DNCG-მა (საფრანგეთში მენეჯმენტის კონტროლის ეროვნულმა დირექტორატმა) გასულ კვირას ოფიციალურად დაადასტურა ლიონის დაქვეითება ლიგა 2-ში, რადგან კლუბის ფინანსურ ანგარიშში მნიშვნელოვანი დეფიციტი იყო. ევროპის მასშტაბით, არაერთმა კლუბმა ყურადღება მიაპყრო შექმნილ სიტუაციას. შოკის გარდა, ამ გადაწყვეტილებამ ბევრ კლუბს ახალი შესაძლებლობის განცდაც გაუჩინა.
ლიონი – კლუბი, რომელმაც, მიუხედავად პრობლემებისა, მოახერხა სეზონის იმ პოზიციაზე დასრულება, რომ ევროპის ლიგაზე მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა, ახლა მოულოდნელად აღმოჩნდა დაქვეითების საფრთხის წინაშე. მომავალი სეზონისთვის კი მათი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
უეფას მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლიონი დათანხმდა, უარი ეთქვა ევროპა ლიგის საგზურზე იმ შემთხვევაში, თუკი DNCG-ის გადაწყვეტილება ძალაში დარჩებოდა. ამჟამად კი მიმდინარეობს საჩივრის განხილვის პროცესი.
ლიონი წამყვანი ფეხბურთელების დაკარგვის პირას
ლიონის შემადგენლობაში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელია. მართალია, რაიან შერკიმ უკვე დატოვა კლუბი და მანჩესტერ სიტის მიაშურა, თუმცა გუნდის შემადგენლობაში კვლავ რჩებიან მალიკ ფოფანა, ჟორჟ მიკაუტაძე, ლუკას პერი და ერნესტ ნუამა. ნუამა, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარში სერიოზული ტრავმა მიიღო, ამ ზაფხულს, სავარაუდოდ, არ დატოვებს გუნდს, რაც საკმაოდ მოსალოდნელიცაა. თუმცა, ლიონის არაერთ მოთამაშეს ჰყავს პოტენციური მყიდველი.
რაც შეეხება ჟორჟ მიქაუტაძის პოტენციურ ტრანსფერს, ქართველი ფორვარდის დამატებით ისეთი გუნდები არიან დაინტერესებულნი, როგორიცაა: სანდერლენდი, ნოტინგემ ფორესტი, რომა და ფრანკფურტის აინტრახტი.
მიუხედავად ამისა, მოთამაშეების მასობრივს გასხვისებას ლიონი არ გეგმავს. საფრანგეთის წამყვანი სპორტული გამოცემის, ლ’ეკიპის ინფორმაციით, კლუბი არ აპირებს ტრანსფერების დამტკიცებას, სანამ ლიგა 1-ში ყოფნის საკითხი საბოლოოდ არ გაირკვევა.
შესაძლოა, მოგვიანებით ლიონს იძულებითი გაყიდვების აუცილებლობა მაინც შეექმნას, მაგრამ სანამ საჩივრის პროცესი მიმდინარეობს, ტრანსფერების მიმართულებით სიახლეები მოსალოდნელი არ არის.
როგორ ჩავარდა ლიონი ამ მდგომარეობაში
ლიონის დაქვეითება მოდის არა სპორტული საწყისიდან, არამედ ფინანსური კრახის, დიდი ვალისა და DNCG-ის მიერ დადგენილი ფინანსური სტანდარტების არდაკმაყოფილების შედეგად. ლიონს დიდი კაპიტალური დეფიციტი აქვს, რაც თითქმის 500 მილიონი ევროა თანხობრივად.
24 ივნისის შემდეგ კლუბი სასამართლოში აგრძელებს გასაჩივრებას და მიიღებს თუ არა კრისტალ პალასი ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლებას, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ბედი ელის ლიონს. რეალურად, თუ თანხები საკმარისი იქნება და პროცედურები სწორად დასრულდება, ლიონი ლიგა 1-ში დარჩება – სხვა შემთხვევაში, გარდაუვალია ოლიმპიკელთა დაქვეითება.
ლიონის კრიზისის ფესვები ბოლო წლების ცუდ მენეჯმენტში უნდა ვეძებოთ. ჟან-მიშელ ოლასის ეპოქის დასრულების შემდეგ, კლუბმა დაკარგა სტაბილური სტრუქტურა, რაც არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აისახა. მწვრთნელების ხშირი ცვლა, სპორტული დირექტორის პოზიციის გაურკვევლობა და უნებლიე სატრანსფერო პოლიტიკა ლიონს ნაბიჯ-ნაბიჯ აშორებდა იმ სიმაღლეებს, რომელთა დათმობასაც ფანები არ ეგუებიან.
თუ DNCG-ის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, 2024–25 სეზონში ლიონი დაკარგავს ადგილს ლიგა 1-ში და მათი ადგილი, სავარაუდოდ, რეიმსს გადაეცემა, რომელიც ცუდი სეზონის შედეგად გავარდა.
ჟორჟ მიქაუტაძის მომავალი – წასვლის ზღვარზე მყოფი ლიონელი
ლიონის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, ჟორჟ მიქაუტაძის მომავალს ამჟამად ბურუსი ფარავს. ქართველმა თავდამსხმელმა ლიონის რიგებში 2024/25 წლების სეზონი შედეგიანად ჩაატარა — მან ყველა ტურნირზე ჯამში 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა. თუმცა კლუბის ფინანსურმა კრიზისმა და ლიგა 2-ში შესაძლო დაქვეითებამ მისი დარჩენა საეჭვო გახადა.
მიქაუტაძის შეძენით დაინტერესებულია არაერთი კლუბი, განსაკუთრებით კი ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენლები. ლიონი მის სანაცვლოდ 25–30 მილიონ ევროს ითხოვს, რაც მიანიშნებს, რომ მიქაუტაძის გაყიდვა შესაძლოა გახდეს ის ნაბიჯი, რომელიც კლუბს ფინანსურ ცხოვრებას შედარებით შეამსუბუქებს.
ჟორჟი კი საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრების გასაგრძელებლად მზად ჩანს — იქ, სადაც სტაბილურობა, მაღალი კონკურენცია და პროფესიული ზრდის მეტი შესაძლებლობა ელოდება.
ლიონი და კრისტალ პალასი – ჯონ ტექსტორი საქმიდან გავიდა?
ამერიკელმა მილიარდერმა, ჯონ ტექსტორმა, რომელიც კრისტალ პალასის 43%-იან წილს ფლობდა, საბოლოოდ გაყიდა თავისი წილი პალასში უოდი ჯონსონზე — ამერიკელ ინვესტორზე, რომელიც ასევე ფლობს NFL-ის გუნდს, ნიუ იორკ ჯეტსს. ანუ ტექსტორმა პალასიდან ფინანსურადაც და სტრატეგიულადაც უკან დაიხია, რაც მისი დე ფაქტო ჩამოშორება იყო კლუბის სტრუქტურიდან.
ამ ეტაპზე, ჯონ ტექსტორმა, 59 წლის ასაკში, გადაწყვიტა, რომ დროებით ჩამოშორდეს ლიონის მართვასაც და ფოკუსირდეს ბრაზილიურ ბოტაფოგოზე, ბელგიურ დარინგ ბრიუსელსა და ახალი ინგლისური კლუბის ძიებაზე, რომელიც პალასს შეცვლის მის სტრუქტურაში.
ლიონში ხელმძღვანელობას გადაიბარებენ ამერიკელი ინვესტორი მიშელ კანგი, რომელიც უკვე ფლობს კლუბის ქალთა გუნდის საკონტროლო წილს, როგორც პრეზიდენტი, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად ინიშნება ბაიერნის ყოფილი ფინანსური ხელმძღვანელი, მიხაელ გერლინგერი.
კრისტალ პალასის ევროპული მომავალი სრულადაა დამოკიდებული ლიონთან დაკავშირებულ მულტიმფლობელურ დავასა და უეფას გადაწყვეტილებაზე, რომელიც ითვალისწინებს სამართლებრივ პროცესებსა და გადასყიდულ აქტივებს.
ამ ეტაპზე პალასის ევროსაგზური დამოკიდებულია ორ სცენარზე – ლიონი ქვეითდება ლიგა 2-ში და პალასი ევროპა ლიგაზე იასპარეზებს, ან ლიონი რჩება უმაღლეს დივიზიონსა და ევროპა ლიგაზე, კრისტალ პალასი კი გადაინაცვლებს კონფერენს ლიგაზე. როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას უახლოეს ორ–სამ კვირაში.