სარჩევი
2021 სექ 08, 13:00 შშ
6 წუთის საკითხავი

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატები წარადგინა. მათ შორის ოლიმპიური ოქროს მფლობელი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი – გიორგი ნემსაძე. ნემსაძისთვის პოლიტიკა უცხო არ არის, მაგრამ მაინც უცნაურია მისი ამ სფეროში მობრუნება, გამომდინარე იქიდან, რომ მცირე ხნის წინ ასეთი კომენტარი გააკეთა: 

“სამწვრთნელო კარიერაზე თავიდანვე ვფიქრობდი. უბრალოდ, შემდეგ რაღაც გარემოებებმა ხელი შემიშალა. 8 წელი ვიყავი საკრებულოს დეპუტატი და შესაბამისობაში ვერ მომყავდა. როცა ფეხბურთში ხარ, ძილს თუ არ ჩავთვლით, ყოველთვის საქმეში უნდა იყო. 

კარგი იქნებოდა, რომ ადრე დამეწყო. ახლა ვფიქრობ, რაღაც გადაწყვეტილებებს უფრო ადრე მივიღებდი და მეტი გამოცდილება მექნებოდა. გული მწყდება, მაგრამ გვიანი არაა, ფეხბურთის მიმართ სიყვარულმა ეს გადამაწყვეტინა”, – თქვა გია ნემსაძემ. ფეხბურთის სიყვარულმა ფეხბურთში დააბრუნა, აი, პოლიტიკაში რამ ან ვინ მიაბრუნა, ჯერჯერობით გაუგებარია. 

საკრებულოს წევრობის მერე ხან მწვრთნელი იყო, ხან სპორტული დირექტორი, დიდხანს მუშაობა ვერსად შეძლო, დინამოს მწვრთნელობიდან მალე გაათავისუფლეს, სპორტული დირექტორის პოზიციაზე კი ორჯერ იყო ამავე კლუბში, მაგრამ ვერც აქ გაჩერდა დიდხანს. ახლა კი მოულოდნელად პოლიტიკაში ბრუნდება. მოულოდნელად არა ქართული პოლიტიკისთვის, არამედ მისთვის. საქმე მხოლოდ მცირე ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაში არ არის, გიორგი ნემსაძეს პოლიტიკაში კარგი არაფერი უნახავს და ბევრი ცუდი მოგონებაც დარჩა, მათ შორის ყველაზე სკანდალური 13 მაისის არჩევნებია, როცა მმართველი ძალის ორ შტოს შორის დიდი დაპირისპირება მოხდა და იმ ძალამ იმარჯვა, რომელშიც ნემსაძე არ მოიაზრებოდა, სულ რამდენიმე წუთში დატოვა პრეზიდენტის პოსტი, რა დროსაც პარადოქსული ტექსტიც მოვისმინეთ – “არჩევნებში გამარჯვება ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა”, – თქვა მაშინ ნემსაძემ. რა თქმა უნდა, როცა ქვეყნის პირველი პირი მუქარით გირეკავს, გადადექიო, ადგები და სულ ფართხა-ფურთხით გადადგები, თან იმ კაცს სჩვევია “გადადექის” ყვირილი. 

ასე რომ, უცნაური ამბავია, თითქოს ამ ყველაფრის მერე ჭკუას უნდა სწავლობდეს ადამიანი, მაგრამ ისევ იმ სფეროში მიდის, სადაც ადამიანს და ადამიანობას არაფრად აგდებენ, არადა, სპორტის ერთ-ერთი ფუძე ურთიერთპატივისცემაა და, წესითა და რიგით, ვერ უნდა გრძნობდეს კარგად თავს სპორტსმენი პოლიტიკაში. პოლიტიკასა და სპორტს შორის ურთიერთგავლენა ყოველთვის იყო, უამრავი კლუბი პოლიტიკური მოტივით არის დაარსებული, უამრავი ჩემპიონატი პოლიტიკური მოტივით არის ჩატარებული და ა.შ., ვერ იმიჯნება ეს ორი სფერო, მაგრამ სპორტსმენი პოლიტიკაში ოდითგანვე განწირულია.

შიდა დაპირისპირების სცენარი განვითარდა 2016 წელს, როცა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის, “ქართული ოცნების” 2012 წლის მოწვევის პარლამენტარი ლერი ხაბელოვი და ამავე პარტიის მომავალი დეპუტატი ირაკლი მეძმარიაშვილი იბრძოდნენ. საბოლოოდ, ისევ ხაბელოვმა იმარჯვა, თუმცა, პროცესი მაინც გაიწელა, საწყის ეტაპზე ითქვა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და კარგად ჩატარდა, მეძმარიაშვილმა ოპონენტს გამარჯვება მიულოცა, 2017 წელს კი აღმოჩნდა, რომ არჩევნების შედეგები სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული. მეძმარიაშვილი “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში, 2020 წლის არჩევნებზე კახა კალაძის კვოტით მოხვდა. 

კარგი მაგალითია გიორგი ასანიძე, ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც სახელისუფლებო პარტიის საპარლამენტო სიაში მოხვდა და იმ ხალხმა, რომელიც ადრე აღმერთებდა, კვერცხები დაუშინა. ამ მოვლენას მაშინდელმა პრეზიდენტმა მცირე დრო დაუთმო და ასანიძე შეაქო, მის ძალაზე გააკეთა აქცენტი, ერთი რომ მოექნია, მოისვრიდა იმ ხალხს იქიდანო, თითქოს ეწყინა კიდეც, რომ მშვიდად აიტანა კვერცხების სროლა და შეურაცხყოფა. ამ ყველაფრის მერე სპორტში დაბრუნდა და ქვეყანას იქიდან ემსახურება, საიდანაც ყველაზე უკეთ გამოდის სასიკეთო საქმის კეთება, ახალი ჩემპიონები აღზარდა და კიდევ მეტსაც გაზრდის, საცოდაობაა ამ ცოდნისა და ნიჭის განიავება, მხოლოდ იმაში, რომ ვიღაცის ფარად იქცე. 

ძალიან მძიმედ შევიდა პოლიტიკაში ლუკა კურტანიძე, წესიერი კაცი, რომელიც უბრალოდ გამოიყენეს, დააყენეს აქციაზე საჩხუბრად და როცა გათელეს, მის გვერდით აღარავინ აღარ იდგა, ისევ სპორტსმენმა სოსო ჯაჭვლიანმა მიაკითხა და სისხლში ამოთხვრილი წამოიყვანა. შემდეგ ისევ გამოჩნდა პოლიტიკაში რევანშისტული განწყობით და ისევ რაღაც აურზაურში გაეხვია, მისი მეგობრისა არ იყოს, ფედერაციებში მათ ყოფნას ყოველთვის კონფლიქტი და საგნების აქეთ-იქით სროლა მოსდევდა. ამ ყველაფერს კი პარტიული სარჩული ჰქონდა, ბრალდებები, როგორც წესი, ამ მოტივით განიხილება ხოლმე. 

პოლიტიკას უყვარს ცნობადი სახეები, თუ ამ ცნობად სახეს კარგი რეპუტაცია აქვს, მაშინ ისე მოქაჩავენ, რომ შეითრევენ კიდეც რომელიმე ხელისუფლებაში, განსაკუთრებით სამთავრობო და საკანონმდებლო ხელისუფლებაში, მადლობა ღმერთს, რომ სპორტსმენებს სასამართლო ხელისუფლებაში მაინც არ აწინაურებენ, თუმცა, დღეს ეგეც არ გამიკვირდებოდა, მაგალითად, ეროვნული ჩემპიონატის რომელიმე არბიტრი რომ მიიწვიონ საოლქო სასამართლოს მოსამართლედ, ვერ ივარგებს ვითომ?! ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების მიხედვით დგინდება, რომ სასამართლოს ხალხისგან ყველაზე ნაკლები ნდობა აქვს, ასე შორიდან, დაუდასტურებლად კი ვიცით, რომ იმას აკეთებენ, რასაც ზემოდან ჩასძახებენ, ამიტომ, როგორმე ჩვენი არბიტრებიც შეძლებენ ჩაქუჩის საჭირო დროს დაბრახუნებას, სწორ დროს დასტვენა თუ იციან, ბრახუნსაც მარტივად მოახერხებენ. 

თვალის დახუჭვაშიც ნავარჯიშები არიან, ხალხი მოედნიდან ჰყავთ გაძევებული და როგორმე სასამართლო დარბაზიდანაც გააძევებენ, შეურაცხყოფა კი იმდენი აქვთ მოთმენილი და ატანილი, რომ არც ახლა შეაშინებთ რამე. ამიტომ, პატივცემულ თავმჯდომარეს შემიძლია რამდენიმე კანდიდატი შევთავაზო, მერე იქნებ უვადო მოსამართლის სტატუსიც მიანიჭოს. 

ამ ამბავში ჩაყოლილები ბევრი გვყოლია, აქამდე არ მახსოვს, რომელიმე მათგანი პარლამენტში სიტყვით გამოსულიყო, ან თუ გამოსულა, რამე ჭკვიანური ეთქვას, როგორც წესი, სასაცილოდ გაიხდიან ხოლმე საქმეს, ეს კი ჩვენთვის მძიმე სანახავია, რადგან ამ ხალხს თავის დროზე სიხარული მოჰქონდა ჩვენთვის, პატივს ვცემდით, ვაფასებდით და მერე ასეთი ამბები ხდება. 

სპორტსმენების საკანონმდებლო ხელისუფლებაში მიწვევას თავისი მიზეზები აქვს, გარდა მათი კარგი რეპუტაციისა, ცნობადობისა და იმ სიხარულისა, რაც ქართველ ხალხს მოუტანეს, მათი ფიზიკური ფორმაც აინტერესებთ, როცა რიგითი ჩაკოსტუმებული რაიმე უხერხულს წამოიყვირებს, მას აუცილებლად დასჭირდება გვერდით კუნთმაგარი ან ფეხმარდი კოლეგა, რომელიც ზურგს გაუმაგრებს. ყოფილა შემთხვევა, თავად კუნთიანებსაც წამოუყვირიათ და დაუწყიათ აყალმაყალი, – „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“ – წამოისროლა სოსო ჯაჭვლიანმა და გაეშურა ბარამიძის მისაბეგვად, მერე თავისივე პარტიამ მოიძულა და სახელისუფლებო არხის მეშვეობით გაშავება დაუწყეს, მაგრამ ყველაფერ ამის შემხედვარე, მაინც ვერ ხვდებიან ჩვენი სპორტსმენები, რა გზაზე ღირს წასვლა და რაზე არ ღირს სიარული. 

გვახსოვს ზურაბ ზვიადაურის აქტიური მონაწილეობა ჯგუფური ჩხუბის დროს, ბევრი კაცი აკავებდა, რაღაც უცნაური ილეთის გაკეთებას ცდილობდა, რაღაც ისეთის, რაც მანამდე ნამდვილად არ ჰქონდა გაკეთებული, როგორღაც დაიჭირეს და ჩამოხსნეს ჰაერიდან, საინფორმაციო გამოშვებაში კი ძალიან უხერხულად გააშუქეს ეს ყველაფერი და ჩვენი ოლიმპიელი სასაცილოდ აიგდეს. 

არადა, ოლიმპო ღმერთების თავშეყრის ადგილია, ვის გაუგია, ოლიმპიელს აბუჩად იგდებდნენ?! 

რაც უფრო პრიმიტიულია პოლიტიკა, მით უფრო მეტი სპორტსმენი ხდება საჭირო, ერთგვარი შირმა, რომელიც სიბინძურეს დაფარავს, არ გამოაჩენს, მაგრამ სუნი მაინც იგრძნობა, რადგან გახრწნილების სუნის გადაფარვა უბრალოდ შეუძლებელია, ხალხი წუხდება და პირველი, რა თქმა უნდა, შირმას ხვდება. 

ამჟამად, სახელისუფლებო პარტიაში, კახა კალაძის, ლევან კობიაშვილის, დავით კაჭარავასა და ვიქტორ სანიკიძის შემდეგ, სახელისუფლებო კანდიდატებად გია ნემსაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც წარადგინეს.

მშვენიერია. ბატონი მიხეილ ყაველაშვილი სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეა, როცა უმცროსი ახალკაცის დროს ყველაფერი თავზე დაგვემხო, ბატონი მიხეილი მის ოპოზიციაში იყო და ღიად ითხოვდა პასუხს მწვავე კითხვებზე, საპასუხოდ კი ეუბნებოდნენ იმას, რაც ძალიან ხშირად ისმის ხოლმე სპორტში და როცა ისმის, უნდა იცოდეთ, რომ მიღმა სიბინძურეა – „მოდი, საფეხბურთო ოჯახში გადაწყდეს“ – ასეთი იყო პასუხი, როგორც წესი, რაც ასე წმინდად, საკრალურად მიგვაჩნია, იმას აიფარებენ და გასვრიან ხოლმე. ჰოდა, ასე იყენებენ ოჯახის ინსტიტუტსაც, ამავეს მოისმენდით სხვადასხვა სფეროში, არა მხოლოდ სპორტში, ბოლოს რაგბიში გაისროლეს ეს ტრაფარეტული ფრაზა, ხოლო ყველაზე შემზარავად ის მეჩვენა, რომ თავად ყაველაშვილისგანაც მოვისმინე რაღაც მსგავსი – „იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ამავე სფეროში მოგვარდება და გარეთ არ გამოვა“, – მიხეილ ყაველაშვილმა ჭიდაობის ფედერაციაში დატრიალებული ამბების შემდეგ გააკეთა ეს განცხადება და ენაც ჩამივარდა, აბა, რა უნდა მეთქვა?! კი ვიცოდი, რომ ხშირად ემსგავსები იმას, ვისაც ებრძვი, მაგრამ ასეთი ნათელი ილუსტრაცია უბრალოდ არ მახსენდება.