ქართული ფეხბურთი 2024 – ცხადია, ეს წელი საუკეთესო იყო. ბუნებრივია, საფეხბურთო დღესასწაულს და ახდენილ ოცნებას, კიდევ უფრო მეტად შევირგებდით და შევიგრძნობდით, რომ არა ქვეყანაში შექმნილი ვითარება.
თუმცა ეს სხვა ამბავია. ამ სტატიაში კი 2024 წელი ყველა მისი მნიშვნელოვანი ქართული წახნაგით გავიხსენოთ და შევაფასოთ.
საქართველო ევროპაზე
ეთამაშა საქართველოს ნაკრებს რომელიმე დიდ სანაკრებო ფორუმზე, ჩვენი ოცნება იყო. ვეტერანი თუ მოქმედი ფეხბურთელების, მწვრთნელების, გულშემატკივრების, სულ ყველას ოცნება ახდა.
ერთი რომ სპორტულად გვსურს დაგვედასტურებინა, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და მეორე, მსოფლიოსთვის ავან სცენაზე ღირსეულად წარვმდგარიყავით. ორივე შედგა.
საქართველო – საბერძეთი და ევროპის ჩემპიონატის საგზური
მარტს საუკეთესო ხასიათზე ვერ შევხვდით. ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო პლეი ოფის ნახევარფინალს, ლუქსემბურგთან ტოვებდა.
მაგ მატჩის წინ ბუდუ ზივზივაძეს უთქვამს ლუქსემბურგს ჩემ თავზე ვიღებ, საბერძნეთს კვარამ მიხედოსო.
მართლაც, ბუდუს დუბლი ვნახეთ და მოვიგეთ. თუმცა გემახსოვრებათ, რამდენად სანერვიულო მატჩი გამოდგა.
შეხვედრა, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ 5-დან, სადაც VAR-ის სისტემამ საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა. და გაჩნდა გიგა გვენცაძის ლეგენდარული ფრაზა: “მიდის სანახავად”.
მერე იყო და საბერძნეთი. ნულოვანი ფრე და გიორგი მამარდაშვილის მოგერიებული პენალტი. მერე ბერძნებმა ერთი გააფუჭეს, ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა და ასრულდა!
ის რაც წლების მანძილზე იყო ოცნება, გახდა ჯერ დასახული და მერე უკვე მიღწეული მიზანი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე უნდა ეთამაშა!
ეს პლეი ოფი კი ერთა ლიგის მეშვეობით მოვიპოვეთ. იმ ერთა ლიგის, სადაც მართალია, არასრულფასოვანი, მაგრამ მაინც უნიკალური შედეგი გვეკუთვნის.
საქართველოს ნაკრებმა მოიგო D, შემდეგ კი C ლიგა. აი B ლიგაზე კი მივალთ. მანამდე ევროპა და გერმანია გვაქვს გასახსენებელი.
ევრო 2024 – საქართველოს ეროვნული ნაკრები
- ყველაზე მეტი მოგერიება, 29 – გიორგი მამარდაშვილი
- ყველაზე მეტი გოლი, 3 [თანაბომბარდირი] – გიორგი მიქაუტაძე
- პასების სიზუსტე, 100 % [5 პასი] – ბუდუ ზივზივაძე
- პასების სიზუსტე, 96.7 % [36 პასი] – ზუკა დავითაშვილი
- წარმატებული ვარდნა, 13 [მე-5 შედეგი] – გიორგი ჩაკვეტაძე
- გასუფთავება, 33 [მე-3 შედეგი] – გურამ კაშია
- ბურთის დაბრუნება, 27 – გურამ კაშია
ეს უბრალოდ რიცხვებია, თუმცა იმ კონკურენტუნარიანობას კარგად ასახავს, რომელიც ჩემპიონატის ერთადერთმა დებიუტანტმა საქართველომ აჩვენა.
თანაც ეს ტურნირის საბოლოო სტატისტიკაა. ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელების მაჩვენებლები კიდევ უფრო უკეთესად გამოიყურებოდა.
თურქეთთან წვიმაში, დორტმუნდში, 6-ჯერ ნაკლებმა ქართველმა ქომაგმა შეძლო და რიგ მომენტებში მეტოქის მრავალრიცხვოვან აუდიტორიას ტრიბუნა წაართვა.
ეს იყო მატჩი, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა, რომ არ წაგვეგო. გამოუცდელობამ, მღელვარებამ თავისი მაინც ქნა და თამაში ფაქტობრივად, ორბურთიანი ჩამორჩენით დავიწყეთ.
მერე იყო მიქაუტაძის ისტორიული გოლი. ჟორჟი ევროპაზე პირველი ქართული გოლის ავტორი გახდა.
მატჩის საბოლოო ანგარიში კი 1-3 დაფიქსირდა.
მეორე მატჩში, ჰამბურგში ჩეხეთთან კიდევ უფრო დაცვიდან ვითამაშეთ. ჩეხებს არაერთი საგოლე შანსი ჰქონდათ, თუმცა მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. ესეც პირველი, ისტორიული ქულა იყო.
იმ შეხვედრაში საბა ლობჟანიძის მომენტის გამოყენების შემთხვევაში, იმ მატჩს საერთოდ ვიგებდით, თუმცა ქულა მაქსიმუმი აღმოჩნდა.
მესამე გაჩერება გელზენკირხენში გვქონდა. პორტუგალიასთან უპირობოდ გამარჯვება გვჭირდებოდა, რათა ჯგუფიდან გავსულიყავით.
სტიმულისთვის ყველა ვამბობდით – გავიმარჯვებთო, თუმცა სპორტული ნიშნები და ლოგიკა საქართველოს მხარეს არ უნდა ყოფილიყო.
მერე იყო სწრაფი გოლი, რომელიც კვლავ ჟორჟმა გაიტანა. მერე იყო და დაცვაში მედგარი თამაში ვნახეთ.
მერე კი ლოჩოშვილმა, რომელსაც მანამდე რონალდუ საჯარიმოში წესების დარღვევაში სდებდა ბრალს, პენალტი თავად გამოიმუშავა.
ისევ VAR-ის სისტემა, ისევ წავიდა მსაჯი სანახავად, პენალტი და 2-0. გოლი ისევ ჟორჟმა შეაგდო.
იმ მატჩში პირველი ისტორიული გამარჯვება და თანაც მშრალად შენახული კარით მოვიპოვეთ.
გელზენკირხენზე მეტად ხალხმა საქართველოში გაიხარა. უფრო სწორად, აღნიშვნა, უფრო ომახიანი თბილისსა და ჩვენს სხვა ქალაქებში გამოვიდა. მიზეზი აუფშალკეს სტადიონის ცენტრიდან მოშორებით ყოფნა და გელზენკირხენის ღამის სიმშვიდე იყო.
ჯგუფიდან გავედით. გავედით მესამე ადგილით და ჩვენზე ჯვარდაწერილი ესპანეთი შეგვხვდა.
ეს მატჩი უკვე კიოლნში გაიმართა. ესპანელთა ავტოგოლით იმ მატჩსაც ვიგებდით, სასწაულები ჩვენს თვალ წინ ხდებოდა, და რატომაც არა? იყო განცდა, რომ ყველა მეტოქის გავლა შეგვეძლო.
მორატას ნაოფსაიდარმა გოლმა გამოგვაფხიზლა, დანარჩენმა სამმა ბურთმა კი მიწაზე დაგვიშვა.
ქართული ფეხბურთი 2024 იმ მომენტში შედგა. გერმანიამ, ამხელა ფორუმზე მუშაობის პატივმა და იქ არსებულმა ატმოსფერომ ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდილება მომცა.
ამ გამოცდილებაში კი სხვა ბევრ პროფესიულ თუ ცხოვრებისეულ ნიუანსთან ერთად დიდი ადგილი ერთიანობისა და დადებითი ატმოსფეროს ნაწილს ეკუთვნოდა.
მერე ის ესპანეთი ადგა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა მთავარი ფავორიტის სტატუსი გაამართლა. თუმცა ეს უკვე მსოფლიო ფეხბურთი 2024 – შეჯამების ნაწილია.
საბოლოოდ, ოცნება – დიდ საფეხბურთო ფორუმზე თამაშის, ქვეყნის წარმოჩენისა და ევროპის დიდ ქალაქებში ქართული დროშის ამაყად ტარებისა, შედგა.
თუმცა დიდი ძალისხმევით, სამწუხაროდ, ნებით თუ უნებურად გააუფერულეს.