რეცენზია – “ბექემი” ნეტფლიქსზე

სიუჟეტი მხოლოდ ოთხიაო – ყველაზე დიდმა ლათინოსმა ასე გვითხრა, და აბსოლუტურად ყველა სიუჟეტი ამ ოთხში ჩაატია. ჯერ ტექსტები, მერე კი ის ეკრანიზაციები, რაც ტექსტების საფუძველზე შექმნილა.

ნეტფლიქსის დოკუმენტური ფილმი ოთხი სერიისგან შედგება. სათაური მარტივია, თუმცა, დიდი დავა-კამათის შედეგად მიღებული. ერთი სიტყვით დაასათაურეს – „ბექემი“.

ასე გადაწყდა იმიტომ, რომ ბექემი მხოლოდ გვარი არ არის, დიდი ხანია უკვე ბრენდია, ამ გვარზე მხოლოდ ერთი ადამიანი არ გახსენდება, ამ გვარზე კარგი ვარცხნილობა, სტილი, კაპიტნის სამკლავური, სტანდარტულები, წითელი, თეთრი, ჩახვეული ბურთი და ინგლისი გახსენდება.

რთულია მისი კარიერისა და ვიქტორიასთან თანაცხოვრების ოთხ სერიაში გადმოცემა. ავტორები რაღაცებს მოერივნენ, რაღაცებს ვერა, ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი ეკრანს მიღმა დარჩა. ავტორი კი ფეხბურთის დიდი მცოდნე ნამდვილად არ არის, ჰოდა, ბარემ ახლავე ვთქვათ, ეს ფილმი არ არის ფეხბურთზე.

განძის ძიება – Adams Family

ცოტა მეწყინა, ფილმში ბექემი ყვება ცნობილ ისტორიას როდის ნახა პირველად ვიქტორია ადამსი და რა უთხრა გარი ნევილს, მაგრამ თბილისი არ უხსენებია. წიგნში ნახსენებია, ფილმში არა.

ნაწილი პირველი, სიუჟეტი პირველი – განძის ძიება. ფეხბურთში განძი ტიტულებსა და მიღწევებში ითარგმნება, მათ შორის, ნაკრების ფორმის მორგებაში, ფეხბურთელის მთავარ ოცნებაში. განძი კი ასე მარტივად არ მოდის, მარტივი რომ იყოს საინტერესოც არ იქნებოდა და ბორხესიც არ დაგვიტოვებდა ანდერძად.

ბექემის გზაზე ბევრი დაბრკოლება იყო, ისევე როგორც ყველა წარმატებული ადამიანის გზაზე, მაგრამ ძალა იპოვა საკუთარ თავში და შედგა, როგორც ფეხბურთელი, როგორც ადამიანი, როგორც ბრენდი.

დაბრკოლებები რომ ვერ გადაელახა დარჩებოდა ფეხბურთელად რომელსაც გიორგი ქინქლაძე სტადიონის გვირაბში ახრჩობდა, ახლა კი მთელმა მსოფლიომ იცის მისი გვარი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გვარი დადებითი კონტექსტისა და ემოციის მატარებელია. 

თავიდანვე უჭირდა მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირება, განსაკუთრებით მას მერე რაც ვიქტორიასთან ერთად დაიწყო თანაცხოვრება. – „ის შეიცვალა“ – ამბობს სერ ალექსი. არ არსებობს მეორე ფეხბურთელი, რომელიც ამდენ დროს ხარჯავს ვარცხნილობაზე, კრიშტიანუ რონალდუც კი არ არის სტილზე ამდენად შეშლილი.

წავიდა ბექემი რეალში და წავიდა რონალდუც, მაგრამ წავსლასაც ხომ გააჩნია? ბექემში არანაკლები შრომა ჰქონდა ფერგის ჩადებული, ბავშვობიდან აჩვევდა პირველ გუნდს, პატრონობდა, გამოზარდა და ბუციც გაარტყა წარბში.

რა თქმა უნდა, ეს ამბავიც მოთხრობილია. როგორც ბექემის, ისე ფერგის პერსპექტივიდან.

ასევე, სულშერის პერსექტივიდანაც.. თურმე, მისი ბუცი ყოფილა.

ალყაში – They want blood

ბორხესის მეორე სიუჟეტი. ქალაქი ალყაში – იცის, რომ დაეცემა, მაგრამ მაინც იბრძვის. ბექზი დაეცა, 98-ში პირველად დაეცა და მას მერე სულ აღმავლობა და დაცემა იყო. ჯერ უბედნიერესი იყო, ჰადლიმ ნაკრებში გამოიძახა, მერე შენიშვნა მიიღო საკმარისად კონცენტრირებული არ ხარო და სკამზე დაჯდომა მოუწია. 1998 წლის ჩემპიონატზე ეტაპობრივად მოუმატა, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში გმირად იქცა და მოვიდა ის ცნობილი მატჩი – ინგლისი vs არგენტინა.

“გაგდებას, რა თქმა უნდა, არ იმსახურებდა“, – სიცილით ამბობს ინტერვიუში დიეგო სიმეონე. დიეგოს მსგავსი ხრიკები არ ესწავლება, საერთოდ, არგენტინელებს არ ესწავლებათ. ამ დაპირისპირების ამბავი ფოლკლენდის კუნძულებიდან იწყება, მარადონას შოკით გრძელდება და ბექემით მთავრდება.

ჯერ ოუენის გოლი იყო, ინგლისელებმა მარადონას გოლს შეადარეს, მაგრამ არც ეგ გოლი ჰგავდა მარადონას გოლს და არც ღმერთის ხელი ერია ინგლისელების საქმეში. ღმერთს მოფიქრება სჭირდება, არგენტინელებზე კარგად კიდე ვერ ფიქრობენ. ასე თეატრალურად წაქცევასაც მოფიქრება უნდოდა და სიმეონემ მოიფიქრა.

წითელი! – ზიდანისა და სუარესის დასჯის მერე, ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი წითელი ბარათია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.

რაზე ფიქრობდა ამ დროს? თავში რა უტრიალებდა? რამ აიძულა? მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მის ტელეფონზე ზარი გაისმა და ვიქტორიასგან მოისმინა სიტყვები, რომელიც აუცილებლად აუბნევდა თავგზას, როგორც მინიმუმ, იმის თქმა შეგვიძლია, რომ მხოლოდ ფეხბურთზე ვერ იფიქრებდა.

აქიდან იწყება ბექემის წინააღმდეგ ატეხილი ბუნტი, ყველგან – პრესაში, ტელევიზიაში, მანჩესტერში, მთელ ინგლისში! განსაკუთრებით ლონდონში.

 „ამას სერ ალექსი არასდროს გააკეთებდა, – ამბობს ბექემის დედა, ჰადლის კომენტარის შემდეგ, – მან წაგება დევიდს დააბრალა“. გაწირა, მთელ ქვეყანას საჯიჯგნად მიუგდო, ქომაგი კი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, წაგების მერე მსხვერპლს ითხოვს, იქაც ისე როგორც ჩვენს პატარა ქვეყანაში. ჰადლიმ განტევების ვაცი იპოვა.

ბექემი ფსიქოლოგიურად გაანადგურეს, მაგრამ მეორე ზარიც მალევე გაისმა – ესეც იდეალური დრამატული პაუზა. ძირს დაცემულ, დამარცხებულ და მიწასთან გასწორებულ ბექემს აღმზრდელმა დაურეკა, იმ დროისთვის ერთადერთმა კაცმა, რომელსაც მისი გადარჩენა შეეძლო.

სერ ალექსი – როგორც Deus ex Machina.

შენიშვნა ავტორებს

ფეხბურთის ქომაგს ბევრი რამ მოაკლდება ამ ფილმებში, რაღაც მხრივ გასაგებია, აქცენტი პირად ცხოვრებაზეა და არა მოედანზე, მაგრამ რადგან გადაწყვიტე, რომ არგენტინა – ინგლისის თემას შეეხო, რადგან ბექემის კონტექსტში განიხილავ, მაშინ არ გაქვს უფლება 2001/02 წლების სეზონის ინციდენტი არ მიიღო მხედველობაში და იმის ნაცვლად რომ დრამატურგია გაამდიდრო, პირიქით, სიცარიელეს ტოვებ.

რა მოხდა მაშინ? მოხდა ის, რომ ინგლისი და არგენტინა 2002 წლის მუნდიალზე ერთად მოხვდნენ სიკვდილის ჯგუფი. ბექემი ბრწყინვალე სეზონს ატარებდა, ალბათ საუკეთესოს კარიერაში, მანჩესტერსაც ძალიან კარგი სვლა ჰქონდა, ლიგის მეოთხედფინალში ირურეტას დეპორტივოს შეხვდა, და იქ მოხდა, რაც მოხდა.

რეაზორზე ბექემმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, ბოლო წუთებზე კი დიეგო ტრისტანმა ტრავმა მიაყენა. პირველი განგაში აქ გაისმა, მაგრამ ბექემმა განმეორებითი მატჩისთვის გამოჯანმრთელება შეძლო, აი ოლდ ტრაფორდზე რაც მოხდა ამას ახსნა აღარ აქვს.

მატჩის მეოცე წუთზე არგენტინელმა ალდო დუშემ ბექემი დაამტვრია, მატჩის შემდეგ კი თქვა – ჩემი ქვეყანა ინგლისთან ითამაშებს, ბექემის გარეშე მეტი შანსი გვექნებაო. არ ვიცი, შესაძლოა გაგდებულმა, წაგებულმა და გაღიზიანებულმა შეგნებულად თქვა ასეთი რამ, მაგრამ ამან ძალიან გააბრაზა საფეხბურთო საზოგადოება, რომელთა უმრავლესობასაც ბექემის მუნდიალზე ხილვა სურდა, ნეიტრალური ქომაგი ინგლისელთა მხარეს განაწყო, არადა, აქამდე პირიქით იყო.

მერე რაც მოხდა ფილმშიც ვნახეთ – სწრაფად გამოჯანმრთელებულ ბექემს გადამწყვეტი გოლი გააქვს არგენტინის კარში, მაგრამ კონტექსტი აბსოლუტურად დაკარგულია.

ღმერთის სიკვდილი

ბორხესის მომდევნო სიუჟეტი აბსოლუტურად ყველა თვითდესტრუქციულ პერსონაჟს ერგება. ბექემისა და სერ ალექსის ურთიერთობა რაღაც მხრივ ჰომერულია, რაღაც მხრივ ბიბლიური. სერ ალექსმა შექმნა ბექემი როგორც ფეხბურთელი, მან გამოაწრთო.

მაგრამ შვილები ამხდრდებიან ხოლმე მამების წინააღმდეგ. ბუცის ამბავი ხომ უეცრად არ მომხდარა, ამას ჰქონდა თავისი წინაპირობა, ეს მთელი წლის მანძილზე ნაგროვები სიბრაზე იყო, რომელიც ურჩობით დაიწყო და სულშერის ბუცით დამთავრდა.  

ბექემი როგორც დიდი ფეხბურთელი, როგორც პრეტენდენტი იმისა, რომ თავისი თაობის საუკეთესო წარმომადგენელი გამხდარიყო, თუნდაც, მხოლოდ თავისი ქვეყნის მასშტაბით, იქ დამთავრდა, როცა სერ ალექსის წინააღმდეგ წავიდა. როცა ვარცხნილობა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე მოედანი. როცა მათ შორის ნდობა დაიკარგა, იყო შემთხვევები, როცა ბექემი არ ტყუოდა, მაგრამ მისი მაინც არ სჯეროდათ. ეს უკვე დასასრულია.

აღბეჭდილია რეალისა და მანჩესტერის მეოთხედფინალი – მატჩის მერე ზიზუსა და ბექემის მოკლე საუბარი, რაღაც მხრივ წინაპირობა გახდა მისი ტრანსფერისა. ვნახეთ ლაპორტას ავანტიურა, ავტორები ამასაც უკარგავენ კონტექსტს, თუმცა, ეს უკვე გასაგებია. ფილმი რომ ლაპორტაზე ან რონალდინიოს ტრანსფერზე ყოფილიყო, მაშინ მოგვითხრობდნენ კიდეც დაწვრილებით, მაგრამ ფილმი ბექემზეა და მხოლოდ ორი სიტყვა დაეთმო.

მსოფლიოს ორი საუკეთესო მარჯვენა ნახევარმცველი ერთ გუნდში, ვინ აკეთებს ასეთ ტრანსფერს? – ისმის კითხვა და სცენაზე ვხედავთ ფლორენტინო პერესს. პასუხსაც მარტივად იძლევა – ეს მარკეტინგული სვლა იყო და არა სპორტული. რეალს ბექემი არ სჭირდებოდა.

მადრიდული პერიოდი თვალსა და ხელს შუა ქრება, თითქოს არც ყოფილა, უტიტულო პერიოდს ორი-სამი კადრით გვაჩვენებენ, კარგი გადაწყვტილება იყო მწვრთნელების განუწყვეტელი ცვლით დიდი პერიოდის მოკლედ მოთხრობა, მხოლოდ ასე შეიძლებოდა ამ გაუგებრობის აღწერა.

..და ისევ ავტორები – ისევ წმინდა სპორტული დეტალი – არავის უთქვამს, რომ ბარსელონამ კრუიფის მეცადინეობით კიდევ ერთი საფეხბურთო რევოლუცია დაიწყო, არათუ ორი ფეხბურთელის კონკურენცია, არამედ მარჯვენა ნახევარმცველებიც ქრებოდნენ საფეხბურთო მოედნებიდან, თანამედროვე ფეხბურთი გარემარბებზე გადაეწყო.

სახლში დაბრუნება

საინტერსოა მისი და კაპელოს ურთიერთობა. ბექემმა ხომ კარი გაიჯახუნა, ლა ლიგის ჩემპიონის რანგში წავიდა და კიდევ ერთი შენიშვნა რეჟისორს – ისე გვაჩვენა ეს მონაკვეთი რომ არაფერი უთქვამს უდრამატულეს ფინალზე, ამის გამოტოვება იგივეა კინო გადაიღო აგუეროზე და ის გოლი არ ახსენო ქუინზ პარკ რეინჯერსთან.

განვმეორდები – ეს არის სერიალი ბექემისა და ვიქტორიას თანაცხოვრებაზე, მთელი ამ ქარიშხლის პირობებში, მაგრამ, მაინც, ამის გამოტოვება არაფრით არ შეიძლებოდა. როცა ასე დრამატული ფინალით მიდიხარ კლუბიდან, აუცილებელიც კია რომ აღიწეროს. ძალიან საინტერესო იქნებოდა ბექემის პერსპექტივიდან სარაგოსაში გამართული მატჩის გახსენება, როგორ დაბრუნდნენ თამაშში და როდის გაიგეს ბარსელონურ დერბიში დაფიქსირებული შედეგი. რეალურად, ეს იყო საჩემპიონო მატჩი და არა ბოლო ტურის შეხვედრა, რომელიც ფილმში ვნახეთ.

წავიდა ამერიკაში, მერე კი დაბრუნდა ევროპაში, მაგრამა არა მანჩესტერში, არამედ მილანში, მერე პსჟ-ში. ჰომერული დაბრუნება არ შედგა.

ფერგიც გვეუბნება ორ სიტყვას, ბექემის ამერიკაში წასვლაზე – „რჩევა რომ ეკითხა აუცილებლად ვეტყოდი  – არა, არაფრის დიდებით!“

წერტილი და ფინალი კი შესანიშნავია. ბექემი ფეხბურთს ვერ შეეშვა, ვერც შეეშვება, კანტონა გვეუბნება რომ ადრენალინის უკმარისობა, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ გაწუხებს რამენაირად უნდა შეავსო, ბექემმა ფეხბურთში დარჩენით შეივსო, ინტერ მაიმის მფლობელია და ალბათ ხვდებით როგორც სრულდება ოთხნაწილიანი ნამუშევარი – ლიონელ მესი გადის მოედანზე, ბექემის კლუბის მაისურში გამოწყობილი.

ერთადერთი რაზეც ამ დროს დავფიქრდი, რაც ამ დროს თავში მომივიდა.. იქნებ დროა მანჩესტერს რამე ეშველოს, იქნებ დროა ნორმალური მმართველის ხელში ვნახოთ, იმ კაცის, რომელიც ფეხბურთშიც გადასარევად ერკვევა და ბიზნესშიც, იქნებ დაფიქრდეს ბექემი მანჩესტერის შესყიდვაზე?

კლუბის გაყიდვაზე საუბარი არ წყდება, ბექემს კი უარს არცერთი დიდი კომპანია არ ეტყვის ამ საქმეში წაეხმაროს.  

აი, ეს იქნება ტრიუმფი, ეს იქნება ნამდვილი დაბრუნება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე