სარჩევი
პელე და ქართველები | Setanta Sports

1965 წელს ბრაზილიამ და საბჭოთა კავშირმა ამხანაგურად ორჯერ ითამაშეს. მოსკოვში ბრაზილიამ 3:0 გაიმარჯვა, ხოლო რიოში მატჩი 2:2 დასრულდა.

მადლობა ღმერთს, საბჭოთა კავშირი დაიშალა და ლოკალური თუ გლობალური მცდელობის, ან მასზე ოცნების მიუხედავად, მსგავსი წარმონაქმნი აღარასდროს აღდგება. თუმცა, ცხადია, ის საქართველოს კოლექტიური მეხსიერების ნაწილია.

ამ მეხსიერებაში შედის ცნობილი ფოტო – პელე და 4 ქართველი.

ფეხბურთის მეფედ წოდებული ბრაზილიელი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. შესაბამისად, მეხსიერების ეს ნაწილი აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა.

სსრკ 0:3 ბრაზილია

იმ მატჩისთვის სსრკ-ის ნაკრებში 5 ქართველი იყო გამოძახებული. სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია და ანზორ კავაზაშვილი. ფოტოზე ოკუპანტების დედაქალაქში მყოფ ფეხბურთელთაგან მხოლოდ ვლადიმერ ბარქაია არ არის აღბეჭდილი.

სსრკ 6:0 დანია

ვლადიმერ ბარქაია, 30 დეკემბერს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ გაგრაში დაბადებული ქართველი ფეხბურთელის დებიუტი საბჭოთა ნაკრებში, ბრაზილიასთან ამხანაგურ მატჩამდე 1 კვირით ადრე შედგა. ‘სიომა’ ბარქაიამ ინგლსის 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩში დანიას 2 გოლი გაუტანა. სანაკრებო დონეზე, დინამო თბილისის ლეგენდარული ფეხბურთელის სადებიუტო თამაში მისი და მთლიანად ქართველების ბენეფისით დაგვირგვინდა.

სსრკ 6:0 დანია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი, 1965, 27 ივნისი | Setanta Sports
სსრკ 6:0 დანია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი, 1965, 27 ივნისი
  • 1:0 მიხეილ მესხის საგოლე გადაცემა.
  • 2:0 მიხეილ მესხის დრიბლინგი, საგოლე გადაცემა და სლავა მეტრეველის გოლი
  • 3:0 ვლადიმერ ბარქაიას საგოლე გადაცემა
  • 4:0 მიხეილ მესხის დრიბლინგი, საგოლე გადაცემა და ვლადიმერ ბარქაიას გოლი
  • 5:0 მიხეილ მესხის დრიბლინგი და გოლი
  • 6:0 ვლადიმერ ბარქაიას გოლი

ოკუპანტების დედაქალაქში ქართული ბენეფისიდან 1 კვირაში სსრკ-მ ბრაზილიას უმასპინძლა.

მატჩი 0:3 დასრულდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მხარეს პელე, ჟაირზინიო, ჯალმა სანტოსი და სხვა ლეგენდარული ფეხბურთელები თამაშობდნენ. სელესაოს მთავარი მწვრთნელი აიმორე მორეირა გახლდათ.

ბრაზილია 2:2 სსრკ

იმავე წელს, გუნდები მეორედ მარაკანაზე შეხვდნენ. რიოში 123 000 გულშემატკივრის წინაშე ამჯერად მიხეილ მესხმა, სლავა მეტრეველმა და მურთაზ ხურცილავამ ითამაშეს. მატჩის საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე სლავა მეტრეველმა დააფიქსირა.

ლეგენდები პელეზე

უფროსი თაობისგან პელეს შესახებ ბევრი ლეგენდა გაჟღერებულა, რომელთა გადამოწმებაც, მხოლოდ ლოგიკას და დედუქციას თუ შეუძლია.

მათგან, ალბათ, ყველაზე ლამაზი და თანაც საკულტო, მაინც მიხეილ მესხის კონკრეტული ცრუ მოძრაობითა და თამაშით აღტაცებული პელეა. თურმე, ბრაზილიელ ლეგენდას იდენტური რეგალიის მქონე ქართველი მოხდენილად გაექცა, რის მერეც გაოცებული პელე მესხს წამოეწია და პატივისცემის ნიშნად ჩაეხუტა.

ქართული კინემატოგრაფია და პელე

1991 წელს მიხეილ ჭიაურელის ფილმი “მე, პელეს ნათლია” გამოჩნდა. მთავარი როლის შემსრულებელი კახი კავსაძეა. ფილმში არის პელეს კადრებიც, რომელიც მილანში მის 50 წლის იუბილეზეა გადაღებული. გადაღების ნამდვილის მიზნისა და შინაარსის შესახებ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა არაფერი იცოდა.

“პელემ არ იცოდა რომ უღებდნენ. იმ პერიოდში ისეთი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, მისი გადაღება რომ მოგენდომებინა, 100 ათასი დოლარი მაინც უნდა გადაგეხადა. ასე რომ, ჩვენი მიზნის გამჟღავნება არ შეიძლებოდა. კახი ეუბნებოდა, ოპერის მომღერალი ვარ, მიღებენ, შენი ფანი ვარ და მამაშენსაც ვიცნობდიო. ისე ჩანდა, თითქოს საოჯახოდ სამახსოვრო ფოტოებს ვიღებდით და არა ფილმს. დღემდე არ იცის პელემ, საქართველოში ნათლია რომ ჰყავს”.

მიხეილ ჭიაურელი – რეჟისორი [ინტერვიუ კვირის პალიტრასთან]

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის ჩამოყვანა დამოუკიდებელ საქართველოში რამდენჯერმე სურდათ, თუმცა უშედეგოდ.