშკარად არ იცოდა, რომ მას ოდესღაც საქართველოში ეთამაშა.

მეტოქესთან კიდევ ერთი თანაკვეთა გიორგი ბერიძის თანაგუნდელი, კაბო ვერდეს კაპიტანი, რაიან მენდეში იყო. ქოჯაელის ფეხბურთელმა და კაბო ვერდეს კაპიტანმა მატჩამდე საქართველოს შესახებ თბილად ისაუბრა და კვარას ჩემპიონობა მწვრთნელთან ერთად მოგვილოცა. ლილის ექს ფლანგელმა იქვე დასძინა, რომ ლიგა 1-ში ქართველი ფეხბურთელების თამაშს თვალს ადევნებს.

შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე აფრიკელებს, მაინც თავიანთი სახასიათო მანერა ჰქონდათ. სიმკვირცხლე კაბო ვერდეს სავიზიტო ბარათი იყო, რასაც რიგ მომენტებში იყენებდნენ კიდეც.

შედეგად ლუკა გუგეშაშვილის კართან რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტი შეიქმნა, სადაც ეროვნული გუნდის მეკარემ სამი ურთულესი დარტყმა მოიგერია.

პენალტის ეპიზოდში კუთხეც გამოიცნო და სულ ცოტა დააკლდა, რომ რაიან მენდეშის დარტყმა კუთხურზე გადაეგდო.

საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი საბა ლობჟანიძემ გამოიჩინა. უზბეკეთი, დანია, მონღოლეთი და ამჯერად კაბო ვერდე – საბასთვის ეს ნაკრებში გატანილი მე-4 გოლი იყო.

საგოლე გადაცემა კი დებიუტანტმა ნიკა გაგნიძემ შეასრულა, რომელიც ორივე ამხანაგურ მატჩში გამოირჩეოდა.

ინდივიდუალურად კარგად გამოიყურებოდნენ გიორგი გოჩოლეიშვილი და ანზორ მექვაბიშვილიც. იმავეს თქმა შეიძლება გიორგი გულიაშვილზეც.

პრინციპში ვინმეს შეკრება ჩაუვარდაო რომ ვთქვათ, არ იქნება მართალი. შეტევებში განგრძობითობა, თამაშის აწყობაში სიმწყობრე გვაკლდა, იმის ბრალია, რომ ეს შემადგენლობა ერთმანეთთან შეთამაშებული უბრალოდ არ იყო.

საბოლოოდ საქართველო 1-0 ფარერის კუნძულები და საქართველო 1-1 კაბო ვერდე.

ივნისის შეკრება – შეჯამება

ცხადია, მთლიანი შეკრების დროს იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ნიუანსები.

ნეგატივიდან მთავარი განგრძობითობისა და სიმწყობრის უქონლობა იყო. ჩანდა, რომ მომენტებში ნახევარდაცვასა და შეტევას შორის კავშირი არასათანადოდ მყარი იყო, ეს კი მათ შორის, ისევ და ისევ შეუთამაშებლობაში უფრო უნდა ვეძიოთ.

ცხადია, ეს ფაქტორი და მოწინააღმდეგეთა კალიბრი სინქრონში დაბალი დონის სანახაობასაც განაპირობებდა. თუმცა საბოლოო ჯამში, ამ შეკრებამ გარკვეულ მოთხოვნებს მაინც უპასუხა – ეროვნული გუნდის ლიდერთა დიდმა ნაწილმა მომქანცველი მიჯრით ნათამაშები სეზონების შემდეგ დაისვენა, ვილი სანიოლმა კი საქმეში დებიუტანტებთან ერთად ის ფეხბურთელებიც ნახა, ვისაც კარგა ხანს ჯვაროსანთა რიგებში არ ეთამაშა.

ფარერებთან საბა ხარებაშვილი გახდა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, 16 წლისა და 275 დღის ასაკში და ამ მაჩვენებლით ლევან ყენიას გადაასწრო.

დებიუტანტებიდან, გიორგი გაგუას გარდა, დავით კერესელიძემ, საბა ხარებაშვილმა და ნიკა გაგნიძემ სათამაშო დრო მიიღეს. თუკი ეროვნული ლიგის წარმომადგენლების შემთხვევაში დრო შედარებით სიმბოლური იყო, გაგნიძემ დიდი დატვირთვა მიიღო. ნიკამ ვილი სანიოლისგან ქათინაურიც დაიმსახურა. ფრანგი სპეციალისტის თქმით: “ნიკამ ზუსატად იცის, თუ რა არის წარმატების მისაღწევად საკმარისი.”

საკმაოდ ნორმალური ხარისხის მიუხედავად, თავად გაგნიძე თამაშის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი არ იყო და ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვაზე, კაბო ვერდეს მატჩის შემდეგ, თქვა, რომ კიდევ უფრო მეტი შეუძლია.

გარდა სპორტული ნაწილისა, დიდი იყო ემოციაც. ეროვნული ნაკრებიდან გიორგი ლორია წავიდა. 79 მატჩი და 31 მშრალად შენახული კარი – ლორი ჯვაროსნებს ამ შედეგით დაემშვიდობა.

თანაც, ფარერებთან ერთი ბურთი პირდაპირ ცხრიანიდან მოხსნა და ნამატჩევს თქვა, “იმ მომენტში გავიფიქრე, ნაადრევი ხომ არ არის წასვლა – მეთქი”.

გიორგი ლორიას მიმართ კი რთულია რაიმე სხვა თქვა, უბრალოდ, მადლობა ლორი, 2008 წლიდან დღემდე საქართველოს ნაკრებისთვის გაწეული სამსახურისთვის!

შეფასებები – საქართველო 1-1 კაბო ვერდე

ქუთაისში გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ შეფასებები შემდეგი იყო.

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „რთული თამაში იყო და სწორედ ასეთ მატჩს ველოდით. კაბო-ვერდე კარგი გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფს ლიდერობს. უკვე წლებია ჰყავთ კარგი მოთამაშეები და ეს არ არის სიახლე. სწორედ ამიტომ, დღეს უფრო რთული იყო, ვიდრე ფარერის კუნძულებთან შეხვედრაში.  

თამაში კარგად ვერ დავიწყეთ. 20 წუთში ტაქტიკური ცვლილებები განვახორციელეთ, რის შემდეგაც გუნდი უფრო ორგანიზებული გახდა. თამაშმა გვაჩვენა, რომ ფეხბურთი ყოველთვის რთულია. თუ არ ხარ კონცენტრირებული და არ იცავ დისციპლინას, ამას ყოველთვის მოჰყვება პრობლემები. თუმცა, მოგვიანებით თამაში უკეთესი გახდა. 

ამ ორ ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი სხვა ფეხბურთელისთვის მეტი სათამაშო დროის მიცემა იყო. კმაყოფილები ვართ, რადგან მივიღეთ პასუხები ჩვენს კითხვებზე. მაგალითად, გულიაშვილმა და გაგნიძემ კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე ამ ორ შეხვედრაში. კმაყოფილი ვარ მათი თამაშით და თუ შრომას გააგრძელებენ, შეუძლიათ მალე შეუერთდნენ გუნდს. გვჭირდება კონკურენცია და ბევრი ფეხბურთელი, რადგან მხოლოდ 11 მოთამაშით ჩვენს მიზნებს ვერ მივაღწევთ“.

ზურაბ ხიზანიშვილი (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “კაბო ვერდე საკმაოდ კარგი გუნდია და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს. ორი განსხვავებული მეტოქე გვყავდა ამ შეკრების ფარგლებში, დღევანდელი მეტოქე ბევრად ტექნიკური იყო. მოთამაშეების ხარისხითაც კარგი გუნდი იყო. 

ამ შეკრებაზე ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავდა, მათ შორის, რამდენიმე დებიუტანტი. ჩვენი მიზანი სექტემბრის თამაშებისთვის მომზადებაა და დადებითია, რომ ეს ორი მატჩი დაუმარცხებლად ჩავატარეთ. განსაკუთრებით კმაყოფილები ვართ გაგნიძის და გულიაშვილის თამაშით. საბა ხარებაშვილს, რა თქმა უნდა, დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი უნდა იშრომოს, რომ ეროვნული ნაკრების მოთხოვნები დააკმაყოფილოს”. 

მომდევნო მატჩებს საქართველოს ნაკრები სექტემბერში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გამართავს. 4 სექტემბერს, ჩვენი გუნდი თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთის ნაკრებს.

მანამდე კი, 11-28 ივნისს, საქართველო U21 ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშებს. მატჩების ხილვას მაყურებელი Setanta Sports-ზე შეძლებს.

სლოვაკეთში Setanta Sports-ის გუნდი იმუშავებს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სიახლეებს ადგილიდან მოგაწვდით.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ.