ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების ისტორია – დოკუმენტური ფილმების ციკლი

რადიო თავისუფლებამ დაიწყო დოკუმენტური ფილმების სერია ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების შესახებ. პირველი სერია მიეძღვნა დამფუძნებელ ყრილობას, საბჭოთა ფეხბურთიდან გამოყოფასა და ნოდარ ახალკაცის არჩევას.

ფილმში უნიკალური მასალაა გამოყენებული, რომელიც ფეხბურთის ქართველ ქომაგს ჯერ არ უხილავს. სიტყვით გამოდიან ბორის პაიჭაძე, ნოდარ ახალკაცი, დავით ყიფიანი, კახი ასათიანი. ეს ადამიანები ქმნიდნენ წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთს. ახლა არცერთი აღარ არის ცოცხალი, თუმცა, დღესაც ისევე კამათობენ ამ თემის გარშემო, როგორც ზემოთჩამოთვლილნი ჭადრაკის სასახლეში.

ფილმში შეგიძლიათ ნახოთ რა მოვლენები უძღოდა წინ დამფუძნებელ ყრილობას და რა პოლიტიკური ზეგავლენა ჰქონდათ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს.

აღსანიშნია, რომ მიუხედავად დაძაბული გარემოსი, კამათისა და შელაპარაკებისა, დელეგატებს ეტყობათ მაღალი პოლიტიკური კულტურა. ერთი მხრივ მსჯელობაში, მეორე მხრივ მოსმენის უნარში. ხალხი უსმენს ერთმანეთს, მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული პოზიციებისა, თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ 9 აპრილიდან სულ რამდენიმე თვე იყო გასული. შედარებაც არ არის დღევანდელ დღესთან. გამოდის, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ფეხბურთელებს უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა ჰქონდათ, ვიდრე დღევანდელ პოლიტიკოსებს.

ასევე, აღსანიშნია, რომ იქ შეკრებილ ადამიანებს იდეალები და ღირებულებები გააჩნიათ. რაღაცის სჯერათ და მთელი გულით ისწრაფვიან ამისკენ. ახლა ჩვენი პოლიტიკური გარემო დაცლილია ყოველგვარი ღირებულებისაგან.

დავრჩეთ თუ გამოვიდეთ?

დღემდე არ წყდება კამათი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს თუ არა 1990 წელს. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს. ერთი წმინდა სახელმწიფოებრივი, მეორე წმინდა საფეხბურთო.

ფეხბურთია საქართველოსთვის, თუ საქართველო ფეხბურთისთვის? – ისმის ასეთი შეკითხვა ყრილობიდან. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, უბრალოდ საკითხია სწორად დასასმელი – რამდენად იყო საჭირო ფეხბურთის გაწირვა, (თუნდაც ორი წლით მოწყვეტა საერთაშორისო ტურნირებიდან) სახელმწიფო დამოუკიდებლობისათვის.

თუ ვიტყვით, რომ ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა, ან, დიდი როლი შეასრულა სახელმწიფო დამოუკიდებლობაში, მაშინ, ღირდა ამ ყველაფრად. თუნდაც ძალიან მძიმე საწყის წლებად, თუმცა, დღეს ამას უკვე ბევრი ადამიანი აღარ ეთანხმება. დღეს ხშირად მოისმენთ, რომ საბჭოთა კავშირი ჩვენი ყვირილის გარეშეც დაიშლებოდა, ეგ კი არა, ისიც კი უთქვამთ საბჭოთა კავშირი 9 აპრილის გარეშეც იშლებოდაო.

რა თქმა უნდა, გაცილებით მასშტაბური მოვლენა იყო, თუმცა, არ ვეთანხმები იმას, რომ 9 აპრილი ამაო იყო.

ფეხბურთელის ხმა გეოპოლიტიკაში

ამ მასშტაბში ფეხბურთელების პრეტენზიებიც იკარეგბა. ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ 90-იანელები. დინამოს ლეგენდების ყურებაში გაიზარდნენ, რომლებიც უდიდესი იმპერიის კლუბებს ებრძოდნენ. 90-იანელები ოცნებობდნენ დინამოში მოხვედრაზე და იმავე გზის გავლაზე, რაც მესხმა, მეტრეველმა, ჩივაძემ, ყიფიანმა, შენგელიამ, გუცაევმა და დარასელიამ გაიარეს. თუმცა, დრო შეიცვალა და ძალიან პატარა ქვეყნის ჩემპიონატში აღმოჩდნენ, სადაც არც საკადრისი პირობები იყო და არც კონკურენცია. სხვა სიბრტყეში გადავედით, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაში.

თუ მასშტაბურად შევხედავთ, ეს პრეტენზიები და უკმაყოფილება ცოტა არ იყოს სასაცილოა. საუკუნის დასაწყისი როგორც წესი, დიდი ომებით გამოირჩევა – როგორც ახლა, სლავური ომის პირობებში. ახალი საუკუნის 20-იან წლებში ვართ.

საუკუნის მიწურული კი საუკუნის დასაწყისში შექმნილი იმპერიების ნგრევის ეტაპია. ამ ნგრევაში კი არათუ ფეხბურთი, არამედ, სახელმწიფოები მოყვნენ. ამ მასშტაბში საერთოდ აღარ ისმის იმ ფეხბურთელთა ხმა, რომელთაც სათამაშო დონე არ აკმაყოფილებდათ.

ისტორიას თავისი კანონზომიერება აქვს, 90-იანელებს არ გაუმართლათ. თუმცა, მათ მიიღეს ის, რაზეც 60-იანელები და 70-იანელები ოცნებობდნენ. ევროპაში წავიდნენ და იქ ითამაშეს, მილანში, აიაქსში, ნიუკასლში, ახლა უკვე ნაპოლიში და კიდევ იქნებიან, აუცილებლად იქნებიან.

ეს შესაძლებლობა არ მისცემიათ არც მიხეილ მესხს, რომლის შეძენაც მადრიდის რეალს სურდა და New Yorker-ი ჯერ კიდევ ინახავს ამ ინფორმაციას. არ მისცემია არც გუცაევს, რომელმაც ბერნაბეუზე გაიბრწყინა და მასაც რეალი სთავაზობდა კონტრაქტს. არც ყიფიანსა და არც ალექსანდრე ჩივაძეს, რომელიც 70-იანების მიწურულსა და 80-იანების დასაწყისში, შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო მცველიც იყო. საუკეთესო თუ არა, სამ საუკეთესოს შორის ნამდვილად იქნებოდა.

ასეა, პოლიტიკური ვითარება რაღაც შანსს გაძლევს, რაღაცას გართმევს, გააჩნია როგორ წარიმართება შენი ქვეყნის ცხოვრება.

მეც შემიცვლია ამ თემაზე პოზიცია. თავდაპირველად, როცა შევიტყვე ამ ყრილობის შესახებ, ალბათ 16 წელი მაინც იქნებოდა გასული იმ მოვლენებიდან. ჩავთვალე რომ ასეც უნდა მომხდარიყო, აბა როგორ?!

მერე ვიფიქრე, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო, დაცლილი რაციონალიზმისაგან. გაჯერებული მხოლოდ ემოციური მუხტით.

ახლა კი მგონია, რომ დრო არაფერ შუაშია. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა 90-ში დავტოვებდით საბჭოთა ჩემპიონატს თუ 91-ში. არსობრივად მნიშვნელოვანი ცხოვრების წესი იყო, რომელიც საშუალებას არ მოგვცემდა მყარი საფუძველი ჩაგვეყარა დამოუკიდებელი საქმისთვის. სპორტისთვის, პოლიტიკისთის თუ კულტურისთვის.

ამ თვალსაზრისით, რაც უფრო ადრე დავტოვებდით საბჭოთა კავშირს, მით უკეთესი იქნებოდა. უბრალოდ, თვითგამორკვევის პროცესი გაგვიგრძელდა და ომები დაგვატყდა თავს, რასაც, კოლექტიური ტრავმები მოსდევს, ეს ტრავმები კი თავისთავად წარმართავს ჩვენს ცხოვრებას.

ერთი სიტყვით, არ მგონია, რომ ან ერთ, ან, მეორე გადაწყვეტილებას, რაიმე რადიკალურად შეეცვალა.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე