სარჩევი
ალბათ, რაც შემიძლია, საქართველოს ნაკრებისა და გუნდისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. ზოგადად, შეიძლება 90 წუთისთვის მზად არ ვიყო, თუმცა ყველაფერს ვაკეთებ. ამ დღეებში ყველაფერს ვაკეთებდი და მზად ვარ, დანარჩენს მოედანზე ვნახავთ. | Setanta Sports

ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩამდე, პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ყველა აქტუალურ საკითხს შეეხო.

მატჩისწინა დღე საქართველოს ნაკრების პრესკონფერენციითა და ვარჯიშით დაიწყო. დინამო არენის საპრესკონფერენციო დარბაზში ადგილი პირველმა ვილი სანიოლმა და ხვიჩა კვარაცხელიამ დაიკავეს.

საუბარი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატსა და ნაკრების შტაბში ახალ მწვრთნელ, დევიდ უებზე დაიწყო.

“როდესაც პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ჯგუფიდან გავიდნენ, ეს დიდებული იყო. ბიჭებმა კარგად ითამაშეს, ატმოსფერო დიდებული იყო. როდესაც ასეთ გუნდებთან წარმატებას აღწევ და შემდეგ, ისრაელთან მარცხდები, ეს მტკივნეულია, თუმცა არაერთმა ფეხბურთელმა ბევრი პოზიტივი გვაჩვენა. ამ ტურნირის განმავლობაში ბევრი დადებითი რამ ვნახეთ.

რაც შეეხება დევიდ უებს – კარიერის განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვა, მათ შორის, სპეციფიკურად ინგლისურ ფეხბურთში, თუმცა ასევე აღმოსავლეთ ევროპულ ფეხბურთში.

ხანდახან ახალი თვალი, ახალი ხედვა გჭირდება, რომ შეაფასო ფეხბურთელები. ასევე რათა მათ ისწავლონ და გახდნენ უკეთესი.”

ვილი სანიოლი

შემდეგი კითხვა კვარასთან იყო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე.

“მოგესალმებით ყველას, ამ ყველაფერზე ვისაუბრე, მიზეზიც ვთქვი. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, არავის გასჩენია იმის შეგრძნება, რომ ვიღაც ან რაღაც დააკლდათ.

რა თქმა უნდა, მეტიც შეიძლებოდა, თუმცა მაინც წარმატებული ტურნირი გამოვიდა. რაც შეეხება ჩემს უთამაშებლობას, ამის მიზეზი ყველამ იცის.

ალბათ, რაც შემიძლია, საქართველოს ნაკრებისა და გუნდისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. ზოგადად, შეიძლება 90 წუთისთვის მზად არ ვიყო, თუმცა ყველაფერს ვაკეთებ.

ამ დღეებში ყველაფერს ვაკეთებდი და მზად ვარ, დანარჩენს მოედანზე ვნახავთ.

ჩემთვის პატივია ვიყო ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის, თუმცა ამ დღეებში მხოლოდ ესპანეთთან მატჩზე ვფიქრობდი.

ხვიჩა კვარაცხელია

“ესპანეთი მსოფლიოს 5-6 გუნდს შორისაა. ცხადია, რთულ თამაშს ველით.

ეს უკვე მეოთხე მატჩია ჩვენს ჯგუფში. ფინალზე რა გითხრათ, არც ჩვენ გამოვეთიშებით ასპარეზობას და არც ესპანეთი, მარცხის შემთხვევაში. ეს შეხვედრა ესპანეთისთვის განსაკუთრებით გადამწყვეტი არ იქნება. მოლოდინი საქართველოში საკმაოდ მაღალია. როგორც რომი არ აშენებულა ერთ დღეში, ისე ვერ ვიქნებით ერთ დღეში მსოფლიოს წამყვანი ნაკრები, მუშაობას და განვითარებას დრო სჭირდება.

ესპანეთი უძლიერესი ნაკრებია, ჩემი მხრიდან ფეხბურთელებზე ზეწოლა არ იქნება. მთავარია, დისციპლინით თამაში და დანარჩენს ყველა ერთად ვნახავთ. 

პატივს ვცემთ ყველა ტურნირს.

პლეი ოფის საგზური მოპოვებული გვაქვს, მაგრამ ხვალინდელი და ნორვეგიასთან გასამართი მატჩები მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ. პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ ამ შეხვედრებს, ამ დონეზე თამაში ძალიან დიდი გამოცდილებაა. ასეთ დონეზე თამაშზე უკეთესი არაფერია. ბევრი ახალგაზრდისთვის დიდი გამოცდილებაა ასეთ დონეზე და ასეთ ნაკრებებთან თამაში. ჩვენ მხოლოდ ჩვენს ნაკრებზე ვართ ორიენტირებული. გვინდა, რომ მაღალ დონეზე ვითამაშოთ და ფეხბურთელებმა დავალებები შეასრულონ.

თუკი აქედანვე ერთა ლიგის ნახევარფინალზე ვიფიქრეთ, ეს კონტრპროდუქტიული იქნება. იმ თამაშისთვისვე უმჯობესი იქნება, თუკი ახლა ესპანეთსა და ნორვეგიაზე ვიქნებით ორიენტირებული.

არ ვფიქრობთ, რომ ტაქტიკური კრიზისი გვაქვს. ბოლო მატჩებშიც რამდენჯერმე შევცვალეთ განლაგება და ეს ამის დასტურია.

რაც შეეხება არაბიძეს – ის ბოლო 2-3 წელი თითქმის გამქრალი იყო. ის დაბრუნდა და მისი წარმატება მხოლოდ გაგვიხარდება. მას ვაკვირდებით, თუმცა ჯერჯერობით მისი გამოძახება ნაადრევია.”

ვილი სანიოლი

მედიასთან ისაუბრეს ლუის დე ლა ფუენტემ და როდრიმ. ფურია როხას მწვრთნელი საქართველოსთან რთულ მატჩს ელის, თუმცა მისი ფეხბურთელების ეიმედება.

“მძიმე თამაშს ველით, საქართველოს ნაკრების საგრძნობლად გაუმჯობესდა და კლასიც გაიზარდა. ადვილ მატჩს არ ველით. თუმცა ფსიქოლოგიურად მზად ვართ.

ძლიერი ფეხბურთელი კარგია, თუმცა გუნდურობა უფრო მნიშვნელოვანი. სანიოლმა შეძლო და საქართველო გუნდურად ძლიერად აქცია. ჩვენი მიდგომა ხვალინდელი მატჩისთვის სწორედ ამ პერსპექტივიდან გამომდინარეა.

ჩვენთვის ყველა მომდევნო მატჩი მნიშვნელოვანია.

საქართველოს ნაკრებებს, მათ შორის ასაკობრივ დონეზე ყოველთვის თვალს ვადევნებდი.

რაც შეეხება ესპანურ ფეხბურთში არსებულ სკანდალს, ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვართ ორიენტირებული.”

ლუის დე ლა ფუენტე

“ვიცნობთ საქართველოს ნაკრებს, ვთვლით, რომ ამ ჯგუფში ის ერთ-ერთი ძლიერი და გამორჩეულია. ამ ეტაპზე ხვალინდელი მატჩი ამიტომაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. საქართველოს ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავს, თუმცა გუნდურადაც ძლიერ თამაშს ველით.

ბევრი ახალგაზრდა შემოგვიერთდა. ვართ გამოცდილებიც. ვფიქრობ, საკმარისად კარგი შემადგენლობა გვყავს, რომ ამ ჯგუფიდან გავიდეთ.

რაც შეეხება შედეგებს – შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგა მოვიგეთ ცოტა ხნის წინ. ძალიან ძნელია 2008-2012 ესპანეთის შედეგების ჩვენება, თუმცა ვეცდებით, თანდათან აქეთკენ წავიდეთ.”

როდრი

საქართველოსა და ესპანეთის მატჩი დინამო არენაზე, 8 სექტემბერს 20 საათიდან დაიწყება.