სარჩევი

31 მაისს ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება, სევილია რომას შეხვდება. ძალიან კარგი ფინალი გველის წინ, რადგან სევილიას არასდროს წაუგია ევროპა ლიგის, (წარსულში უეფას თასის) ფინალი. მეორე მხრივ კი გვყავს ჟოზე მოურინიუ, რომელსაც ასევე არასდროს წაუგია ევროთასების ფინალი. (თუ სუპერ თასებს არ ჩავთვლით).

რომელიმე მხარემ სერია უნდა შეწყვიტოს.

ჟოზეს ფინალები

მოურინიუს აღმავლობა 2002/03 წლების სეზონში დაიწყო. უეფას თასის ფინალში ძალიან სიმპათიური პორტუ გაიყვანა, ამ გუნდში ბრწყინავდნენ დეკუ, კარვალიუ, ფერეირა, მანიშე. ჟოზემ სამი მათგანი ჩელსიში წაიყვანა, დეკუმ კი ბარსელონა არჩია.

ასევე გამოირჩეოდნენ ვეტერანები – ჟორჟე კოშტა, ვიტორ ბაია და კოშტინია. ბოლო წლების საუკეთესო პორტუ იყო, ფინალში კი გლაზგოს სელტიკი დაამარცხეს, ჰენრიკ ლარსონმა ორჯერ აღადგინა წონასწორობა, მაგრამ ჟოზემ მაინც მოიგო თავისი პირველი ევროტიტული.

ჩემპიონთა ლიგაზე მილანმა იუვენტუსი დაამარცხა და კარლო ანჩელოტი სუპერ თასის ფინალში ჟოზეს პორტუს შეხვდა. უსახური მატჩი გამოვიდა, ერთადერთი გოლი ანდრეი შევჩენკომ გაიტანა.

ჟოზეს სუპერ თასის ფინალი ჯერ არ მოუგია, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფავორიტის რანგში არასდროს უთამაშია. ყოველთვის უეფას თასის გამარჯვებულს წარმოადგენდა:

  • 2003-ში უეფას თასის გამარჯვებულ პორტუს – დამარცხდა ანჩელოტის მილანთან;
  • 2013-ში უეფას თასის გამარჯვებულ ჩელსის, – დამარცხდა გვარდიოლას ბაიერნთან;
  • 2018-ში ევროპა ლიგის გამარჯვებულ მანჩესტერს – დამარცხდა ზიდანის რეალთან;

მომდევნო წელს ჟოზე ახალ სიმაღლეზე ავიდა. პორტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. პრაგმატული ფეხბურთით, რაღაც მხრივ გამართლებით, (მანჩესტერთან სქოულზსს 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს) მაგრამ მაინც მოიგო. ფინალში მომავალი მსოფლიო ჩემპიონი, დიდიე დეშამი დაამარცხა, თანაც დამაჯერებლად – 3:0. მერე წავიდა ლონდონში და პირველივე პრესკონფერენციაზე თქვა, რომ განსაკუთრებულია.

სუპერ თასის ფინალს კი ფავორიტის რანგში არასდროს შეხვედრია, რადგან გამარჯვებული კლუბები მალევე დატოვა – პირველ ჯერზე პორტუ, მეორე ჯერზე ინტერი.

ჟოზეს ლონდონური პერიოდი ფანტასტიკური იყო, თუმცა, ფინალამდე ყოველთვის ძალიან ცოტა აკლდებოდა, ჯერ “გოლი მოჩვენება” იყო, რომელზეც ჟოზე დღემდე ამბობს, რომ გოლი არ ყოფილა, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანებში არ გაუმართლა, ასევე ნახევარფინალში. არადა, მიმაჩნია, რომ ჟოზეს ჩელსი საუკეთესო გუნდი იყო პორტუგალიელის კარიერაში.

შემდეგ იყო მცირე პაუზა და მილანის ინტერი. სულ რაღაც ორი სეზონით. თუმცა, მოახერხა და ინტერს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ისევ და ისევ, ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდით, თანაც, ნახევარფინალში გვარდიოლას ბარსელონა დაამარცხა.

შემდეგ იყო მადრიდის რეალი და ზედიზედ სამი ნახევარფინალი. ეს იმ გუნდში, რომელიც მერვედფინალს ვერ სცდებოდა ძალიან დიდი ხნის მანძილზე. საერთოდ, ეპოქალურ რეალს მოურინიუმ ჩაუყარა ძალიან მყარი საფუძველი, თუმცა, დარჩენის შემთხვევაში არა მგონია, რეალს ასეთი კარგი შედეგები ჰქონოდა, ამისთვის ჟოზე ზედმეტად ტოქსიკური იყო.

მომდევნო ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი გაიყვანა. გუნდი, რომლის მეორე ადგილზე გაყვანასაც (პრემიერ ლიგაში) ჟოზე საუკეთესო შედეგად მიიჩნევდა, ფინალში პიტერ ბოშის აიაქსი დაამარცხა.

ბოლო ფინალი კი რომასთან ერთად იყო, წინა სეზონში, ჟოზემ კონფერენს ლიგა მოიგო, ფინალში ფეინოორდი დაამარცხა. ახლა ალბათ ძველი დროც ახსენდება, ზედიზედ რომ შეძლო ორი ევროტურნირის მოგება. ახლა ჟოზეს სურს, რომ ისევ დაუბრუნდეს ძველ სიმაღლეს, ამ ტურნირზე გამარჯვებამ ეგებ დიდი ფინანსური რესურსის გუნდებს აფიქრებინოს რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ სურთ, ჟოზეს უნდა დაუძახონ.

პსჟ რადარზე

პარიზელებმა საფრანგეთის ჩემპიონატი ფორმალობად აქციეს, ბაიერნისა არ იყოს, შიდა ჩემპიონატს ულაპარაკოდ იგებენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე არაფერი გამოსდით. ერთხელ გავიდნენ ფინალში და ისიც იმის ხარჯზე რომ წილისყრაში ძალიან გაუმართლათ. არადა, დიდძალი ფული იხარჯება.

ახლა ისე ჩანს, კატარელ ბოსებს დიდი ცვლილებები სურთ კლუბში, რაც მთავარია, მბაპე რჩება, კილიანმა პირობა დადო, რომ მომდევნო სეზონსაც პსჟ-ში დაიწყებს და ბონუსის სახით 90 მილიონ ევროს მიიღებს. ამდენი ღირს ერთგულება.

მესი დიდი ალბათობით წავა, აღარაც ნეიმარს დაიტოვებენ, პროექტის ცენტრში უკვე დიდი ხანია მბაპეა მოქცეული, ჰოდა, მის ირგვლივ აშნდება ახალი სენ ჟერმენი. მთავარ მწვრთნელად კი ჟოზე მოურინიუს კანდიდატურაც დასახელდა.

დიდი ხანია ჟოზე თავის კლუბებს ტრანსფერებზე ეწუწუნებოდა. ბოლოს თანამშრომლობას ჩვეული სიტყვებიც წყვეტდა – ამ შემადგენლობას მეტი არ შეუძლია. შესაძლოა, მოენატრა კიდეც კლუბი, რომელიც ყველა სურვილს შეუსრულებს. მერე კი ვნახოთ რა შეუძლია.

სევილიას ფინალები

არ აქვს მნიშვნელობა ვინ წვრთნის გუნდს. როგორი შემადგენლობა ჰყავს სევილიას. ეს გუნდი მაინც ყოველთვის ფავორიტია რანგით მეორე ევროტურნირზე. ამჟამად, ექვსი ფინალი აქვთ ნათამაშები და ექვსივე მოიგეს.

2005/06 წლების სეზონში მიდლსბრო დაამარცხეს 4:0. სევილიას ხუანდე რამოსი წვრთნიდა, მიდლსბროს სტივ მაკლარენი. სევილიაში დანი ალვესი, სავიოლა და ლუის ფაბიანო ბრწყინავდნენ, მიდლსბროში ჰასელბანკი, ვიდუკა და დაუნინგი. უეფას თასს სუპერ თასიც მიაყოლეს, ბარსელონა გაანადგურეს 3:0. ეს ერთადერთი სუპერ თასის ფინალია, რომელიც მოიგეს.

მომდევნო სეზონში ხუანდე რამოსმა ფინალში ერნესტო ვალვერდეს ესპანიოლი დაამარცხა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. თერთმეტმეტრიანებში კი სევილიამ იმარჯვა.

შემდეგ კი სამჯერ ზედიზედ გამარჯვების დრო დადგა. 2013/14 წლების სეზონიდან, 2015/16 წლების სეზონამდე. ჯერ ბენფიკას მოუგეს, მატჩი 0:0 მორჩა, თერთმეტმეტრიანებში სევილიამ გაიმარჯვა, ლისაბონელებმა ისევ გუტმანი გაიხსენეს. ამ დროისთვის სევილიელებს უკვე უნაი ემერი წვრთნიდათ.

შემდეგი ფინალი ჯაბა კანკავას დნიპროს მოუგეს. გუნდს აწგარდაცვლილი ხოსე-ანტონიო რეიესი კაპიტნობდა. უნაი ემერის გუნდმა 3:2 მოიგო.

ჰეთთრიქი კი ძალიან გემრიელი გამოდგა, ემერის სევილიამ კლოპის ლივერპული დაამარცხა ფინალში – 3:1.

შემდეგ ერთი წელი შეისვენეს და უკვე მილანის ინტერი დაამარცხეს ევროპა ლიგის ფინალში. სანამ მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგაზე მეფობდა, ევროპა ლიგა სევილიელთა ტყვეობაში იყო.

ლოპეტეგის სევილიამ კონტეს ინტერს 3:2 მოუგო.

ასე რომ, სევილიელთათვის არ აქვს მნიშვნელობა რა დონის გუნდს ეთამაშებიან, ფინალები ყოველთვის მათი გამარჯვებით სრულდება. კონტეს ინტერსა და კლოპის ლივერპულს რომ დაამარცხებ, ესე იგი, ყველაფერი შესაძლებელია.

ინტრიგაც ასეთი უნდა – ან სევილია დაასრულებს თავის წარმატებულ სერიას, ან, ჟოზე მოურინიუ.

პრომოკოდი და მაისის შეთავაზება setantasports.com-ზე

სასიამოვნო სიახლე გვაქვს setantasports.com-ის მკითხველებისთვის. შეიძინეთ, ჩვენი პლათფორმის ერთთვიანი გამოწერა და მიიღეთ უფასოდ დამატებით 2 თვე.

1+2 შეთავაზებით სარგებლობისთვის, საჭიროა, რეგისტრაციისას გამოიყენოთ პრომოკოდი May23. ასეთ შემთხვევაში setantasports.com-ის სერვისით სარგებლობას 1 თვის ფასად 3 თვის განმავლობაში შეძლებთ.